ტურისტული სეზონების გზაჯვარედინზე
მაკა ღანიაშვილი
ზამთრის ტურიზმის დრო დასრულდა და საქართველო ზაფხულის სეზონისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის გამო ხელგაშლილ ცხოვრებას ბევრი ვერ ბედავს, ზამთრის სეზონზე წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტი უცხოელი ტურისტი გვსტუმრობდა. ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე დადებითი ძვრები შეინიშნება და იმედია, ეს ტენდენცია საქართველოში საზაფხულო ტურიზმცეც გავრცელდება.
მანამდე კი, 23-25 აპრილს საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯია” XII საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა CTF 2010-ს მასპინძლობდა. როგორ ჩაიარა საქართველოს ზამთრის კურორტებისათვის გასულმა სეზონმა და რა პროგნოზები კეთდება საზაფხულო სეზონის დაწყების წინ?
საერთაშორისო გამოფენაზე ადგილობრივ კომპანიებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, მონაწილეობას რამდენიმე თურქული და იტალიური კომპანიაც იღებდა. გამოფენა ჩატარდა თბილისის მერიის, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენა წინა წლებთან შედარებით ნაკლები მასშტაბის იყო, რასაც გახსნის ცერემონიაზე ორგანიზატორებმაც გაუსვეს ხაზი.”საქართველოს ეკონომიკას”” ესაუბრა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ ასათაშვილი: “თბილისის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ ყოველწლიური გამოფენის საშუალებით თბილისმა შეიძინა კავკასიური ტურიზმის პლათფორმის ერთგვარი იმიჯი. რადგან უკვე რამდენიმე წელია თბილისში იკრიბებიან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და, თავისთავად, საქართველოდან. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს გამოფენა პატარა მაშსტაბის არის, რაც ისევ და ისევ გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგია. თუმცა, მომავალში ზრდის პერსპექტივები ამ გამოფენას უდავოდ აქვს””.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, ზამთრის სეზონში საქართველოს უცხოელი ტურისტების დაახლოებით 12%-იანი ზრდა ჰქონდა წინა წელთან შედარებით. უფრო დიდი აქტივობა შეინიშნებოდა შიდა ტურიზმშიც, რისი მიზეზიც შესაძლებელია იგივე ფინანსური კრიზისი იყოს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც შარშან და შარშანწინ ზამთრის არდადეგებს ქვეყნის გარეთ ატარებდენენ, მაგალითად, ალპებში, ავსტრია-შვეიცარიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ, წელს მათმა დიდმა ნაწილმა ადგილობრივ კურორტებს მიაშურა. ამით აიხსნება შიდა ტურიზმის გააქტიურება.”გარდა ამისა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის იმიჯის ამაღლებასა და ჩვენი კურორტების წამოსაჩენად საერთაშორისო დონეზე. ამისათვის დამზადდა კლიპი, რომელიც მსოფლიოს 50 ტელეარხზე იტრიალებს, 150 ბეჭდურ მედიაში მოხვდება მასალა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ასე რომ, მომავალში ჩვენ უფრო მეტ ტურისტს ველოდებით საქართველოში””, – აცხადებს ვახტანგ ასათაშვილი ტურიზმის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2009 წლის მიწურულს ჩაატარა შიდა ტურიზმის სამომხმარებლო კვლევა. გამოკითხულთა დაახლოებით 59%-მა გასული წლის განმავლობაში დაისვენა მხოლოდ ერთხელ, ხოლო 26%-მა – ორჯერ. სოფლად დაისვენა გამოკითხულთა 32%-მა; საქართველოს საზღვაო კურორტებზე – 25%; მაღალმთიანი კურორტებზე – 20%. მათგან არდადეგები საზაფხულო აგარაკებზე 42%-მა გაატარა; სოფლად საკუთარ სახლებში ან ნათესავებთან – 45%; სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის სახლებში კი – 14%.
გამოკითხულთა 80% დასასვენებლად ოჯახთან ერთად დადის, 10% – მეგობრებთან ერთად, 7% მარტო დასვენებას ამჯობინებს. დასვენების საშუალო დანახარჯებმა 303 ლარი (განთავსება, კვება, საყიდლები, გართობა) შეადგინა. როგორც ირკვევა, რესპონდენტების 98% დამოუკიდებლად, ტურ-ოპერატორების დახმარების გარეშე გეგმავს დასვენებას.
