განათლების სისტემას ახალი ცვლილებისთვის ამზადებენ
მაკა ღანიაშვილი
საქართველოში მენეჯმენტის პრობლემა სერიოზულად დგას და ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი გარემოებაა. ეს პრობლემა ყველა დონეზე თვალსაჩინოა, მნიშვნელობა არ აქვს კომპანია მსხვილია, წვრილია თუ საშუალო – მენეჯმენტში პრობლემები არის და ამას ვერავინ გაექცევა. თითქოს მენეჯერებმა ინგლისურიც იციან, კომპიუტერიც, დიპლომების გარდა სხვადასხვა სერტიფიკატებიც გააჩნიათ, მაგრამ ეს პრობლემას ვერ შველის. მენეჯერი არის ორგანიზაციის ძრავის აუცილებელი და საჭირო რგოლი, საკმარისია, ამ რგოლმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვას, რომ ძრავი ჩერდება. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ეკონომიკაში სწორედ ეს ძრავია გაჩერებული. მართალია, საქართველოში ბიზნესის კეთება საკანონმდებლო დონეზე გაადვილდა და, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა რეიტინგების ლიდერიცაა, მაგრამ ბიზნესის დაწყების გაადვილება პრობლემას ვერ წყვეტს და მისი სათავეები განათლების სისტემაში უნდა ვეძიოთ.
სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ დღეს საშუალო ტიპის მენეჯერი ბაზართან დაკავშირებულ ყველა საკითხს წყვეტს ზეპირად. ქართველი მენეჯერების უმრავლესობა ციფრებისა და ანალიზის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში, ინტუიციას უფრო ეყრდნობა, ვიდრე მათემატიკურ-სტატისტიკურ თუ ეკონომიკურ გათვლებს, რაც მათი გამოუცდელობისა და მოუმზადებლობის ბრალია. ამიტომაც, აუცილებელია, რომ სტუდენტს ადრეულ ეტაპზევე ჰქონდეს შეხება პრაქტიკასთან. ქართული უნივერსიტეტების პროგრამა ამ მხრივ მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
განათლების სისტემაში რომ რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი, ეს უდავოა. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ რეფორმის პირველი ეტაპი, ანუ ერთიანი ეროვნული გამოცდები მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა, ამ პროცესს დასრულება სჭირდება. საინტერესოა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლები დამატებითი ღირებულების გადასახადით უნდა დაბეგრილიყვნენ. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პოზიციით, გადასახადის შემოღება იმისათვის იყო საჭირო, რომ მეწარმეებს საგადასახადო ტვირთი არ გაზრდოდათ და ბიუჯეტში ბალანსი შენარჩუნებულიყო. კერძო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა კოდექსში შესატანი შესაძლო ცვლილება გააპროტესტეს, როგორც ისინი აღნიშნავდნენ, გარდა იმისა, რომ ამ ცვლილებას სწავლის გაძვირება მოჰყვებოდა, ეს კიდევ ერთ პრობლემას განაპირობებდა – გაზრდილი გადასახადის პირობებში, სასწავლებლებს ნაკლები თანხები დარჩებოდათ ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რაც სწავლის ხარისზე თავისთავად უარყოფითად აისახება.
თუკი წარმატებული ქვეყნების ისტორიას გადავხედავთ და იმის ძიებას დავიწყებთ, როგორ მიაღწიეს ამ ქვეყნებმა წარმატებას, ერთ მარტივ ჭეშმარიტებას აღმოვაჩენთ: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველა ქვეყანაში უდიდესი თანხა ჩაიდო სწორედ განათლების სფეროში, რამაც, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნების წარმატება განაპირობა. საქართველოს მთავრობა პირიქით იქცეოდა და თანხების ამოღებას და ბიუჯეტის დაბალანსებას უმაღლესი სასწავლებლების ხარჯზე ცდილობდა. “მათ სოლიდური შემოსავალი აქვთ და რატომ არ უნდა იხდიდნენ დღგ-ს”? – კითხულობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
რატომ და თუნდაც იმიტომ, რომ სრულყოფილი განათლების მიღება საქართველოში დღეს ისედაც საკმაოდ ძვირი ღირს და ქართული მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის ამ მუხლის დამტკიცების შემთხვევაში, აუსრულებელ ოცნებად შეიძლება ქცეულიყო. რადგან უნივერსიტეტების დღგ-თი დაბეგვრას აუცილებლად მოყვებოდა სწავლის გაძვირება.
