თავისუფლების ხარკი
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
ფინეთი ერთ-ერთია იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომლისთვისაც თავისუფლების დღე რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაზე აღმოცენდა. 6 დეკემბერს ფინელები თავისუფლებას ზეიმობენ.
რუსეთს, უახლესი საუკუნეების ამ უდიდეს დამპყრობელს თავისი გავლენა მეტ-ნაკლებად მაინც შენარჩუნებული აქვს და მის ინტერესებს არა მარტო ფინეთი, ყველა ევროპული სახელმწიფო უწევს ანგარიშს. მეზობლობა დღეს ისევ გრძელდება, ეკონომიკური თანამშრომლობის მიზანშეწონილობამ და პოლიტიკამ მძიმე ისტორია მეხსიერების ფსკერზე დალექა. დღეს ეკონომიკური თანამშრომლობა, მართალია, კომუნისტების დროინდელ მასშტაბებს ვერ აღწევს, მაგრამ მაინც ვითარდება, თუმცა რუსეთ-ფინეთის ურთიერთობების კომენტირებისას თანამედროვე ფინელი პროფესორი ხეიკი რეენპაია ამბობს, რომ პოლიტიკურ დონეზე ფინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ მეგობრულად და კეთილგანწყობილად გამოიყურება, მაგრამ პოლიტიკურ ლიტურგიასა და ნამდვილ ურთიერთობებს შორის ღრმა უფსკრულია.
ფინეთს მთელს სკანდინავიაზე ყველაზე დიდი ჯარი ჰყავს, რომელიც მთლიანად რუსეთის საზღვართან არის განლაგებული და მუდმივ მზადყოფნაშია. ყველა ფინელი ასაკის მიუხედავად 2 კვირით ჯარში მიდის და სიმბოლურად რუსეთისგან იცავს საზღვარს. შვედეთისგან დახსნის საფასურად რუსეთმა ფინეთს კარელია გადაახდევინა.
დიდი იმპერიები ადამიანებისა და ერების ბედს განკარგავდნენ და მისი ლიდერები თავიანთი გადაწყვეტილებებით ისტორიის მსვლელობას ცვლიდნენ. ბევრი ერის ისტორიაში არსებობს საბედისწერო მომენტები, რაზეც შემდეგ ხშირად საუბრობენ: რომ არა ეს, სხვაგვარად იქნებოდა. “მაპის”” მიღებაზე რომ არა საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგობა, საქართველოში შეიძლება არც არსებულიყო 2008 წლის ავადსახსენებელი აგვისტო, რომ არა ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანებაზე საფრანგეთისა და ინგლისის გააფთრებული წინააღმდეგობა, დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე იქნებოდა. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ასეთი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ისტორიას თუ გადავხედავთ, არც ჩვენზე დიდი ქვეყნები ყოფილან კარგ დღეში. როცა მეზობლად რუსეთი გყავს, რომელიც ყოველივეს ანაცვალებს თავისი ველიკოდერჟავული იდეების ფრთაშესხმას, რთულია ყოფა. ევროპას უჭირს ევრაზიის კონტინენტზე უდიდესი სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფა და მიუხედავად იმისა, რომ შორეული წარსულიდან დღემდე რუსეთის იმპერიული ზრახვებისა და მზაკვრობის ამბავი ყველა ევროპულ სახელმწიფოს მოეხსენება, ყველა მათგანი ცდილობს, ჩრდილოელ დათვს პირისპირ არ შეებას და მასთან თამაშში მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელიც მიიღოს.
რომ არა 1807 წლის ზაფხულში ნაპოლეონსა და ალექსანდრე I-ს შორის მსოფლიოს გაყოფის შესახებ ტილზიტში მომხდარი გარიგება, ფინეთის ისტორიაც სხვაგვარად განვითარდებოდა. ეკონომიკურად წელში გამართული ეს ჩრდილოევროპული ქვეყანა დღესაც ვერ ბედავს საბჭოთა კავშირთან ომის დროს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ოფიციალურად საუბარს და ნატო-ში გაწევრიანებაზეც დროდადრო მხოლოდ კულუარებში იღებენ ხმას. უფრო მეტიც, რუსეთთან ჭიდილის გამოცდილების მქონე ფინეთმა რამდენიმე ეკონომიკური ხასიათის დათმობის საფასურად რუსეთს “ჩრდილოეთ ნაკადის” მშენებლობის ნებართვა მისცა და ჩრდილოეთის მიმართულებით რუსეთი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დააწინაურა (სხვა ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნების “ხელშეწყობით”).
