მსოფლიო ეკონომიკა 2010 – რა გველოდება ხვალ?
ემზარ ჯგერენაია
2009 წლის მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე დიდი ინტრიგა იყო პასუხი კითხვაზე – დასრულდა თუ არა კრიზისი, ვიპოვეთ თუ არა ფსკერი, სად არის ნანატრი Bottom out-ი? საფინანსო ბაზრის ქცევიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე ზოგიერთის პასუხია ოპტიმისტური – კი და ზოგიერთის – არა. ფაქტი ერთია, მტკიცე “კი” არავის უთქვამს და ობამას ადმინისტრაციის ნაბიჯებიც ამაზე მეტყველებს. აშშ-ს ადმინისტრაციის საფინანსო სფეროს დახმარების 700-მილიარდიანი პროგრამის (TARP) მოქმედების ვადა კონგრესმა 2009 წლის 31 დეკემბრამდე განსაზღვრა. აშშ-ში, განსაკუთრებით ობამას ახალ გუნდს, სჯეროდათ, რომ ეს პროგრამა ქვეყნის ეკონომიკაში თავის დადებით როლს ითამაშებდა, მაგრამ სააგენტო “ბლუმბერგის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობამა აპირებს, 2010 წლიდან დახმარების პროგრამა, დაახლოებით, ოქტომბრამდე გააგრძელოს.
ნახსენები 700 მილიარდიდან მხოლოდ 550 მილიარდი დაიხარჯა და მეტიც, როგორც სააგენტო “როიტერი” იუწყება, აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ტიმოტი გაიტნერი აცხადებს, რომ 2010 წლისთვის ისინი კრიზისის მეორე ტალღას ელოდებიან და ამიტომ ამერიკის მთავრობას მეორე ტალღასთან გასამკლავებლად და ეკონომიკის დასახმარებლად სახსრები უნდა გააჩნდესო. ტიმოტი გაიტნერის თქმით, 2010 წლისთვის აშშ-ს წინაშე ორი მთავარი ამოცანა დადგება: მასიური უმუშევრობა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება. რადგან ეს ორი უკანასკნელი პრობლემა აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაციისთვის პირველი რიგის ამოცანაა, ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის რეფინანსირების პროცენტი არ გაიზრდება, დარჩება ნულთან ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების ინტერესი ნაკლები და დოლარის კურსი დაბალი იქნება, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, 2010 წლისთვის ყველა ვალუტის მიმართ დაეცემა. მესამე ამოცანაა გაზრდილი ვალების ტვირთის ეფექტური მართვა. ესეც დოლარის გაცვლით კურსს ემუქრება, თუმცა გაუფასურებული დოლარი და ინფლაცია იმავდროულად ვალის გაუფასურების და შესაბამისად მისი სიმძიმის შესუსტების მექანიზმიც არის. ექსპერტული გათვლებით, 2010 წლის პირველ ნახევარში დოლარის კურსი არ გამყარდება და შესაძლოა ევროს მიმართ ისტორიულ ნიშნულს – 1,65 პუნქტსაც კი მიაღწიოს. ბუნებრივია, დოლარის კურსის დაცემა ასევე იქნება 2010 წლის მთავარი თემა და ამ კუთხით, ნავთობის მოპოვების გაზრდის მიუხედავად, განსაკუთრებით ერაყისა და რუსეთის ხარჯზე, რომელსაც ნავთობდოლარები ძალიან სჭირდება და სწორედ ამ გზით ცდილობს ეკონომიკაში დანაკარგების კომპესნირებას, საწვავის ფასი მაინც გაძვირდება და ბარელზე 85 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც საფონდო და სასაქონლო ბირჟების მუშაობის გამოცოცხლების წარმმართველი მუხტი გახდება. მიმდინარე კრიზისის მთავარი მიზეზის როლის მინიჭების მიუხედავად, სასაქონლო ოფციონები დერევატივების ბაზარზე წარმმართველი იქნება, იმ ფონზე, როცა დოლარის კურსი ეცემა, ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება და ვალი არნახულ მასშტაბებს აღწევს. ფედერალური სარეზერვო სისტემის რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ნულთან გატოლების პირობებში, ინვესტორთა თავშესაფარი აუცილებლად იქნება სასაქონლო ოფციონები და ფიუჩერსები. დერევატივებზე მოთხოვნის ზრდა გაზრდის ფასებს რესურსებზე. აქ არ იგულისხმება შაქრის მოსავლის დეფიციტი ან ბრინჯის, ანდაც რკინის მოპოვების ბიზნესში ავსტრალიური და ინგლისური გიგანტების შერწყმა და მსოფლიო რკინის ბიზნესის თითქმის ერთ ხელში გადასვლა (განსაკუთრებით, მისი აზიური ნაწილის). აქ საუბარია სპეკულაციის ზრდაზე ინვესტიციური ბაზის მოთხოვნის გამო, რაც 2010 წელს ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება. ამ ფაქტორის წინააღმდეგ მხოლოდ ის იმოქმედებს, რომ მოთხოვნის შემცირების გამო ეკონომიკის რეალურ სექტორში ბრუნვა დაეცემა და შესაბამისად ნედლეულზე მოთხოვნა შემცირდება.
მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე წამყვან როლს დაიკავებს ოქრო, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე მიმზიდველი საინვესტიციო პროდუქტი იქნება, მისი ფასი დარჩება უნციაზე 1250-1350 დიაპაზონში და ფიუჩერსულ ოპერაციებში ის იქნება წამყვანი ობიექტი. დოლარზე კოტირებადი ყველა პროდუქტი: ხორბალი, შაქარი, ბრინჯი და კვების სხვა პროდუქტები, მიუხედავად დეკემბრის ფასების მერყეობისა, 2010 წელს გაძვირდება.
8 დეკემბერს, როცა ბენ ბერნანკე ვაშინგტონში ეკონომიკური კლუბის წინაშე გამოდიოდა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მთავარი ამოცანაა უმუშევრობის დაძლევა. საერთოდ, მომდევნო წელი უმუშევრობის პრობლემის გამწვავების წელი იქნება და ეს, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ადვილად დაკრედიტების ზრდას. საკმაოდ ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ 1 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ლოურენს სამერსმა აღიარა, რომ აშშ-ს ეკონომიკა აღარ იქნება ლოკომოტივი მსოფლიო ეკონომიკისთვის, როგორც მომხმარებელი. აქამდე მსოფლიო მოხმარების 80% აშშ-ზე მოდიოდა. ბერნანკემ განაცხადა, რომ აშშ ვეღარ შეძლებს ჩინეთიდან და აზიურ ექსპორტზე ორიენტირებული სხვა ქვეყნებიდან იმპორტის იმ დონის დაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს ჩინეთისთვის წარმოებისა და ექსპორტის მაღალ დონეს. ჩინეთმა უნდა გაზარდოს შიდა მოხმარება, რის ხარჯზეც უნდა მოხდეს მსოფლიო ეკონომიკაში ბალანსის დაჭერა. ამერიკის ეკონომიკის ზრდა იმპორტის ზრდაზე აღარ იქნება დამოკიდებული. ბერნანკეს თქმით, ამერიკა შეძლებს, გადახედოს თავის სავაჭრო პოლიტიკას.
ბუნებრივია, ჩინეთის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში ფოლადზე შემოღებული 25%-იანი საბაჟო გადასახადი ამერიკის ამ განცხადებისა და იმ ქმედებების პასუხი იყო, რომლებიც ადრე ჩინურ პროდუქციაზე გადასახადების ზრდას შეეხებოდა, რამაც კიდევ უფრო უბიძგა მსოფლიოში პროტექციონიზმის პოლიტიკის ზრდას. იგივე პოზიციაზე გააკეთა აქცენტი თავის გამოსვლაში ტიმოტი გაიტნერმა – მსოფლიომ, განსაკუთრებით ჩინეთმა, მოხმარების ბალანსი თავის ქვეყანაში მოხმარების ზრდით უნდა დაიცვას.
ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარეს იაპონური გაზეთის “ნიკკეის”” ექსპერტებმა. კვლევის მიხედვით, მსოფლიოს წამყვანი დიდი შვიდეულის: იაპონია, აშშ, ინგლისი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, რომლებიც მსოფლიო მშპ-ს წარმოების ლიდერები იყვნენ, როლი 2010 წლისთვის მსოფლიო მშპ-ს მოცულობაში 30%-ით შემცირდება. ასევე შემცირდება მათი საექსპორტო პოტენციალი, რომლის ერთობლივი მოცულობა აქამდე 50% იყო, ხოლო ახლა უკვე 36%-მდე შემცირდა. ამ დროისთვის დაწინაურდნენ ჩინეთი, ინდოეთი და აზიის სხვა ქვეყნები, მათ შორის ძალიან საინტერესოა ვიეტნამის დაწინაურება. ექსპერტების აზრით, ყოველივე ამას განაპირობებს იაფი მუშა-ხელი და მარტივი და მისაღები საინვესტიციო გარემო.
ტიმოტი გაიტნერის განცხადებით, 2009 საფინანსო წლის განმავლობაში, რომელიც შემოდგომაზე დასრულდა, 700 მილიარდიდან 550 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, აქედან ბანკებმა 71 მილიარდი უკან დააბრუნეს და 2010 წლის ბოლომდე 175 მილიარდს დააბრუნებენ. გეიტნერმა აღიარა, რომ საფინანსო სისტემა ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი და მას სერიოზული პრობლემები აქვს, განსაკუთრებით საკრედიტო სფეროში. ასევე მან შენიშნა, რომ ამერიკული საერთაშორისო კორპორაციის AIG-ის და “ჯენერალ მოტორსის” პრობლემებს ამერიკის მთავრობა სრულიად ვერ აანაზღაურებს და დაფარავს.
წლის ბოლო სენსაცია გახდა ევროპის სახელმწიფოების მოთხოვნა, რომ საფინანსო ტრანზაქციებზე ერთიანი გადასახადი შემოეღოთ. მათ თხოვნით მიმართეს სავალუტო ფონდს, რათა ამ მიმართულებით წინადადებები შეემუშავებინა. ეს იქნება საფინანსო ტრანზაქციების რისკების დაზღვევა და მათი უზრუნველყოფა. ასეთი წინადადება ბრიუსელში გორდონ ბრაუნმა გააჟღერა, მაგრამ ჯერჯერობით ამერიკის ფინანსთა მინისტრი ამას ეწინააღმდეგება, იგი თამაშის წესების დადგენის მომხრეა, მაგრამ არა ამ კუთხით. გორდონ ბრაუნმა და ნიკოლა სარკოზიმ ასევე გააჟღერეს ფინანსური სფეროს და მათ შორის, ბანკირების ბონუსზე 50%-იანი გადასახადების შემოღების იდეა, ისინი ფიქრობენ, რომ ამით 17 მილიარდის მობილიზებას შეძლებენ. მსოფლიო შეშფოთებულია – წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები დეკემბერში უზარმაზარი ბონუსების გაცემას აპირებენ. ყველაზე საინტერესოა “მერილ ლინჩის”” ტოპ-მენეჯმენტისთვის ბონუსების გაცემის საკითხი. მათთვის 17 მილიარდის გაცემას აპირებენ, თუმცა ისინი ამ თანხას ქეშად არ მიიღებენ, ის აქციებზე ხუთწლიანი გაყიდვის ვადის უფლებით შეცვალეს. გორდონ ბრაუნის ამ წინადადებას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი. ისინი ცდილობენ, ბონუსების ერთიანი გადასახადი შემოიღონ და ტოპ-მენეჯმენტი 50%-ით დაბეგრონ.
