რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მშენებლობა და საქართველო
ოთარ ქირია
XX საუკუნის ბოლოს ცალსახად გამოიკვეთა ტენდენცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი ახალი ტექნოლოგიები, ძირითადად, კომპიუტერული და ელექტრონული ბიზნესია. ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში, წარმადობა და მოგება თითქმის გასამმაგდა. თუმცა, 2000 წელს, ზრდის ტემპი ტექნოლოგიურ დარგებში შემცირდა და სტაგნაციის ფაზაში შევიდა. Nasdaq-ის ინდექსის დინამიკამ აიძულა მსოფლიოს ლიდერები და, პირველ რიგში, აშშ-ის მესვეურები, ეკონომიკისთვის ახალი ბიძგი მიეცათ. ეძებეს და იპოვეს – ახალი შეკვეთები თავისი ფირმებისთვის და მეცნიერების ამოცანები კეთილშობილური იდეით – “აბსოლუტური უსაფრთხოება” კოსმოსის მეშვეობით, ე.წ. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. ეს უფრო ეკონომიკური პროექტია, ვიდრე სამხედრო, რომელიც აშშ-ის ჰეგემონიის საბოლოო აღიარებით დამთავრდება. იგი XX საუკუნის ეკონომიკის და ტექნოლოგიების ძირითადი სტიმულატორი გახდება. გვაქვს თუ არა ადგილი ამ კოსმოსურ ომში ჩვენ, ქართველებს?
პენტაგონის შეფის, დონალდ რამსფელდის განცხადებით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომლის აშენებასაც აშშ უახლოეს მომავალში აპირებს, “ნაციონალურ” სტატუსს აღარ ატარებს. ეს გადაწყვეტილება რამსფელდმა, ნატოს გენერალურ მდივანთან, ჯორჯ რობერტსონთან დიალოგის შემდეგ მიიღო. საუბრის დროს რობერტსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები აღფრთოვანებას გამოთქვამენ პენტაგონის გეგმის შესახებ. მიუხედავად პროტესტისა, შტატები, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეროვნული თუ საერთაშორისო სტატუსით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას მაინც ააშენებს. მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა კი, ნაცვლად წინააღმდეგობისა, უმჯობესია, საკუთარი ინტერესები ეძებონ. მათ შორის, საქართველომაც.
რობერტსონის თქმით, ევროპის ქვეყნები შიშობენ, რომ აშშ, რომელიც თავს კონტინენტთაშორის სარაკეტო თავდასხმებისაგან დაიცავს, პარალელურად, საფრთხის ქვეშ დააყენებს მის მოკავშირეებს, რომლებიც საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების მოქმედების ზონაში მოხვდებიან.
გაითვალისწინა რა აღნიშნული მდგომარეობა, რამსფელდმა განაცხადა, რომ სიტყვები “ნაციონალური” და “საბრძოლო მოქმედებების ორგანული თეატრი”, რომლებსაც პენტაგონი ადრე ოპერირებისთვის იყენებდა გეგმების განხილვის დროს, ვერ ესადაგება თანამედროვე მსოფლიოში არსებული რეალიების აღწერას და, ამდენად, ახალი, უფრო ფართო ტერმინოლოგიის გამოყენება მიიჩნია მიზანშეწონილად.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, სასურველი იქნებოდა აშშ-სა და მის პარტნიორ ქვეყნებს, ურთიერთკოორდინირებით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ის მოდელი ეპოვათ, რომელიც ხელსაყრელი იქნება არა მარტო აშშ-სთვის, არამედ ყველასთვის.
ამის ძირითადი საფუძველი კი ის გახლავთ, რომ ევროპასა და ამერიკას მჭიდრო თავდაცვითი და უსაფრთხოების ურთიერთობები აკავშირებთ და, ამდენად, ნატოს შიდა ინტერესები მისივე წევრი ქვეყნების ინტერესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ივნისში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინას ეწვევა.
