საინვესტიციო სეზონის ტემპერატურა და ტენიანობა
ლევან ასათიანი
ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში მშენებლობების ბუმია. აჭარის დედაქალაქში ბევრი მსოფლიო სტანდარტის სასტუმრო აშენდა, გაკეთდა ახალი ბულვარი, მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. როგორც სჩანს, სამშენებლო ბუმი შავიზღვისპირა ქალაქში ჯერ კიდევ წინაა. ამას უკვე მოჰყვა მიწის ნაკვეთებზე ფასების ზრდა, რაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინვესტორთა გააქტიურებისა და, შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის ლოგიკური შედეგია.
უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბათუმში მიწის ნაკვეთების ფასმა თბილისურ ფასებს გაუსწრო. მათი შეფასებით, იზრდება ფასები სააგარაკე ნაკვეთებზე, რაც მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია. უძრავი ქონების ბროკერები აღნიშნავენ, რომ დიდია იმ უცხოელთა დაინტერესება, რომლებსაც მიწის ნაკვეთების ყიდვა თბილისსა და მის შემოგარენში სურთ. განსაკუთრებულად პოპულარულია წავკისი და ტაბახმელა, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია. აქ ფასები ჯერ შედარებით დაბალია და მიწას სპეკულაციური მიზნითაც ყიდულობენ, თუმცა უფრო დიდ ინტერესს ბიზნესმენები აჭარის მიმართ იჩენენ. ბოლო პერიოდში, აჭარის პოპულარიზაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა ზღვისპირა ტერიტორიებზე. აქ მიწის ნაკვეთებს სააგარაკეზე მეტად ბიზნეს-ინტერესებისათვის ყიდულობენ. ამიტომ ბათუმში მიწის ნაკვეთებზე ფასებმა თბილისის ფასებს გაუსწრო. აჭარაში ძირითადი მყიდველი ბიზნესმენთა ის კატეგორიაა, რომელიც სასტუმროს, დასასვენებელი ან გასართობი კომპლექსის აშენებას გეგმავს.
როგორც უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბათუმის ცენტრში კვადრატული მიწის ნაკვეთის ფასი 2 ათას ევრომდეც აღწევს. კვარიათში, გრიგოლეთში და შეკვეთილში მიწის ყიდვა ჯერჯერობით 200 დოლარად შეიძლება. თუმცა, აჭარაში მიწის ნაკვეთების მოთხოვნასთან ერთად ფასიც სწრაფად იზრდება. რაც შეეხება თბილისის შემოგარენს, პოპულარულ სააგარაკე ტერიტორიებად რჩება წყნეთი და საგურამო. წყნეთში კრიზისამდე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი საშუალოდ 250 დოლარი იყო, თუმცა სადღეისოდ 150 დოლარამდე დაეცა. საგურამო შედარებით იაფია. აქ ერთი კვადრატული მიწის ყიდვა 30-დან 100 დოლარამდე შეიძლება. ბოლო პერიოდში დიდია მცხეთის ტერიტორიით დაინტერესებაც, სადაც მიწის ნაკვეთის შეძენა 50-100 დოლარად შეიძლება.
აჭარის რეგიონის პოპულარობა სულაც არ არის გასაკვირი და მოულოდნელი იმ მილიონებისა და პიარ-კამპანიების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ბოლოს წლებში დახარჯა და მოაწყო. უფრო მეტიც, როგორც 20 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შავი ზღვის 3-კილომეტრიანი მონაკვეთის გადაცურვამ დაგვანახა, ბათუმს პრეტენზია არა მარტო კავკასიის რეგიონში პირველობაზე, არამედ მსოფლიოს დონის კურორტებთან კონკურენციაზეც შეიძლება ჰქონდეს. აჭარის კლიმატური პიროებების მონაცემები 20 ოქტომბრისათვის პრეზიდენტმა ევროპის ისეთ კურორტებს შეადარა, როგორიც არის ნიცა და ბოდრუმი, სადაც ტემპერატურაცა და ტენიანობაც ბათუმზე გაცილებით არახელსაყრელი იყო. ამით სააკაშვილმა იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ბათუმის კლიმატური პირობები ტურისტული სეზონის შემოდგომის შუა პერიოდამდე გაგრძელების საშუალებას იძლევა. საინტერესოა, როდის შეძლებს ბათუმი ზემოთ დასახელებულ ევროპულ კურორტებს ინფრასტრუქტურის განვითარების დონითაც შეეჯიბროს?
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 ოქტომბერს ბათუმში ქართული ანბანის მონუმენტის Mშენებლობას საფუძველი თბილისის მერთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ჩაუყარა. 130-მეტრიანი მონუმენტი ბულვარში დაიდგმება და მას კოშკის ფორმა ექნება. მასზე ანბანის ასოები თანმიმდევრულად განლაგდება, კოშკის თავზე რესტორანი, კაფეები, ობსერვატორია და ტელესტუდია მოეწყობა და ანძის ფუნქციასაც შეასრულებს. დედა ენის ძეგლის მშენებლობა 5 თვეში უნდა დასრულდეს. მშენებლობა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციით ხორციელდება.
ფერიის მთაზე დაიწყება ბათუმის ფუნიკულიორის მშენებლობა. კოშკის თავზე დაიდგმება სფეროს ფორმის მინის კონსტრუქცია, სადაც მოთავსდება წრიული მოძრავი რესტორანი, რომელიც ერთ სრულ ბრუნს 60 წუთში შეასრულებს. სფეროში განლაგდება ტელესტუდიები და ობსერვატორია. კოშკს ექნება ოთხი ლიფტი. ერთი საათის განმავლობაში მონუმენტი ერთ სრულ ბრუნს გააკეთებს, საიდანაც ბათუმის ხედების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
უკვე დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს ძველი ბათუმის რეაბილიტაცია. 3-წლიანი პროექტი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. ამ ეტაპზე გზების რეაბილიატაცია მიმდინარეობს, რასაც ავარიული ბინების რეკონსტრუქციის სამუშაოები მოჰყვება და პროექტი დასრულების ფაზაში შევა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ქალაქში მთლიანად გამოიცვლა კომუნიკაციები და წყალგაყვანილობის სისტემა. პროექტის ავტორების განცხადებით, ძველი ბათუმი ქვეყნის ისეთივე ისტორიული და არქიტექტურულად განსხვავებული ქალაქი უნდა გახდეს, როგორიც სიღნაღია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი თაუერის” მშენებლობაა. თაუერის” მშენებლობის დროს 1 200 კაცამდე, ხოლო ოპერირების პროცესში 500 კაცამდე დასაქმდება. სანავიგაციო კოშკის პროექტი ესპანურმა საპროექტო კომპანიამ CMD-Architect მოამზადა, ხოლო თვითონ პროექტს ქართული სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ. თაუერის” საფუძველი 900 მ2 დაიკავებს, ხოლო მისი სიმაღლე 130 მ იქნება.
2009 წლის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის განხორციელებაც ბათუმში 2011 წლისათვის უნდა დასრულებულიყო. მაგრამ, როგორც სჩანს, პროექტის მსვლელობა შეფერხებით მიმდინარეობს. საუბარია მრავალფუნქციური კომპლექსის ბათუმის კარიბჭის” მშენებლობაზე. 40-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა 2010 წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო და 2011 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ საპროექტო დოკუმენტები მზადების პროცესშია და, შესაბამისად, ვერც მშენებლობის დაწყების თარიღი სახელდება. კომპლექსი გააერთიანებს, როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელ ბინებს, სავაჭრო კომპლექსებს, საკონფერენციო დარბაზებს, სპორტულ მოედნებსა და კაზინოებს. “ბათუმის კარიბჭე” ბათუში ყოფილი “რივიერას” ტერიტორიაზე აშენდება, რაც ინვესტორს დაახლოებით 200 მლნ დოლარი დაუჯდება. ცნობილია, რომ “ბათუმის კარიბჭეს” ააშენებს რუმინეთის უმდიდრესი ადამიანი დინუ პატრიჩიუ, რომელიც საქართველოში “ლიბერთი ბანკის” სოლიდური აქტივების მფლობელია. “ბათუმის კარიბჭის” პროექტზე კანადელი არქიტექტორები მუშაობდნენ, კომპლექსს სვანური კოშკის ფორმა აქვს და იგი ყველაზე მაღალი შენობა იქნება, როგორც საქართველოში, ასევე მთელს შავი ზღვის სანაპიროზე.
ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს ან უახლოეს მომავალში დაიწყება ბათუმში. ყველაფერი ეს კი ერთ მიზანს ემსახურება, ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის, ინფრასტრუქტურის განვითარებას და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ქვეყანაში.