ისტორიის გაკვეთილები
1807 წლის ზაფხულში ტილზიტში ალექსანდრე I-მა და ნაპოლეონმა მსოფლიო რუკაზე თავიანთი გავლენის სფეროები სათავისოდ მოიხაზეს. ამ დროს რუსეთი საფრანგეთის გავლენის ქვეშ იყო და საკმაოდ დამამცირებელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ნაპოლეონი ჭკვიანი კაცი იყო და არ სურდა, რუსეთი მუხლებზე დაჩოქილი ეხილა, პირიქით, თავისი მკაცრი პირობები სიმპათიურად შეფუთა “განსაკუთრებულ მეგობრობად”, რომელიც გარედან თითქოს გულწრფელიც ჩანდა. ამ შეხვედრაზე ორმა იმპერატორმა ისე გაიყო მსოფლიო, როგორც XV საუკუნის ბოლოს პორტუგალიამ და ესპანეთმა. საბოლოოდ ნაპოლეონს “წილად ხვდა” – დასავლეთი, ხოლო ალექსანდრეს – აღმოსავლეთი. ისეთ “მცირე” დაბრკოლების დაძლევას, როგორიც იყო ინგლისი, ბლოკადის საშუალებით ვარაუდობდნენ.
ტილზიტში შემდგარი გარიგებით რუსეთმა ევროპის უმთავრესი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი რამ მიიღო – გარანტია, რომ საფრანგეთი რუსეთის იმპერიის გაფართოებას ხელს არ შეუშლიდა არც სამხრეთისა და არც ჩრდილოეთის მიმართულებით.
ალექსანდრე I-მა და მისმა მინისტრებმა გადაწყვიტეს, გამოდგომოდნენ ახალ მოკავშირეს, თან შვედეთის ხარჯზე ტერიტორიული შენაძენი გაეკეთებინათ. 1808 წლის 9 (21) თებერვალს რუსეთის არმია, გრაფ ბუკსგევდენის მეთაურობით, ომის გამოუცხადებლად ფინეთის საზღვრებში შეიჭრა და ცხრა დღეში დაიკავა გელსინგფორსი (ჰელსინკი). ფორმალურად რუსეთმა ომი მხოლოდ 16 მარტს გამოაცხდა, მას შემდეგ, რაც შვედეთის აღფშოთებულმა მეფემ სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს პერსონალი დააპატიმრებინა. საბრძოლო მოქმედებები 1809 წლის სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
ომის დასრულებამდე 1809 წლის 16 მარტს ალექსანდრე I-მა ქალაქ ბორგოში ფინეთის სეიმი შეკრიბა და დეპუტატების წინაშე ფრანგულ ენაზე სიტყვით გამოვიდა: “მე აღგითქვით, რომ თქვენს ძირძველ კანონებს არ შევეხებოდი და თქვენი აქ შეკრებაც ადასტურებს ამას”. მეორე დღესვე სეიმმა ალექსანდრე I-ის წინაშე ფიცი დადო და რუსეთის იმპერატორმა თავის მრავალრიცხოვან ტიტულებს კიდევ ერთი – ფინეთის დიდი თავადის ტიტული მიუმატა.
მიიჩნევა, რომ ფინეთი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი პროვინცია იყო და თუ ადამიანები დედაქალაქში არ ცხოვრობდნენ, დიდად ვერც გრძნობდნენ, რომ რუსეთის ქვეშევრდომები იყვნენ. თუმცა, ფინეთში არ აღმოცენებულა არც ერთი მნიშვნელოვანი რუსული დასახლება და არც ფინელები გადაბარგებულან თავიანთი ისტორიული სამშობლოს საზღვრებს გარეთ.