რუსეთი, რა თქმა უნდა, აშშ-ის გეგმას, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მშენებლობის შესახებ, ეწინააღმდეგება. როგორც სერგეი ივანოვი აცხადებს, აშშ-ის გეგმები გლობალურ-სტრატეგიული სტაბილურობის ფუნდამენტს არღვევს. სამაგიეროდ, რუსეთი მსოფლიოს სტრატეგიული სტაბილურობის გამყარების ალტერნატიულ პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბირთვულ განიარაღებას გულისხმობს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის თებერვალში მოთხოვნები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისადმი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტად ითვლება შტატებში, საგრძნობლად შეამსუბუქა. საქმე იმაშია, რომ შტატების ინიციატივამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონი ყველა შორიახლო მდებარე რაკეტას ბლოკირებას გაუკეთებს. თეთრ სახლს კი კრიტიკის ცენტრში მოხვედრა, ამ სტატუსით, არც ერთ შემთხვევაში არ აწყობს. თუმცა, კოპრომისზე წასვლა მას მაინც მოუხდა, რაც იმან გამოიწვია, რომ სისტემის ეფექტურობა, პროგნოზის მიხედვით, 95%-საც კი არ აღწევს.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემა, პირველ რიგში, მიზნად ისახავს ქვეყნის ბირთვული შეტევებისაგან თავდაცვას, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდანაა მოსალოდნელი, როგორებიცაა – ირანი და ჩრდილოეთ კორეა. რაც შეეხებათ რუსებს, მათ კარგად იციან, რომ ეს იარაღი მათთვის სახიფათო ვერ იქნება.
მიუხედავად ამისა, მოსკოვი აქტიურად ეწინააღმდეგება სისტემის მშენებლობას. პუტინმა აშშ უკვე გააფრთხილა, რომ იგი ყველანაირ ხელშეკრულებას, განიარაღების შესახებ, შეწყვეტს, თუკი აშშ 1972 წლის ანტიბალისტიკური მოლაპარაკების პირობებს დაარღვევს.
განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბუშმა პრეტენზიები გაითვალისწინა და პოზიციები დათმო. მაისის შუა რიცხვებში მან ევროპელ პარტნიორებსა და ვლადიმერ პუტინს ვაშინგტონის ახალი ბრძანების შესახებ ამცნო. ეს არ გახლდათ უბრალო თავაზიანობის გამომხატველი სატელეფონო ზარი. ეს უფრო მცდელობას წააგავდა, რომელიც პარტნიორებს წინასწარ აჩვევს საკუთარი დანაპირების სამომავლო შედეგს. კერძოდ იმას, რომ პრეზიდენტი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამას ახალი, უსაფრთხო არქიტექტურით განახორციელებს. აშშ-სა და საბჭოთა კავშირის 1972 წლის შეთანხმება ანტიბალისტიკური რაკეტების შესახებ, მისი თქმით, შეიძლება შეიცვალოს ახალი, უფრო გაუმჯობესებული სტრუქტურით.
მიუხედავად პროტესტისა, ურთიერთკოორდინირებულ მუშაობას ახალი გეგმის შექმნის თაობაზე, კრემლიც დაეთანხმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ივანოვმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ მოსკოვი კმაყოფილია ბუშის კომპრომისით.
ბუშის კომპრომისს რუსეთისა და რამდენიმე ქვეყნის მიმართ, ჯერ კიდევ უამრავი ქვეყანა ეწინააღმდეგება. საქმე იმაშია, რომ სისტემის, თუნდაც ახალი ვარიანტით, მშენებლობის მრავალი ტექნიკური საკითხი ჯერაც გაურკვეველია. ევროპის აბსოლუტური უმრავლესობა სანამ დათანხმდება, მათ დადგენასა და ახსნა-განმარტებას ელოდება. სწორედ ამ მიზნით, ბუში “ნამდვილი კონსულტაციების” გამართვას აპირებს ევროპელ პარტნიორებთან რამდენიმე ეტაპად. ევროპელები, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ, იქნება თუ არა შტატების მიერ შემოთავაზებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ვერსია ევროპისათვის მომგებიანი, თუ სრულიად წამგებიანი. ბილ კლინტონის შედარებით არამყარმა მიდგომამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისადმი ევროპელები უფრო გაანათლა. მთელი გეგმის ნათლად წარმოჩენამ უკანასკნელთა შიში ბალისტიკური რაკეტებისადმი კიდევ უფრო გააძლიერა და დააფიქრა იმაზე, რომ “სისტემათა სისტემა” მათთვის ზღვა პრობლემებს შექმნიდა.
