გათიშე და იბატონე
მაკა ღანიაშვილი
საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე ინტერნეტით მომსახურება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ ყველაზე მზარდი და მომგებიანი სეგმენტია. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, 2000-2007 წლებში ინტერნეტ-ბაზრის მოქმედი ოპერატორების შემოსავლები 3.15 მილიონი ლარიდან 30 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2006 წელს საერთო შემოსავლების მოცულობამ წინა წელთან შედარებით, 32%-ით მოიმატა და 26.15 მილიონ ლარს მიაღწია.
იმავე წლის ბოლოს, DSL ტექნოლოგიებით ინტერნეტის მომხმარებლების საერთო რაოდენობა 2005 წელთან შედარებით, 80%-ით გაიზარდა. 2008 წლისთვის კი, მათმა რაოდენობამ 35 ათასს გადააჭარბა. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ინტერნეტ-ბაზარს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მომხმარებლების გადაბირებისთვის დაწყებული ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. თუმცა, ამ ბრძოლას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებთან.
XI საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა და ინტერნეტის მზარდი მნიშვნელობაც თვალშისაცემია. ონლაინ სამყარო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მიმზიდველი ხდება ბიზნესის საწარმოებლად. მაგალითისათვის, რუსეთის ინტერნეტ რეკლამის ბაზრის შემოსავალმა 2008 წელს 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ონლაინ მაღაზიებმა კი, შარშან 5.5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს (წყარო: RBC, #9, 2009, გვ. 43). ბევრ მიმზიდველ თვისებასთან ერთად, ინტერნეტ სივრცეს ერთი მნიშვნელოვანი თვისებაც ახასიათებს – მძაფრი კონკურენცია. მსოფლიოში ჯანსაღი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია “გაიგე რა პრობლემა აქვს მომხმარებელს და შესთავაზე მისი გადაწყვეტის ხერხი””. საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის მონაწილე კომპანიების საყვარელი პრინციპი კი, “გათიშე და იბატონეა”” ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი თვითონ უქმნიან მომხმარებელს უამრავ პრობლემას, მაგრამ ისე, რომ მათი გადაჭრის რეალურ გზებზე არ, ან ვერ ფიქრობენ. სხვანაირად არ შეიძლება იმის ახსნა, რაც საქართველოს ინტერნეტ-ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ხდება.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში კონკურენტების ბრძოლა ბაზრის წილის დასაკავებლად, პირველ რიგში, მომხმარებელთა ინტერესებზე აისახება სასიკეთოდ. კონკურენტები კლიენტების გულის მოგებას ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების უფრო მისაღები პირობების შეთავაზებით ცდილობენ. საქართველოში კი, ყველაფერი პირიქითაა. ინტერნეტ-პროვაიდერებს შორის განუწყვეტელ დავას მომხმარებლის ინტერესები ეწირება. ჩვენთან ინტერნეტის ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სახარბიელოა, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს მომხმარებელთა უფლებების დარღვევას. მაგრამ ეს უხარისხო ინტერნეტიც კი, შეიძლება, სანატრელი გაუხდეს კაცს. როგორც ცნობილია, ინტერნეტ-პროვაიდერებს საკუთარი ჭები და სატელეფონო წყვილები არ აქვთ და სხვადასხვა სატელეფონო ოპერატორის საკაბელო წყვილებით სარგებლობენ. ამის სანაცვლოდ კი, მათ საიჯარო თანხას უხდიან. თავად სატელეფონო ოპერატორები კი, ხშირად საკუთარი მონოპოლიური მდგომარეობით სარგებლობენ და ინტერნეტ-მომხმარებლებს მრავალ პრობლემას უქმნიან.
“გაერთიანებულმა ტელეკომმა” ინტერნეტ-ბაზრის უმსხვილეს პროვაიდერ “კავკასუს ონლაინის” ათასობით აბონენტი რამდენიმე კვირა ინტერნეტის გარეშე დატოვა. ის “კავკასუსს” სატელეფონო წყვილებისა და საკაბელო არხების იჯარით სარგებლობისთვის დაგროვილ ნახევარ მილიონ ლარს ედავება. “გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენლების განცხადებით, აბონენტების გათიშვის მიზეზი ისაა, რომ”კავკასუსის” აპარატურას მუდმივი დენი არ მიეწოდება. “კავკასუს ონლაინს” ეს აპარატურა საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველეყო მუდმივი დენით. ეს დოკუმენტი არსებობს, მაგრამ ამ საკითხზე რეაგირება არ მოხდა, ვადებიც ამოიწურა და “გაერთიანებულმა ტელეკომმა” შეუწყვიტა მუდმივი დენის მიწოდება “კავკასუსის” აპარატურას. სწორედ ამის გამო არიან აბონენტები ინტერნეტის გარეშე, აცხადებდნენ დავის დასაწყისში “გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენლები. როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, “კავკასუს ონლაინს” მათ მიმართ 430 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება გააჩნდა, თუმცა, “კავკასუს ონლაინი” თავდაპირველად, მხოლოდ 243 ათასი ლარის დავალიანებას აღიარებდა. მტყუან-მართლის გასარკვევად კომპანიებს შორის ფინანსური დოკუმენტაციების კვლევა დაიწყო. კვლევა-ძიებაში ღრმად ჩაფლულ პროვაიდერებს მომხმარებელი სრულიად გადაავიწყდა.
“ტელეკომში” აცხადებენ, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე “კავკასუს ონლაინის” აბონენტების ჩართვის იურიდიული უფლება არ აქვთ. “კავკასუსში” კი, ამბობენ, რომ აბონენტების გათიშვიდან დაახლოებით ორი კვირის თავზე გაერთიანებულ ტელეკომს” ნახევარი მილიონი ლარის საგარანტიო წერილი წარუდგინეს თიბისი ბანკიდან”. თუმცა, მომხმარებლისათვის ინტერნეტის მიწოდება არც ამის შემდეგ განახლებულა. კავკასუს ონლაინში” აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ტელეკომი” ასეთი გზით ცდილობს აბონენტების გადაბირებას. გაერთიანებული ტელეკომის” პრესსამსახურში ამტკიცებდნენ, რომ კავკასუსის” ხელმძღვანელობას მათთვის არანაირი საგარანტიო წერილი არ წარუდგენია და შესაბამისად, 6000 აბონენტის ჩართვას თანხის დაფარვამდე არ აპირებენ.
პრობლემის თავი და თავი ის არის, რომ “კავკასუს ონლაინი”” ინტერნეტ-ბაზრის ყველაზე მსხვილი პროვაიდერია – ის ბაზრის 70%-ს აკონტროლებს. “გაერთიანებული ტელეკომის”” წილად, ბაზრის 15 პროცენტი მოდის, 5 პროცენტს კი “ახალი ქსელების” ინტერნეტ-პროვაიდერი “ეგრისი” ფლობს. ბაზრის დანარჩენი წილი რამდენიმე წვრილ კომპანიას შორის ნაწილდება. მართალია “კავკასუსი” ბაზრის ყველაზე დიდი პროვაიდერია, მაგრამ ინტერნეტის მისაწოდებლად “გაერთიანებული ტელეკომისა”” და “ახალი ქსელების” სატელეფონო ხაზებს იყენებს, ვინაიდან თბილისის სატელეფონო ხაზების 80% “გაერთიანებულ ტელეკომს”, 20 პროცენტი კი, “ახალი ქსელების” საკუთრებაა. “გაერთიანებულმა ტელეკომმა” სახელმწიფო კომპანია “ელექტროკავშირი” საკომუნიკაციო ჭებთან ერთად, 2006 წლის მაისში დაახლოებით 90 მილიონ დოლარად შეიძინა. ახლა ის DSL წყვილებსა და იმ საკომუნიკაციო არხებს, სადაც სატელეფონო კაბელები გადის, ერთპიროვნულად მართავს.