რაც შეეხება ზამთრის ტურიზმს, 2009 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 5%-მა შეძლო ზამთარში დასვენება. საქართველოს ზამთრის კურორტებს ქართველებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც სტუმრობდნენ. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უკვე გამოაქვეყნა ზამთრის კურორტების მარკეტინგული კვლევები.
ბაკურიანი
ბაკურიანი თანაბრად ინაწილებს ოჯახური და ახალგაზრდული დასვენების ტიპის კურორტის იმიჯს. დამსვენებელთა თითქმის თანაბარი პროცენტი სტუმრობს კურორტს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. 2010 წელს სტუმართა შორის 86% შიდა და 14% უცხოელი ტურისტი იყო. შიდა ტურისტებში თბილისელები 74%-ით სჭარბობდნენ. უცხოელებში გამოირჩეოდნენ გერმანელები 20%, თურქები 20%, უკრაინელები 14%, სომხები 12%. სტუმრობის მიზანს 54% შემთხვევაში დასვენება წარმოადგენს, 31% შემთხვევაში სპორტული აქტივობა, ტურისტთა 9% კი, სამკურნალოდ სტუმრობდა კურორტს. ტურისტების მხოლოდ 3% მიმართავს ტურისტულ სააგენტოს ტურის ორგანიზებისათვის. ვიზიტორების 76% ბაკურინში ჩასვლის შემდეგ პოულობს ადგილს, სადაც დასვენების დროს უნდა იცხოვროს. დანარჩენები კი დაჯავშნის სერვისს იყენებენ. საშუალო დანახარჯები შემდეგნაირად ნაწილდება: ღამისთევა ბაკურიანში საშუალოდ 40-70 ლარი ჯდება, 10 ლარი – დღიური კვება, 10 ლარი – ტრანსპორტირება, 30-50 ლარი – სრიალი, კულტურული და გასართობი ღონისძიებები. დამატებითი შეთავაზებები, რომლებიც დამსვენებლებს დააინტერესებდათ კურორტზე ყოფნის პერიოდში, შემდეგნაირად ნაწილდება: აქტიურ და სათავგადასავლო ტურიზმს 30%-მა მიანიჭა უპირატესობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს – 15%-მა, ინტერნეტ-კაფეს – 8.5%-მა, კულტურულ შეთავაზებებს – 22.40%-მა, გასართობ ობიეტებს – 18.4%-მა, გასტრონომიულ შეთავაზებებს კი – 5.7%-მა.
საინტერესოა, რა რეკომენდაციები აქვთ ვიზიტორებს კურორტის განვითარებისთვის? გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ აუცილებელია შიდა გზების მოწესრიგება, 21% კურორტის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მომხრეა, მომსახურების დონის ამაღლება – 16%, შიდა ტრანსპორტირების გაუმჯობესება – 12%, ინსტრუქტორების კვალიფიკაციის გაზრდა – 6%, ეფექტური სამაშველო სამსახურის ჩამოყალიბება – 2% და ადგილობრივი მომსახურე პერსონალის მიერ უცხო ენების ცოდნას რეკომენდირებულად გამოკითხულთა 1% მიიჩნევს. გამოკითხული ვიზიტორების 88%-მა აღნიშნა, რომ აუცილებლად აპირებენ კურორტზე დაბრუნებას მომავალი ზამთრის სეზონზე.
