განახლებადი ენერგიებით გადარჩენილი მწვანე პლანეტა

რედაქციისგან 

თბილისმა 21-22 ოქტომბერს უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნებოდა 2008 წელს ინიცირებულ “ქალაქის მერებს შორის შეთანხმებას” (Covenant of Mayors). თბილისი ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის ქვეყნების დედაქალაქებს შორის პირველი დედაქალაქია, რომელმაც 2010 წლის 12 აპრილს ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. რაც ნიშნავს თბილისის მერიის ოფიციალურ დასტურს, 20%-ით შეამციროს CO2-ის ემისია ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგეტიკის გამოყენების საშუალებით. მერების შეთანხმებაზე ხელმოწერით, ქალაქები იღებენ ვალდებულებას, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების მეშვეობით და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით 2020 წლისათვის 20%-ით შეამცირონ CO2-ის ემისია. 

      კონფერენციაში მონაწილეობდა 150-ზე მეტი სტუმარი აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 45 ქალაქიდან. პროგრამის მიზანია, მონაწილე ქალაქების ხელმძღვანელებმა საჭირო ღონისძიებების გატარების გზით, აქტიური როლი ითამაშონ იმ მზარდი პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ეკოლოგიასა და ენერგეტიკასთანაა დაკავშირებული და უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 
      კონფერენცია ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული INOGATE-ის პროექტის (“ენერგო ბაზრის ინტეგრაციისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერა”) ფარგლებში. დღემდე შეთანხმებას ხელი მოაწერა 2000-ზე მეტმა ქალაქმა ევროკავშირის წევრი 27 და 10 პარტნიორი ქვეყნიდან. მათ შორის არის ევროკავშირის ქვეყნების 21 დედაქალაქი და 3 დედაქალაქი სხვა არაწევრი ქვეყნებიდან. ეს ჯამში ნიშნავს 127 მლიონ მოსახლეზე მეტს დაCO2-ის გამოყოფის 132 მილიონზე მეტი ტონით შემცირებას ყოველწლიურად.  ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, მერების შეთანხმების ინიციატივაში ჩართული ქალაქებისათვის უფრო მეტი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება ახალი პროექტის მეშვეობით, რომელიც 2011 წლიდან დაიწყება. პროექტისთვის ევროკავშირი 5 მლნ ევროს გამოყოფას გეგმავს. 
      რაც შეეხება მიზნის მიღწევის გზებს, ვინაიდან ნახევარზე მეტი სათბური გაზების გენერირება სწორედ ქალაქებში ხდება, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეასრულონ გლობალური გამოწვევების დაძლევის პროცესში. მოსახლეობის 80% ცხოვრობს ქალაქში, სადაც ხდება ენერგეტიკული რესურსების 80%-ის მოხმარება. ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების გამოყენების გაზრდის, დაბინძურების კონტროლის, საჯარო მოხელეებისა და მოქალაქეების ქცევის ცვლილებით შესაძლებელია ემისიის პრობლემის სწორად გადაჭრა. სხვადასვა ქალაქების მერები მიზნის მისაღწევად სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ. ხდება ენერგოეფექტურობის პროგრამების დანერგვა, ხელი ეწყობა მდგრადი სატრანსპორტო სახეობების განვითარებას და განახლებადი ენერგიის გამოყენებას. 
      რა რესურსები აქვს საქართველოს და რისი გაკეთება შეიძლება ჩვენი რეალობიდან გამომდინარე? პირველ რიგში, ეს ალბათ ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვსებას ეხება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის მომავალში, არა მხოლოდ ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით, არამედ უფრო უსაფრთხო ენერგეტიკული პოლიტიკიდან გამომდინარეც. ამის შესახებ კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემაც იასუბრა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პროექტის მეშვეობით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს სუფთა გარემოს განვითარების გლობალურ პროცესში. პროექტის მნიშვნელობა ხაზგასმული იქნა ასევე “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში გამართულ ენერგეტიკული პლატფორმის შეხვედრაზე სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, რაც, თავისთავად, პროექტის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო გამოხატავს სრულ მზადყოფნას შემდგომი თანამშრომლობისათვის, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყოს მოცემული პროექტის წარმატებით განხორციელებას. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი განახლებადი ენერგიის, ძირითადად კი, ჰიდრო რესურსების ათვისების გზით ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობას. არა მხოლოდ გარემოს დაცვის საკითხებიდან გამომდინარე, არამედ წმინდა გეოპოლიტიკური მისაზრებითაც. რუსეთის მისწრაფებებმა ენერგეტიკული დომინანტის პოზიციის დასაკავებლად, ევროპა დიდი ხანია აიძულა ალტერნატიულ ენერგოწყაროებზე ეფიქრა. ევროკავშირში უკვე არსებობს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ეკოლოგიური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 2020 წლისათვის გაზის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში 20%-ით უნდა შემცირდეს. ის, რომ ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, კონფერენციაზე პარიზის ვიცე-მერის, დენის ბაუპინის პრეზენტაციამაც დაადასტურა, რომელიც ამ სფეროში პარიზის გამოცდილებას ეძღვნებოდა. დენის ბაუპინმა იმ ტექნოლოგიურ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც დაინერგა შენობების გათბობის სფეროში და რომლის საშუალებითაც უფრო მეტი ენერგიის დაზოგვა და ემისიის ნაკლები რაოდენობით გამოყოფა ხდება საფრანგეთის დედაქალაქში.  
      საქართველოსათვის ეს მართლაც პრიორიტეტული მიმართულება შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში გაზით გათბობა 2-ჯერ ძვირი ჯდება ელექტროენერგიით გათბობასთან შედარებით, ენერგორესურსების მოხმარების 62,2% მაინც გაზზე მოდის. გარდა ამისა, გაზის შემთხვევაში, ქვეყანა თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, მაშინ, როცა საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ასათვისებელია. 
      საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს დაახლოებით 26 ათასი მდინარე,  რომელთა საერთო  სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. მათ შორის ენერგეტიკული მნიშვნელობით 300-მდე მდინარე გამოირჩევა.  მათი წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 000  მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მილიარდი კილოვატსაათის ექვივალენტური. ეს ის მოცულობაა, რომლის სრულად ამოქმედების შემთხვევაში, არა მხოლოდ საქართველოს შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე, არამედ გახდება მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაც. თუმცა, როგორც კონფერენციის მსვლელობისას გაესვა ხაზი, ამისათვის აუცილებელია არსებობდეს საჭირო ინფრასტრუქტურა ენერგიის მოსაპოვებლად და ასევე აუცილებელია შენობებში გათბობის სისტემების შეცვლა და გაზის, როგორც გათბობის ძირითადი საშუალების ჩანაცვლება გაახლებადი ენერგიის წყაროებით. 
      ენერგომოხმარების სქემის შეცვლას კი, პირველ რიგში, ტექნიკური მოდერნიზაცია ესაჭიროება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხელმისაწვდომია დანიური კომპანია “დანფოსის” პროდუქცია, რომელიც ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს გათბეს ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ტექნოლოგიური სისტემით და, ამავე დროს, გაანახევროს გათბობისთვის საჭირო ფულადი დანახარჯები. ქართულ ბაზარზე უკვე რამდენიმე თვეა შემოვიდა “დანფოს”-ის შვილობილი კომპანია “დევი”, რომელიც მომხმარებელს გათბობის სისტემაში ახალ ტენდენციებს სთავაზობს. ეს არის სპეციალური, ამერიკული კოსმოსურ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნილი კაბელი, რომელიც სახლის გათბობას იატაკიდან უზრუნველყოფს. ამ კონცეფციის უკან ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუების მთელი გამა დგას. სპეციალური სარქველების გამოყენებით 40%-მდე ენერგო დაზოგვა ხდება. ფასი, დანახარჯი და ღირებულება ერთმანეთთან ბალანსირდება ისე, რომ საბოლოო ჯამში მოსახლეობა და კერძო ბიზნესი 40-50% ეკონომიას იღებს. დანფოსი”, როგორც ენერგეტიკული კომპანია ერთდროულად ჩართულია ელექტროგენერაციაში, ბიო-ტექნოლოგიებში, ჰელიო და ჰიდრო სისტემებში. კომპანია ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ენერგოდამზოგავ მოწყობილობებს გათბობის თანამედროვე სისტემებში. ეს მიმართულება კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია “მერების შეთანხმების” კამპანიის ფარგლებში. 
      კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი “მერების შეთანხმების” პროექტში მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხია. ამის შესახებ ისაუბრეს “მერების შეთანხმებით” ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ინიციატივით გამართულ მრგვალ მაგიდასთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, შესაბამისი სამინისტროების, კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი ენერგეტიკის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე SEMISE-ის ექსპერტების მიერ საჭიროებები შემდეგი მიმართულებებით განისაზღვრა: 2011 წლის მარტამდე გამოიყოფა დაახლოებით 400 000  ევროს ოდენობით დაფინანსება; საიდნაც 200 000 ევრო მოხმარდება ემისიის საბაზისო კადასტრის მომზადებას, რომლის განხორციელებასაც 6 თვე დასჭირდება. 200 000  ევრო კი გამოიყოფა მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად, რაც მოიცავს მშენებლობის, ტრანსპორტის და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორებს. როგორც თბილისი მერმა, გიგი უგულავამ 21 ოქტომბერს, კონფერენციის გახსნაზე განაცხადა, მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა ახლა მომზადების პროცესშია და მას მერია ცოტა ხანში წარმოადგენს. 
      პროექტში ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაცია, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ერთ-ერთი  წამყვანი დონორია და შესაბამისად, დაინტერესებულია აღნიშნულ სექტორში თბილისის მერიასთან თანამშრომლობით. ამჟამად, პროექტის “სუფთა ტრანსპორტის” ფარგლებში უკვე მიმდინარეობს დედაქალაქის მეტროს განახლება. თანამშრომლობის კიდევ ერთი სფერო იქნება მშენებლობა. აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ინტერესი გამოხატა ენერგიის დაზოგვითი ღონისძიებებში თანამონაწილეობაზეც. სამშენებლო სექტორთან მიმართებაში მერიას თანამშრომლობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც (EBRD) გაუწევს. ამჟამად ბანკი ინდივიდუალურ  საბინაო გათბობის სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. მომავალში პროექტი შეიძლება გავრცელდეს მთლიანი საცხოვრებელი კორპუსების მასშტაბით.  
      პირველ ეტაპზე საქმეს ის ართულებს, რომ ინფრასტრუქტურის განახლება და თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, თუნდაც გაზის განახლებადი ენერგიით ჩანაცვლება, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამასთანავე, როცა საქმე გათბობის სისტემებს ეხება, განსაკუთრებით კი საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში, მხოლოდ ხელისუფლება ვერაფერს გახდება. ამ შემთხვევაში კერძო სექტორისა და მოსახლეობის როლიც მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკთხი საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა. რაც კონფერენციის მსვლელობისას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა არა მარტო თბილისის, არამედ მერების შეთანხმების ხელმომწერი ყველა ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ.