საფეხბურთო ვნებათაღელვა საგადასახადო ციებ-ცხელებამ შეცვალა
ალექსანდრა ლალიაშვილი
ერთთვიანი საფეხბურთო ციებ-ცხელება მთელს მსოფლიოსა და საქართველოშიც 11 ივლისს დასრულდა. თუმცა, საფეხბურთო ვნებათაღელვას ტოტალიზატორებისათვის საგადასახადო ციებ-ცხელება მოჰყვა. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით ყველა ტოტალიზატორის შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი ცხაკაიამ საჯაროდ განაცხადა.
შემოსავლების სამსახურმა სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, რომელიც გადასახადების დამალვის რისკებს განსაზღვრავს, 50 კომპანია შემოწმდა, რომელთაგანაც 37 ტოტალიზატორი იყო. სავარაუდოა, რომ ტოტალიზატორების შემოწმება დამალული გადასახადების აღმოჩენას უკავშირდება, რასაც ადგილი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ჰქონდა. საგადასახადო ინსპექტირების ოფიციალურ მიზეზად, ტოტალიზატორების მიერ შემოსავლების არასწორად აღრიცხვა, ანუ თანხების დამალვა დასახელდა. არაოფიციალური ვერსიით კი, მსოფლიო ჩემპიონატმა ბუქმეიკერებს დიდი მოგება მოუტანა და სათამაშო ბიზნესის დაჯარიმებით კარგი საბიუჯეტო შემოსავლის მიღების შანსი გაჩნდა.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის ე.წ. ,მაზავშიკების” რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და, როგორც ტოტალიზატორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამას ხელი თავად ფინანსურმა პოლიციამ შეუწყო. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას ბევრი თამაში ,გატყდა”, ანუ რამდენიმე მატჩისას ფავორიტმა გუნდებმა ვერ მოიგეს და თამაში ტოტალიზატორებისთვის სასარგებლო შედეგით დასრულდა. რა თქმა უნდა, ამით სათამაშო ობიექტებმა დიდი მოგება ნახეს და ამიტომაც, ფინანსურმა პოლიციამ აბსოლუტურად ყველა ტოტალიზატორში ერთდროულად სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ორ-ორი თანამშრომელი შეუშვა, რომლებიც დარბაზში ისხდნენ და ხელით იწერდნენ ყველა დადებულ თანხას. ტოტალიზატორის წარმომადგენლებმა ეს შენიშნეს და ფსონები დასწიეს, აზარტულ ადამიანებს კი, დაბალ ფსონებზე თამაში არ უღირდათ, ამან კი არალეგალურ თამაშს შეუწყო ხელი. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურში გადაწყვიტეს, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობასთან ერთად, ყველა ტოტალიზატორის ფინანსური შემოწმება დაეწყოთ.
გიორგი ცხაკაია, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი: ,შემოსავლების სამსახურმა, კომპიუტერული პროგრამების დახმარებით, რისკები დაამუშავა. ტოტალიზატორები რისკის პროფილში მოხვდნენ. სამწუხაროდ, რამდენიმე დაწესებულებამ (ახლა მათ ვერ დავასახელებ), გადასახადებს თავი აარიდა. ასე რომ, მიმდინარეობს ამ ობიექტების თემატურად შემოწმება, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
გიორგი ცხაკაია სააგენტოებთან საუბრისას იმასაც განმარტავს, თუ რას ნიშნავს “რისკის ჯგუფში მოხვედრა”: ,ადრე ბრმად მივდიოდით ობიექტის შესამოწმებლად და უმეტესწილად არ ვიცოდით, იქ დარღვევა დაგვხვდებოდა თუ არა. ამჟამად, ახალ სისტემაზე გადავედით, რომლის მიხედვითაც, პროგრამულად განვსაზღვრავთ გადასახადების დამალვის რისკებს. იმის რესურსი არ გვაქვს, ყველაფერი ერთდროულად შევამოწმოთ. ჩვენ გადავედით სისტემაზე, რომელიც ნაცადია თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ის რისკების მართვის საშუალებას გვაძლევს, ვამოწმებთ იქ, სადაც რისკი მაღალია. მოცემულ ეტაპზე ტოტალიზატორებში გადასახადებისგან თავის არიდების, შემოსავლების დამალვის მაღალი რისკი განისაზღვრა და შემოწმებაც გადაწყდა”.
