არაპროფესიონალი მზღვეველები ბაზარზე პრობლემებს ქმნიან
ალექსანდრა ლალიაშვილი
2010 წლის 1 ნოემბერს კვლევითი საგანმანათლებლო ორგანიზაციის – პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის” (PSI) მიერ ჩატარდა საჯარო განხილვა თემაზე ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა, კმაყოფილება და საფრთხეები”. დისკუსია გაიმართა სამი კვლევის შედეგებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის” სტატისტიკის საფუძველზე. კვლევები ჩატარდა 2010 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით მარკეტინგული კვლევებისა და საკონსულტაციო კომპანია ACT Research-ის, გამოყენებითი კვლევების კომპანია ARC-ისა და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ახალი სამსახურის – სადაზღვევო გზამკვლევის” მიერ. პროგრამის ფარგლებში განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარებულმა კვლევებმა, პრაქტიკულად, იდენტური შედეგები გამოავლინა.
კერძოდ, კვლევათა შედეგებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურების კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია და მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხი მაღალია. ამავდროულად, თვალსაჩინოა ის საფრთხეები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იკვეთება. კერძოდ, სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიცირებული და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ გააუარესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი, რაც ნეგატიურად აისახა სადაზღვევო ინდუსტრიისადმი განწყობის საერთო პოზიტიურ ფონზე. შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ ეს პრობლემა სახელმწიფოს, სადაზღვევო ინდუსტრიის და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ დროულ და ეფექტიან გადაჭრას საჭიროებს, რათა დაზღვეული მოსახლეობის კმაყოფილების გაუარესების ტენდენციამ შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს.
“საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის” თავმჯდომარის შეფასებით, სადაზღვეო პაკეტებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა იზრდება. “კვლევებმა გვიჩვენა, რომ მოსახლეობისათვის სადაზღვევო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც ბაზარზე ახალი მოთამაშეების აქტიურობასთან, მათ ინფრასტრუქტურასთან და მომსახურების ხარისხთანაა დაკავშირებული. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ”, – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
სამედიცინო დაზღვევის პოპულარობის ზრდაზე სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. სა ქართველოში სამედიცინო დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნულ სახეობაში დაზღვეულთა ჯამურმა ოდენობამ 2009 წელს 1,4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს სამედიცინო დაზღვევის წილი სადაზღვევო ბაზარზე 26%-ს შეადგენდა, 2010 წლის პირველი ნახევრისათვის კი ეს მაჩვენებელი 73%-მდე გაიზრდა. ამ სეგმენტის მაღალი ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ, რომელსაც სადაზღვევო ბაზარზე საკმაოდ დიდი წილი უჭირავს. მართალია, შედარებით მოკრძალებული ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება ინდივიდუალური და კორპორატიული სქემებით ჯანმრთელობის დაზღვევის მაჩვენებლებიც.
თუმცა, პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ნაკლები დონე. მოსახლეობას საკუთარი სადაზღვევო უფლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია პრაქტიკულად არ აქვს. პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სადაზღვევო ურთიერთობებში პროფესიონალია მხოლოდ სადაზღვევო კომპანია, რომელმაც შეიძლება არასათანადო ყურადღება მიაქციოს დაზღვეულთათვის შეთავაზებული სერვისის დონეს, ხოლო დაზღვეულს, ხშირ შემთხვევაში, არ ჰყოფნის კომპეტენცია საკუთარი უფლებების მტკიცე, პრინციპული და გონივრული დაცვისათვის. დაზღვეული ხშირად ვერ ერკვევა საკუთარ უფლებებში, განსაკუთრებით სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში.
უფრო მეტიც, ბაზარზე სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის” პროდუქტი ისე გამოვიდა, რომ პროდუქტის ბაზარზე შემოტანისა და გაყიდვების არც ერთ ეტაპზე აქცენტი არ გაკეთებულა დაზღვეულთათვის სადაზღვევო პროდუქტის, დაფარვების, უფლება-მოვალეობების და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შესახებ. დაზღვეულთა დიდმა ნაწილმა არ იცის სადაზღვევო ხელშეკრულებით და კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებები და მოვალეობები, პროცედურული საკითხები, ამასთანავე, საკუთარი უფლებების დაცვის გზები. შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, პირველივე დაბრკოლებისთანავე პოლისის არსებობის შემთხვევაშიც კი, სამედიცინო ხარჯებს თვითონ ანაზღაურებს.
გარდა ამისა, სამედიცინო დაზღვევის პროდუქტის საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიის დროს არ გამახვილებულა ყურადღება სამედიცინო მომსახურებათა იმ სახეობებზე, რომლებსაც სადაზღვევო პოლისი ფარავს და იმ მომსახურებაზე, რომელიც ამ პოლისით არ არის გათვალისწინებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზღვეულთა მოლოდინებსა და რეალურ მდგომარეობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება. უცოდინრობის გამო, შეიძლება დაზღვეულმა საკუთარი უფლებები ვერ დაიცვას ან კომპანიებს დაუსაბუთებელი, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პრეტენზიები წაუყენოს.
ბიუროკრატიული პრობლემები კიდევ ერთი საკითხია, რომელიც პროგრამის ფარგლებში გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობამ მთავარ პრობლემად დაასახელა. როგორც სამედიცინო დაზღვევის პოლისების მფლობელთა 40% აღნიშნავს, დაფინანსების მისაღებად იმდენად ხანგრძლივი და რთული პროცედურებია გასავლელი, რომ ურჩევნიათ, დაზღვევაზე საერთოდ უარი თქვან.
ყველასათვის ნათელია, რომ სადაზღვევო ბაზრის ეტაპობრივი წინსვლისა და განვითარების მიუხედავად, ამ სფეროში ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. ამ გამოწვევებზე ადექვატური რეაგირების, დაზღვეულთა უფლებების დაცვის, მათი ინფორმირების და ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში ამოქმედდა ახალი სამსახური – სადაზღვევო გზამკვლევი”, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს გაუწევს შესაბამის კონსულტაციას, დაეხმარება მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებასა და პრობლემების გადაჭრაში.