თუმცა, მთავრობამ შეცვალა თავისი თავდაპირველი გადაწყვეტილება, რის შედეგადაც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები დამატებითი ღირებულების გადასახადით აღარ დაიბეგრებიან. მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ახალ საგადასახადო კოდექსზე ბოლო დროს გამართული საჯარო განხილვების შედეგად აშკარა გახდა, რომ უმაღლესი სასწავლებლებისთვის დღგ-ს დაწესებას უარყოფითი გავლენა ექნებოდა სექტორის შემდგომი განვითარებისთვის.
მაგრამ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში პრობლემა რომ მხოლოდ დღგ-ს შესაძლო დაწესება-არდაწესების საკითხი არ არის, ესეც ნათელია.
განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების წარმატებით მუდმივად იწონებენ თავს განათლების ახლანდელი თუ ყოფილი მინისტრები. მაგრამ ამა თუ იმ რეფორმას მაშინ შეიძლება დაერქვას წარმატებული, როცა ის მოქალაქეების კეთილდღეობას და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება. დღეს კი, განახლებული და რესტრუქტურიზებული განათლების სისტემა ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეების მოთხოვნებს, რასაც საზოგადოებაში გაჩენილი უკმაყოფილების დიდი ტალღაც ადასტურებს.
ბაკალავრიატზე სწავლის გადასახადის სიძვირის თვალსაზრისით, კავკასიის უნივერსიტეტი გამოირჩევა. სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლის წლიური საფასური აქ 9000-16900 ლარამდე მერყეობს. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ასევე, ფაკულტეტების მიხედვით სწავლის წლიური ღირებულება 5000-12900 ლარს შეადგენს. ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში და ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე ფასები 6000-6450 ლარს შეადგენს.
ბაკალავრიატში სწავლის ღირებულება ყველაზე დაბალი (აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის) – 1250 ლარი, ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზეა.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასური 2250 ლარს შეადგენს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კი, ფასები 1750-2250 ლარს შორის მერყეობს.
ასევე მაღალია მაგისტრატურაში სწავლის წლიური საფასურიც, რაც 1750 ლარიდან 8000 ლარამდე მერყეობს. მაგისტრატურაში სწავლის საფასური ბევრ უმაღლეს სასწავლებელში 2250 ლარია. აღნიშნული თანხის გადახდა საქართველოში ძალიან ჭირს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების სწავლის საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაფარვის შესაძლებლობა ეგრეთ წოდებული ვაუჩერების თუ პრეზიდენტის სტიპენდიის მიღების სახით არსებობს, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე ეს არ არის საკმარისი. სტუდენტის ხელმოკლეობა და უსახსრობა მის შრომისუნარიანობაზე და მოტივაციაზე უარყოფიდათ აისახება, რაც, შესაბამისად, სწავლის ხარისხზეც ნეგატიურად მოქმედებს.
სტუდენტების მშობლები დახმარებას ითხოვენ. ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს აღნიშნული საკითხის და ფასების დარეგულირება შეუძლია. მთავრობის მესვეურთა განცხადებით კი, არსებობს სახელმწიფო სტიპენდიები და აბიტურიენტს, რომელიც მეცადინეობს და გამოცდებს უმაღლეს ქულებზე ჩააბარებს, 100%-იანი დაფინანსების აღებაც შეუძლია. გასაგებია, მაგრამ იმისათვის, რომ სტუდენტმა სახელმწიფოსგან 100%-იანი ან, თუნდაც, 70% და 50%-იანი თანადაფინანსება მიიღოს, ამისთვის მან უნარ-ჩვევებში მაქსიმალური ქულები უნდა აიღოს, ასეთები კი, ძალიან ცოტანი არიან. თანაც, ისევ და ისევ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების გამო და იმის გამო, რომ სკოლაში მოსწავლეებს შესაბამის განათლებას ვერ აძლევენ, აბიტურიენტებს გამოცდებისათვის მოსამზადებლად რეპეტიტორების დაქირავება უწევთ, რაც, ასევე, არცთუ მცირე თანხებთან არის დაკავშირებიული, რისი საშუალებაც ისევ და ისევ მხოლოდ შეძლებული ფენის წარმომადგენლებს აქვთ.