პროგრამა TARP-ი (ამერიკული ეკონომიკის დახმარების პროგრამა) 2008 წელს დაიწყო. იგი მიზნად ისახავდა 700 მილიარდით ამერიკის ეკონომიკის (ბიზნესის) დახმარებას და როგორც აღვნიშნეთ, ბანკებმა ამ დახმარების თანხის ნაწილი უკან დააბრუნეს. საინტერესოა, რომ ამერიკის გადასახადების გადამხდელებმა ამ პროგრამიდან, რომელიც შეიძლებოდა გადასახადების გადამხდელების ზარალი ყოფილიყო, მოგება მიიღეს – ბანკების მიერ პროგრამისთვის გადახდილი პროცენტებით ამერიკის ბიუჯეტმა 15 მილიარდი შემოსავალი მიიღო.
2010 წელს აშშ-ს ეკონომიკის ზრდა, გაიტნერის აზრით, შენელებული იქნება, მაგრამ აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმაროს საფინანსო სფეროს მხარდასაჭერად და ამ მიმართულებით ხელისუფლებაTARP-ის პროგრამას გააგრძელებს, მით უფრო კრიზისის მეორე ტალღის საკითხს უკვე ხმამაღლა იხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში კრიზისის ნიშნები უკვე აშკარაა.
აშშ-ს უმსხვილესი ბანკი CT Copr, რომლის ნაციონალიზაციაც დახმარების პროგრამით მოხდა, აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომ 45 მილიარდი, რომელიც ბანკმა სახელმწიფოსგან დახმარების პროგრამით მიიღო, უკან დააბრუნოს. მართალია, ეს წინადადება აშშ-ს ადმინისტრაციას ჭკუაში არ დაუჯდა და მან ჯერ უარი თქვა CT Copr-ის აქციების 34%-ის გაყიდვაზე, მაგრამ ეს 2010 წელს აუცილებლად მოხდება. სააგენტო “როიტერის”” ინფორმაციით, თუ ბანკისთვის (ჩთ ჩორპ) საკმარისი არ აღმოჩნდება, იგი მზად არის, 15 მილიარდი დამატებითი ემისიითაც მოიზიდოს და TARP-ის პროგრამიდან გავიდეს. თუმცაCT Corp-ის ხელმძღვანელობა ამ საკითხში ერთსულოვანი არ არის, ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ დახმარების თანხის დაბრუნება და პროგრამიდან გასვლა არ არის მიზანშეწონილი, რადგან კრიზისის მეორე ტალღა გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის უმსხვილესმა ბანკებმა, ისეთებმა, როგორებიც არის Goldmanm Sachs, Morgan Stanly, Bank of America, დახმარების პროგრამის თანხები დააბრუნეს,CiTy Corp-ის ხელმძღვანელობის ნაწილი ფიქრობს, რომ ამ პროგრამიდან გამოსვლა ნაადრევია, რადგან ისინი კრიზისის მეორე ტალღას ელოდებიან.
1929 წლის დიდი დეპრესიიდან 80 წელი გავიდა, ნიუ იორკის საფონდო ბირჟის წამყვანმა ინდექსებმა რეალურად მხოლოდ 1937 წელს მიაღწიეს კრიზისამდელი დონის 50%-ს. შემდეგ ტრენდები ძალიან ხშირად იცვლებოდა და 1942 წელს ბირჟამ სტაბილურ ზრდაზე გადასვლა შეძლო, ხოლო კრიზისამდელი დონის მიღწევა ბირჟამ რეალურად მხოლოდ 25 წლის შემდეგ -1955 წელს მოახერხა. დღეს არსებული კრიზისიდან გამოსვლასაც შესაძლოა 25 არა, მაგრამ რამდენიმე წელი დასჭირდება.
2010 წლის ფინანსურ წელს მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს კოლოსალური ფინანსური ვალდებულებების დაგროვება. დერეგულირებისა და ეკონომიკური ბუმის 30-მა წელმა მოიტანა ის, რომ ვალი სწრაფი ტემპებით იზრდებოდა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში მთავრობის ვალს დამატებული კორპორატიული ვალები და კერძო პირების ვალები მთლიანობაში ექსპერტების მიერ 50 ტრილიონ დოლარად ფასდება, ეს თანხა მსოფლიოს მშპ-ს შესადარია. ნათელია, რომ ასეთი ვალის დაფარვა თითქმის შეუძლებელია და 2010 წლიდან ვალის მომსახურებაში უკვე პრობლემები შეიქმნება. არადა, ეს ვალი არის მსოფლიო საფინანსო ბაზრის მოძრაობის ძირითადი წყარო და ბანკებისთვის შემოსავალი – არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპის, აზიის და არაბული სამყაროსთვისაც. უფრო მეტიც, ეს ვალი არის მომავალში მსოფლიოს საპენსიო გადახდების გარანტია, რამეთუ ყველა საპენსიო ფონდს აქ თავისი თანხები აქვს ჩადებული. ასე რომ, ეს ვალი საფინანსო ბაზრის ხერხემალია, როგორც ფიუჩერსებზე, ასევე ოფციონებზე და ინვესტიციები ძირითადად ამ დავალიანების ბაზრის ირგვლივ ხორციელდება.
მსოფლიო ბაზარზე მოთამაშეებს სწორედ წარმოებული საფინანსო ინსტრუმენტების ასეთი ფართო გამოყენება რეალური აქტივების, ნედლეულის და სხვა მასალების ფიუჩერსულ ბაზრებზე თამაშით ნახევრადვირტუალური ფინანსური მოგების შანსს აძლევს. სწორედ ეკონომიკის ზრდის მუდმივმა მოთხოვნამ 2001-2003 წლებში ბიზნესის და ინვესტირების ახალი სფეროების გამოძებნა გამოიწვია. სწორედ ამ დროს გაჩნდა სუბ-პრაიმისა და სუბ-სტანდარტის იპოთეკური დაკრედიტების სისტემები, რაც ფინანსური ბუშტისთვის ბაზად იქცა. დღესდღეობით ფინანსური ბუშტის არსებობა გრძელდება, მეტიც, ფინანსისტები ახალ დასაფინანსებელ ობიექტს ეძებენ, რომელიც იპოთეკას უფრო მიმზიდველი და გამძლე ობიექტებით შეცვლიდა. ბუნებრივია, ისმის კითხვა – აქვთ თუ არა შანსი ამერიკას და მსოფლიოს, არ მოძებნონ სხვა დასაყრდენი დასაფინანსებლად? რასაკვირველია, არა აქვთ ამიტომ მუდმივი მოთხოვნა ეკონომიკის ზრდაზე მუდმივად მოითხოვს ახალი ფინანსური ბუშტების შექმნას.
საოცარი ის არის, რომ ადრე თუ გვიან ამასაც ისევე მოჰყვება ვარდნა და კრიზისი, როგორც 2007 წლის აგვისტოს. კრიზისს მარტივი მიზეზი ჰქონდა – ბუშტი ცარიელი იყო, დაგროვილი საწარმოო აქტივების მასა უნდა განადგურებულიყო, რამეთუ მის უკან არანაირი უზრუნველყოფა არ იდგა და თავიდან ბოლომდე ტოქსიკური იყო.
ასეა თუ ისე, ეკონომიკაზე კრიზისის ზეგავლენა შემცირდა, აშშ-მ ეკონომიკის გასაჯანსაღებლად საკმაოდ სერიოზული ინექცია მოახდინა და ამიტომ მოხდა ფინანსური ბაზრის კოლაფსისგან ხსნა. დოუ ჯონსი – ინდექსი, რომელიც 2009 წლის მარტში 6500 პუნქტს ქვემოთ იყო, ნოემბერში უკვე ისტორიულ ნიშნულს 10000 პუნქტს ასცდა, დეკემბრის პროგნოზიც ასეთივეა.
საფინანსო ბაზარზე დიდი გამოცოცხლება შეიმჩნევა. საინტერესოა, რის ხარჯზეა ეს გამოცოცხლება? ძირითადად, სახელმწიფო ინექციების ხარჯზე, მეტიც, წამყვანმა კომპანიებმა ბონუსების გაცემასაც არ აარიდეს თავი, მიუხედავად იმისა, რომ მათგან მსოფლიომ სერიოზული პრობლემა მიიღო და ვიდრე ამერიკისა და ევროპის მმართველი წრეები ეკონომიკის მართვის და თამაშის ახალ წესებს მოიგონებენ, კვლავ იბერება საპნის ბუშტი და კვლავ გამოიყენება ისეთი მეთოდები, რომლებმაც რეალურად კრიზისამდე მიგვიყვანა.
მსოფლიოში მთავარი საშიშროება, როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოთა უზარმაზარი ვალებია, მეორე კი – გლობალური უმუშევრობა. ამერიკის, ევროპისა და აზიის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების პროცენტს ნულის დონეზე ინარჩუნებენ. ეს ნიშნავს, რომ ფული თითქმის უფასოა და ბოლო გამოკვლევებით “მორგან სტერნის”” ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მსოფლიო სერიოზული ინფლაციური ზეწოლის საშიშროების წინაშე დგას. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ცენტრალური ბანკები არაფერს აკეთებენ ამ ინფლაციური ზეწოლის წინააღმდეგ. იქნებ ცენტრალურ ბანკებს აინტერესებთ კიდეც მსოფლიოში დიდი ინფლაციის არსებობა, რომელიც მათ მიერ დაგროვილ ვალებს დროთა განმავლობაში გააუფასურებს. ინფლაცია დღეს სოციალურად და პოლიტიკურად ძალიან მტკივნეულია – უფრო მეტადაც, ვიდრე დეფოლტი, მაგრამ სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ შესაძლოა, მთავრობებს ვალების გაუფასურება ურჩევნიათ.