საუკუნისა და კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე რუსეთ-ფინეთის ურთიერთობა ორმა ეპიზოდმა დაძაბა: პირველი – 1848 წელს გამოსული კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ფინურ ენაზე წიგნების გამოშვება (რელიგიური და სასოფლო-სამეურნეო ხასიათის წიგნების გამოკლებით) და მეორე – გენერალ-გუბერნატორ ნიკოლაი ბობრიკოვის ექვსწლიანი მმართველობა, რომელიც რუსიფიკატორული მართვით ხასიათდებოდა და ფინელების აღშფოთება გამოწივია: დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ფინელმა ხელი მოაწერა საპროტესტო პეტიციას, მაგრამ ის რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ არ მიიღო. მაშინ ფინელებმა “კოპენჰაგენის არხი”” გამოიყენეს. რუსეთის იმპერატორის დედა მარია ფიოდოროვნა დანიის მეფის ქალიშვილი იყო და თავის სამშობლოს ყოველწლიურად სტუმრობდა, სადაც ფინელებს სკანდინავიური სოლიდარობის გამო თავიანთი კავშირები ჰქონდათ. იმპერატორის დედის ყურამდე ფინელების ჩაგვრის ამბავმა სწორედ ამ გზით მიაღწია. დედის შუამავლობამ დიდად არ გაჭრა, რომელიც თავის შვილს ყოველთვის აფრთხილებდა, რომ ფინეთში ბობრიკოვის მოღვაწეობა რევოლუციას აახლოვებდა. დედა დედოფალი, საბოლოო ჯამში, მართალი აღმოჩნდა. 1904 წლის 3 ივნისს გენერალ-გუბერნატორი ბობრიკოვი ფინეთის სენატის შენობაში სენატორ ევგენი შაუმანის შვილმა სიცოცხლეს გამოასალმა, რომელმაც იქვე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ფინელები, რომლებიც ადრე დიდად არ გამოირჩეოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობით, 1905 წლის რევოლუციაში ენერგიულად ჩაებნენ. ნიკოლოზ II ფინეთთან ურთიერთობაში ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდა: ხან ყველა იმ ბრძანებას აუქმებდა, რომელიც ფინეთის ავტონომიას ზღუდავდა, ხან საომარ მდგომარეობას აცხადებდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხერხდა. 1915 წელს ფინეთის სეიმმა პირველ მსოფლიო ომში ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, ხოლო 1917 წელს – თავისუფლება.
დაპყრობის ერთი და იგივე ფორმულა გუშინ, დღეს და ალბათ ხვალაც
შორეულ უსიამოვნო წარსულს არცთუ ბევრად ნათელი უახლესი წარსული ემატება: 1939 წლის 30 ნოემბერი – თარიღი, რომლის გახსენებაც დიდად არ უყვარდათ საბჭოეთში. სწორედ ამ დროს დაიწყო საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომი. ის “ზამთრის ომად”” მოინათლა და ისტორიაში შევიდა, როგორც “მაინერგეიმის ხაზი”” “მოლოტოვის”” კოქტეილითა და ვოროშილოვის 100 გრამი არყით, რომლითაც საბჭოთა არმიელებს ყინვაში ფრონტის ხაზზე ამხნევებდნენ.
საბჭოეთისა და გერმანიის 1939 წლის 23 აგვისტოდან თავდაუსხმელობის პაქტის საიდუმლო დამატების თანახმად, ფინეთი სსრკ-ს გავლენის სფეროს განეკუთვნა, მაგრამ სამხედრო დახმარებისა და ფინეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ ამ სახელმწიფოსთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში. მეზობელი ქვეყნების დაპყრობის დღეს უკვე მოძველებული რუსული მეთოდები მაშინ შედარებით ნოვატორული იყო: 1939 წლის 26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლებმა სასაზღვრო დასახლება მაინილთან საბჭოთა კავშირის პოზიციები დაცხრილეს და ამაში ფინელები დაადანაშაულეს, ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ფინეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და 30 ნოემბერს ფინეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ჩარევა განახორციელა.
