“ჩვენ საქართველოს მთავრობისგან სოციალური რეფორმის ჩატარებას ვითხოვთ!”
ოთარ ქირია
მას შემდეგ, რაც ყველა ძალისხმევა, სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით კრახით დასრულდა, სოციალური უფსკრული დღითიდღე გაღრმავდა. მოსახლეობის სიღარიბემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ბაზრის რეალური მოხმარების მკვეთრი შემცირებით შეშფოთებულებს, საერთაშორისო ორგანიზაციები ახალ პროექტს გვთავაზობენ. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოში სიღარიბის დაძლევისათვის ახალი პროგრამის შემუშავება დაიწყეს. თუმცა, არც ბასილია და არც ბერიძე პროექტის კონკრეტული დეტალების შესახებ არ საუბრობენ. მათივე განცხადებით, პროგრამა შემოდგომაზე ფართო საზოგადოებას წარედგინება, ხოლო ძალაში 2002 წლის იანვარში შევა და ამით 1998 წელს დაწყებული კრიზისი შეჩერდება.
პიტერ ნიკოლსი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების კოორდინატორი: “საქართველოში აქამდე განხორციელებულმა პროგრამებმა თითქმის ვერაფერი შეცვალა. უფრო მეტიც, მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე, 1997 წელს. დღეს მსოფლიო ბანკი საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ახალ პროგრამებზე მუშაობს, რომელმაც, თავის დროზე, ბევრგან გაამართლა და იმედია, ჩვენთანაც კარგ შედეგს გამოიღებს. მთავარი ცვლილება ახალი ეკონომიკური ინდიკატორების შემუშავება გახლავთ, მათი უფრო ეფექტურად შეფასების მიზნით. შესაცვლელია ასევე ჩადებული რესურსების მასშტაბები, რომლებიც ჩვენი შეფასებით, ზედმეტად მიგვაჩნია რაღაც ეტაპებზე და ა.შ.”.
ძნელია, როცა ერთი და იმავე პრობლემას ხანგრძლივად ებრძვი, მაგრამ დადებითი შედეგის ნაცვლად უარესს აწყდები. საქართველოს მაგალითზე კი ამან უკვე ისეთ სტადიას მიაღწია, რომ დამნაშავის ძებნაც აღარაა საინტერესო, ვინაიდან ქართული ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ იმაზე ზრუნავს მეორე დღემდე როგორ მიაღწიოს.
ამას ისიც ემატება, რომ ასეთ სიდუხჭირეში მცხოვრებ ხალხს უცხოელი ესტუმრება და ჭკუის დარიგებას დაუწყებს თითქოს ხალხი იყოს რამეში დამნაშავე. მოსახლეობას ნაკლებად აქვს იმის სურვილი, რომ ასეთებს პასუხი გასცეს.
რუსლან იემცოვი, მსოფლიო ბანკის ექსპერტი: “იმისათვის, რომ სიღარიბის დაძლევაზე იზრუნო აუცილებელია მისი შესწავლა, მასშტაბების დადგენა, მისი მიზეზების პოვნა და ა.შ. ეს კი საქართველოში დღეს არსებული პირობებით საკმაოდ ძნელია, ვინაიდან ქვეყანა გადასულია ურთიერთგადაბრალების პრინციპზე. მართალია, ის ფაქტი, რომ საქართველოში და, საერთოდ, პოსტსაბჭოურ სივრცეში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ პროცესი იყო შეცდომა და არა იდეები. ქვეყანას თავიდანვე უნდა აერჩია ისეთი გეზი, რომელსაც ბოლომდე მიჰყვებოდა. თანაც, ეს გეზი უნდა ყოფილიყო ერთი პრაქტიკიდან გამომდინარე და არა სხვადასხვა ქვეყნებისა და მსოფლიოს ნაწილების გამოცდილებებიდან შემდგარი ნაერთი”.
ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობის დიფერენციაციამ კეთილდღეობის მიხედვით, უაღრესად დიდ მასშტაბებს მიაღწია. აღნიშნულის გამო, სერიოზულად დადგა სიღარიბის პრობლემაც. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აბსოლუტურმა და შეფარდებითმა გაღატაკებამ საფრთხე შეუქმნა დემოკრატიას და სამოქალაქო მდგომარეობას.
ქვეყანაში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია სიღარიბის პრობლემის ყოველმხრივი შესწავლა. ამისათვის აუცილებელი ინფორმაციული რესურსების მოპოვება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და კანადის სტატისტიკურ სამსახურთან თანამშრომლობით შინამეურნეობების ზოგადი გამოკვლევის ახალი სისტემის დანერგვის გზით რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
თეიმურაზ ბერიძე, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე: “ამ სისტემას სიღარიბის დონის კვლევისათვის თითქმის ყველა აუცილებელი წინაპირობა აქვს. კერძოდ, შერჩევა, დაკვირვების მოქნილი სისტემა, ინტერვიუერთა და ზედამხედველთა ქსელი და ა.შ. მაგრამ შინამეურნეობების ზოგადი გამოკვლევიდან მიღებული ინფორმაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს ისეთი სპეციფიკური ხასიათის პრობლემის შესწავლისთვის საჭირო კრიტერიუმებს, როგორიცაა, სიღარიბე. აღნიშნული მოვლენის უფრო სრული და ყოველმხრივი შესწავლისთვის სტატისტიკის დეპარტამენტმა საქართველოში სიღარიბის მონიტორინგის პროექტის განხორციელება სოციალური ინვესტიციების ფონდთან ერთად2000 წლის იანვრიდან დაიწყო”.
სიღარიბის მონიტორინგი წარმოადგენს შინამეურნეობებზე შერჩევით დაკვირვებას, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის სამი განსხვავებული ასპექტით გამოკვლევას. პირველი – შეისწავლის მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარებას; მეორე – განათლების მიღების შესაძლებლობას; მესამე – ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე მისაწვდომობას. აღნიშნული გამოკვლევის საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის შინამეურნეობების გამოკვლევის სისტემა. დაკვირვება, როგორც ბერიძე აცხადებს, წარმოებს საქართველოს შინამეურნეობებზე იმავე შინამეურნეობებთა პარალელურად. ამ გამოკვლევისა და შინამეურნეობებზე დაკვირვების მონაცემები ერთად იძლევა ცხოვრების დონის სრულფასოვანი ანალიზის საშუალებას.
რუსლან იემცოვი: “სიღარიბის შემცირების პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი მისი შემუშავებაა, რაც აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს ადეკვატურ ინფორმაციულ ბაზას. ამ მხრივ, საქართველოში ერთადერთი ინფორმაციული ბაზა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სიღარიბის პოლიტიკის შემუშავებისთვის, არის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე საქართველოს შინამეურნეობების გამოკვლევის ცენტრები”.
თ. ბერიძე: “აღნიშნულ მონაცემებს თავის მუშაობაში ძალზე აქტიურად იყენებენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. გამოკვლევის მონაცემების ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელია მსოფლიო ბანკი, რომელიც თავის დასკვნების დიდ ნაწილს სწორედ ამ ინფორმაციულ ბაზაზე დაყრდნობით აწარმოებს”.
მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, სიღარიბის შესწავლის გზაზე პირველი საფეხური სიღარიბის ზღვრის დადგენაა. საქართველოში სიღარიბის გაზომვისათვის, ძირითადად, გამოიყენება ორი ტიპის ზღვრები – სიღარიბის აბსოლუტური და ფარდობითი ზღვრები.
სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის დადგენა ხდება საკვების ენერგეტიკული ფასეულობის განსაზღვრის მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს საკვების ენერგეტიკული ფასეულობის განსაზღვრას კალორიებში და იმ სამომხმარებლო ხარჯების ან შემოსავლების დადგენას, რომელიც აუცილებელია ცალკეული პიროვნებისათვის განსაზღვრული კალორიების მისაღებად.
ფარდობითი სიღარიბის განსაზღვრისთვის, ყველაზე ხშირად გამოიყენება მოხმარების ან განაწილების საშუალო არითმეტიკული პროპორციები. სიღარიბის ყველა მაჩვენებელი შემოსავლების საშუალო მნიშვნელობისა და სიღარიბის ზღვრის მიმართ ერთგვაროვანია ნულოვანი ხარისხით, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებისა და სიღარიბის ზღვრის გაორმაგების შემთხვევაში, სიღარიბის დონე იგივე რჩება.
გარდა აბსოლუტური და ფარდობითი ზღვრებისა, არსებობს აგრეთვე სიღარიბის სუბიექტური ზღვარი. ეს მეთოდი აღიარებს, რომ სიღარიბის ზღვარი თავისი ბუნებით ეფუძნება ინდივიდების სუბიექტურ შეხედულებას იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს ამა თუ იმ კონკრეტული საზოგადოებისთვის მისაღები მინიმალური ცხოვრების დონე.
თ. ბერიძე: “საქართველოში ამის პრაქტიკა უკვე არსებობს. კერძოდ, შინამეურნეობების გამოკვლევაზე სიღარიბის მონიტორინგის კომპონენტის დამატების შედეგად, დაემატა კითხვების ერთი ბლოკი “სიღარიბის ობიექტური შეფასებები”, სადაც გარდა ზემოხსენებული კითხვისა, შესაძლებელია მრავალი სხვა მნიშვნელოვანი სოციალური ხასიათის დასკვნის გაკეთება”.
დღეს ხელთ არსებული ინფორმაციით, სიღარიბის პრობლემა საქართველოში ძალზე მწვავედ დგას და მისი სრულად დაძლევა საკმაო დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამ დასკვნის საფუძველს დღევანდელი სურათი იძლევა, ისევე, როგორც ფაქტი, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1997 წელს მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესების შემდგომ, ვითარება 1998 წლიდან რადიკალურად შეიცვალა და დღესაც გრძელდება.
შინამეურნეობების 13-15 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სიღარიბის უკიდურეს ზღვარს ზემოთ მყოფი ოჯახები ამავე ზღვარს ქვემოთ მყოფებთან შედარებით, საშუალოდ 5-ჯერ მეტი თანხის გამოყოფას ახერხებენ სურსათის, ასევე ტანსაცმლისა და საოჯახო საჭიროების საგნების შესაძენად, 4-ჯერ მეტს ხარჯავენ გათბობასა და ელექტროენერგიაზე. ისეთივე თანაფარდობაა ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული ხარჯების შემთხვევაშიც. უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა საშუალოდ 10-ჯერ ნაკლებ თანხას ხარჯავს განათლების მიღებაზე, მაშინ, როცა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა დიდად არ განსხვავდება საშუალოსაგან.
რაც შეეხება თავად გეგმასა და პროექტს, მის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას საზოგადოება შემოდგომაზე შეიტყობს, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონიტორინგი და შემდგომ მასზე მუშაობა სისტემურად შეიცვლება და აბსოლუტურად ახალი მექანიზმები იწარმოებს.
პ. ნიკოლსი:L”ჩვენ საქართველოს მთავრობისაგან ვითხოვთ სოციალური რეფორმების ჩატარებას, რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნება დაგეგმილი და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობას ამისათვის ექნება პოლიტიკური ნება და საშუალება”.