სამწუხაროდ, ეს ინტერნეტ-პროვაიდერებს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი გასული წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც ყაზახურ-ქართულ ინვესტორთა ჯგუფმა “გაერთიანებული ტელეკომი”” შეიძინა, ბაზარზე შემოსვლისთანავე ახალმა ინვესტორმა ინტერნეტ-პროვაიდერებისათვის ტარიფის გაძვირება 3.5 ლარიდან 15 ლარამდე გადაწყვიტა, რამაც ინტერნეტ-პროვაიდერების, განსაკუთრებით კი, “კავკასუს ონლაინის” უკმაყოფილება გამოიწვია. “ჩვენ შეგვეძლო “კავკასუს ონლაინისათვის” ხელშეკრულების შეწყვეტა და მისი აბონენტების ინტერნეტის გარეშე დატოვება, მაგრამ ამას არ გავაკეთებდით, რადგან საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობისათვის ინტერნეტის მნიშვნელობა კარგად გვესმის. ამიტომ “კავკასუს ონლაინი” თუ არ იხდის, მაშინ ამ თანხის გადახდა აბონენტებს მოვთხოვეთ, ამაში გაუგებარს ვერაფერს ვხედავ” – ასეთი იყო “გაერთიანებული ტელეკომის”პოზიცია. გამოდის, რომ მისთვის პირიქით მადლობა უნდა გვეთქვა ამ “სიკეთისთვის”- გაზრდილ ტარიფს ვინ ჩივის, ინტერნეტის გარეშე დარჩენა ხომ უარესი იქნებოდა?! სანამ საკითხის გარკვევაში მარეგულირებელი კომისია ჩაერთო, რომელმაც ყველა ინტერნეტ-პროვაიდერისათვის ზღვრული ტარიფი – 11.68 ლარი დაადგინა, ამ დავამ მომხმარებელი საკმაოდ დააზარალა.
ამ მიმართულებით თუ ქართულ კომპანიათა “შესაძლებლობებსა და გამოცდილებას” გავითვალისწინებთ, მაშინ, ალბათ, მართლაც სამადლობლად გვქონდა საქმე იმის გამო, რომ “გაერთიანებულმა ტელეკომმა” ინტერნეტის გარეშე არ დატოვა მომხმარებელი. აი, “ახალმა ქსელებმა” და “ახტელმა” კი, საერთოდ ვერ (ან არ) გაითვალისწინეს მომხმარებელთა უფლებები და ინტერესი. ამ კომპანიებმა იგივე “კავკასუს ონლაინის” მომხმარებლები 2008 წლის თებერვლის დასაწყისში ქსელიდან 3 დღით გამორთეს. მაშინ მოქალაქეებთან ერთად, ქსელიდან გამოირთო სახელმწიფო და კერძო კომპანიები, მათ შორის, სტრატეგიული და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები. “კავკასუს ონლაინის”” წარმომადგენელთა თქმით, გამორთვა კანონდარღვევით მოხდა და ის მიზნად კომპანიის დაშინებასა და დისკრედიტაციას ისახავდა. “ახალი ქსელების” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გათიშვა აუცილებელი გახდა, რადგან “კავკასუს ონლაინს” 3 თვის დავალიანება ჰქონდა და მას პრინციპულად არ იხდიდა.