სსრკ-ს ტერიტორიაზე შეიქმნა ფინეთის კომუნისტური მმართველობა, რომელსაც ოტტო კუუსინენი ხელმძღვანელობდა. 2 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ მარიონეტულ მთავრობასთან ხელი მოაწერა “საბჭოეთისა და ფინეთის ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას””, რომლის საფუძველზეც დაიწყო “განმათავისუფლებელი”” ომი ფინელების წინააღმდეგ.
ომში ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მიხედვით რუსეთის აშკარა უპირატესობის მიუხედავად, წითელმა არმიამ ვერ შეძლო ფინელების წინააღმდეგობის დაძლევა და 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე, დიდ ბელადს საჩუქრად ვერ მიართვა ფინეთზე გამარჯვება, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ფინეთის არმიამ, ფელდმარშალ კარლ გუსტავ მაინერგეიმის ხელმძღვანელობით, საბჭოელებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია და ბლიცკრიგის იმედით გალაშქრებული წითელარმიელები ძალიან მალე თოვლსა და ყინვაში შესაფერისი ეკიპრების გარეშე დარჩნენ. ომის გაჭიანურება არც ერთ მხარეს არ აძლევდა ხელს და იანვარშივე ომის დასასრულებლად კონსულტაციები დაიწყო, რომელთა მიმდინარეობისას სსრკ იძულებული გახდა, ჰელსინკის მთავრობა ეცნო. საბჭოთა პრესა აღარ ახსენებდა კუუსინენის კომუნისტურ მმართველობას და, საბოლოო ჯამში, 1940 წლის 13 მარტს 12:00 საათზე საომარი მოქმედებები შეწყდა.
თუმცა, მოსკოვში ხელმოწერილი მშვიდობის დოკუმეტი ფინელებისთვის ძალიან მძიმე იყო: საბჭოთა კავშირს გადაეცა კარელიის ყელი ვიბორგით, კუნძულები ფინეთის ყურეში, ლადოგის ტბის დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროები ქალაქებით კეკსგოლმი, სორტავალა, სუოიარვი და ასევე ქალაქი კუოლაიარვი. ჰანკოს ნახევარკუნძული 30-წლიანი არენდით საბჭოთა კავშირმა დაიკავა სამხედრო-საზღვაო ბაზის შესაქმნელად. თუმცა, მიუხედავად სერიოზული დანაკარგებისა, ფინელებმა მთავარი მაინც შეინარჩუნეს – დამოუკიდებლობა, ხოლო საბჭოთა კავშირმა ამ ომით დიდი დანაკარგი განიცადა – როგორც აგრესორი 1940 წელს გარიცხეს ერთა ლიგიდან და სხვა საერთაშორსო ორგანიზაციებიდან.
პარტნიორობის კურსი “სუფთა ფურცლიდან””
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი და მსხვილი პარტნიორი ტრადიციულად ფინეთი იყო. საბჭოთა კავშირის დროს ეკონომიკური ურთიერთობა უფრო მჭიდრო იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებთან. 1970-80-იან წლებში სავაჭრო პარტნიორებს შორის ფინეთს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემდეგ მეორე ადგილი მყარად ეკავა.
თავის მხრივ ფინეთისთვისაც სსრკ მყარი პარტნიორი იყო და ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. ვაჭრობა კლირინგით მიმდინარეობდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ პირობებში, რაც სსრკ-ს ფინეთში ექსპორტის ნახევარს ნავთობი და გაზი წარმოადგენდა. კლირინგზე უარის თქმისა და სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთთან ვაჭრობა გაუარესდა, მკვეთრი დაღმასვლა დაიწყო და ამ ქვეყნის წილი ფინურ სავაჭრო ბრუნვაში 2%-მდე დაეცა. მართალია, ბოლო წლებში სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, მაგრამ სტატისტიკური მონაცემები მაინც სავალალო ტენდენციაზე მეტყველეს: 2009 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მიერ ფინეთში განხორციელებული ექსპორტი 30%-ით შემცირდა. რუსეთიდან მთლიანი ექსპორტი ფინეთში 01.01.2009-დან 31.07.2009-მდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით შემცირდა. იგივე უნდა ითქვას რუსეთში ფინეთის ექსპორტზეც, მსოფლიო კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა ფინეთიდან ელექტრომოწყობილობების ექსპორტსაც, მათ შორის მობილურ ტელეფონებსაც. ფინეთის გავლით რუსეთში ავტომობილების შეტანაც შემცირდა – შვიდი თვის მანძილზე 77%-ით. წლების მანძილზე არ იცვლება ვაჭრობის სტრუქტურა. ფინეთიდან რუსეთში ხდება მანქანათმშენებლობის პროდუქციის, სხვადასხვა მოწყობილობებისა და დაზგების, ელექტროტექნიკის, სასურსათო, ქიმიური მრეწველობის პროდუქციის ექსპორტირება, ხოლო რუსეთიდან ფინეთში ძირითადად ენერგორესურსები გადის, რაც ექსპორტის 70%-ს შეადგენს.