საქართველოს მთავრობა განათლების სისტემას კიდევ ერთი “რევოლუციური” რეფორმისთვის ამზადებს
განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, 28 ივნისს უმაღლესი სასწავლებლის რექტორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გადაწყდა, დაიწყოს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებისთვის სპეციალური, დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში აპრობირებული, ე.წ. ენდაუმენტის ფონდების (Eნდოწმენტ Fუნდ) შექმნას ითვალისწინებს.
უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან არსებული ამ ტიპის ფონდები, ივსება სასწავლო დაწესებულების შემოსავლების ნაწილით, ასევე, დონორთა შემოწირულობებით. ამ ტიპის ფონდებში მუდმივად არსებობს გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელსაც უნივერსიტეტი მხოლოდ ისეთ საქმეში იყენებს, რომლიდანაც მოგება შემოსდის და ამ მოგებას შემდეგ ანაწილებს სხვადასხვა მიზნებისთვის, იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება თუ სტუდენტების სასწავლო სტიპენდიებით უზრუნველყოფა. ენდაუმენტის ფონდი ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი სასწავლებლის ფული დევს ბანკში და პროცენტი, რომელიც ამ თანხას ემატება, სტუდენტის სწავლა-განათლებისთვის გამოიყენება.
ზუსტად რა მოდელის იქნება ეს ფონდი და რა პრინციპით იმუშავებს საქართველოში ეს ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კონკრეტული კანონპროექტი მომზადდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს. “მსგავსი ფონდები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უკვე მუშაობს. მათ მიზანს ის წარმოადგენს, რომ შემოსავალი, რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი იღებს, არა მხოლოდ ხელმძღვანელობის თუ დამფუძნებელთა ხელფასებისთვის იყოს გამოყენებული, არამედ სასწავლებლის სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემასაც მოხმარდეს”, – აცხადებს შაშკინი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, იმაზე, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ფინანსთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით, რომელიც ენდაუმენტების ფონდების შექმნის პროექტს შეიმუშავებს.
ამ ინიციატივას უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ. კახა ბენდუქიძის განცხადებით, ენდაუმენტის ფონდები საქართველოში რევოლუციას არ გამოიწვევს, თუმცა, იქვე კმაყოფილება გამოთქვა, ფინანსთა სამინისტროს მიერ განათლების სფეროს დღგ-თი დაბეგვრის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის გამო, ვინაიდან ეს გამოიწვევდა ფასების ზრდას. “ფასების ზრდა, ცხადია, განათლების ხელმისაწვდომობას შეამცირებდა. ჩვენ ვიცით, რომ უნივერსიტეტებს ტოვებენ სტუდენტები სწორედ თანხის გადაუხდელობის გამო. იმის ალბათობაც იყო, რომ შემდეგ ეს თანხები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს დაბრუნებოდათ უკან, ხოლო კერძო უმაღლესი სასწავლებლები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილიყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ზოგიერთ კერძო უმაღლეს სასწავლებელში სულაც არ არის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელზე გაცილებით მეტი გადასახადი”, – აღნიშნა ბენდუქიძემ.
რაც შეეხება ენდაუმენტის ფონდს, ბენდუქიძის თქმით, თავისუფალ უნივერსიტეტს უკვე აქვს ენდაუმენტის მსგავსი ცოდნის ფონდი. კახა ბენდუქიძე ვარაუდობს, რომ აღნიშნული ფონდები საქართველოში რევოლუციას ვერ მოახდენენ. “ეს კარგია, რადგან უმაღლეს სასწავლებლებს ენდაუმენტის ფონდი სხვადასხვა თანხების მოზიდვის საშუალებას მისცემს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ფონდები რევოლუციას ვერ მოახდენენ. ამერიკაში ეს ფონდები მრავალი წლის განმავლობაში იქმნებოდა და შედარებით უკეთ მუშაობს, ხოლო ევროპაში ამ ფონდების ეფექტურობა შედარებით უფრო დაბალია. საქართველოს პირობებში კი, ასეთი ფონდების მუშაობა განსაკუთრებულ გადატრიალებას მგონია, რომ ვერ მოხდენს”, – განაცხადა კახა ბენდუქიძემ.
