მილიონიან ხელფასებს ტოპ-მენეჯერებს უმუშევრები უხდიან

მაკა ღანიაშვილი

მსოფლიოში კვლავ გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებს ებრძვიან. ევროპასა და აშშ-ში უმუშევრობის დონე ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, აღარაფერს ვამბობთ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებზე, რომელთა მოსახლეობის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. რა ხდება ამ დროს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებში?

მათ ტოპ-მენეჯერებისთვის კვლავ არ ენანებათ მილიონებისა და მილიარდების გადახდაც კი. მაგრამ თუ წინა წლებში ამაზე ხმას არავინ იღებდა, ახლა ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელებს პასუხს უკვე მთავრობები სთხოვენ. სულ უფრო ბევრი ქვეყნის მეთაური გამოდის ინიციატივით, გაკონტროლდეს ბანკების მენეჯერების ხელფასებისა და ბონუსების გაცემა, რადგან გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ფინანსურ ინსტიტუტებს დახმარება სახელმწიფოებმა აღმოუჩინეს, მთავრობათა მეთაურებს კი არ სურთ, რომ გადამხედელების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხებით მხოლოდ ერთეულები სარგებლობდნენ.

მართალია, ზოგიერთი ქვეყნის ტოპ-მენეჯერებმა კრიზისის შედეგები საკუთარ თავზეც იწვნიეს, მაგალითად რუსეთში 2009 წელს ბანკების ტოპ-მენეჯერებმა საშუალოდ გამოიმუშავეს 25%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე 2008 წელს, მაგრამ დასავლეთში საქმე სხვაგვარადაა. Bloomberg-ის შეფასების მიხედვით, ისეთმა დიდმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიც არის – Goldman Sachs, Morgan Stanley და JPMorgan Chase, 2009 წლის განმავლობაში გასცეს 29.7 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პრემიები. ეს მაჩვენებელი 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით 60%-ით მეტია. ასევე მეტია 2007 წლის მაჩვენებელზე, რომელიც აქამდე სარეკორდოდ მიიჩნეოდა. აღნიშნულმა კომპანიებმა შარშანწინ ბონუსების სახით 26,8 მილიარდი აშშ დოლარი გასცეს.
რუსეთში საინვესტიციო ბანკების ტოპ-მენეჯერების საშუალო წლიური ანაზღაურება შეადგენს 910 000 აშშ დოლარს, რაც კრიზისამდელი მაჩვენებლისგან ძალიან შორს არის, კრიზისამდე ეს ციფრი 3 მილიონი იყო. უფრო მეტია კომერციული ბანკების ტოპ-მენეჯერების გამომუშავება – 940 000 აშშ დოლარი. კრიზისამდე ეს მაჩვენებელი 1.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. როგორც რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსეთში ახლა კომერციული ბანკების მენეჯერებს უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, ის არის, რომ სახელმწიფო კრიზისის პერიოდში კომერციულ ბანკებს მეტად ეხმარებოდა სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, რაც ამ უკანასკნელთ საშუალებას აძლევს, ხელფასებსა და ბონუსებზე უფრო მეტი დახარჯონ.
ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე მაღალი ხელფასები რუსეთში ნავთობისა და გაზის კომპანიათა მენეჯერებს აქვთ – საშუალოდ 1,75 მილიონი აშშ დოლარი წელიწადში. თუმცა ზოგიერთ მენეჯერს გაცილებით მაღალი ხელფასიც აქვს. არიან მენეჯერები რუსეთში და ეს განსაკუთრებით გაზისა და ნავთობის სფეროში მომუშავე კომპანიებს ეხებათ, რომელთა ანაზღაურება წელიწადში 5-7 მილიონ დოლარს შეადგენს.
საერთო ჯამში კი, რუსი ექსპერტები ბონუსების მოცულობის შემცირებას რუსეთში აფასებენ, როგორც “ვაკხანალიის დასასრულს””. თუ ადრე საინვესტიციო ბანკებში წელიწადში მილიონზე მეტი მოცულობის გასამრჯელოს 200-300 ადამიანი იღებდა, ახლა ასეთების რიცხვი 20-30-ს არ აღემატება1.