ეკონომიკური კავშირების ზრდა უფრო შესამჩნევი იქნებოდა, რომ არა ის შეზღუდვები, რომლებიც ფინეთის ევროკავშირში შესვლის შემდეგ ამუშავდა (საბაჟო ბარიერები, ანტიდემპინგური პროცედურები, კვოტები და სხვ.). რუსეთი არ არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, რაც ფინეთთან ვაჭრობაში გადასახადებისა და საერთოდ ფასწარმოქმნის პრობლემებს ქმნის.
ექსპერტების შეფასებებით, ვაჭრობის პირობების გაუარესების გამო მთლიანი დანაკლისი რუსეთის ფინეთში წლიური ექსპორტის 15-20%-ს შეადგენს. თითქმის გაუქმებულია მწარმოებლური კოოპერაცია, რომელიც 80-იან წლებში ყვაოდა, როცა დასავლეთში ფინეთი ლიდერობდა რუსეთში განხორციელებული პროექტების ერთობლივი ღირებულების მიხედვით.
ფინური ინვესტიციები რუსეთის ეკონომიკაში ჯერჯერობით ძალიან მწირია, ფინეთის მიერ უცხოეთის ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაში რუსეთის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციები მხოლოდ 1%-ს შეადგენს, ხოლო გასულ წელს ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო – ბევრად აღემატებოდა რუსეთის მიერ ფინეთში განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებს – 230-260 მლნ დოლარი. რუსი ექსპერტების გათვლებით, ფინური ინვესტიციების რეალური მოცულობა მილიარდ დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ფინური ფირმების 80%, გამოკითხვების თანახმად, ჯერ სიფრთხილით ეკიდება რუსულ ბაზარზე ინვესტირების შესაძლებლობას.
არშემდგარი ბლიცკრიგის მძიმე მემკვიდრეობა
ფინელი ტიმო ვირკი კომპანია ჭებერ-Vეტონოტ-ის ექსპორტის მენეჯერია კავკასიაში. როგორც ქართველი განსაკუთრებული ტკივილით ვუყურებ სხვის დაკარგულ ტერიტორიებსაც კი და ამიტომ ფინელ სტუმარს მისი სამშობლოს თავისუფლების დღეს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების შესახებ ვკითხე: აპირებს თუ არა ფინეთი რუსეთთან ამ საკითხის წამოწევას-მეთქი. პასუხად ფინელმა ვირკიმ მომიგო, რომ კარელიაზე მხოლოდ შინაურული საუბრები მიდის, მხოლოდ საუბრები და მეტი არაფერიო, ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ფინელებს ნატო-ში გაწევრიანებაზე: ფინელებს თან უნდათ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, თან არაო, – ამბობს ტიმო ვირკი.
