“მინამ” მეორე ღუმელი ფეიერვერკების თანხლებით გაუშვა
ეკა ლიმიძე
საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ქსნის მინის ტარის ქარხანამ ვეღარ შესძლო არსებული წარმადობის შენარჩუნება და 90-იანი წლების დასაწყისში, ფაქტობრივად, გაჩერდა.
1997 წელს, პრივატიზების შედეგად, აქციების საკონტროლო პაკეტი თურქულმა კომპანია “შიშეჯამმა” შეისყიდა. იგი ევროპის უმსხვილეს მინის მწარმოებელ კომპანიათა სამეულში შედის. “შიშეჯამმა” საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაიწყო საწარმოს რეაბილიტაცია და განვითარება, უპირველესად კი, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა. 1999 წლის 20 ივნისს გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საწარმოს მუშაობის გაუმჯობესებისა და ზოგიერთ ხელისშემწყობ ღონისძიებათა გატარების შესახებ. ამავე წლიდან ქსნის მინის ტარის ქარხნის მეწილეები, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახდნენ. ამჟამად, აქციები შემდეგნაირადაა განაწილებული – თურქებს საწესდებო კაპიტალის 62% ეკუთვნის, ხოლო საფინანსო ინსტიტუტებს -18-18%, დანარჩენი კი ქართველ აქციონერთა ხელშია.
სს “მინის” გენერალური დირექტორის გიორგი ჩხეიძის განცხადებით, საწარმოში თურქების მოსვლის დღიდან 10 მლნ დოლარის ინვენსტიცია განხორციელდა. თუმცა, “შიშეჯამის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ერსინ ოზინჯერის განცხადებით, უცხოელებმა ამ წლების განმავლობაში 20,8 მლნ დოლარის ინვენსტიცია ჩადეს საწარმოს განვითარებაში.
2001 წლიდან ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და წლიურად 20 ათას ტონა პროდუქციას უშვებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბაზრის უდიდეს ნაწილს “მინა” ფლობს. მისი მომხმარებლები არიან საქართველოს 70-ზე მეტი ალკოჰოლის, უალკოჰოლო, ღვინისა და ლუდის კომპანიები. ქართულ მინის ტარას ძირითადად აზერბაიჯანელები იყენებენ, თუმცა, რამდენიმე პარტია რუსეთსა და თურქეთშიც გადაიტვირთა.
გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სს “მინამ” მიმდინარე წელს ახალი საინვესტიციო პროგრამა შეიმუშავა, რომლის საერთო ღირებულებაც 7 მლნ-მდე დოლარია. აღნიშნული თანხა, ძირითადად, წარმოების მოცულობის გაზრდისთვის საჭირო ღუმელის და მანქანა-დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას მოხმარდება. ძირითადი თანხა, 6,3 მლნ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოყო, რომელიც მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი წევრია და კერძო სექტორს კურირებს, ამავე დროს, იგი სს “მინის” 18% აქციების მფლობელიცაა.
კრედიტი 6-წლიანია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 2 წლითაა განსაზღვრული. წლიური საპროცენტო განაკვეთი კი ლიბორს (ლონდონის ბანკთაშორისი ბირჟის კურსი, რომელიც მუდმივად იცვლება) დამატებული 4%-ია. საინვესტიციო პროექტის დანარჩენი თანხა კი ადგილობრივი რესურსებიდან დაფინანსდება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვით საწარმოს წარმადობა 40 ათას ტონამდე გაიზრდება.
სს “მინაში” ფეიერვერკებისა და ქართული ხალხური სიმღერების ფონზე ახალი ღუმელის გახსნის ცერემონიალზე მისული საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, კმაყოფილებას ვერ მალავდა: “მიხარია, რომ კიდევ ერთი საწარმო დაადგა განვითარების გზას. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ორი კომპანიის – ქართული “მინისა” და თურქული “შიშეჯამის” თანამშრომლობა. კარგად მახსოვს, რა მდგომარეობა იყო ქარხანაში, ვიდრე თურქული კომპანია აქციებს შეიძენდა. ჩვენში ასზე მეტი ქართულ-თურქული საწარმო მუშაობს. ეს კომპანია კი ამიერკავკასიაში ყველაზე გამორჩეულია. 2003 წლიდან საქართველოში მაღალი კვოტები დაიწყება ქართული ღვინის ევროპაში შესატანად. ასე რომ, მნიშვნელოვანია, როგორ ბოთლებში იქნება ჩამოსხმული”.
“შიშეჯამის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ერსინ ოზინჯერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს სს “მინის” საქონელბრუნვა 10 მლნ დოლარამდე გაიზრდება. ამავე დროს, აზერბაიჯანში ექსპორტიც მნიშვნელოვნად იმატებს.
თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა დიჯლე ქოფუზმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და თურქეთს შორის წარმატებული ურთიერთობით, რომელიც დღითი დღე დინამიკურად ვითარდება. ხაზი გაუსვა მეზობელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას და მიულოცა სს “მინას” ახალი ღუმლის გაშვება.
ამჟამად, სს “მინაში” 250 მუშაა დასაქმებული და ბიუჯეტში შეტანილი თანხა წელიწადში 2 მილიონ ლარს შეადგენს. გაზრდილი ექსპორტირებისა და წარმადობის ხარჯზე რა წარმატებები ექნება საწარმოს ამ კუთხით, მომავალი გვიჩვენებს.