რამდენად აძლევს ხელს საქართველოს ის, რომ ევროპის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების პროცენტს დაბლა სწევენ? რა თქმა უნდა, ხელს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ სტაბილური ქვეყანაა, ხოლო საქართველო – არასტაბილური, ასეთი დაბალი პროცენტის პიროებებში აშშ-ში დოლარით ინვესტირება ინვესტორებისთვის არამომგებიანია. ამ შემთხვევაში საქართველოს ლარში და საქართველოში ინვესტირების შანსი უჩნდება და როგორც კი აშშ სააღრიცხვო პროცენტს 2010 წლის ბოლოს ან 2011 წლისთვის ნელ-ნელა ასწევს, ინვესტორები აშშ-სკენ გადაიხრებიან და საქართველოს ინვესტიციის მოსაზიდად ნაკლები შანსი დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელი მძიმე წელი იქნება, საქართველოს რეალურად შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა. მსოფლიოს საინვესტიციო კაპიტალს იმის პრობლემა აქვს, თუ სად მოახდინოს ინვესტირება. საქონლის ფასების ზრდა იმან განაპირობა, რომ ინვესტორი, რომელსაც ფული უნდა ჩაედო აშშ-ში დოლარით, როგორც მყარ აქტივში, ცდილობს სასაქონლო ბაზარზე ჩადოს ფული, რამაც ფასების ზრდა და დოლარის გაუფასურება გამოიწვია.
ნავთობის ბაზარზე საინტერესო ძვრებია
მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოების მონაცემებით, 2009 წელი ნავთობის ახალი საბადოების ათვისების კუთხით წარმატებული წელი იყო, ბევრი საბადო ექპლუატაციაში შევიდა და ამ მხრივ ნავთობის ფასი უნდა დაცემულიყო. ოპეკის კარტელის პრეზიდენტ აბდალა ელ-ბადრის განცხადებით, რომელიც მან ლონდონში Oil&Money-ის კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა, ოპეკის ქვეყნებმა მოპოვება გაზარდეს, თუმცა ამის საჭიროება არ იყო, რადგან ნავთობის მოხმარება 2009 წელს 1,2%-ით შემცირდა, რაც ისტორიული ნიშნულია. ეს სერიოზული მაჩვენებელია, რასაც ცალკე ანალიზი სჭირდება, რათა 2010 წლის პროგნოზი გავაკეთოთ.
კრიზისის პირობებში ნავთობზე მოთხოვნა მცირდება. ეს მაჩვენებელი 2009 წელს საგრძნობი იყო. ეკონომიკის ვარდნის პარალელურად ვარდებოდა ნავთობზე მოთხოვნა. ოპეკის მონაცემებით, 2009 წლის I ნაწილში იგი მოპოვების კვოტებს ამცირებდა. კარტელის წევრი ქვეყნების მოპოვების სიმძლავრე დღეში 6-7 მილიონი ბარელია. ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების რეზერვები იზრდება და თუ ის 2008 წელს 52 დღის მოხმარების ტოლფასი იყო, 2009 წელს 60,7 დღის ტოლფასი გახდა. ლონდონის გლობალური ენერგეტიკული გამოკვლევების ცენტრის (CGES) ექსპერტ მუჰამედ-ალი ზაინის განცხადებით, რეზერვებთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ნავთობზე ფასების ზრდა მოთხოვნა-მიწოდების დინამიკაზე არ არის დამოკიდებული და ვიდრე დოლარის კურსი არ გამყარდება, რაც 2010 წელს ნამდვილად არ არის მოსალოდნელი, ასეთი სიტუაცია გაგრძელდება.
2009 წელი ნავთობის ბიზნესში თავისებურებებით და უცნაურობებით იყო გამორჩეული. პირველი ეს იყო 125 მილიონი ბარელის მოცულობის მცურავი რეზერვის გაჩენა, რითიც უკმაყოფილო იყო ოპეკი, რადგან მსოფლიო ნავთობის ბაზარზე კარტელის გავლენა მცირდებოდა და სწორედ ეს 125 მილიონი ბარელის მცურავი რეზერვი წარმოადგენდა სპეკულაციის დასაყრდენს და ნავთობით ვაჭრობაში სამოძრაო მოცულობას. მეორე, ოპეკისა და სხვა მხარეების თხოვნითაც საფინანსო ბაზრის რეგულაციებზე გაჩნდა მოთხოვნა, რომ ამ სპეკულაციაზე გარკვეული შეზღუდვები შემოეღოთ ფიუჩერსულ ბაზარზე და ბირჟის ისტორიაში პირველად ჩიკაგოს ფიუჩერსულმა ბაზარმა, ყველაზე ცნობილმა ოფციონების ბაზარმა, მოკლე და გრძელ პოზიციებზე ნავთობპროდუქტებზე სპეკულაციის შემთხვევაში შეზღუდვა შემოიღო. ამით თავისუფალი სპეკულაცია და ბირჟაზე ვაჭრობა შეზღუდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა, სპეკულაციურ მოთხოვნაზე ზეგავლენა იქონიოს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ ნავთობის ფასის დაჭერა მაინც მოხდა.
