გადაულახავი დილემა – სურსათის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში
მაკა ღანიაშვილი
სურსათის უვნებლობისა და კონტროლის შესახებ კანონის შეჩერებული მუხლები, რომელთა საფუძველზე სურსათის უვნებლობის ეროვნულ სამსახურს სხვადასხვა ობიექტის ინსპექტირების საშუალება ექნებოდა, 2010 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა შეჩერებული მუხლების ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდა.
ორიათასცხრა წლის 1 დეკემბერს ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ოფისში, ევროკავშირის პროექტის “საქართველოში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ხარისხის გაუმჯობესება”” ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი სემინარი თემაზე: სურსათის უვნებლობის კონტროლის ორგანიზება ევროკავშირის სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის ქვეშ, კერძოდ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებთან კავშირში. აღნიშნული სემინარი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებების მომზადების კონტექსტში გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის სპეციალური სამუშაო ჯგუფის, მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სემინარის დაწყებამდე მონაწილეთა წინაშე შესავალი სიტყვით GEPLAC-ის ჯგუფის ხელმძღვანელი კლაუდიუს მანიოკასი და პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა წარდგნენ. ვახტანგ ლეჟავამ მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის აგრარული განვითარების არსებული მდგომარეობა, აღნიშნა რა, რომ ამ სექტორს ფრაგმენტულობა ახასიათებს და ძირითადად ადგილი აქვს მცირე საოჯახო მეურნეობების განვითარებას. ამასთან, სურსათის უვნებლობის პოლიტიკის განვითარების პროცესში მთავრობის მთავარ ამოცანას სურსათის დაცულობასა და სურსათის უვნებლობას შორის ბალანსის მიღწევა წარმოადგენს, – დასძინა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სიტყვები მხოლოდ მთავრობის კეთილ ნებად რჩება. ქართული ბაზარი რომ უხარისხო, ფალსიფიცირებული პროდუქტით არის გაჯერებული, ახალი ამბავი არ არის. ორგანოს, რომელსაც ჩვენში სურსათის კონტროლი ევალება, ანუ “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს”, მოქმედება კვლავ შეზღუდული აქვს.
სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ კონკრეტულ და განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირებენ, სურსათისა და საწარმოთა სისტემური კონტროლი კი ჯერჯერობით არ ხორციელდება, მაშინ როცა საქართველოს სასურსათო სამომხმარებლო ბაზარზე ფალსიფიცირებული, უხარისხო პროდუქტების წილი დიდია. ხშირია ეტიკეტირების მოთხოვნების, აგრეთვე სურსათის რეალიზაციის წესების დარღვევა (შენახვის პირობები, ვადაგასული პროდუქცია, გარე ვაჭრობა); საეჭვოა გასაყიდად გამოტანილი სურსათის უვნებლობის მდგომარეობა. სურსათის წარმოებაში ხშირია სანიტარიული ნორმების და წესების დარღვევა. იზრდება სურსათით მოწამვლების რიცხვი, თუმცა ასეთი შემთხვევების სათანადო აღრიცხვა არ წარმოებს და ზუსტი მაჩვენებელი უცნობია. ვითარების გამოსწორების პერსპექტივა არც უახლოესი 5 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი.
ცნობილი იყო, რომ სურსათზე კონტროლი შესაბამის სამსახურს 2010 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაეწყო, თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი ამ ვარაუდს ეჭვქვეშ აყენებდადა აცხადებდა, რომ ხარისხზე კონტროლს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გადაავადებდა. ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის შეტანას აჭიანურებდა. ახლა ირკვევა, რომ შეჩერებული მუხლების ამოქმედება 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო.
სურსათის უვნებლობის კანონის შეფერხებით ხელისუფლება მეწარმეებს ლობირებს, მომხმარებელთა უფლებებს კი უხეშად არღვევს. ამ მუხლების ამოქმედების გადადება მთავრობამ თავის დროზე იმით ახსნა, რომ მეწარმეები ამ სახის კონტროლისთვის მზად არ არიან და საწარმოების დახურვას უმუშევრობის ზრდა მოჰყვებოდა. მაგრამ რა არგუმენტებიც არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, მან, პირველ რიგში, მოსახლეობის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირისა, რომლისკენაც საქართველოს ხელისუფლება ასე ისწრაფვის, სურსათის ხარისხის მკაცრი კონტროლია.
ევროპაში პროდუქციის კონტროლი არა მარტო მაღაზიებიდან და ბაზრებიდან აღებულ ნაწარმზე ხორციელდება, არამედ მას მაშინაც ამოწმებენ, როდესაც მისი მოყვანა ხდება. პროდუქცია ყველა ეტაპზე მოწმდება. ეს მითითებულია ევროდირექტივებში და ყველა ქვეყანა ვალდებულია, ამ წესს დაემორჩილოს. ჩვენთან კი სულ სხვა ვითარებაა და ისიც კი არ ვიცით, თუ რას მოვიხმართ.
ამჟამად, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს სურსათის მხოლოდ მონიტორინგი ევალება, რაც მხოლოდ სარეალიზაციო ქსელში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტების ნიმუშების შესყიდვასა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაში გამოიხატება. აღნიშნული სამსახურის საქმიანობა უახლოესი 5 წლის განმავლობაში ისევ უცვლელი დარჩება.
ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლი კიდევ ერთხელ გადაიდო. პარლამენტის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის 30 იანვრიდან სურსათის უვნებლობის კანონის მხოლოდ ის მუხლები ამოქმედდება, რომლებიც სასურსათის მწარმოებელი კომპანიების რეგისტრაციას გულისხმობს. მათი კონტროლი კი ეტაპობრივად დაიწყება.
ამავე კანონპროექტის თანახმად, ის საწარმოები, რომელთა პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტზეა ორიენტირებული, 2011 წლიდან შემოწმდება. მალფუჭებადი და სხვა მაღალი რისკის მქონე პროდუქტების მწარმოებლები კი 2013 წლიდან გაკონტროლდებიან. ყველა სხვა დანარჩენი საწარმო შემოწმებას მხოლოდ 2015 წლიდან დაექვემდებარება.
შეგახსენებთ, სურსათის უვნებლობის კანონი საქართველომ 2006 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიიღო. თუმცა, კანონის მოქმედება მეწარმეობისთვის ხელშეწყობის მიზეზით მიღებისთანავე შეჩერდა და 2010 წლამდე გადაიდო. შეგახსენებთ, რომ “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”” კანონი საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მიიღო. კანონი 2007 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი მთავარი მუხლების (სახელმწიფო კონტროლისა და ინსპექტირების) მოქმედება 2006 წლის დეკემბერში შეჩერდა. ამის შემდეგ ზემოთ ხსენებული მუხლების ამოქმედების ვადა ორჯერ გადაიდო, საბოლოოდ – 2010 წლის 1-ელ იანვრამდე.
არადა კანონში ხარისხის კონტროლის მუხლების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტი უხარისხო და ფალსიფიცირებულია, უხარისხო პროდუქტის 90% კი იმპორტირებულია. ქართულ ბაზარზე არა მხოლოდ უხარისხო პროდუქტი, არამედ უხარისხო ტექნიკაც იყიდება, რომელმაც შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. გარდა ამისა, ამ მუხლების ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადება დიდ დაბრკოლებებს უქმნის ქართული ექსპორტის განვითარებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ევროპულ ბაზრებზე.