გაზსადენის ინტერესთა გზაჯვარედინზე
მაკა ღანიაშვილი
რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყაროს და ეს, იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. არ არის გამორიცხული, რუსეთმა, საქართველოს ტერიტორიის გავლით, რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალურ გაზსადენზე კონტროლი მოიპოვოს. მაგისტრალური გაზსადენის თემა უკვე მერამდენედ მწვავდება. მითქმა-მოთქმის მორიგი ტალღა მოჰყვა კანონპროექტს “სახელმწიფო ქონების შესახებ”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 6 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო. 13 ივლისს კი, უკვე მეორე მოსმენით უყარა კენჭი. დღეს უკვე ბევრი სვამს კითხვას, თუ რატომ არ ითვალისწინებს საქართველო მისთვის შეერთებული შტატების მიერ არა ერთხელ მიცემულ რჩევას და არ იჩენს სიფრთხილეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის გასხვისებასთან დაკავშირებით?
მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება, 221 კმ-ს მოიცავს. მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის. შესაბამისად, ქვეყნისთვის, როგორც სტრატეგიული, ისე ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია.
2 ივლისს პარლამენტის ტრიბუნაზე მდგომმა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებისა და საზოგადოების დამშვიდება საკონტროლო პაკეტის შენარჩუნების პერსპექტივით სცადა. ნიკა გილაური: “არ ვაპირებთ გაზსადენის პრივატიზაციას არც ერთ ვარიანტში, დღეს არსებული გაზის ინფრასტრუქტურის საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება. 51% ყოველთვის იქნება სახელმწიფოს ხელში”. თუმცა, საპარლამენტო ოპოზიცია 6 ივლისს ამაოდ ცდილობდა კანონპროექტში გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გასხვისებისგან დაცვის დებულება შეეტანა. ოპოზიცია სხდომაზე ასევე აქტიურად ცდილობდა შეეხსენებინა უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის, რომ როდესაც გაზსადენის გასხვისების თემა იხილება, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ ობიექტისადმი რუსეთის მრავალწლიანი ინტერესის ფაქტორი – რუსეთისა, რომელიც ენერგეტიკას პოლიტიკური მიზნებითა და სადამსჯელო ბერკეტის სახით უკვე კარგა ხანია იყენებს.
როდესაც მაგისტრალური გაზსადენის ხელში ჩაგდების კრემლისეულ მისწრაფებებზე ლაპარაკობენ, ხაზი ყოველთვის ესმება იმ გარემოებას, რომ ამ მიზნის მიღწევა რუსეთს მხოლოდ საქართველოში საკუთარი ინტერესების გასატარებლად არ სურს. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს კიდევ უფრო დაუახლოვდეს ირანს და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ესოდენ საფრთხილო ალიანსი შექმნას. ამასთან, მოსკოვს მიეცემა ბერკეტები, რომ ნებისმიერ დროს ჩაკეტოს ცენტრალური აზიის ენერგეტიკული ბაზრები დასავლეთისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანალიტიკოსების აზრით, თუკი საქართველო მაგისტრალურ გაზსადენს დათმობს, შესაძლოა დასავლეთის ინტერესები საქართველოს მისამართით, უბრალოდ, ნულს გაუტოლდეს.
გაზსადენის გასხვისებასთან დაკავშირებულ სიფრთხილეს საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლებული შეახსენებდა ამერიკის შეერთებული შტატები. 2004-2005 წლებში, როცა საქართველოს ხელისუფლებამ პირველად წამოჭრა გაზსადენის პრივატიზაციის საკითხი მისი რეაბილიტაციისთვის აუცილებელი თანხების არარსებობის მოტივით, ამას საქართველოს უმსხვილესი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის ადმინისტრაციის მკაფიო გაფრთხილება მოჰყვა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გაზსადენის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აშშ-ის მთავრობამ გამოყო თანხები გაზსადენის რეაბილიტაციისთვის. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” (MCC) ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სხვა პროექტებთან ერთად ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას იმ პირობით ითვალისწინებდა, რომ საქართველო არ გაასხვისებდა ამ ობიექტს. “საქართველოს მთავრობამ არ უნდა გაყიდოს ან გადასცეს ან ნებართვა გასცეს გაყიდვაზე ან გადაცემაზე, გაზსადენის და/ან საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის (ან მისი შვილობილი კომპანიების) აქციების საკონტროლო პაკეტი და ასევე არ უნდა გასცეს გირაოს უფლება გაზსადენზე ამ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ათასწლეულის განვითარების ფონდი” წერილობითი ფორმით არ განაცხადებს თანხმობას”, – ნათქვამია შეთანხმებაში. შეთანხმების თანახმად, ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს MCC-ის ის თანხა, რაც გაზსადენის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, რის შემდეგაც Mჩჩ შეწყვეტს გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტს და ასევე დაიტოვებს უფლებას შეაჩეროს შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პროექტებიც. კონტრაქტის ვადა 2011 წლის 7 აპრილის იწურება.