დეკემბერში ოპეკის 2009 წლის ბოლო შეხვედრა შედგება, სადაც, სავარაუდოდ, კვოტების საკითხი იქნება განხილული. ოპეკს ძალიანაც მოსწონს დღევანდელი ნავთობის ფასი, რადგან მას ნამდვილად არ სურს, თვითონ გახდეს კრიზისის ახალი ტალღის მაპროვოცირებელი. მცირდება მოთხოვნა, რამაც შეიძლება საბიუჯეტო შემოსავლების კლების ნაწილში ბევრი ექსპორტიორი ქვეყანა ჩაითრიოს. ლონდონში აღნიშნულ კონფერენციაზე კარტელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი ნავთობზე ფასები გაიზრდება, ოპეკი მზად არის, კვოტების გაზრდაც განიხილოს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოპეკის წევრი ქვეყნები მონდომებულები არიან, რომ ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე არ გაიზარდოს. ელ-ბადრის განცხადებით, ოპეკის ქვეყნებს ნავთობის ფასებზე კომფორტული დერეფანი აქვთ ბარელზე 70 დოლარი და მათ ხელს აძლევთ მსოფლიო ეკონომიკის ამ პირობებში გაჯანსაღება. მისივე განცხადებით, შეიძლება საუბარი იყოს კვოტის 1,2 მლნ ბარელით გაზრდაზე და თუ 2010 წელსაც ნავთობის ფასი ბარელზე 70 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება ან მეტი იქნება, ეს 35 დაკონსერვებულ პროექტს რეალიზაციის საშუალებას მისცემს, რაც რეალურად არის ბაზრისთვის რამდენიმე მილიარდი ბარელი ნავთობის ახალი რეზერვების მიმატება.
თეორია, რომ ნავთობის მარაგები იწურება, ბოლო პერიოდში აღმოჩენილმა ნავთობის საბადოებმა გააქარწყლა, ცხადია ისიც, რომ იაფი ნავთობი აღარ იქნება, რადგან ნავთობის მოპოვება დღითიდღე ძვირდება. ექსპერტების აზრით, 2000 წლის შემდეგ, როცა ნავთობის მოხმარება უეცრად საგრძნობლად გაიზარდა, გაჩნდა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ლითონებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის მოსაპოვებლად საჭირო მოწყობილობებისთვის, ტექნიკისთვის და ტრანსპორტირების მიზნით მილსადენების მშენებლობისთვის ლითონზე მოთხოვნა გაიზარდა. ამასთან, ბოლო დროს აღმოჩენილ ახალ ნავთობსაბადოებზე მოპოვება გართულდა და გაძვირდა. ამის გამო ექსპერტებს შორის ფრთიანი ფრაზაც კი გაჩნდა: ადვილად ხელმისაწვდომი ნავთობი XX საუკუნეში მოიპოვებოდა, ახლა ბევრი ნავთობსაბადოა, მაგრამ ადვილი ნავთობი აღარ მოიპოვება. სიმართლე არ არის ის, რომ გლობალურ პერსპექტივაში ნავთობი ამოიწურება, მაგრამ ფაქტია ის, რომ ნავთობის ფასები მატებისკენ წავა, რადგან მისი მოპოვებისთვის საჭირო დანახარჯები უკვე ძალიან მაღალია.
იმ დროს, როცა ნავთობმა ფასებში ახალი რეკორდების დამყარება დაიწყო, ბრიტანულმა კომპანიამ BP-მ და ამერიკულმა Exxon Mobil-მა წამოიწყეს კონკურენცია განის სანაპიროზე ჯუბილში ნავთობის ახალი საბადოს ათვისებაზე, რომლის მარაგი მილიარდი ბარელია. Eხხონ Mობილ-ს 4 მილიარდი დოლარად სურდა პროექტში 23%-იანი წილის მიღება. ამ პროექტს ბრიტანული Tullow Oil და ამერიკული Anadarko ამუშავებენ. ამის შემდეგ BP-მ ინვესტბანკი Goldman Sachs დაიქირავა, რათა თავისი ოფერი გაეკეთებინა. უახლოეს მომავალში სავარაუდოა, რომ ეს საბადოც ჩართული იქნება ნავთობის მიწოდების სფეროში. დიდი კონკურენციაა ასევე მოსალოდნელი სხვა საბადოს გარშემოც, რომელიც Anadarko-მ სიერა-ლეონას სანაპიროებზე აღმოაჩინა, სადაც, წინასწარი გათვლებით, ასევე მილიარდი ბარელი ნავთობი იქნება. გეოლოგების შეაფასებით, გამორიცხული არ არის, რომ საუბარი იყოს დასავლეთ აფრიკის სანაპიროებზე ახალი ნავთობმომპოვებელი პროვინციის აღმოცენებაზე, რომელიც ათასობით კილომეტრზე იქნება გადაჭიმული და პოტენციური მარაგები შესაძლოა 5-6 მილიარდ ბარელზე მეტი იყოს.