გუდაური
გუდაური ინარჩუნებს აქტიური დასვენების ტიპის კურორტის იმიჯს. წელს სტუმართა შორის 76% შიდა და 24% უცხოელი ტურისტი იყო. შიდა ტურისტებში სჭარბობდნენ თბილისელები 89%-ით. უცხოელებში გამოირჩეოდნენ გერმანელები 26%, უკრაინელები 26%, თურქები 12%, შვეიცარიელები 8%, ფრანგები 8%, ლატვიელები 8%, ესპანელები 4%, ლიტველები 4% და შვედები 4%. სტუმრობის მიზანს 72%-ისათვის სპორტული აქტივობა წარმოადგენდა, 23%-ისათვის – დასვენება, 2% კი – სამკურნალოდ სტუმრობდა კურორტს. ტურისტების მხოლოდ 1% მიმართავს ტურისტულ სააგენტოს ტურის ორგანიზებისათვის. თუმცა, ვიზიტორების 77% მიმართავს თბილისიდან ჯავშნით განთავსების საშუალებას. ღამისთევა გუდაურში საშუალოდ 40-70 ლარამდე ჯდება, 20-30 ლარი – დღიური კვება, 50 ლარზე მეტი – ტრანსპორტირება გადაურამდე, 30-50 ლარამდე სრიალსა და გასართობ ღონისძიებებში იხარჯება. დამატებითი შეთავაზებები, რომლებიც დამსვენებლებს დააინტერესებდათ კურორტზე ყოფნის პერიოდში შემდეგნაირად ნაწილდება: გასტრონომიული შეთავაზებები – 31%, გართობის ობიექტები – 26%, აქტიური და სათავგადასავლო ტურიზმი – 26%, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი – 8%, კულტურული შეთავაზებები – 8%, ინტერნეტ-კაფე – 1%. საინტერესოა ვიზიტორების რეკომენდაციები კურორტის განვითარებისათვის: მომსახურების დონის ამაღლება – 27%, შიდა გზების მოწესრიგება – 25%, კურორტის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება – 20%, შიდა ტრანსპორტირების გაუმჯობესება – 16%, ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლება – 5%, ტურისტული ნიშნების დამონტაჟება – 4%, ეფექტური სამაშველო სამსახურის ჩამოყალიბება – 2%. მომსახურე პერსონალის მიერ უცხო ენების ცოდნას რეკომენდირებულად გამოკითხულთა 1% მიიჩნევს. ვიზიტორების 99% აუცილებლად აპირებს კურორტზე დაბრუნებას მომავალი ზამთრის სეზონზე.
იმისათვის, რომ საქართველოს ტურისტულ ბაზარზე სიტუაცია გამოსწორდეს, მხოლოდ კურორტების წარმომადგენელთა ძალისხმევა არ კმარა.
ტურიზმის განვითარებისათვის დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურება ანალოგიური მოცულობის ევროპის აეროპორტებთან შედარებით 5-ჯერ და ხშირად მეტჯერ ძვირი ღირს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია ტავ ურბან ჯორჯიას”” მომსახურების მაღალი ტარიფები ავიაბილეთებს მნიშვნელოვნად აძვირებს, რის გამოც საქართველოში ევროპელი ტურისტების რაოდენობა ძალიან მცირეა. მაგალითისთვის, ბალტიისპირელმა ტურისტმა საქართველოში ჩამოსვლისას მარტო ავიაბილეთში 500-700 დოლარი უნდა გადაიხადოს, მაშინ, როცა ამ ფასად ავსტრიაში გაემგზავრება და სასტუმროს ღირებულებასაც დაფარავს. ვახტანგ ასათაშვილი: “ამაზე საუბარი უკვე 3-4 წელია მიდის საქართველოში და ეს მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა. დაახლოებით რომ გითხრათ, საქართველოში ჩამოსული ადამიანის ხარჯების 40-50%-ს შეადგენს მხოლოდ ავიაბილეთის ფასი, რაც ტურიზმისათვის დამღუპველია. ამ საკითხებთან დაკავშირებით მიდის კონსულტაციები და მუშაობა ავიაკომპანიებთან და საქართველოს აეროპორტებთან. აუცილებელია, ჯერ აეროპორტებმა დასწიონ ფასი მომსახურების ტარიფებზე, რომ შემდეგ ავიაბილეთებზე ფასების დაწევის საშუალება ჰქონდეთ ავიაკომპანიებსაც. მაგრამ უახლოეს მომავალში, ალბათ, ამ მიმართულებით დიდი არაფერი შეცვლება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან იმისათვის, რომ ისინი შემოვიდნენ საქართველოში და მძაფრი კონკურენციის პირობებში მოხდეს ფასების შემცირება, მაგრამ ამ ყველაფერს 2-3 წელი მაინც სჭირდება””.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მთავრობის დაპირების მიუხედავად, ახალი წლიდან საშემოსავლო გადასახადი, რაც 1-2%-ით იყო განსაზღვრული, აღარ შემცირდა. ტურიზმის სექტორისთვის გადასახადების შემცირების საკითხი დროებით შეჩერებულია. ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გადასახადების შემცირება გრძელვადიანი პროცესია და შესაბამისი კვლევების ჩატარებას საჭიროებს. ეკონომიკის ექსპერტები კი, ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ ტურისტული სექტორის წახალისება ამ ეტაპზე მართლაც მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის და ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, წარმოუდგენელია აღნიშნული სექტორისთვის დაპირებული შეღავათის შესრულება გაურკვეველი ვადით გადაიდოს. არავინ იცის როდისთვის შემცირდება ქონების გადასახადი. არსებული საბიუჯეტო კრიზისიდან გამომდინარე კი, უახლოეს მომავალში აღნიშნული დანაპირების შესრულება, ალბათ, არ მოხდება. 2010 წლის ბიუჯეტი 1%-იანი გადასახადის ფარგლებში არის დაგეგმილი და ამიტომ ცვლილებები ამ მიმართულებით ნაკლებად სავარაუდოა.
