What Happened to Europe?
What Happened to Europe? ბაროზო ახალგაზრდა მაოისტი ყოფილა, ოლანდი – რეაქციონერი, ანუ რატომ არ შევდივართ ევროკავშირში და რამ მოკლა მერაბ ნაჭყებიას ცხენი
მზით გაჯერებული მონმარტი და ხელოვან-პილიგრიმების ჯარი, თანამედროვე ფრანგი მხატვრების ფუსფუსი და ყავა კროასანით. გეგონება, მთელი დუნია აქეთკენ დაიძრაო, რათა მოდილიანის, მანეს და პისაროს სულს შეეხონ, იგრძნონ საღებავებით და იმპრესიონიზმის ზეციური ფერებით გაჟღენთილი ეთერი. ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ შორეულ წლებზე – აქ სადღაც, გოგენთან ერთად, ახვლედიანიც და გუდიაშვილიც დაეხეტებოდნენ და ამ ბერეტიან ოფიციანტებს უკვეთავდნენ კონტინენტალურ ”ბრექვესტს” თუ ფრანგული ნექტარით ჩაკოწიწებულ ”სევინიონს”.
ეს ადგილი, ალბათ, თანამედროვე ევროპაში წარსული დიდების კუნძულია, ხელოვნების მექა, ხოლო ეს ზღვა ხალხი – ხელოვან-პილიგრიმები. რატომ იზიდავდა ეს სასაფლაო ამ უკვდავ ხალხს, ვისაც სიკვდილი არ ეწერა, ვის სულებს დარაჯობდნენ ისინი და ვისი საძვალიდან ამოსულ ფოსფორს აწვალებდნენ, რა კავშირი აქვს ამ ცნობილ პანთეონს ზებუნებრივ მონეს ფერებთან. ამ ფიქრში გართულს არველაძემ ყავა შემომთავაზა, მეც გავაბოლე ზანტად და ისევ ფიქრებში ჩავიძირე. თან საფერფლე მოვთხოვე ბერეტიან ყველის ვაჭარივით ყურებამდე ღიმილით ტუჩებგახლეჩილ გარსონს, რომელზეც ვერ მივხვდი, მე მიღიმოდა თუ პარიზული დილის სუსხისგან მოკუნტულ არველაძეს. ”მიწაზე დააფერფლე ჯიგრულად”, – მომიგო მან ანაზდად. გავოგნდი. უცებ რიგ-რიგობით გაქრნენ იმპრესიონისტები ჩემი ფიქრებიდან, ეს სიტყვები მეგონა მომესმა ამ შუაგულ, წესრიგის მოყვარულ, მუდამ სხვის საქციელზე შეშფოთებულ და პერმანენტულად ჭკუის მასწავლებელ ევროპაში, მისგან ამას არ ველოდი. რა-მეთქი?! – სიმწრით ვიყვირე, გეგონება, ახლახან გავიგე მანეს სიკვდილის ამბავი. ირგვლივ მიმოვიხედე. ყავისმსმელთა კლუბის წევრების გრძელ მწკრივში, თითოეულს პატარა, დაირასავით მაგიდა ედგა წინ, ყველა ეწეოდა და უკლებლივ ყველა ძირს აფერფლებდა. ვიფიქრე, ესეც, ალბათ, მონმარტის წესია-მეთქი და ვეცადე მიმებაძა.