თუმცა, პროექტი უკვე დასრულდა და გაზსადენის გაყიდვის თემაც კვლავ აქტუალური გახდა, ოღონდ ამჯერად უკვე რეაბილიტირებული და, შესაბამისად, პოტენციურად უფრო მაღალ ფასად გასაყიდი გაზსადენის. ფონდ “ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს” ინფორმაციით, 2010 წლის თებერვალში დასრულდა რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 35 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
რა საფრთხეს შეიძლება მოიცავდეს გაზსადენის გაყიდვა? ან იქნებ მათი არგუმენტები უფრო მისაღებია, ვინც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არაეფექტური მესაკუთრეა და კერძო მეპატრონე ყოველთვის უკეთესად ართმევს თავს ნებისმიერი სამეურნეო ფუნქციის შესრულებას?
ამ საკითხზე მსჯელობისას, უპირველეს ყოვლისა, რუსული ფაქტორია გასათვალისწინებელი. საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციით დაინტერესებულთა სათავეში კვლავ რუსული “გაზპრომი” დგას – რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი უმძლავრესი ინსტრუმენტი. “გაზპრომში” არც მალავენ ამ აქტივით დაინტერესებას და პირდაპირ მიუთითებენ, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მათთვის მიყიდვა პირდაპირ აისახება საქართველოთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურზე.
რას ნიშნავს ეს? რუსულმა ენერგოგიგანტმა უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნა 2010 წლის საფასო პოლიტიკის განაცხადი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მიმართებაში, საიდანაც ნათელი ხდება, რომ საქართველოსთვის რუსული გაზი ყველაზე ძვირი ღირს – ათას კუბურ მეტრზე 270 დოლარი, რაც უფრო მეტია, ვიდრე რუსული გაზის ფასი ბელორუსიისთვის (170 დოლარი), სომხეთისთვის (182 დოლარი), უკრაინისთვის (230 დოლარი) და მოლდოვეთისთვის (240 დოლარი). სწორედ ამ 270 დოლარის შემცირების საკითხს განიხლავს “გაზპრომი” იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი მის კუთვნილებაში გადაინაცვლებს.
მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რესურსი და მისი ფასი საქართველოსთვის? მაშინ, როდესაც საქართველო რუსულ გაზე გაცილებით მეტად აზერბაიჯანულ გაზზეა დამოკიდებული. თავად “გაზპრომის” გათვლებითაც, 2010 წელს საქართველომ შეიძლება მაქსიმუმ 400 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი მოიხმაროს, როცა ქვეყნის მთლიანი მოხმარება 2 მილიარდ კუბურ მეტრს აჭარბებს. ანუ რუსული გაზის წილი ქართულ მოხმარებაში რუსული მხარისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც კი ერთ მეხუთედზე ბევრად ნაკლებია. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ინტერესი გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვისას ნაკლებად თვალსაჩინოა. კიდევ უფრო ნაკლებად თვალსაჩინოა პოლიტიკური სარგებელი, რომელიც საქართველომ მაგისტრალური გაზსადენის ოკუპანტი ქვეყნის სტატუსით მოსილი სახელმწიფოსთვის გადაცემით შეიძლება მიიღოს. მით უფრო, როდესაც პოტენციური მყიდველი არა რომელიმე რუსული კერძო კომპანია, არამედ სახელმწიფო ენერგოგიგანტი “გაზპრომია”, რომლის დირექტორთა საბჭოც პოლიტიკოსთა მაღალი ეშელონების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.
ნათელია, რომ რუსული კომპანიისთვის მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად გამართლებული არ არის. მაშ, რას შეიძლება ემსახურებოდეს გაზსადენის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში გადანაცვლება?
ვერსია რამდენიმე შეიძლება იყოს. შესაძლოა, საქართველო მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვის თემაზე აპელირებით დასავლელი პარტნიორებისგან მორიგი ფინანსური ინექციების მიღებას იმედოვნებს. როგორც ეს მოხდა 2004-2005 წლებში.
მეორე ვერსია საბიუჯეტო პრობლემებს უკავშირდება. როგორც ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, 2011 წლიდან ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება.
2008 წლის 22 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე გამოყოფილი დახმარების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. 2011 წლიდან კი, საქართველოს თვითონ მოუწევს შემოსავლების ფორმირებაზე ზრუნვა. ამიტომ მომავალი წლიდან შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი შემოსავლების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დადგეს და თუ ამ რესურსს ადგილობრივად გენერირებული ფული არ ჩაენაცვლება, ეკონომიკის ჩავარდნა გარდაუვალია. ბოლო 3 წელია, ბრიუსელის დონორთა კონფერენციის მიერ გამოყოფილი თანხების მიუხედავად, საქართველოს მთავრობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება განსაკუთრებით პრობლემურია. ამიტომ ეჭვი, რომ 2011 წლიდან ბიუჯეტს პრობლემები შეექმნას, კიდევ უფრო მძაფრდება. ბრიუსელის დონორთა კონფერენციით გამოყოფილი რესურსის ჩანაცვლების ერთ-ერთ საშუალებად შესაძლოა მოვიაზროთ აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკა, რისი ტენდენციაც უკვე შეინიშნება. სწორედ ამ აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკის “მსხვერპლი” შეიძლება გახდეს გაზსადენიც.
მაგრამ მაგისტრალური გაზსადენის დაუფიქრებელმა, უპირობო გაყიდვამ და, მით უმეტეს, რუსეთისთვის მიყიდვამ, ექსპერტების აზრით, საქართველოს შესაძლოა მთავარი გეოპოლიტიკური ფუნქცია დაუკარგოს, ვინაიდან საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია გახლავთ მისი სატრანზიტო პოტენციალი, მისი სტრატეგიული ფუნქცია არის ერთიანი ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის ნაწილად ქცევა სამომავლოდ. ასეთი საპრივატიზაციო პროექტები კი, ეჭვქვეშ აყენებს ამ ფუნქციის განხორციელებას.
ვინ შეიძლება გახდეს
გაზსადენის მფლობელი
ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ შეიძლება გახდეს “გაზსადენის” მფლობელი. მართალია, გაზსადენის გასხვისების შემთხვევაში, მისი ყველაზე რეალური მფლობელად “გაზპრომი” მოიაზრება, მაგრამ როგორც ირკვევა, რუსული მხარე სულაც არ არის ერთადერთი, ვინც ქართული გაზსადენით დაინტერესებას გამოთქვამს.
გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებების ჭრილში, რუსულის გარდა, სულ უფრო აქტიურად იწყება საუბარი ყაზახური ინტერესის შესახებ. ყაზახური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია ყაზმუნაიგაზი” ქართულ მხარესთან მაგისტრალური გაზსადენის შეძენის საკითხზე მოლაპარაკებებს რომ მართავს, ამის შესახებ “ყაზმუნაიგაზის” გამგეობის თავმჯდომარემ, კაირგელდი კაბილდინმა ღიად განაცხადა. აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდთან” საუბრისას, კაბილდინმა დააზუსტა, რომ სატრანსპორტო დერეფნის ბაქო-შავი ზღვის” შექმნის ფარგლებში “ყაზმუნაიგაზი” განიხილავს ტრანზიტის საკითხს საქართველოს ტერიტორიის გავლით და მართავს კონსულტაციებს ქართულ მხარესთან გარკვეული აქტივების შეძენის ან მათ მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ”. მან ასევე აღნიშნა, რომ ყაზმუნაიგაზს” საქართველოში ბათუმის ნავთობტერმინალის სახით აქტივი უკვე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შავ ზღვაზე გარკვეული პოზიციები უკვე გააჩნია და მათ გამყარებას გეგმავს.
“ყაზმუნაიგაზის” ინტერესი სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან “ყაზმუნაიგაზი” და “გაზპრომი” დიდი ხნის პარტნიორები არიან და “გაზპრომი” ამ კომპანიაში აქციების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. გარდა ამისა, “გაზპრომს” ყაზახეთთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, ყაზახური გაზის ტრანსპორტირება-რეალიზაციას რუსები კურირებენ.