როდის დასრულდება “ბონუსომანია”” და “ვაკხანალია”” აშშ-სა და ევროპაში?
ახლახანს BBC-მ გაავრცელა New Economics Foundation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც საავადმყოფოების სანიტრებსა და დამლაგებლებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სარგებლობა მოაქვთ, ვიდრე ბანკირებს. დამლაგებლების შრომას მათთვის გადახდილ ყოველ გირვანქა სტერლინგზე 10 ფუნტის მოგება მოაქვს. გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ბანკირები და სადაზღვევო კომპანიები იმ სამუშაოზე არიან პასუხისმგებლები, რომელიც მოქალაქეებში უკმაყოფილებას იწვევს. მათგან განსხვავებით, ქვეყნისა და ხაზინასთვის სუფთა მოგება მოაქვთ ძიძებს, აღმზრდელებსა და ნარჩენების გადამამუშავებლებს. ძიძებსა და აღმზრდელებს კი მათთვის გადახდილ ყოველ ფუნტზე ქვეყნისთვის 9,50 ფუნტი მოგება მოაქვთ.
ექსპერტებმა ექვსი სპეციალობა შეადარეს ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ბანკირებს მათ მიერ გამომუშავებულ ყოველ სტერლინგზე 7 ფუნტი სტერლინგის წაგება მოაქვთ. ქვეყნის ეკონომიკისთვის წამგებიან პროფესიებს შორის მოხვდნენ რეკლამის დამამზადებლები და ადვოკატები, რომლებიც საგადასახადო სფეროში მუშაობენ.
ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიური გახდა მოწოდებები პოლიტიკოსების მიმართ, გაათანაბრონ შრომის ანაზღაურება სოციალური და ეკონომიკური სარგებლობის მხრივ და შემოიღონ უფრო პროგრესული საგადასახადო სისტემა.
აშშ-ში ამაზე საუბარი ხმამაღლა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. თებერვალში აშშ-ს ადმინისტრაციამ შეზღუდა იმ ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელთა ხელფასები, რომლებიც იღებენ დახმარებას აშშ-ს ხელისუფლების ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში. მათი შემოსავალი, როგორც ხელფასები, ასევე ბონუსები, წელიწადში 500 ათას დოლარს არ უნდა აჭარბებდეს. ამ გადაწყვეტილების მიზანი, როგორც მაშინ ობამას ადმინისტრაცია აცხადებდა, იყო კრიზისის პირობებში ფინანსური ინსტიტუტების მეთაურების მიერ ზეშემოსავლების მიღების შეზღუდვა, რათა სახელმწიფოს რაც შეიძლება მალე მიეღო უკან ბიუჯეტიდან გაღებული კრედიტი. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა მკვეთრად გააკრიტიკა ბანკების თანამშრომლების მიერ ფინანსური კრიზისის პერიოდში მაღალი შემოსავლებისა და ბონუსების მიღება. ამ მოვლენას მან “უპასუხისმგებლობის მწვერვალი”” და “სირცხვილი”” უწოდა. ბარაკ ობამა აღაშფოთა სადაზღვევო კომპანია AIG-ს მიერ მენეჯერებისთვის 165 მილიონი დოლარის ბონუსების გაცემამ. საუბარი იყო იმ მილიონებზე, რომლებიც AIG-ს სახელმწიფომ დახმარების სახით გამოუყო. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს გაკოტრების პირას მისულმა ამ კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 180 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. AIG-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, შესაძლოა, 2009 წლის შედეგების მიხედვით, ბონუსები შემცირდეს, მაგრამ 2008 წელს დადებული კონტრაქტების პირობები აუცილებლად უნდა შესრულდეს.
ობამასთვის გაუგებარია, რით დაიმსახურეს კომპანიის მენეჯერებმა ამხელა ბონუსები. პრეზიდენტმა მაშინ მოუწოდა ქვეყნის ფინანსთა მინისტრს, აღეკვეთა მსგავსი შემთხვევები. თუმცა ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ბონუსების გაცემის პროცესის შესაჩერებლად ბერკეტები თეთრ სახლს არა აქვს და, სავარაუდოდ, ხმამაღალი განცხადებების იქით საქმე არც წავიდოდა. ახლა უკვე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 2009 წლის მარტში ექსპერტების მიერ გაკეთებული ეს პროგნოზი მართლდება.