ასე უბრალოდ არ დასრულებულა ჩემი და თანამედროვე ევროპის კოჰაბიტაცია. შანზ-ელიზეზე გადავინაცვლე. საფრანგეთის ყველა რესპუბლიკაზე და ოლანდის მარქსისტულობაზე მინდოდა მეფიქრა. ”ნანეტად” გადაპარსული ჭადრების ქვეშ საუკუნეების ტრიუმფალურ თაღთან ისევ ყავას და კროასანს მივეძალე და რევოლუციაზე ფიქრს გავუთამამდი. პირველ რესპუბლიკაზე არ ვიყავი გადასული და ჯერ მარია ანტუანეტას მოჭრილი ულამაზესი თავის დაგორებას ვერ შევესწარი, რომ გაბოლება მომინდა. ნიკოტინი ხომ ფიქრს ხელს უწყობს და მოჭიდავის ყურებივით დაჭმუჭნილსახიან გარსონს, რომელსაც, ალბათ, ძალიან ახრჩობდა ბრაზი, ისევ საფერფლე ვთხოვე და იმან მიპასუხა – ”მარტივად, ძირს დააფერფლე”. შემდეგ ლიონში გავფრინდი და გაღმა, მდინარის სანაპიროდან გოტიკურ არქიტექტურას ვათვალიერებდი. იქაც იგივე მითხრეს, ძირს დააფერფლე, საფერფლე საერთოდ არ გვაქვსო! მდაა… შეიცვალა ევროპა, მისი პრობლემა მარტო სოციალისტების მომძლავრება და მარქსის აჩრდილის (სხვათა შორის, დღეს 4 ივლისია, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის და მარქსის და ენგელსის ”კომუნისტური მანიფესტის” გამოსვლის იუბილეებია ერთად. საოცარია, ნამდვილი მისტიკაა) ზომბივით გაცოცხლება კი არა, შიდა ვალების ზრდა და შინაგანი ტრანსფორმაციაა. 26 ივნისის ”ჰერალდ ტრიბუნი” 1 წერს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა ახალი პრემიერის კანდიდატურა წააყენა დასამტკიცებლად, რადგან 13 ივნისს პოლიციამ მთავრობის 9 მაღალჩინოსანი დააკავა კორუფციის ბრალდებით! ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის?! ევროპის მთავრობაშიც კორუფცაა. არა, ”იმპოსიბლე”! ეს, შუაგულ ევროპაში ხდება, თან არც ერთი სიტყვა პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე და ზეწოლაზე არ არის. სხვათა შორის, პრეზიდენტი სხვა პარტიის წარმომადგენელი ყოფილა, მაგრამ მაინც.
იმავე გაზეთში წავიკითხე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და ჟოზე მანუელ ბაროზო ერთმანეთს ხოცავენ და ლანძღავენ. ადრე ბაროზო ახალგაზრდა მაოისტი ყოფილა. მაო ჩინეთის კომპარტიის ოდიოზური ბელადი იყო (მისი მეგობარი გენერალი რომ დაამარცხა და ჩინეთში კომუნისტების დიქტატურა დაამყარა და დღემდე რომ ამყარებს). ბატონო ბაროზო, მაოისტი იყავი, და ჩვენ ნაცარს და ქვიშას გვაყრიდი თვალებში და რუსეთით გვაშინებდი? ამაზე ერთი ანეკდოტი მახსენდება: ჯუნგლებში მეგრელი და სვანი ერთად მიდიან. გადაეყარნენ ლომს. მეგრელი დაიხარა, მუჭით ქვიშა აიღო და თვალებში მიაფერთხა ნერწყვმორეულ ლომს. ეგრევე იქვე მდგარ ხეზე აცოცდა. გამწარდა ლომი, ღრიალებს, ვერაფერს ხედავს და მეგრელი ხიდან უყვირის სვანს, – ამო ჩქარა ხეზე, სანამ ლომი ვერაფერს ხედავსო (ლომი, ხომ იცით, აზიზი არსებაა, ისე არაფერს ჭამს, კარგად თუ არ შეათვალიერა მსხვერპლი და არ დარწმუნდა, კარგად დაბანილი და ეკოლოგიურად სუფთა თუ არის და ხომ არ არის გენოინჟინერიით შექმნილი). სვანმა უთხრა, მე რატომ უნდა გავიქცე და ავიდე ხეზე, მე კი არ შემიყრია ლომისთვის ქვიშა თვალებშიო?!