დღემდე კარელიის დაბრუნების საკითხი ოფიციალურ მოლაპარაკებებზე არასდროს დასმულა, ყველა ფინელი პოლიტიკოსი ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს, ასე იყო საბჭოთა კავშირის არსებობის დროს და რუსეთის ხელისუფლებასთანაც იგივე პოლიტიკა გრძელდება. ცივი ომის დროს ეს საკითხი ღიად არ დამდგარა, მხოლოდ 1968 წელს ფინეთის პრეზიდენტი ურჰო კეკკონენი ბრეჟნევთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საზღვრის შეცვლის შესახებ, მაგრამ არ სურდა, ამ ყოველივეს ფინეთში საზოგადოებრივი დებატები გამოეწვია. სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1991 წელს კარელიის გარშემო დისკუსია გამძაფრდა, თუმცა არც ფინეთში და არც რუსეთში საზღვრის გადახედვის საკითხი სახელმწიფო დონეზე არ წამოწეულა. ეს თემა ყველაზე აქტუალური 1992 წელს იყო, როცა ბორის ელცინი ვიზიტით ფინეთში იმყოფებოდა და ფინელების მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა. ამ ვიზიტის დროინდელი ამბები მხოლოდ ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა. ელცინი, თითქოს, თანახმა იყო კარელიის დაბრუნებაზე, მაგრამ მაშინ ამის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ შექმნილა. ფინეთში სჯერათ, რომ ბორის ელცინი ხელისუფლების სადავეებთან კიდევ დიდ ხანს რომ ყოფილიყო, კარელიის დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა.
ეს საკითხი ახლაც კი არაოფიციალურ ხასიათს ატარებს. რუსეთის პრემიერ პუტინის განცხადებით, რომელიც მან ფინეთში პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტისას 2001 წელს გააკეთა, პრობლემის ოპტიმალურ გადაწყვეტას წარმოადგენს არა საზღვრების შეცვლა, არამედ – ინტეგრაცია და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარება.
2005 წელს ეს ტაბუდადებული თემა ისევ გააქტიურდა ვეიკო საიკის წიგნის “კარელიის დაბრუნება”” გამოქვეყნების შემდეგ. ავტორი ფინეთისთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს აყენებს. ასევე ითხოვს იმ თანხის უკან დაბრუნებას, რომელიც მან რუსეთს რეპარაციის სახით გადაუხადა და იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, რაც ქვეყანას ომის შედეგად მიადგა. ავტორის გაანგარიშებით, დღევანდელი კურსით ეს უზარმაზარი თანხაა, რომლის აკუმულირებაც, წიგნის ავტორის აზრით, “კარელიის ფონდში” უნდა მოხდეს და ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ მის კეთილმოწყობას მოხმარდეს.
ოდესმე გამოფხიზლდება ევროპა?
ინსტიტუტმა Gallup International-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომლის შედეგადაც გამოირკვა, რომ რუსეთის მიმართ ფინეთის მკვიდრთ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ: გამოკითხული რესპონდენტების 62%-მა, რომელთა შორისაც, ბუნებრივია, ფინეთის მოქალაქე სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც იყვნენ, განაცხადეს, რომ ამ მეზობელი ქვეყნის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ.
მსგავსი გამოკითხვის შედეგები ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც რუსეთს ოდითგანვე შეხება ჰქონია, ალბათ თითქმის იდენტური იქნებოდა. რუსეთი არ უყვართ, რუსეთს არ ენდობიან, მის წინააღმდეგ ნაირგვარ პროექტებსაც ამუშავებენ, მაგრამ ჩრდილოელი დათვი ამას დიდად არ დაგიდევთ.
1995 წელს შვედეთისა და ფინეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ რუსეთ-ფინეთის 1300-კილომეტრიანი საზღვარი ევროკავშირთან საზღვრად გადაიქცა. პერსპექტივაში კი პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროპის კავშირში გაერთიანების შემდეგ ეს საზღვარი უფრო გაიზარდა. რუსეთს დიდად არ სიამოვნებს ერთიანი ევროპის საზღვრის არსებობა, თუმცა დღეს იგი იარაღად, მიუხედავად იმისა, რომ მის საბრძოლო არსენალში ახლაც აქტიურია მეზობელ ქვეყნებზე ღია აგრესია, თავის ბუნებრივ სიმდიდრეებს იყენებს, რომელიც ღმერთმა ველოკოდერჟავული იდეებით შეპყრობილ ქვეყანას უდავოდ დაუნანებლად დააფრქვია.
ოდესმე გამოფხიზლდება ევროპა?