მაგრამ საკითხავია, რამდენად საიმედო ინვესტორი შეიძლება იყოს ყაზახური კომპანია?
საქართველოში “ყაზმუნაიგაზი” რამდენიმე სერიოზულ ობიექტს ფლობს, მათ შორის არის “ყაზტრანსგაზ-თბილისი”, რომელსაც მილიონობით დავალიანების გამო სემეკის მიერ დანიშნული ფინანსური მმართველი ჰყავს. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილების გამო აღშფოთებულმა “ყაზმუნაიგაზის” ხელმძღვანელობამ კომპანიის გაყიდვა და საქართველოდან კაპიტალის გატანაზეც კი გააკეთა განცხადება. საბოლოოდ, კაბილდინი ქართული ხელისუფლების ნებას დაჰყვა და საკუთარ კომპანიაში სემეკის მიერ დანიშნული მმართველის კონტროლს უკვე მეორე წელია იტანს.
გარდა ამისა, ყაზახებმა რამდენჯერმე გადაიფიქრეს და ისევ მოიფიქრეს ბათუმის ნავთობტერმინალის მშენებლობა. ამას წინათ, “ყაზმუნაიგაზის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კომპანია შავი ზღვის აუზთან მიმართებაში თავის პოლიტიკას ცვლიდა, კერძოდ, კომპანია აჩერებდა ახალ პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავდა ბათუმსა და ჯეიჰანში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. პროექტის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად მშენებლობისთვის არახელსაყრელი მდებარეობა სახელდება. კერძოდ, მიწების ერთი ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო მეორე – კერძო მფლობელებს, რომელთაც ინვესტორებს მიწის ნაკვეთების გადასაცემად ძალიან მაღალი ფასი მოსთხოვეს. ასევე, რამდენჯერმე გადაიდო შავიზღვისპირეთში ხორბლის ტერმინალის მშენებლობა, ყაზახებს დღემდე არ შეუსრულებიათ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებიც.
მაგისტრალური გაზსადენის შეძენის შესაძლებლობას ბაქო და ერევანიც განიხილავენ. აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარის” შემდეგ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შეძენის შესაძლებლობას სომხური მხარეც განიხილავს. სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის, არმენ მოვსისიანის თქმით, როდესაც საქართველო გაზსადენის გაყიდვის შესახებ განაცხადებს, სომხური მხარე მისი შეძენის საკითხზე დაფიქრდება. თუმცა, მისივე თქმით, მოცემულ მომენტში საქართველოს არ განუცხადებია და არც აპირებს რუსეთი-საქართველო-სომხეთის გაზსადენის გასხვისებას და მაგისტრალი მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების სიიდანაა ამოღებული. “მათ მხოლოდ IPO-ს ბაზარზე გასვლის შესახებ განაცხადეს. ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი შიში არ გვაქვს. მილსადენი რომც გაიყიდოს, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არავითარ რყევას არ გამოიწვევს”, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გაზსადენისადმი ინტერესის არსებობა აზერბაიჯანულმა სოკარმაც” არ უარყო. “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დიტრექტორის, მაილ მამედოვის განცხადებით, თუ შეთავაზება იქნება, “სოკარი” ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს, რადგან მიაჩნიათ, რომ პროექტში მონაწილეობა “სოკარისთვის” შეიძლება საინტერესო იყოს.
“სოკარის” წარმომადგენელთა განცხადებას რუსული მედიაც გამოეხმაურა. გაზეთ სეგოდნიას” შეფასებით, ახლო მომავალში, შესაძლოა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ-კომპანია მილსადენის მფლობელი გახდეს, რომელიც რუსეთიდან სომხეთში მიემართება. გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ გაზსადენის მფლობელი სოკარი” გახდება, ბაქოს ძალიან წონიანი კოზირი” მიეცემა ხელში, რა ერევანს შეუქმნის პრობლემებს. ფასწარმოქმნის საკითხები რომ არ განვიხილოთ, მხოლოდ ექსპლოატაციის ტექნიკური” პრობლემები ძალიან საინტერესო სიტუაციებს გვპირდება. გაზსადენი, შესაძლოა, ძალიან ხშირად და საშინლად გაფუჭდეს, რა თქმა უნდა, სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციასა და ყარაბაღის პრობლემასთან კავშირის გარეშე. უბრალოდ, მილსადენი ძალიან გაცვეთილია და ბევრი ტექნიკური” პრობლემა დაგროვდა. ქართველები გაზსადენის ტექნიკურ” პრობლემებს მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით იყენებდნენ სომხებთან ურთიერთობაში. ის წყობიდან შესაშური რეგულარობით გამოდიოდა”, – წერს გამოცემა და ირონიულად შენიშნავს: იოლი წარმოსადგენია, რა საშინელი მეწყერი ემუქრება გაზსადენს იმ შემთხვევაში, თუ მისი მეპატრონე სოკარი” გახდება”.
