CERMA რეალური აღმშენებლობა თუ მობეზრებული კონსულტები?
ოთარ ქირია
მიმდინარე წლის 27-29 ივლისს ქობულეთში გამართულ სემინარზე ჩვენი ჟურნალი ახლოს გაეცნო საქართველოში საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროგრესს, რომელსაც ორგანიზაცია CERMA და მისი პრეზიდენტი, ქ-ნი ნანა ადეიშვილი ხელმძღვანელობს. სიმართლე გითხრათ, ამ უაღრესად მძიმე პერიოდში, გასაკვირია, საქართველოში ვინმე აღმშენებლო ბით საქმიანობას ეწეოდეს. მაგრამ, როცა შევიტყვეთ, რომ CERMA-მ ფეხზე დააყენა და მსოფლიო სტანდარტებზე გადაიყვანა 30-ზე მეტი ქართული საწარმო და ბევრი მათგანი მსოფლიო ბაზარზე გაიყვანა, გაგვიჩნდა სურვილი უფრო ღრმად ჩაგვეხედა ამ ჯგუფის საქმიანობაში და ჩვენ ჟურნალში ამ ჯგუფის პრეზენტაციისთვის დაგვეთმო მთელი ბლოკი. მაშ ასე, ვინ აშენებს საქართველოს და რას წარმოადგენს სერმა.
CERMA გახლავთ კონსალტინგური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს ტრანსფორმირებისა და რესტრუქტურზაციის, ასევე მისი გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მომსახურებებს. CERMA-ის დაახლოებით 20 მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტი და 70-მდე კონსულტანტი ნებისმიერ კომპანიას, რომელიც თანამშრომლობის მსურველი იქნება გაუწევს საკონსულტაციო და თრეინინგულ მომსახურებას სხვადასხვა სფეროებში. დღეისათვის CERMA-მ ქართული ბიზნესის შემდეგ სფეროებში მიიღო უკვე მონაწილეობა: ღვინო, ტელეკომუნიკაციები, მშენებლობა, წარმოება, საკვები პროდუქციის წარმოება, სასმელები, ქიმიკატები, ფარმაცევტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა.
ნანა ადეიშვილი, CERMA-ს პრეზიდენტი: “ჩვენი მიზანია ქართული საწარმოების ახალ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადაყვანა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და პოსტსაბჭოური სივრცის ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენ ქართულ შრომის ბაზარს მაღალკვალიფიციური ბიზნეს-კონსულტანტებითა და შესაბამისი მენეჯერებით ვამარაგებთ”.
CERMA 1997 წელს ჩამოყალიბდა და პოსტსაპრივატიზაციო პროცესების მხარდჭერასა და დახმარებას ემსახურებოდა ქართული საწარმოებისთვის. მაგრამ ერთ წელიწადშივე ნათელი გახდა, რომ CERMA-ს შესაძლებლობები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე, უბრალოდ, პროექტის შედგენა და განხორციელება. CERMA-მ ქვეყნის ეკონომიკის სოლიდური სფეროები მოიცვა. ამჟამად CERMA ახორციელებს საწარმოების რეაბილიტაციის პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
ნ. ადეიშვილი: “ჩვენი უპირატესობა გახლავთ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების ბაზა იმ პრობლემებისა, რომლებსაც საწარმოები აწყდებიან გარდამავალ პერიოდში ისევე, როგორც მათი დაძლევისა და საწარმოს ეფექტურობის გაზრდის კონკრეტული გზები. ამასთან ერთად, ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ გრძელვადიან პროფესიულ განვითარებაზე, რაც კვალიფიცირებული კონსულტანტებისა და ლიდერების ძებნაში და მათ აღზრდაში აისახება”.
იმისთვის, რომ უფრო კარგად გავერკვეთ CERMA-ს კონკრეტული საქმიანობის შესახებ, გთავაზობთ ინტერვიუსCERMA-ს ერთ-ერთ კონსულტანტთან, პოლ კლარკთან.
პირველ რიგში ორიოდე სიტყვით CERMA-ს შესახებ?
ჩემი აზრით, CERMA კარგი ორგანიზაციაა. იგი საკმაოდ რთულ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში საერთოდ ძნელია სამუშაოს შესრულება, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ტიპის საქმეზე. CERMA უკვე 4-5 წელია საქართველოში მოღვაწეობს და ამ ხნის მანძილზე, მიუხედავად, უზარმაზარი წინააღმდეგობებისა, საკმაოდ დიდი საქმის გაკეთება შეძლო.
მისი საქართველოში შემოსვლის დღიდან, რამდენ ორგანიზაციას გაუწია CERMA-მ დახმარება და მომსახურება?
მე ეს ციფრი შემიძლია მხოლოდ იმ თარიღის შემდეგ დავასახელო, რაც თბილისში ჩამოვედი. გასული წლის ივლისიდან, ჩემი ანგარიშით, CERMA-მ მომსახურება დაახლოებით 30 ორგანიზაციას გაუწია.
რა წინააღმდეგობებზეა საუბარი და, საერთოდ, აქვს თუ არა CERMA-ს პრობლემა საქართველოში?
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ცდილობ ბიზნესმენს დაეხმარო, იქ ყოველთვის უზარმაზარ პრობლემებს აწყდები, თუმცა, ყოველი წინააღმდეგობა საკმაოდ ნაცნობი და ჩვეულებრივია. მათ შორის, საკომუნიკაციო პრობლემები, რომლებიც, როგორც წესი, სერიოზულად აფერხებს მუშაობას, ვინაიდან საკომუნიკაციო საკითხები ამ ტიპის სამუშაოსათვის ჰაერივით აუცილებელია; ხალხის აზრთა სხვადასხვაობის პრობლემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ქვეყანაში ასეთი საქმის სიახლით.
ხომ არ გულისხმობთ იმას, რომ ქართული და დასავლური მენტალიტეტის რადიკალური განსხვავება იწვევს ამ პრობლემას?
დიახ, გარკვეულწილად. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ხალხს აქვს განსხვავებული გამოცდილება და წარსული, ისინი, უდავოდ, მოვლენებს სხვადასხვა თვალით უყურებენ. მე ასეულობით ქართულ ორგანიზაციასთან მქონია ურთიერთობა და მენტალური სხვაობა აშკარაა.
მას შემდეგ, რაც CERMA-მ საქართველოში მუშაობა დაიწყო, შეიცვალა თუ არა რამე ქართულ მენეჯმენტში?
ჩემი აზრით, უმეტეს შემთხვევაში ეს ასე მოხდა და მოხდება. ძალიან ბევრ კონკრეტულ შემთხვევაში, თუნდაც კონკრეტულად დირექტორების შემთხვევაში, სხვაობა იგივეა, რაც დღესა და ღამეს შორის, შავსა და თეთრს შორის. ამჟამინდელი ქართველი დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბევრად უკეთესია, ვიდრე იგივე პიროვნების, რამდენიმე წლის წინ.
სხვა მენეჯერულ საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად, თქვენ ორგანიზაციის ფინანსურ მართვასაც სთავაზობთ ორგანიზაციებს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ამის სურვილს არ გამოთქვამს (მაგ. ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ხე-ტყის გადამუშავებით და წარმოებით), თქვენი აზრით, რატომ?
ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თუ მომსახურეობის რა სახის დახმარებას საჭიროებენ ორგანიზაციებიCERMA-სგან.
მე იმაზე მივუთითებ, რომ საქართველოში წარმოებული ხე-ტყის ბიზნესის უმეტესობა არალეგალურია და მათი ბუღალტერია, მეტწილად, შავია?
მე ვიცი, რომ საქართველოში ამ ბიზნესის უდიდესი ნაწილი არალეგალურია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ხე-ტყის გადამუშავებას და პროდუქციის წარმოებას ექსპორტისთვის და არა მის მოჭრას. საერთოდ, ხე-ტყის ბიზნესი საქართველომ, ჩემი აზრით, ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა აღიაროს, მისი რესურსებით თუ ვიმსჯელებთ. სამწუხაროა, თუ ქვეყანა ამას ვერ ხედავს.
თქვენი აზრით, საქართველოში ხე-ტყის ბირჟის დაარსება თუ იქნება ეფექტური?
პასუხს, კონკრეტული პირობების ცოდნის გარეშე, ვერ გაგცემთ.
მხედველობაში მაქვს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ რამდენიმე თვის წინ წარმოდგენილი ინიციატივა ბირჟის შექმნის თაობაზე?
ევროპასა და ამერიკაში ხე-ტყე შესაბამისი შემოწმებისა და სორტირების შემდეგ აუქციონზე გადის გასაყიდად.
თქვენ გულისხმობთ, რომ აუქციონი უკეთესია, ვიდრე ბირჟა?
გააჩნია, რა პირობებს წარმოადგენს ბირჟა.
თუ სამინისტროს ინიციატივას გადავხედავთ, ეს გახლავთ ჩვეულებრივი ბირჟა, სადაც მოხდება ხე-ტყის ყიდვა-გაყიდვა. ზოგადად იქნება თუ არა ბირჟა ეფექტური?
ნებისმიერი სისტემა, რომელიც გამჭვირვალობას ეფუძნება, ეფექტური იქნება. თუ ბირჟა ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ის სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს. მით უმეტეს საქართველოში, რომელსაც საკმაოდ დიდი შემოსავლების მობილიზება შუძლია ამ საქმიანობით.
კონკრეტულად, რისი გაუმჯობესება მოახერხა CERMA-მ საქართველოს ხე-ტყის ბიზნესში?
აქ საუბარი ეხება იმ ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას, რომელიც Cerma-სთან თანამშრომლობდა. თუ ამ კონკრეტულ მაგალითზე ვისაუბრებთ, კომპანიამ მიიღო სერიოზული კონსულტაცია მენეჯმენტის თვალსაზრისით, ასევე უცხოეთის ბაზარზე გასვლის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება ზოგადად, ხე-ტყის ბიზნესს, აქ ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ იმავე მაგალითს მთელი ეს სფერო გაიზიარებს და ასე ააგებს საქმიანობას.
რა დრომდე აპირებს CERMA საქართველოში ფუნქციონირებას?
პროექტი, რომელშიაც მე ვარ მიწვეული კიდევ ხუთ წელიწადს გასტანს. რაც შეეხება CERMA-ს, მთლიანად, ის ბიზნესის ხელშემწყობ საქმიანობას, ალბათ, კიდევ დიდხანს გააგრძელებს.
როგორია CERMA-სა და საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობა, ვგულისხმობ, ხომ არ ჰქონია რაიმე გართულებას ან წინააღმდეგობას მათი მხრიდან ადგილი?
ამ საკითხში კომპეტენტური ნამდვილად არა ვარ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კოორდინირებული და თანმხვედრი.