“კავკასუს ონლაინში” “ახალი ქსელების” მხრიდან სხვა დარღვევებზე საუბრობდნენ. ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მარეგულირებელ კომისიაში გაირკვა, რომ “ახალი ქსელები”” მათ 2007 წლის მანძილზე 800-ზე მეტი აბონენტის საფასურს ახდევინებდა, თუმცა, ეს აბონენტები “კავკასუსის”” ქსელში ჩართულნი არასოდეს ყოფილან. “ახალ ქსელებში”” არ უარყოფდნენ, რომ ზედმეტი ნომრები შეიძლება მართლაც არსებობდა, რაც მონაცემებს შორის თავისთავად გულისხმობს გარკვეულ სხვაობას, მაგრამ ამას ობიექტური მიზეზებით ხსნდნენ – ეს ნომრები, შეიძლება მოხსნილი იყოს ქსელიდან, მაგრამ “ახალ ქსელებამდე” ეს ინფორმაცია არ მისულა, პერიოდულად 700-800 ნომერი იხსნება და ამდენივე იდგმება. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და გასათიში ნომრების რაოდენობის დადგენა სისტემატურად მიმდინარეობსო. დავაში ჩაერთო მარეგულირებელი კომისია, რომელმაც დავის მონაწილე ორივე მხარე დაავალდებულა, მოეხდინათ გათვლების შედარება ზემოთ მოყვანილ საკითხებზე და დამატებით 177 ნომერზე, რომლის დარიცხვები 2006 წლიდან არასწორად ხორციელდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინათ ურთიერთანგარიშსწორება.
კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, შპს “ახტელისა” და “ახალი ქსელების” ადმინისტრაციამ ცალმხრივად, მხოლოდ მისი გათვლებით დაანგარიშებული დავალიანების გადახდა მოსთხოვა “კავკასუს ონლაინს” და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამორთო ინტერნეტ-მომხმარებლები ქსელიდან. უფრო მეტიც, ტელეოპერატორები ქსელიდან გათიშულ აბონენტებს “კავკასუსთან” კონტრაქტის გაწყვეტას და ამის სანაცვლოდ, საკუთარ ინტერნეტ-მომსახურებას სთავაზობდნენ.
მარეგულირებელმა კომისიამ “კავკასუს ონლაინისა” და “ახალი ქსელების”” საქმეზე დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, “კავკასუსის” მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას თანხის გადახდა დაეკისრა. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში, სიმართლე “ახალი ქსელების” მხარეს იყო და კომისიამ “კავკასუსს” ვალის გადახდა დააკისრა, მაგრამ რატომ არ მოსთხოვა მარეგულირებელმა კომისიამ პასუხი “ახალ ქსელებს” იმისათვის, რომ მან ქსელიდან მომხმარებელი 3 დღით უკანონოდ გათიშა? მართალია, თავის დროზე მარეგულირებელი კომისიის ჩარევის შემდეგ, აბონენტების გათიშვები შეწყდა, მაგრამ, მსგავსი შემთხვევების განმეორების საფრთხე კვლავ არსებობს და ალბათ, ყოველთვის იარსებებს (სულ ახლახან მომხდარ მოვლენებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ), სანამ ქვეყანაში რეალურად არ ამოქმედდება თავნება კომპანიების დასჯის მექანიზმი.
რატომ დააზარალა კომპანიებს შორის ფინანსურმა დავამ მომხმარებელი და რატომ არავის მოეთხოვა პასუხი ამის გამო? ეს კითხვები მაშინაც და ახლაც პასუხგაუცემელია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, საქართველოში ჯერ არც ერთი კომპანია დასჯილა. როგორც ზემოთ ვთქვით, საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ინტერნეტ-ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება, კონკურენციაც უფრო მძაფრდება. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რომ ქართული სატელეფონო კომპანიებიც აქტიურად ცდილობენ ინტერნეტ-ბაზარზე გასვლას. თუმცა, ისინი კონკურენტ პროვაიდერებს თამაშის არაკეთილსინდისიერ წესებს სთავაზობენ. სატელეფონო კომპანიები სასურველი შედეგის მისაღებად მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენებას ცდილობენ. საბოლოო ჯამში, ყველაზე დაზარალებული კი, ისევ და ისევ მომხმარებელი რჩება.