უცხოური გამოცდილება
მსოფლიოში და განსაკუთრებით აშშ-ში უკვე კარგად არის აპრობირებული ენდაუმენტის ფონდების მეთოდით წარმატებული სტუდენტების დაფინანსების პრაქტიკა. მსგავს ფონდებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის შეტანა. თუმცა, ენდაუმენტის ფონდებში თანხა, ძირითადად, ამ სასწავლებლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეაქვთ, რომელთაც კარიერულ წინსვლას მიაღწიეს უნივერსიტეტში მიღებული განათლების წყალობით და სწავლის დამთავრების შემდეგ მადლიერებას ამ ფორმით გამოხატავენ.
მსგავსი ფონდების ისტორია XVII საუკუნეში დაიწყო, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა უნივერსიტეტს მიწა გადასცა, რომლის ბაზაზეც დაარსდა პირველი “ენდაუმენტ ფონდი”. აქედან იწყება მსგავსი ფონდების არსებობა, მაგრამ ჩვეულებრივი ფონდებისაგან განსხვავებით, თანხები უნივერსიტეტითვის პირდაპირ მიღებული დახმარებიდან კი არა, არამედ ამ თანხების ბირჟებზე განთავსების და ინვესტირების შემდეგ მიღებული მოგებიდან გაიცემა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მსგავსმა ფონდმა გასულ წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1.4 მილიარდი დოლარით შეავსო, რაც მისი საერთო შემოსავლის 38%-ს შეადგენდა. ეს თანხა უფრო მეტიც შეიძლება ყოფილიყო, რომ არა კრიზისი. 2008 წელს ფინანსური კრიზისის გამო ჰარვარდის უნივერსიტეტის ფასიანი ქაღალდები 10 მილიარდი დოლარით გაუაფდა და მისი მოცულობა 26 მილარდამდე შემცირდა.
მაგრამ ისიც ცხადია, რომ ყველა უნივერსიტეტის შემოსვალი მსგავსი ფონდიდან ვერ იქნება ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც ჰარვარდის, სტენფორდის, იელის და სხვა წარმატებული უნივერსიტეტების, რომელთა მსგავსი ფონდებიდან შემოსავალი საშუალოდ 40%-ს შეადგენს. ის უნივერსიტეტები, სადაც ეს მეთოდი კარგად არის აპრობირებული, ყველა კურსდამთავრებულს უგზავნიან წერილს, სადაც მიუთითებენ, რომ მათ ჰქონდათ კარგი განათლების მიღების საშუალება და ამაში თავის წვლილი “ენდაუმენტ ფოინდსაც” შეჰქონდა და სთხოვენ, რომ იგივე პირობები მომავალი თაობებისთვის შეიქმნას და მათაც შეუწყონ ხელი. უნივერსიტეტები ბიზნესმენებს, ასევე, უგზავნიან ბიუჯეტის ყოველწლიურ დაწვრილებით ანალიზს, იმის გასაცნობად, თუ რას ხმარდება მათ მიერ გაღებული თანხები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პიოინერები ამ საქმეში ამერიკული უნივერსიტეტები არიან. ევროპასა და აზიაში “ენდაუმენტ ფონდები” მოიგვიანებით განვითარდა, რადგან ევრაზიის კონტინენტზე უმაღლესი სასწავლებლები ტრადიციულად სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებოდა. მაგალითად, ბრიტანული ოქსფორდის უნივერსიტეტი, მსგავსი ფონდის მოცულობით 2008 წელს მე-19 ადგილზე იყო, 5.4 მილიარდი დოლარით. 2008 წლის მონაცემების მიხედვით, ფონდის მოცულობით, პირველი ათეულის წევრი უნივერსიტეტებიდან 9 არის ამერიკული და მხოლოდ ერთი ბრიტანული კემბრიჯის უნივერსიტეტი, 7.9 მილიარდი დოლარით.