2009 წლის აგვისტოს ბოლოს ირანმა სპარსეთის ყურეში თავის სექტორში შელფური საბადოს გახსნის შესახებ განაცხადა, რომლის მარაგები 8,8 მილიარდი ბარელია, ხოლო ამ ბოლო დროს ბრიტანულმა BP-მ აშშ-ს სანაპიროებზე, მექსიკის ყურეში, ტაიბერში ახალი საბადოს გახსნის შესახებ გააკეთა განცხადება, ამ საბადოს რეზერვი 5,5 მილიარდი ბარელია. ამ ახალი აღმოჩენის შემდეგ მალევე ისევ ბრიტანულმა კომპანიამ BG-მ მსოფლიოს ბრაზილიის სანაპიროებზე ახალი საბადოს აღმოჩენა ამცნო. მისი სიღრმე 1 კილომეტრია, ხოლო რეზერვი, დაახლოებით, მილიონი ბარელი, ეს ადგილი პრაქტიკულად სანტუშის აუზის ნაწილია, სადაც უკვე აღმოჩენილ იქნა ტუპის (5-8 მილიარდი ბარელი, 2006 წელს) და იუპიტერის (5-6 მილიარდი ბარელი, 2008 წელს) საბადოები. ამ საბადოების დამუშავება 2010-2011 წელს დაიწყება. ასე რომ, ბრაზილია ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორად გადაიქცევა. ყოველივე ეს კი იმის დასტურია, რომ ნავთობის ფასები მომდევნო წლებში მკვეთრად არ გაიზრდება, მაგრამ მისი ღირებულება 70 დოლარზე ნაკლებიც არ იქნება. ინსტიტუტის EIU-ს ექსპერტული გათვლებით, 2010-2011 წლებში ნავთობის ფასების მერყეობა იქნება 70-80 დოლარის ფარგლებში, ხოლო 2012-2015 წლებში 80-90 დოლარამდე გაიზრდება და მხოლოდ ეს ფასები უზრუნველყოფს მოპოვების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მზარდი მსოფლიო ეკონომიკის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
2009 წელს ამერიკაში უმუშევრობამ პირველად გადააჭარბა 10%-ს და მშენებლობის სექტორში სერიოზიული რეცესია გრძელდებოდა. ამერიკული შინამეურნეობებისთვის ქცევის ნორმები შეიცვალა გრძელვადიანი აქტივების ბაზარზე, რომელიც დაკავშირებული იყო დაგროვების ზრდასთან და “საკრედიტო მხართან”” (დე-ლევერაგინგ). დეფოლტური იპოთეკების წილმა 9,12%-ს მიაღწია და, სავარაუდოდ, 15%-მდე გაიზრდება. აშშ-ში 2007 წლამდე სიმდიდრის და სიუხვის ეფექტს შიდა ერთობლივი მოხმარების 3%-იანი წლიური ზრდა განაპირობებდა, რაც გამოწვეული იყო უძრავი ქონების გაძვირებით, მაგრამ შემდგომში ეს ეფექტი სწორედ ბინებსა და საცხოვრებელ ფართებზე ფასების შემცირებამ საწინააღმდეგოდ შეცვალა. ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, 2009 წლის ივლისში სამომხმარებლო კრედიტები 10%-ით შემცირდა, ხოლო წლიური გამოთვლებით – 2,5 ტრილიონი დოლარით. ბოლო რამდენიმე თვეა, ეს ტენდენცია გრძელდება, რაც 1991 წლის კრიზისის დროინდელზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.
მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირი გათვლებით ნებისმიერი წამყვანი ქვეყნები, მათ შორის აზიურიც (ჩინეთი), ცდილობენ მოთხოვნისა და დაგროვების მხარდაჭერას შიდა ბაზარზე. 2010 წელს აშშ-ში წარმოება სახელმწიფოს მიერ იქნება მხარდაჭერილი. ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობამაც და აუცილებლად უნდა გაატაროს ღონისძიების იმ ნაწილში, რომელიც ეკონომიკის გაჯანსაღებას სჭირდება.
აშშ-ში 2009 საფინანსო წელს სახელმწიფო ხარჯების ზრდის გამო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა მშპ-ს 13,6% გახდება, ხოლო 2010 საფინანსო წელს – 8-9%. 2010 წელს სუსტი დოლარის ფონზე ექსპორტის სუსტ ზრდასა და იმპორტის შემცირებას უნდა ველოდოთ. სუსტი დოლარი საქართველოში მოქმედმა ბიზნეს-წრეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა ტრანზაქცია დოლარში განახორციელონ, რადგან ის მეტად მომგებიანი იქნება.
შიდა მოხმარება, როგორც აღვნიშნეთ, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, რის შედეგადაც მშპ-ს ზრდა ძალიან სუსტი იქნება, თუკი საერთოდ იქნება. მკვეთრი ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში ამერიკის ეკონომიკა 2011 წლამდე 2007 წლის დონეს ვერ მიაღწევს, ხოლო უმუშევრობა უახლოესი ორი წლის მანძილზე შენარჩუნებული იქნება 10-11%-ის დიაპაზონში (ოფიციალური გამოთვლებით), ხოლო არაოფიციალური გამოთვლებით 14-16%-იან უმუშევრობის დონეს ელოდებიან.
სავალო დეფოლტი ეკონომიკაში ახალი თემაა, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო ეკონომიკა. საკითხი, თუ როგორ შეძლებს ასეთი ვალის პირობებში ეკონომიკა ფუნქციონირებას, მომავალ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ან, იქნებ პირიქით – საფინანსო ბაზრის მაპროვოცირებელი გახდეს. ეს უკანასკნელი ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში იმ ეკონომიკურ თეორიებთან, რომლებიც დღემდე არსებობს და ვალის მომსახურება ხომ არ იქცა ბიზნესის განვითარების ბარიერად.
იაპონიაში 90-იანი წლებიდან რეცესია გრძელდება და ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს 0,1%-ზე ინარჩუნებს იმ პირობებში, როცა დეფლაციური ტენდენციები იაპონიის ეკონომიკას ემუქრება. 2008 წელს იაპონიის მშპ-ს ვარდნა 13,5%-ს შეადგენდა და ჯერჯერობით ეს არის 1955 წლის შემდგომ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი. კაპიტალური დანახარჯები 8,9%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი – 26%-ით. ეს ციფრები შესაძლოა იმაზეც მეტყველებდეს, რომ იაპონიის ეკონომიკამ ფსკერსაც მიაღწია. ყველაზე მყარად ჩინეთის ეკონომიკა გამოიყურება, რომელმაც 586 მილიარდი დოლარი ჩადო ეკონომიკის გადარჩენისთვის. ჩინეთმა ინვესტირება გააკეთა გზების, საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების მშენებლობაში. თუმცა ჩინეთის 6%-იანი ზრდის მიუხედავად, ექსპორტის შემცირების გამო მთელი რიგი საწარმოების გაჩერების საშიშროება რჩება.