როგორც საგადასახადო სამსახურში მიიჩნევენ, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს, ტოტალიზატორების ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც ლოგიკურად ბიუჯეტში გადასახადების ზრდაც უნდა მოჰყვეს. ამ მოსაზრებას ტოტალიზატორების მესვეურები არ ეთანხმებიან, როგორც ისინი აღნიშნავენ, ჩემპიონატის მსვლელობისას შემოსავლები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. “მართალია, აქტიურობა მომატებულია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ წლის სხვა დროსთან შედარებით გაორმაგებულია, რადგან სხვა დროს მეტი თამაშები იმართება და არჩევანიც უფრო მრავალფეროვანია. მსოფლიო ჩემპიონატზე კი დღის განმავლობაში ორი თამაშია”, – აღნიშნავენ ბუქმეიკერები.
შემოწმების შედეგები და სანქციებიც ალბათ სულ მალე გახდება ცნობილი. თუმცა, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ტოტალიზატორები და საგადასახადო სამსახურები “მარადიულ კონფლიქტში” არიან ერთმანეთთან.
ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური ღონისძიებების შემუშავებაზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი (FATF) აცხადებს, რომ კლუბების, ფეხბურთელებისა თუ საფეხბურთო ტოტალიზატორების ყიდვის უკან შეიძლება შემოსავლების ,გათეთრება” მიმდინარეობდეს. FATF-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეთა სამყაროს სულ უფრო უჭირს ფულის გათეთრება ფინანსური ორგანიზაციების ან უძრავი ქონების გარშემო ოპერაციების ჩატარების საშუალებით. ამიტომ, ისინი თავიანთი მიზნების რეალიზების მიზნით ფეხბურთის ბიზნესს მიმართავენ.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ფეხბურთი შესაძლოა გამოყენებული იყოს დანაშაულებრივი საქმიანობის, მათ შორის, ადამიანებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შენიღბვის საშუალებად, ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურმა მსგავსი მაქინაციების რამდენიმე ეპიზოდი გამოიძია. მართალია, სპეციალისტები კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარებს არ აკეთებენ, მაგრამ სპეციალური განცხადებით გამოდიან. 25 ქვეყნის ხელისუფლებებისა და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელობის გამოკითხვის შედეგად, FATF-ის ექსპერტებმა ფულის გათეთრების 20-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს. ლივერპულის უნივერსიტეტის ფეხბურთის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის, როგან ტეილორის თქმით, ამ შედეგებს ის არ გაუკვირვებია. “საერთაშორისო ფეხბურთის საშუალებით, სადაც უზარმაზარი თანხები მოძრაობს, ფულის გათეთრება მიმდინარეობს. ეს ხდება აგენტების, კონტაქტების, ოფშორების და ა.შ. საშუალებით”, – ამბობს ექსპერტი. მისი სიტყვებით, საფეხბურთო ბიზნესში მილიონი და ათობით მილიონი დოლარის ,გარეცხვა” ხდება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტოტალიზატორების მუშაობას ინტერპოლი აკონტროლებს.
ცნობისათვის, 2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 10 დღეში შვიდმა უმსხვილესმა საერთაშორისო ბუქმეიკერულმა ქსელმა 5 მილიარდი აშშ დოლარი მოიგო. ზოგადად კი, მხოლოდ ჩინეთისა და მალაიზიის საბუქმეიკერო კანტორების წლიური შემოსავალი 80 მლრდ დოლარს აჭარბებს. ტოტალიზატორების შემოსავალმა უკვე დიდი ხანია “კოკა-კოლას” შემოსავლებს ათჯერ გადააჭარბა.