ჩვენ გვეუბნებიან, არ ხართ ევროპისათვის მზადო, ყოფილი საბჭოთა კავშირი იყავითო. კი ბატონო, ჩვენ ყოფილი კომუნისტები ვართ, მაგრამ ევროპის პრემიერი ყოფილი მაოისტი ყოფილა, რა მოხდა მერე? ჰოდა, ამ მაოისტმა თავის ინტერვიუში ”ნიუ იორკ ტაიმსთან”, ჩრდილოეთ ირლანდიაში G-8-ის პრეზიდენტების (ეგ ბოსები ფულის გათეთრების და ოფშორებში ფულის ჭარბად გადატანის საკითხზე საქმეს ურჩევდნენ იქ ერთმანეთს) შეხვედრამდე 10 დღით ადრე, საფრანგეთის მმართველი წრეები, ოლანდის პარტია დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებას და ახორციელებენ ანტიგლობალისტურ პოლიტიკას და მათ დაუფარავად რეაქციონერები უწოდა (ევროპარტიებისა და ევროინსტიტუტების მიერ საქართველოს კრიტიკა ამასთან რა მოსატანია). ბაროზომ თქვა, ოლანდი რეაქციონერიაო! ამბობენ, ევროპარლამენტში ერთ წელიწადში არჩევნებია და ბაროზოსაც მოუწევს შემდგომი ვადით გადარჩევა, ამიტომ მან გალანძღა რა საფრანგეთის პრეზიდენტი, დანარჩენი ევროლიდერების გულები მოიგო, რომლებსაც ოლანდი ასევე არ მოსწონთ, რათა მათ ბაროზოს დაუჭირონ მხარი ერთი წლის მერე. მოკლედ, რას არ აკეთებენ ევროპელები სკამის გულისთვის. აგერ, ამ ბენ ბერნანკემ ნერვოზი გაუჩინა მსოფლიოს – ვერ გაიგეს, იყიდის ამ ობლიგაციებს კიდევ თუ არა; გამყარდება დოლარი თუ არა. თან ამაყად ასწავლის მსოფლიოს _ ”Never explain, never excuse”. შე კაცო, მასე გეთქვა თავიდან, აქამდე სულ ჭკუას რომ გვასწავლიდით, თუ როგორ დავიჭიროთ და როგორ ვმართოთ. რა შეგვაღონეთ ამ ევროკავშირში და ნატოში შესვლით. ჯერ თქვენ გაარკვიეთ მაგ ევროკავშირში ერთმანეთთან საქმეები, გამოასწორეთ ეკონომიკა, შეამცირეთ სახელმწიფო ხარჯები და ბიუჯეტის დეფიციტი, ისწავლეთ კოჰაბიტაცია, მოსპეთ კორუფცია და მერე ჩვენც შემოვალთ. აი, ასე! სანამ საქმეებს არ მოაგვარებთ, საქართველოს ფეხი არ იქნება მაგ ევროკავშირში. ახლა თქვენ ინერვიულეთ და იყავით ”დიფლი კონსერში”.
ამაზე გამახსენდა – იაკობს მეზობლის ვალი აქვს და დილისთვის უნდა გაისტუმროს. ფული, როგორც საქართველოში ყველას, არც იაკობს აქვს და ვერ უბრუნებს. ნერვიულობს, დნება კაცი. ცოლმა, სარამ უთხრა ქმარს, მე მოგიგვარებ მაგ ამბავს ახლავეო. გავიდა მეზობელთან და ეუბნება:
– ჩემს ქმარს შენი ვალი აქვს?
– კი, – მიუგო მეზობელმა.
– ხვალ უნდა მოგიტანოს, არა?
– კი, – ისევ მიუგო მეზობელმა.
– ხოდა, ვერ მოგიტანს, – ამაყად უთხრა სარამ და გამოცუნცულდა. სახლში შევიდა თუ არა, იაკობს ეუბნება, – ახლა დადგეს და მაგან იდარდოსო. ჰოდა, ქართველებო, ახლა ევროპამ ინერვიულოს, თქვენ მშვიდად იყავით. სანამ ეგენი საფერფლის გამოყენებას და ტუალეტში კარების ჩამოკიდებას არ ისწავლიან, ჩვენი ფეხი არ იქნება ევროპაში.
თავის დროზე, მე-19-ე საუკუნეში, იმპრესიონისტებს უარი უთხრეს სალონებში შესვლასა და იქ გამოფენების მოწყობაზე. ამის გამო იმპრესიონისტებმა გამოფენა ღია ცის ქვეშ მოაწყვეს. ასე შეიქმნა ახალი ეპოქა მხატვრობაში. ასევეა საქართველოც, მას უარს ეუბნებიან ევროკავშირში შესვლაზე და მანაც თავისი მონმარტი უნდა შექმნას.
ახლა ჩვენ შეგვიძლია ”დიფლი კონსერში” ვიყოთ და იმიტომ კი არა, რომ ევროპაში კორუფციაა და ეკონომიკა _ რეცესიაში, არამედ იმიტომ, რომ მერაბ ნაჭყებიას ულამაზესი და ხელის გულზე გაზრდილი ცხენი, უნებლიედ, გენოინჟინერიით გამოყვანილი თივის ჭამის გამო გარდაიცვალა. საერთოდ, უნდა იცოდეთ, რას გაჭმევენ!
ემზარ ჯგერენაია
თსუ, პროფესორი