ევროგაერთიანების ლიდერებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ დაედასტურებინათ მათი ნაკლები დაინტერესება აშშ-ის პოლიტიკისადმი კორეის ნახევარკუნძულთან მიმართებაში. ინტერესთა და აზრთა სხვადასხვაობა ბუშისა და ევროგაერთიანების პარტნიორთა შორის მოლაპარაკებებშიც ნათლად გამოჩნდა. თუმცა, როგორც პასკალ ბონიფაცე, პარიზის საერთაშორისო და სტრატეგიული ინსტიტუტის დირექტორი აღნიშნავს, ნებისმიერი ტექნოლოგიური განვითარება აშშ-ის თავდაცვით ფრონტზე სხვა ერების მიერ მოიაზრება, როგორც თავდასხმისათვის საჭირო ძალისხმევა. მდიდარი ქვეყნები შეეცდებიან, მაღალგანვითარებული იარაღი შექმნან. ღარიბები კი იაფფასიანს შექმნიან თანამედროვეთა გასანადგურებლად.
ამგვარი გამოთვლით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, მისი ძირითადი მიზნის – სტრატეგიული სტაბილურობის განსახორციელებლად, გაცილებით ძვირადღირებული აღმოჩნდება. ამერიკა ამტკიცებს, რომ იარაღი სჭირდება, თუმცა, ახსნის თვალსაზრისით, ნაკლებად აკონკრეტებს გეგმის წვრილმანებსა და დეტალებს. მიუხედავად იმისა, შეცვლის თუ არა აშშ გეგმას და აქცევს თუ არა ისტორიულ დოკუმენტად, ყოველივე ამას უზარმაზარი გავლენა აქვს სხვა სამხედრო-პოლიტიკურ შეთანხმებებზე – რატომ უნდა შეწყვიტოს ჩინეთმა პაკისტანისთვის სარაკეტო სისტემების მიყიდვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შტატები მის გეგმას შეცვლის?
საბოლოოდ, ამ სახის შიშები ევროპასა და რუსეთს იქამდე მიიყვანს, რომ იარაღით ვაჭრობის კონტროლს თავადვე დაეთანხმება. რაც შეეხება ცალკეულ ინტერესებს, ევროპას შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა ადარდებს, ამერიკას – სისტემის მშენებლობა. რუსეთი, როგორც ყოველთვის, საიდუმლოებითა და ბურუსითაა მოცული. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპაც და რუსეთიც ითხოვს ერთს, დარწმუნდეს იმაში, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა არ ნიშნავს მცირე დიალოგს დიდი რისკის მქონე ქვეყნებთან და არც მცირე მუშაობას ბირთვული იარაღის კატასტროფული ზრდის შეჩერებისთვის.
ბუში, რა თქმა უნდა, დეტალებს გამოაქვეყნებს. ასეთ შემთხვევაში, რუსეთსა და ევროპას მეტი შრომა მოუწევთ. შემდეგ უამრავი სიახლეებითა და სირთულეებით გადაღლილები ნელ-ნელა პოზიციას დათმობენ და პროტესტის ნაცვლად, საკუთარი, ხელსაყრელი მხარის ძებნას დაიწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ შტატების ასეთ პოლიტიკას მსოფლიო უკვე კარგად იცნობს, ეს მაინც მოხდება – ამერიკა, როგორც ყოველთვის თავისას გაიტანს. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მაინც აშენდება. რატომ? თუ ზოგად ჭრილში განვიხილავთ, პასუხი ამ კითხვაზე საკმაოდ რთულია. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ სურათს დავინახავთ. შტატებს თავდაცვაზე მეტად ეკონომიკა აინტერესებს. მსოფლიოს ეკონომიკურ სამყაროში ის ამინდს უკვე კარგა ხანია ქმნის. ამ სისტემით კი, “მენეჯერი” გახდება. თუმცა, სამხედრო-პოლიტიკური დაინტერესება საკმაოდ დიდია.