განვითარებად ქვეყნებში მსგავსი ფონდები არცთუ წარმატებით მუშაობენ. მაგალითად, რუსეთში უნივერსიტეტები სახელმწიფოდან მიღებული სუბსიდიების შემდეგ ყველაზე დიდ შემოსავალს, 65%-ს იღებენ სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის ქირიდან, 19%-ს კვლევით სამუშაოებთან დაკავშირებული კონტრაქტებიდან, 1%-ს საარენდო ქირებიდან, კეთილ ნებაზე დაფუძნებული შემოწირულობებიდან კი, მხოლოდ 5%-ს. რუსეთში დღეისათვის უნივერსიტეტებთან არსებული დაახლოებით 50 “ენდაუმენტ ფონდი” არსებობს, რომელთა საერთო მოცულობა მხოლოდ 2.5 მილარდ რუბლს შეადგენს. როგორც რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ აშშ-ში ბიზნესმენებს დამატებითი შეღავათები აქვთ მსგავს ფონდებში თანხის შეტანის შემთხვევაში, რუსეთში კი არა.
რაც შეეხება ქართულ უნივერსიტეტებს, გადავხედოთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტს და ვნახოთ თუ რა გზებით ფინანსდება განათლების ერთ-ერთი მთავარი კერა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ თსუ-ს ბიუჯეტი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე დევს და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
როგორც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი რადიო “კომერსანტის” გადაცემა “გამჭვირვალე ბიუჯეტში” აღნიშნავს: საქართველოში ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი შედგება ძირითადად გრანტებიდან მიღებული შემოსავლებიდან და სწავლის ქირიდან.
თსუ-ს ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონამდე ლარს წლის განმავლობაში, გრანტებისა და ყველანაირი შემოსავლების ჩათვლით. სასწავლო გრანტებს აფინანსებს სახელმწიფო. ანუ ის სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს მიიღებენ მაღალ შეფასებებს, ფინანსდებიან 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსებით, რომელსაც იხდის სახელმწიფო. ამასთანავე, ეს ფული არის უშუალოდ სტუდენტის ფული, ანუ სახელმწიფო ამ თანხას აძლევს კონკრეტულად სტუდენტს და ამ გზით, კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გადადის სხვა უმაღლეს სასწავლებელში, ეს გრანტი თან მიყვება მას.
დაფინანსების სხვა წყაროები არის სტუდენტების მიერ გადახდილი თანხა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები. თანხის მცირე ნაწილს თსუ იღებს ეკონომიკური საქმიანობიდან, მაგალითად, იჯარით გაცემული ფართიდან და სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან. უნივერსიტეტის მეცნიერული ნაწილი გრანტებს ასევე იღებს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან ან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
რაც შეეხება ბიუჯეტის კონტროლს, როგორც თსუ-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება იწყება წინა წლის სექტემბრიდან. ამ პროცესში ჩართულია ყველა ფაკულტეტი, ფაკულტეტის საბჭოები, ხელმძღვანელები და თითოეულმა ფაკულტეტმა იცის თავისი ბიუჯეტის მოცულობაც და სხვა ფაკულტეტების ბიუჯეტის შემადგენლობაც.
შეიძლება “ენდუმენტ ფონდების” შექმნა მართლაც იყოს გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაშია, როცა მაღალი ფასებისა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სიდუხჭირის გამო ბევრი ახალგაზრდა ვერ ახერხებს სრულყოფილი განათლების მიღებას. მაგრამ ისიც საინტერესოა, რამდენად კარგად გათვლილი და მომზადებული იქნება ეს სიახლე და რა პირობებით იარსებებენ მსგავსი ფონდები ჩვენს ქვეყანაში? როგორც მთავრობის წარმომადგენლები გვპირდებიან, კანონპროექტი მზად 2 კვირის შემდეგ იქნება და ბევრი რამ ნათელი გახდება.