რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები
გიორგი ეპიტაშვილი
იმერეთის მხარეში განვითარებულია მძიმე, მსუბუქი, ქიმიური მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მრავალი დარგი. ის მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეულით, მინერალური და წყაროს წყლებით. იმერეთის მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ისეთი დიდი საერთაშორისო პროექტები, როგორიცაა: “კასპიის ზღვის ადრეული ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირება” და ავტომაგისტრალური ხაზები “ტრასეკა – დიდი აბრეშუმის გზა”.
ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიქმნა 1995 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გადაწყვეტილებით. დღეისათვის პალატაში გაწევრიანებულია 850-მდე იურიდიული და ფიზიკური პირი, რომლებიც ავტომატურად ითვლებიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებად.
ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისში, რომელიც, ცნობილია, როგორც “მრეწველთა სახლი”, ფუნქციონირებს: პალატისა და ტასისის მიერ ერთობლივად დაფუძნებული ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი, ს/ს “ინტელექტბანკი”, მსოფლიო ბანკის საკრედიტო კავშირების პროგრამა, ს/ს “კავკასრეესტრი” და იმერეთის მხარეში გამოშვებული პროდუქციის მუდმივმოქმედი საგამოფენო სალონი. პალატასთან შექმნილია მრეწველთა და ბიზნესმენთა საბჭო, რომელიც წარმოადგენს სარეკომენდაციო ორგანოს.
რეგიონში ნაყოფიერად ფუნქციონირებს “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის” იმერეთის მხარის საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრი, რომელიც შექმნილია ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბაზაზე. ცენტრის ფუნქციაა – ხელი შეუწყოს საკრედიტო კავშირების დამყარებას ფერმერულ მეურნეობებსა და საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებს შორის და შემდგომ მოახდინოს მათი სახელშეკრულებო მოთხოვნათა შესრულების კოორდინირება.
ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების პალატებთან, უცხოურ ფირმებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ქუთაისის რეგიონული პალატის ხელშეწყობით გაფორმდა ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება “საქტრაქტორსა” და ბერძნულ კომპანია “მარიოლას ხარალამპის” შორის. “საქტრაქტორის” მიერ წარმოებული საცდელი პარტია უკვე გაიგზავნა საბერძნეთში.
ქუთაისში თვეში ერთხელ გამოდის იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გაზეთი “მერმისი”.
სამამულო საქონლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით რეგიონული სავაჭრო-მა. სამრეწველო პალატების მიერ შემუშავებული იქნა ბიზნეს-გეგმები. ქუთაისის რეგიონული პალატის მიერ შემუშავებული ბიზნეს-გეგმის საფუძველზე ლაიფციგის ერთ-ერთი ფირმიდან სააქციო საზოგადოებამ “ქუთაისის საავტომობილო ქარხანამ” უკვე მიიღო განაცხადი და ტექნიკური დოკუმენტაცია ნახევარფაბრიკატების დამზადებაზე. შეკვეთის საერთო ღირებულება შეადგენს 1300 000 გერმანულ მარკას.
ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, გასულ წელს, მომზადდა და ჩატარდა მეხუთე საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია “დიდი აბრეშუმის გზა – საქართველო”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ლიბიის, კორეის, აზერბაიჯანის, ლიტვის საელჩოების, საქმიანი წრეების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა: თავისი წევრების ინტერესების დაცვა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გამყარება და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრება.