სერიოზული მცდელობა საქართველოში არსებული კომპანიების განვითარებისათვის
შოთა საღრიშვილი, ჯგუფის ხელმძღვანელი. საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი -CERMA
საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი CERMA, რომელმაც ფუნქციონირება 1997 წელს დაიწყო, დღესდღეობით საკმაოდ სერიოზული ქართული საკონსულტაციო კომპანიაა და საწარმოების აღორძინებას ემსახურება. CERMA ქართული საწარმოებისათვის ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებს, ქმნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფინანსურ მოდელებს, საჭიროების შემთხვევაში უცხოეთიდან იწვევს დარგობრივ სპეციალისტებს კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად და ა.შ, ასრულებს უშუალოდ პრაქტიკულ სამუშაოებს თანამედროვე ბიზნეს-თეორიების საფუძველზე. CERMA მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაშია აგრეთვე უცხოურ, საკმაოდ ავტორიტეტულ საკონსულტაციო კომპანიებთან.
მთელ რიგ სამუშაოებს ქართველი და უცხოელი გამოცდილი კონსულტანტები ერთობლივად ახორციელებენ. საქართველოში არ დარჩენილა თითქმის არც ერთი საწარმო, მოქმედი თუ უმოქმედო, რომ CERMA-ს წარმომადგენლები ადგილზე არ გაცნობოდნენ. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კატასტროფულად მცირეა იმ საწარმოთა რიცხვი, რომლებიც საერთოდ ექვემდებარებიან რეაბილიტაციას. ყოველივე ეს განაპირობა იმან, რომ საწარმოებმა უკანასკნელი წლების განმავლობაში გარკვეული მიზეზების გამო, გაწყვიტეს ყოველგვარი კავშირი ძველ პარტნიორებთან, აღარ განხორციელებულა გადაიარაღებები – ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, არ შეცვლილა მენეჯმენტის მენტალიტეტი, უცხო (ძნელად მისაწვდომი) გახდა ახალი ეკონომიკური მეცნიერებები (მარკეტინგის საფუძვლები, ახალი ფინანსური სისტემები…), რაც აუცილებელი და პირველხარისხოვანია საბაზრო ეკონომიკისათვის და რომლებსაც გაცილებით ადრე ეზიარნენ უცხოური ფირმები, დანერგეს თავიანთ საწარმოებში და ამგვარად ბიზნესის ყველა თანამედროვე კომპონენტით აღჭურვილნი (ახალი ტექნოლოგიებით, ბაზრის მუდმივი კვლევის ძლიერი სამსახურით…) შემოვიდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის ბაზარზე. ათეული წლების მანძილზე ქართული საწარმოები თავიანთ ეკონომიკას საბჭოთა კავშირის ეკონომიკას უსადაგებდნენ, ხოლო ჯანსაღი კონკურენციის (საბაზრო ეკონომიკის) პირობებში ძალიან სუსტ პოზიციებზე აღმოჩნდნენ. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, თვალსაჩინოა, თუ რა შრომა და ენერგიაა აუცილებელი ქართული საწარმოების რესტრუქტურიზაცია-აღორძინებისათვის, მათი მენეჯმენტის ხელშეწყობისათვის.
ამდენად მისასალმებელია ის, რომ CERMA-ს მიეცა საშუალება საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს რაც შეიძლება მეტ კომპანიას.
ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის თხილის გადამამუშავებელი საწარმო “დიხაშბედი”, რომელიც ქ. ვანში მდებარეობს. კომპანია შეიქმნა 2000 წლის ოქტომბრის დასაწყისში და CERMA-ს დასახმარებლად უკვე დეკემბერში მიმართა. დეკემბრის მეორე ნახევარში დაკომპლექტდა ოთხკაციან კონსულტანტთა ჯგუფი და დაიწყო სამუშაოების პირველი ანუ დიაგნოსტიკური ორთვიანი ეტაპი. როგორც დიაგნოსტიკური მუშაობისას გაირკვა, კომპანიას არ გააჩნდა ნედლეულის (გასარჩევი თხილის) მომარაგების ჩამოყალიბებული სისტემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისათვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ანალოგიური პრობლემა დგას თხილის გადამამუშავებელი საწარმოების უმრავლესობაში, რადგანაც ინდუსტრიაში არ არსებობს რაიმე ორგანიზაციული ინსტიტუტი, რომელიც სერიოზულად იმუშავებდა საქართველოში არსებული თხილის მარაგების პრობლემებზე (ნარგავების გამოკვლევაზე, მათი მოვლის გზის დასახვაზე, სასაწყობო მეურნეობის განვითარებაზე და ა.შ.) და ნედლეულზე, და აუცილებელი ინსტრუქციებით მოამარაგებდა თხილის გადამამუშავებელ ქართულ კომპანიებს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქართველოში საკმაოდ მაღალი ხარისხის (კონკურენტუნარიანი) თხილის ჯიშებია, რომელთაც მათი მოვლისა და შენახვის წესების ძალიან ზედაპირული ცოდნის გამო, საშუალო და დაბალი ხარისხის სეგმენტს უთმობს მსოფლიოს ბაზარი. აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული კომპანიისათვის თხილის მომარაგების სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბება. კომპანია “დიხაშბედში” არ არსებობდა ასევე მარკეტინგის განყოფილება, რომელიც მუდმივად იმუშავებდა ბაზრის კვლევაზე. აღნიშნული ბიზნესი ექვემდებარება სეზონურობას და მოსალოდნელი იყო ერთი სამუშაო წლის დაკარგვა, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა ბიუჯეტის დიდ დავალიანებას (ნებისმიერი კომპანია ყოველთვიურად იხდის ფიქსირებულ ხარჯებს). ფაქტობრივად, კომპანია გაკოტრების წინაშე იდგა. კომპანიას ჯერ არ ჰქონდა გაყიდვები და არც მომხმარებელი ჰყავდა მოძებნილი. საკონსულტაციო ჯგუფმა შეიმუშავა გეგმა კომპანიაში არსებული ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისა და დარჩენილი ანუ პასიური პერიოდის ეფექტურად გამოყენებისათვის, რაც გამორიცხავს კომპანიის გაკოტრებას და რაიმე დავალიანებას. აღნიშნული გეგმის მიხედვით საკონსულტაციო ჯგუფმა კომპანაში დაიწყო ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც კომპანიას არა მარტო გამოიყვანს კრიზისული მდგომარეობიდან, არამედ მის შეუქცევად მდგომარეობაზე იმუშავებს. მუშაობა, ძირითადად, სამი მიმართულებით დაიწყო: მომარაგება-ხარისხი-ბაზარი. დაიწყო დიაგნოსტიკურ პერიოდში გამოკვლეული ნედლეულის მომარაგების მიზიდვაზე მუშაობა, გლეხებთან უშუალო ურთიერთობების დამყარება. მარტისა და აპრილის თვეში განხორციელდა გაყიდვები. ამ სამუშაოების დაწყება უკვე მომავალი სეზონისათვის (მოსავლის აღებისათვის) შეიძლება.
რაც შეეხება კომპანია “დინას”, რომელიც ორიენტირებულია რეზინისა და ლითონის საინჟინრო დეტალების დამზადებაზე, იმ უმცირეს კომპანიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. “დინას” განვითარების დიდი პერსპექტივები აქვს. კომპანიას საკმაოდ მაღალი ტექნიკური დონე გააჩნია. იგი სავსებით შეესაბამება ევროპის ბევრი ქვეყნის ანალოგებს. საკონსულტაციო ჯგუფის მიერ კომპანიაში დაინერგა საბუღალტრო აღრიცხვის ახალი კომპიუტიზირებული სისტემა, შეიქმნა ძირითადი წამყვანი პროდუქტებისათვის ფინანსური მოდელები, აგრეთვე მარკეტინგის განყოფილება, რომელიც მუდმივად იმუშავებს მარკეტინგულ კვლევებზე. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მომხმარებლები, ძირითადად, არიან სახელმწიფო ორგანიზაციები, რაც საკმაოდ ნეგატიურ კვალს ტოვებს კომპანიაში ფულადი სახსრების მართვის სისტემაში, რის გამოც პრაქტიკულად კომპანიაში არ არსებობს ფინანსური მენეჯმენტი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფირმის არსებობა. ამ მხრივ, საკონსულტაციო ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს კომპანიას ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე შესვლას, რაც გაამარტივებს კომპანიაში ფულადი სახსრების დინებას, აგრეთვე ჯგუფის მიზანია, კომპანიას დაეხმაროს დამატებით ახალი ინდუსტრიული ბაზრის მოძებნაში (ორი ახალი ინდუსტრიული მომხმარებელი მოიძებნა და უკვე გარკვეული გაყიდვები მიმდინარეობს) და მომავალში ექსპორტზე გასვლაში. ძირითადი მიზანია კომპანია “დინა” გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო.
ამჟამად მიმდინარეობს ხარისხის კონტროლის სისტემაზე მუშაობა.
შოთა საღრიშვილი
ჯგუფის ხელმძღვანელი. საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი- CERMA.