მიუხედავად ამისა, პროგნოზები კარს მომდგარი საზაფხულო სეზონის წინ მაინც ოპტიმისტურია. ვახტანგ ასათაშივილი: “ზაფხულის სეზონს რაც შეეხება, ტრადიციულად,Dდიდი დაინტერესებაა უცხოელების მხრიდან სათავგადასავლო ტურიზმზე, სამთო ტურიზმზე. რაც შეეხება ზღვისპირა კურორტებს, ძალიან დიდი დაინტერესებაა მეზობელი ქვეყნების მხრიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი). მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა და ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზარალებისა ომის გამო, შარშანაც კი, ანუ 2009 წლის ზაფხულში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების ზრდა შეინიშნებოდა. ზრდა შარშან იყო საშუალოდ 8%. ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას ველით ამ სეზონისთვისაც, ზრდამ ჩვენი ვარაუდით, შარშანდელთან შედარებით 15-17% უნდა შეადგინოს””.
არა მხოლოდ კავკასიელი ტურისტები, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, სულ უფრო იზრდება აჭარაში ირანელი დამსვენებლების რაოდენობა. ირანელი ტურისტების უმრავლესობა აჭარას ადგილობრივი და უცხოური ტურისტული სააგენტოების დახმარებით სტუმრობს. წელს აჭარაში უკვე 234 ირანელი ტურისტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26-ჯერ, ხოლო 2008 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია.
რაც შეეხება ზოგად ტენდენციებს და მსოფლიო ბაზარს: მართალია, მსოფლიო ტურიზმის შემოსავლები ეკონომიკური კრიზისის გამო 50 ტრლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ 2010 წელი ტურისტული ნაკადის აღმავლობით დაიწყო. ტურისტული ნაკადის ზრდა მსოფლიოს ბევრ კურორტზე დაფიქსირდა. გასულ ორ წელთან შედარებით, მსოფლიო მასშტაბით დამსვენებელთა რაოდენობა 30-50%-ით გაიზარდა. მაგალითად, 2010 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ესპანეთის აეროპორტებმა 23,21 მლნ მგზავრი მიიღეს. შრილანკაში თებერვალში გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით ტურისტების ნაკადი 67,7%-ით გაიზარდა და 57 300 ადამიანი შეადგინა. ტურისტების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა არგენტინაშიც, სადაც იანვარში ტურისტების რაოდენობა 10,2%-ით, 9,5 მილიონამდე გაიზარდა. 2010 წელს ექსპერტები მსოფლიო ტურიზმის გაზრდას 3-4%-ით ვარაუდობენ. ევროპაში ზრდამ, შესაძლოა, 1-3% შეადგინოს, აშშ-ში – 2-4%, აზიასა და აფრიკაში – 5-7%. ახლო აღმოსავლეთში კი ექსპერტები ტურისტების ნაკადის გაზრდას 9%-ით პროგნოზირებენ. რამდენად აისახება საქართველოს ტურიზმის სფეროზე ეს დადებითი ტენდენციები, ამას მოახლებული ზაფხულის სეზონი მალე გვიჩვენებს.