ევროპაში სიტუაცია ისევ დეპრესიულია. დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების ბაზარი მცირედით დასტაბილურდა, თუმცა ეს ფასების დრამატული დაცემის შემდეგ მოხდა. დიდ ბრიტანეთში მშპ 5%-ით შემცირდა. მომხმარებლები თავიანთ ვალებს აქტიურად ფარავენ (საერთო ჯამი 1,5 ტრილიონი ფუნტი სტერლინგია, ანუ მშპ-ს 110%), უმუშევრობამ 14-წლიან მაქსიმუმს – 8%-ს მიაღწია და ზრდა ისევ გრძელდება. არასასურსათო საქონლის გაყიდვები შემცირდა 0,6%-ით, რაც კომპენსირებული იქნა სასურსათო პროდუქციის გაყიდვების 0,7%-იანი ზრდით.
გერმანიაში ბიზნეს-ლიმატის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს უფრო მოლოდინით არის განპირობებული, ვიდრე საქმის რეალური ვითარებით. 2009 წლისთვის გერმანიაში ელიან მშპ-ს, როგორც მინიმუმ, 5%-იან ვარდნას, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ევროზონაში. საფრანგეთში მშპ-ს 2-2,2%-იანი ვარდნა შეიმჩნევა. ყველაზე დიდი საფრთხე, რის წინაშეც ეს ქვეყანა დგას, ეს არის მისი მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის პრობლემები, რომელიც უმუშევრობასთან პირდაპირ კავშირშია.
ესპანეთში ზაფხულში უმუშევრობა 17% იყო, ეს მაჩვენებელი იზრდება და წლის ბოლომდე 20%-მდე მივა. გარდა ამისა, დიდი პრობლემაა ვალების ზრდა, რის გამოც S&P მისი ინდექსის დაწევას აპირებს.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც საბერძნეთი აღმოჩნდა. ამ ქვეყანაში შემოსავლების ლომის წილი ნაოსნობაზე, ფრახტებსა და ტურიზმზე მოდიოდა, რომელიც დოლარებში გამოიხატებოდა, ხოლო ხარჯებს, ძირითადად, ევროში იხდიდნენ. სწორედ ეს ფაქტორი აისახება მკვეთრად უარყოფითად საბერძნეთის ეკონომიკაზე, რადგან დოლარი ევროს მიმართ მკვეთრად დასუსტდა. საბერძნეთის ახალი ხელისუფლების პოლიტიკაზე ბევრად იქნება დამოკიდებული მომავალში ამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის შენარჩუნება და საერთოდ ევროზონაში ყოფნა.
შემდეგი ქვეყანა, რომელსაც ასევე მოუწევს ევროზონაში ყოფნის ტესტის გავლა, იტალიაა. მისი სახელმწიფო ვალი ქვეყნის მშპ-ს 100%-ს აჭარბებს და კვლავ იზრდება.
ანალიზი ცხადყოფს, რომ განვითარებულ ქვეყნებში გამოცოცხლების ტენდენცია საკმაოდ მყიფეა. საფონდო ბირჟებზე მიმდინარე რალი უფრო სპეკულაციას ეფუძნება, ვიდრე ფუნტამენტალურ ფაქტორებს. ეს გარემოება განვითარებად ბაზრებზეც აისახება. ასეთ სიტუაციაში ყველაზე კარგი არჩევანი ჩინეთმა გააკეთა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა შიდა ბაზრის სტუმულირების ზრდის მხარდაჭერაზე. მშპ-ს ზრდის დადებითი მაჩვენებლის მიუხედავად, აზია მსოფლიო ეკონომიკის ჩიხიდან გამოყვანის ლოკომოტივი ვერ გახდა. ეს ფუნქცია ამ ეტაპზე ისევ აშშ-ს ეკუთვნის. სწორედ იმიტომ, რომ აშშ-ში მაკროეკონომიკური სტაბილურობა მყიფე და მერყევია, დარწმუნებით ვერავინ ამბობს 2010 არის ბოტტონ ოუტ თუ არა და როდის დაიწყება კრიზისის მეორე ტალღა – I თუ II კვარტალში. ყოველ შემთხვევაში, ეს მომავალ წელს აუცილებლად მოხდება!
აქედან გამომდინარე, საქართველოს ელოდება ინვესტიციური დეფიციტი, საბიუჯეტო და სავაჭრო ბალანსის დეფიციტთან ერთად. ფასების ზრდა ნედლეულზე ქართულ ბიზნესს პრობლემას უქმნის, განსაკუთრებული პრობლემა ევროს სიმყარეა და სურსათზე ფასების ზრდა. ეს დახმარებების დიდი ტალღის გაწევის წელია და ამდენად, უფრო მძიმეა, ვიდრე წინა წელიწადი. თუმცა, შუმპეტერის სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ, ეს “შემოქმედი ნგრევაა” და ეს არის მთავარი იმედი!
ჯოზეფ შუმპეტერის თეორია აქტუალურია 2010 წელს. არსებობს ერთი ნიუანსი: ეკონომიკის ზრდას თავისუფალი კერძო მეწარმეების კრეატიული გონება უზრუნველყოფს. უნდა დავუჯეროთ შუმპეტერს და…