ნავთობის ფასები იზრდება, მოთხოვნა – მცირდება

რედაქციისგან 

ეკონომიკური ვარდნა და ნავთობზე მოთხოვნის შემცირება თანამდევი მოვლენებია. მსოფლიოს სამი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ზონაში – აშშ-ში, ევროკავშირსა და იაპონიაში – მასზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება. 2010 წლის პირველ ნახევარშიც კი, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური რეცესიიდან თავის დაღწევის ნიშნები შეინიშნებოდა, ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მცირე ტემპები მხოლოდ აშშ-ში დაფიქსირდა, ევროკავშირსა და იაპონიაში კი სურათი რადიკალურად არ შეცვლილა. ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებამ და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნავთობზე მოთხოვნის დონე აღარსაოდეს მიაღწევს 2000 წლის ნიშნულს, როდესაც მასზე მოთხოვნამ ისტორიულ პიკს მიაღწია. საინტერესოა, რა აძლევს ექსპერტებს მსგავსი პროგნოზის გაკეთების საფუძველს? 

      “ნავთობის მსოფლიო ფასები 2015 წელს 100-დოლარიან ნიშნულს ისევ გადალახავს, 2035 წელს კი ბარელზე 200 დოლარს მიაღწევს” – ასეთი პროგნოზით საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტები გამოდიან. მოხსენებაში World Energy Outlook 2010 ნათქვამია, რომ ფასები ნავთობზე მოთხოვნის შემცირების პირობებშიც კი გაიზრდება. მიზეზი კი ნედლეულის მიწოდების მხრივ არსებული გაურკვევლობაა. ფასები გაიზრდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ქვეყნები არ შეცვლიან ნავთობის მოხმარებისადმი დამოკიდებულებას, კერძოდ, სატრანსპორტო სფეროში,” – აცხადებს სააგენტოს მთავარი ეკონომისტი, ფათიჰ ბიროლი. მისივე თქმით, მსოფლიოს ნავთობზე უფრო მაღალი ფასები სჭირდება, რათა ამ ნედლეულისადმი მომხმარებლის დამოკიდებულება შეცვალოს და სფეროში ინვესტიციების ზრდას შეეწყოს ხელი. 
      2007-2010 წლებში OECD-ის ქვეყნებმა ნავთობის ყოველდღიური მოხმარება 49,54 მილიონი ბარელიდან 45,42 მილიონ ბარელამდე შეამცირეს. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში არსებული ეს ტენდენცია ჯერჯერობით ბალანსდება განვითარებადი ქვეყნების მხრიდან მზარდი მოთხოვნით. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, განვითარებადმა ეკონომიკებმა ნავთობის გლობალური მოხმარების გრძელვადიანი მოდელი თავდაყირა დააყენეს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში  ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნავთობზე პირველად დაფიქსირდა სეზონისთვის დამახასიათებელი საშუალო მაჩვენებელზე მაღალი მოთხოვნა. ნავთობზე მოთხოვნა ძლიერდება ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ბრაზილია და ინდონეზია. OECD-ის არაწევრ სახელმწიფოებში ნავთობზე მოთხოვნა 2006-2009 წლებში 35,71 მილიონი დღიური ბარელიდან 38,91 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. განსაკუთრებული მოთხოვნა დღეს ნავთობზე ჩინეთშია. 2006-2009 წლებში ამ ქვეყანაში ნავთობზე დღიური მოთხოვნა 8,92 მილიონი ბარელიდან 17,5%-ით გაიზარდა. 
      თუმცა, განვითარებადი ქვეყნების ტენდენცია მსოფლიოში არსებულ ზოგად ტენდენციას რადიკალურად ვერ ცვლის – როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2007 წლის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნა ისტორიულ მაქსიმუმს ვერ უახლოვდება. 
      ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, 2006-2007 წლების მიჯნაზე ფასების მკვეთრი ზრდა, რის გამოც მომხმარებელი იძულებული გახდა ნავთობპროდუქტები ეკონომიურად მოეხმარა. ეს, პირველ რიგში, საავტომობილო ინდუსტრიაზე აისახა. აშშ-ში ავტომობილების მომხმარებლებმა უკვე შეამცირეს საწვავის მოხმარება დღეში 0,035 მილიონი ბარელით. ექსპერტების შეფასებით, ენერტგოეფექტური ავტომობილების წარმოება ამ ტენდენციას შეუქცევადს გახდის. შემდეგი 10 წლის განმავლობაში კი საწვავის მოხმარება 0,35 მილიონი დღიური ბარელით შემცირდება. 
      EIA-ს (Energy Information Administration) მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მთლიანად მოხმარებული ნავთობის ნახევარზე მეტი ავტომობილებზე მოდის. თუმცა, ეს მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ძალიან განსხვავებულია. თუ ჩინეთში მოხმარებული ნავთობის 34% ავტომობილებზე იხარჯება, ევროპაში ეს მაჩვენებელი 52%-ს, ხოლო აშშ-ში სრულად მოხმარებული ნავთობის ორ მესამედს შეადგენს. ამასთანავე, მსოფლიოში მოხმარებული ნავთობის 25% იხარჯება შენობა-ნაგებობების გათბობაზე, რომელთაგანაც 78% საცხოვრებელი სახლები, 22% კი საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობებია. 
      ნავთობპროდუქტების მოხმარების უდიდესი ნაწილი საყოფაცხოვრებო ხასიათისაა (იგულისხმება ავტომობილები და ბინების გათბობა), ამიტომაც, ესქსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ არის დიდი რეზერვი მისი მოხმარების შემცირების, ვინაიდან მოსახლეობა, ხშირ შემთხვევაში, არაეკონომიურად და დაუდევრად ხარჯავს მას. მაგალითისათვის, 29 მილიონი ბარელის დახარჯვა დღეში მხოლოდ A პუნქტიდან B-ში გადასაადგილებლად ეკონომიკისათვის უარყოფითი შედეგის მომტანია, მაშინ, როცა უამრავ ადამიანს შეუძლია პირადი ავტომობილის ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს და დიდი რაოდენობით საწვავი დაზოგოს. 
      საწვავის ერთ სულზე მოხმარებული მაჩვენებლის მიხედვით, ჰონკონგის ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი 2,5-ჯერ აღემატება აშშ-ის მეგაპოლისების კოეფიციენტს, 1,8-ჯერ ევროპულისა და 4-ჯერ აზიის ქალაქების მაჩვენებელს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ ქალაქის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისას მაქსიმალურად გათვალისწინებულია ენერგოეფექტური ინიციატივები, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია-განვითარება; ერთი მხრივ, საოფისე ფართებისა და სავაჭრო-გასართობი ცენტრების და, მეორე მხრივ, საცხოვრებელი უბნების კომპლექსური განლაგება; ენერგოეფექტური გათბობის სისტემების დანერგვა შენობებში და ასე შემდეგ. ჰონკონგის შემთხვევაში, ასეთი შედეგი იმანაც განაპირობა, რომ ის თანამედროვე ქალაქია და უკვე განახლებული ინფრასტრუქტურითა და კონცეფციით შენდებოდა, ძველ მეგაპოლისებს კი ინფრასტრუქტურის განახლება სჭირდებათ, რაც დიდ დროს მოითხოვს. თუმცა, თანდათანობით ამ გზით რომ სულ უფრო მეტი მოცულობის ენერგიის დაზოგვა გახდება შესაძლებელი, ნათელია, რაც თავის მხრივ, ნავთობზე მოთხოვნის შემცირდებას გამოიწვევს. 
      EIA-ს შეფასებით, ნავთობზე მოთხოვნა 3,5%-ით შეიძლება შემცირდეს სახელმწიფო სუბსიდიებზე უარის თქმითაც. ერთი ქვეყნის მაგალითი განვიხილოთ. როგორც რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, სახელმწიფო სუბსიდიების გამო რუსეთში მეწარმეებისათვის ნავთობპროდუქტები საკმაოდ იაფია, ამის გამო ხშირად ენერგიის არაეკონომიური და უსარგებლო ხარჯვა ხდება. სახელმწიფო სუბსიდიებზე უარის თქმით მხოლოდ რუსეთში, ყოველწლიურად 18% ნავთობის დაზოგვა შეიძლება. იგივე შეიძლება ითქვას აზიის ქვეყნების დიდ ნაწილზე, მაგალითად, ისეთებზე, როგორებიც არიან, ტაივანი, ინდონეზია, ბანგლადეში და მალაიზია. 
      ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნავთობზე მოთხოვნა კრიზისამდელ დონეს უახლოესი 5 წლის განმავლობაში დაუბრუნდება და ეს, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე მოხდება, თუმცა, არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ნავთობზე მოთხოვნა ისტორიული პიკის ნიშნულს აღარსაოდეს დაუბრუნდება. 
      ერთი რამ ცხადია, თუ ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება გაგრძელდება, ნავთობზე მოთხოვნის შემცირება გარადუვალია. ევროკავშირსა და იაპონიაში აქცენტი უკვე დიდი ხანია გაკეთდა განახლებად და ატომურ ენერგიებზე. იაპონიაში წარმოებაში ნავთობის წილი 1973 წლიდან 1986 წლამდე 73%-დან 26%-მდე შემცირდა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 9,5%-ია. მოთხოვნის შეცირებაზე გავლენა მოახდინა ევროკავშირის დეკლარირებულმა ე.წ. “მწვანე” პროგრამამ, რომელიც ევროპაში ცნობილია “20-20-20” გეგმის სახელწოდებით. გეგმა მიზნად ისახავს, ევროკავშირში სათბური აირის გამოყოფის 20%-ით შემცირებას და ასევე განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდას 2020 წლამდე. 
      თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის წლიური გადასახადი მხოლოდ ნავთობზე 250 ბილიონ დოლარს შეადგენს, რაც მისი მშპ-ის 2,3%-ია, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იზრუნოს ამ დანახარჯების შემცირებაზე საკუთარი ენერგიის წყაროს შექმნით. 2008 წელს ევროკავშირში განახლებადი ენერგიის წყაროების წილი საერთო ენერგო მოხმარებაში 8,5%-ს შეადგენდა, 1996 წელს ეს მაჩვენებელი 6% იყო. ყველა ერს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ეროვნულ დონეზე 5,5%-ით გაზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარების წილი, 2005 წლის დონესთან მიმართებაში. ამასთან, სახელმწიფოები თავისუფალნი არიან იმის არჩევანში, თუ რომელ განახლებადი ენერგიის სახეობის განვითარებას მიანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების და გამოყენების სფეროები უნდა მოიცავდეს ელექტროენერგიას, გათბობისა და გაცივების სისტემებს და ტრანსპორტს. 
      ამ ყველაფერს ლოგიკურად მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ნავთობზე მოთხოვნის შემცირების პროცესი შეუქცევადია. თუმცა, ამას სჭირდება ათეულობით წლები. ჯერჯერობით კი, მსოფლიოში ალტერნატიული ენერგო რესურსების მოხმარების წილი 13,1%-ს შეადგენს. საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს ენეგომოხმარებაში 2030 წლისათვის ალტერნატიული ენერგიის წილი მხოლოდ 14%-მდე შეიძლება გაიზრდოს. ასეთი ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს რჩებათ საკმარისი დროს საკუთარი ეკონომიკური “ორიენტაციის” მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით შესაცვლელად. ზოგიერთი პესიმისტური გათვლებით, 2007 წელს არსებული პიკური მოთხოვნის დონე 2010 წლის ბოლოსათვის განმეორდება. თუმცა, ეს მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკების რეცესიიდან თავის დაღწევის ინერციული შედეგი იქნება. შემდეგ კი კვლავ დაიწყება ნავთობზე მოთხოვნის შემცირება. თუმცა, ამის მიზეზი არ იქნება მომხმარებლის მსყიდველობითი უნარის დაქვეითება, როგორ ეს მიმდინარე გლობალური რეცესიის დროს მოხდა. ნავთობზე მოთხოვნის შემცირების მთავარი მიზეზი ის იქნება, რომ შავი ოქრო აღარ იქნება საჭირო იმდენი რაოდენობით, რა რაოდენობითაც მას დღეს მოვიხმართ.