კრიზისის მიუხედავად, Wall Street-ზე ხელფასები იზრდება. აქტივებით აშშ-ს სიდიდით მეორე ბანკი JPMorgan Chase-ი საინვესტიციო ბანკირებს, რომლებმაც ბონუსები დაკარგეს, ხელფასებს გაუზრდის. ბანკის ხელმძღვანელობას ამგვარი ნაბიჯის გადადგმისკენ კონკურენტების ანალოგიურმა ქმედებამ უბიძგა. სიახლე ძალაში 2010 წლიდან შევა. თანამშრომლების შემოსავლების ნახევარს და მეტსაც კი სწორედ ბონუსები შეადგენდა, რომელთა მოცულობაც მათი სტატისტიკისა და შესრულებული სამუშაოს შედეგებით განისაზღვრებოდა. კომპენსაციით ბანკის 26 ათასამდე თანამშრომლიდან ნახევარი ისარგებლებს, რომლებიც საინვესტიციო-საბანკო მიმართულებაზე მუშაობენ. ბონუსების გაუქმების შემდეგ საკუთარ თანამშრომლებს ხელფასები უკვე მოუმატეს Citigroup Inc-მა, Morgan Stanley-მა და UBS AG-მა. ამასთან, ამ უკანასკნელმა ხელფასები 1,5%-ჯერ გაზარდა.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ცხრა უმსხვილესმა ბანკმა, რომლებმაც საფინანსო სექტორის დახმარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან დახმარება მიიღეს, 2008 წლის ბოლოს თანამშრომლებზე 32 მილიარდის ბონუსი გასცეს. შტატის გენერალური პროკურორის ამ ანგარიშმა კონგრესის წევრების აღშფოთება გამოიწვია. ცხრავე ბანკის საერთო ზარალმა გასულ წელს 100 მილიარდი დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც სახელმწიფომ მათ 175 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. კონგრესმენებმა ბანკების მიერ ბონუსების გაცემის ფაქტს “შოკისმომგვრელი”” უწოდეს. თავად ბანკები კი აცხადებენ, რომ ისინი ბონუსების მეშვეობით სამსახურში კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას ცდილობენ.
სექტემბრის ბოლოს კიდევ ერთ გახმაურებულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. Bank of America-მ ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა ამერიკელი რეგულატორების მოთხოვნა და არ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია Bank Merrill Lynch-ის შეძენის შესახებ. შედეგად, მას, შესაძლოა, რეგულატორებმა ახალი ბრალდებები წაუყენონ. საქმე ის არის, რომ გასულ წელს Bank of America-ს საკუთარი თავისა და Merrill Lynch-ის გადასარჩენად სახელმწიფომ ფული იმ პირობით მისცა, რომ აქციონერების ნებართვის გარეშე პერსონალს ბონუსებს არ გადაუხდიდა. ბანკმა მთლიანობაში 45 მილიარდი დოლარი მიიღო, აქედან კი ბონუსების სახით 5,8 მილიარდი დოლარი გასცა. ამის გამო წარმომადგენლობით პალატაში არსებული ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ განაცხადა, რომ ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
მაღალი ბონუსების თემა ევროპაშიც აქტუალურია
მაისის თვეში გერმანიაში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც მენეჯერებისთვის ბონუსების გაცემის მარეგულირებელი წესების შემოღებას გულისხმობდა. კანონპროექტის მიხედვით, მსხვილმა გერმანულმა კომპანიებმა უარი უნდა თქვან ბონუსებზე ან მნიშვნელოვნად შეამცირონ მათი რაოდენობა და აგრეთვე, ორი წლის განმავლობაში უარი უნდა თქვან დირექტორთა საბჭოს წევრების დამკვირვებელთა საბჭოში დანიშვნაზე. ამ კანონპროქტმა გერმანიის ბიზნესწრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გერმანელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მოსთხოვეს, უარი ეთქვა კანონპროექტზე. მათი აზრით, კანონპროექტის მიღება აიძულებს კომპანიებს, ტოპ-მენეჯმენტისთვის პრემიალური თანხების გადახდის ახალი გზები ეძებონ. მაგალითად, ფირმებმა შეიძლება უარი თქვან პრემიალური თანხების გადახდაზე, მაგრამ ხელმძღვანელთა ხელფასები მნიშვნელოვნად გაზარდონ. მერკელისთვის გაგზავნილ წერილს შიემენს-ის, BMW-ს, BASF-ისა და Berelsmann-ის 12-მა ტოპ-მენეჯერმა მოაწერა ხელი.