რაც შეეხება სხვების დამოკიდებულებას იმ დილემისადმი, რომელსაც “ამერიკას ყველაფერი შეუძლია” ჰქვია, ამის ასახსნელად ისიც კმარა, რომ კრემლს, ნაცვლად კარგად გააზრებული და შეჯერებული პოლიტიკისა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისადმი, მხოლოდ ლოზუნგებისა და განცხადებების პაკეტი აქვს მომზადებული – ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებს, ცნობილი რუსი ანალიტიკოსი, პაველ პოდვიგი. მოკლედ, მწირი შეუქცევადობის ცქერიდან, ევროპასა და რუსეთს, მსუყე პრიორიტეტების ძებნაზე გადასვლა მოუწევთ.
საინტერესოა, იმ შემთხვევაში, როცა ევროპა და რუსეთი საკუთარი ინტერესების ძებნას დაიწყებს, რას მოიმოქმედებს საქართველო? მას ხომ გარკვეული პირობები და შესაძლებლობები გააჩნია ასეთი სახის შეკვეთებისთვის – ვარგისი ტერიტორიები, ლაბორატორიები, კადრები და ა.შ. ერთ დროს საკმაოდ მოგვახვიეს თავზე აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს ხომალდების, კოსმოსური ანძების, სამხედრო რადიოტექნიკური დეტალების და ა.შ. მშენებლობა შეუძლია. სად დაიკარგა ეს ინფორმაცია და მისი ავტორები, ახლა, როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე საუბრობენ. თანაც, როცა ჩვენი პრეზიდენტი მსოფლიოში უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს, განსაკუთრებით, ამერიკაში. რატომ არავინ საუბრობს საქართველოს მონაწილეობაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მშენებლობაზე, რომელიც ყოველ მიზეზ გარეშე აიგება? აქ არაა საუბარი მსუყე ნაჭერზე, ამას არც არავინ გვაღირსებს. პროექტის უმცირეს ნაწილში მონაწილეობაც კი საქართველოს და მის განადგურებულ ეკონომიკას მართლაც გადაარჩენს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. “ახალი ეკონომიკა” ჩვენი ადგილის მოძებნაში მოგვეხმარება. ცნობისათვის, პოლონეთმა მზადყოფნა გამოთქვა, შეუერთდეს და მონაწილეობა მიიღოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მშენებლობაში.
თუმცა, რაზე უნდა ილაპარაკო, როცა თავად თეთრი სახლის დავალებით, 11 მაისს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, მარკ გროსმენი ეწვია ქვეყნისა და მისი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერის ეგიდით. საუბარი იმაზე კი არ გაიმართა, საქართველოს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მშენებლობაში, არამედ ზოგადად მშვიდობაზე, ცივი ომის დასრულებაზე, რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ჩეჩნეთისა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ა.შ. მოკლედ, ბანალურ საკითხებზე, რომლებიც ყველას მობეზრდა.
ახლა, ცოტა რამ თავად რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ. როგორც ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო ორგანიზაცია (BMDO) აქვეყნებს მის ინტერნეტ-გვერდში, აშშ-ის ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა (ახალი გეგმის არქიტექტურა ჯერ გამოქვეყნებული არაა) მოიცავს ხუთ ძირითად კომპონენტს (ან ელემენტს). ესენია: ხმელეთზე დისლოცირებული ინტერსეპტორი1 (GBI); განახლებული როდარი (UEჭღ); როდარი ულტრაიისფერი სხივებით (XBღ); ბრძოლის მართვისა და კონტროლისთვის საჭირო კომუნიკაციების ცენტრი (BM/ჩ3); და კოსმოსური სისტემა ინფრაწითელი გამოსხივებით (შBIღშ) დედამიწის მაღალ და დაბალ ორბიტებზე.