გაზსადენის შესაძლო გასხვისების თემას ეხმაურება BBC-იც. BBC-ის მიმომხილველი პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ “საქართველო და რუსეთი მიუხედავად დაძაბული ურთიეთობებისა, ბიზნესს მაინც აკეთებენ”. სამხრეთ ოსეთის გამო 2008 წელს მომხდარი შეიარღებული კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა და საქართველომ დიპომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, მაგრამ როდესაც საქმე ბიზნეს საქმიანობაზე მიდგება, ორივე მხარე ხშირად უფრო პრაგმატულ მიდგომას არჩევს – მიიჩნევს სტატიის ავტორი – ის, რომ რუსეთმა რამდენიმე წლის წინათ ქართულ ღვინის იმპორტი აკრძალა და ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიამიმოსვლების დეფიციტია, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის, ბიზნესის სფეროში ზეწოლას, რეგიონზე საკუთარი გავლენის მნიშვნელოვნად გაფართოვებისთვის იყენებს, მაგრამ ამ დაძაბული პერიოდის განმავლობაშიც კი, საქართველოში მაინც ბევრი რუსული კომპანია ოპერირებდა”.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პარლანეტში იმ წინადადების გარშემო, რომლის თანახმადაც, თავიდან უნდა შეიქმნას გასაყიდად ასაკრძალი სახელმწიფო საკუთრების ნუსხა, მწვავე დებატები გაჩაღდა. კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა პირველი სამი წაკითხვით დაამტკიცა, ტრანზიტული მილსადენი, რომელსაც რუსული გაზი საქართველოს გავლით სომხეთში მიაქვს, შეიძლება პრივატიზაციას დაექვემდებაროს. რუსული გაზის მონოპოლისტი “გაზპრომი” იმ ერთადერთ პოტენციურ ინვესტორადაა მიჩნეული, რომელიც დაინტერესებულია და შეუძლია ამ მილსადენის მნიშვნელოვანი წილის შეძენა. ამ ბოლო წლებში, რუსეთის ენერგეტიკულ კომპანიებსა და მათ კოლეგებს შორის მეზობელი ქვეყნებიდან ბუნებრივი აირის გამო რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. მოსკოვი აცხადებს, რომ დავები მხოლოდ ბიზნესის გამო მოხდა, ხოლო ოპონენტები რუსეთს იმაში სდებენ ბრალს, რომ ის ენერგეტიკული მიმწოდებლის სტატუსს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. BBC-ის კორესპონდენტი იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ “გაზპრომისათვის” მილსადენის მიყიდვის შესახებ საუბარი პირველად არ დაწყებულა. ხუთი წლის წინაც ასეთი დისკუსიები მიმდინარეობდა. მაგრამ მაშინ აშშ-მ და თბილისმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, თბილისს მილსადენის მოდერნიზებისთვის ფული მისცეს და საქართველომ, სანაცვლოდ, პირობა დადო, რომ მილსადენს არ გაყიდდა, წერს ბრიტანელი მიმომხილველი.
ფაქტია, რომ მაგისტრალური გზსადენის თემა უკვე ძალიან აქტუალურია. ის არა მხოლოდ კავკასიური და რუსული, არამედ დასავლეთის წამყვანი მედია საშუალებების ინტერესის სფეროში ხვდება, რაც მართლაც მიუთითებს გაზსადენის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. საინტერესოა, რა მოხდება 2011 წლის აპრილის შემდეგ, როცა საქართველოს არანაირი ვალდებულება აშშ-სთან დადებული კონტრაქტის გამო აღარ ექნება? შეელევა თუ არა მთავრობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტატეგიულ ობიექტს?