ბონუსების თემა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო “დიდი ოცეულის” ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში 4-5 სექტემბერს ჩატარდა. შეხვედრის დღის წესრიგში საბანკო სისტემაში მაღალი ბონუსების აღკვეთის საკითხის შეტანა საფრანგეთის, გერმანიის და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა მოითხოვეს.
ფინანსთა მინისტრებმა შეიმუშავეს კომუნიკეს პროექტი, რომელიც ბონუსების გაცემის ახალი წესების შემუშავებას გულისხმობს. ეს წესები კი ეყრდნობა პრინციპს, როდესაც ბონუსების მოცულობა ბანკების მუშაობის გრძელვადიან შედეგებზე იქნება მიბმული. შედეგად, რისკიანი საბაზრო მაქინაციების პრაქტიკა, რომელსაც უმეტესობა გლობალური კრიზისის მთავარ მიზეზად მიიჩნევს, ნაკლებად მომგებიანი გახდება. კერძოდ, პროექტის მიხედვით, პრემიების გაცემა რამდენიმე წელიწადში დაიწყება, მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ მენეჯერის საქმიანობის დადებითი შედეგები გამოჩნდება. ამასთან, პროექტის მიხედვით, შრომით ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს პუნქტი, რომლის თანახმადაც, ბანკირი ბონუსს დააბრუნებს, თუ მისი გადაწყვეტილებები გარკვეული დროის შემდეგ მცდარი აღმოჩნდება. სიახლეა ისიც, რომ ბონუსების გადახდა არა ფულით, არამედ კომპანიის აქციების საშუალებით განხორციელდება. ამ გზით მენეჯერის მატერიალური კეთილდღეობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული მისი კომპანიის წარმატებაზე.
აღნიშნულ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აგვისტოს დასასრულს, საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ეგრეთ წოდებული “სახელფასო მეფის”” სტატუსი შემოიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ბანკირებისთვის ბონუსების გადახდის საკითხი უნდა გააკონტროლოს. ამ მოვალეობის შესრულება ნიკოლა სარკოზიმ სავალუტო ფონდის ყოფილ მაღალჩინოსანს, 79 წლის მიშელ კამდესიუს დაავალა. კამდესიუს მოუწევს სახელფასო პოლიტიკის კონტროლი ყველა იმ ბანკსა და საფინანსო ინსტიტუტში, რომლებმაც კრიზისის პირობებში სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს. ფრანგულმა ბანკებმა, მართალია, პრემიებზე გარკვეული შეზღუდვები უკვე დააწესეს, მაგრამ მთავრობა წესების კიდევ უფრო გამკაცრებას ცდილობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აგვისტოში ბანკმა ბი ენ პი პარიბასმა” საუკეთესო ტრეიდერების ანაზღაურებისთვის 1 მილიარდი ევრო გამოყო.
ევროპისა და აშშ-ს მეთაურების ბრძოლა მაღალი ბონუსების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს სთხოვეს, შეისწავლოს 2009 წლის მიწურულს საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციაზე მსოფლიო გადასახადის დაწესების შესაძლებლობა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა საზოგადოებასთან “სოციალური კონტრაქტი”” უნდა დადონ და მომხმარებლები რისკებისგან დაიცვან.
საფინანსო ორგანიზაციებისთვის გლობალური გადასახადების დაკისრების წინადადებით სექტემბერში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც გამოვიდა, მაგრამ მაშინ ევროკავშირის სხვა წევრებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს. ახლა ასეთი მოსაზრება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც მოიწონეს.