ხმელეთზე დისლოცირებული ინტერცეპტორი გახლავთ კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს “იარაღს” თავდაცვის სისტემისათვის. მისი მისიაა, იპოვოს მაღალი სიჩქარის ბალისტიკური რაკეტები შუა კურსში ან მათი ტრაექტორიის ეგზოატმოსფერულ ფაზაში და ბიძგის საშუალებით გაანადგუროს ისინი. ინტერცეპტორი რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. აქედან, მთავარი “გამანადგურებელი მანქანა” გახლავთ (KV), რომელიც, თავის მხრივ, აღჭურვილია სენსორებით, სხვადასხვა კომუნიკაციებით, სამართავი საშუალებებით და კომპიუტერული ფუნქციებით. გარდა ამისა, ინტერცეპტორი შეიცავს დამაჩქარებელს, რომელიც უზრუნველყოფს ინტერცეპტორის სწრაფ კატაპულტირებას მიახლოებითი მიმართულებითი სამიზნისკენ. ამის შემდეგ გამანადგურებელი მანქანა ახდენს ტერმინალურ მანევრირებას, რის შედეგადაც აღწევს აბსოლუტურ სიზუსტეს და ბიძგით ანადგურებს სამიზნე რაკეტას. ინტერცეპტორის ფასი 62-78 მილიონ დოლარს შორის მერყეობს.
როდარი ულტრაიისფერი სხივებით მწყობრში გაშლილი სახმელეთო როდარია უამრავი ფუნქციით. კერძოდ, სამიზნის აღმოჩენის, მიდევნების, შეფასებისა და გადამჭრელი ზომების მიღების. როდარი შეიცავს მაღალი სიხშირის გაუმჯობესებულ სიგნალ-გადამცემ ტექნოლოგიებს, რაც ხელს უწყობს როდარს, გაარღვიოს ჭუჭყი და სხვა წინააღმდეგობრივი ელემენტები ჰაერში, იოლად აღმოაჩინოს სამიზნე. როდარი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ჯდება.
განახლებული როდარი უფრო ფართო და ფიქსირებულია, მაკონტროლებლის ფუნქციით და ფაზირებული გისოსით. მისი ძირითადი ამოცანაა – სამიზნე შუა კურსში იპოვონ. ზემოხსენებულისგან განსხვავებით, განახლებული როდარი უფრო შორი ტრაექტორიის რაკეტების აღმოსაჩენადაა განკუთვნილი. მისი ფასი 58-75 მილიონ დოლარს შორის მერყეობს.
ბრძოლის მართვისა და კონტროლისთვის საჭირო კომუნიკაციების ცენტრი გახლავთ სისტემის “ტვინი”, რომელიც ტერიტორიულად განთავსდება ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში. აღმოჩენის მომენტიდან, ჩრდილოეთ ამერიკის აეროთავდაცვის გუნდის უფროსი მეთაური იწყებს ოპერირებას. კერძოდ, სამიზნის აღმოჩენის შემთხვევაში, სისტემის კატაპულტირებას ახდენს. სისტემის “ტვინი” შეიარაღებულია ულტრა-თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით, რომელთაც ცდომილება მიზანსა და მანძილში მინიმუმამდე დაჰყავთ.
კოსმოსური სისტემა ინფრაწითელი გამოსხივებით თავდაცვის სისტემის ის კომპონენტია, რომელიც განსაზღვრულია სამომავლო ოპერირებისათვის. იგი შეცვლის აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ აქამდე გამოყენებულ სატელიტური თავდაცვის სისტემას. სისტემის სენსორული სატელიტური კონფიგურაცია რაკეტას აფიქსირებს მისი ტრაექტორიის ნებისმიერ წერტილში, რაც საშუალებას იძლევა, სამიზნე დაფიქსირდეს მისი ტრაექტორიის საწყისი წერტილიდან.
ეს გახლავთ ძირითადი ელემენტები, რომლებსაც ემყარება აშშ-ის ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, ის კონფიგურაცია, რაც სისტემის პროექტში დევს, მწვავე მსოფლიო დებატების გამო, შეიძლება ვერ განხორციელდეს სრული სიზუსტით, მაგრამ ტექნოლოგიურად სისტემა, იქნება ეს ეროვნული თუ საერთაშორისო, ამ ბაზას დაეფუძნება.