როგორც სარკოზი და ბრაუნი აცხადებენ, კრიზისმა ისინი მიახვედრა, რომ მათი ეკონომიკა უკვე არა ნაციონალური, არამედ გლობალურია, ამიტომ “ფინანსური სტანდარტები ასევე გლობალური უნდა იყოს””. საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია, გლობალურ ბანკებსა და საზოგადოებებს შორის გაფორმდეს ახალი შეთანხმებები, რომელთა შედეგადაც განვითარებული ეკონომიკის პირობებში მოგებას არა მარტო ბანკირები, არამედ ის ადამიანებიც ნახავენ, რომლებსაც ბანკირები ემსახურებიან.
10 დეკემბერს ნიკოლა სარკოზიმ და გორდონ ბრაუნმა წამოაყენეს ინიციატივა, დაწესდეს ზედამხედველობა საბანკო ბონუსების გაცემაზე და დაწესდეს ზედა ზღვარი, რომლის იქითაც ბანკები ბონუსების გაცემას ვეღარ შეძლებენ. როგორც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურებმა განაცხადეს, ამით ისინი ცდილობენ, გააკონტროლონ სახელმწიფოს მიერ ბანკებისათვის გაცემული დახმარებების ხარჯვა.
საფრანგეთის პრეზიდენტი აპირებს კანონპროექტის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც დაწესდება 50%-იანი გადასახადი იმ ბონუსებზე, რომლებიც 27 000 ევროს გადააჭარბებს. ანალოგიური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ალისტერ დალგინმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ანალოგიური გადასახადი დიდ ბრიტანეთშიც დაწესდება ბანკებისთვის, რომლებიც 25 000 ფუნტის ან 41 000 აშშ დოლარის ზემოთ გასცემენ ბონუსებს. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის პროგნოზით, ამ გზით ბიუჯეტმა შეიძლება 500 მილიონი ფუნტი მიიღოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებების შემდეგ Financial Times სვამს კითხვას, ხომ არ შეუქმნის ეს საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს ლონდონის, როგორც ფინანსური ცენტრის, პოზიციებს მსოფლიო ფინანსურ რუკაზე?! ვინ მოისურვებს ბიზნესის წარმოებას დიდი ბრიტანეთში მსგავსი კანონის მიღების შემთხვევაში?
ბონუსების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ზოგიერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მართლაც გადაწყვიტა გარკვეულ დათმობებზე წასვლა და ბონუსების გაცემის სქემის გადახედვა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი Goldman Sachs-ია. კომპანიის მმართველი რგოლის 30 მენეჯერი 2009 წლის ბონუსებს მიიღებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანიის აქციების სახით, თუმცა ბონუსების მოცულობა შესაძლოა შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერის გათვლები წამგებიანი ან ნაკლები მოგების მომტანი აღმოჩნდება. უკვე გერმანიის ბანკებმაც განაცხადეს თანხმობა, დაიწყონ მსგავსი ღონისძიებების გატარება და გადახედონ თავიანთ ანაზღაურების სისტემას. მათ შორის ისეთმა მსხვილმა ბანკებმაც, როგორებიც არის Deutsche Bank და Commerzbank.
ამერიკაში განსაკუთრებით დიდი ვნებათაღელვაა ბონუსების გარშემო. ხალხს არ ესმის, რაში იღებენ ტოპ-მენეჯერები მილიონებს, მაშინ როცა მათ მიმართ ნდობა, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით დაბალია. აშშ-ს მოსახლეობა მათ ნაკლებად ენდობა, ვიდრე კონგრესმენებს, იურისტებსა და სადაზღვევო კომპანიის აგენტებს. ამერიკელთა 2/3 მიიჩნევს, რომ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები გამდიდრებაზე ფიქრობენ და ამიტომ მთავრობის მიერ მათთვის დახმარებების გამოყოფა გაუმართლებელია. საინტერესოა, გადადგამენ თუ არა მსგავს ნაბიჯებს მსოფლიოს სხვა ფინანსური ინსტიტუტები და მიბაძავენ თუ არა ისინი Goldman Sachs-ს, Deutsche Bank-ს და Commerzbank-ს.