ქვეყნის პირველი ბანკირები ევროპასა და ამერიკაში
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
თანამედროვე სახელმწიფო, ერთი მხრივ, წარმოდგენილია მთავრობით, რომელიც რატომღაც ყოველთვის ფულის უკმარისობას განიცდის და სიამოვნებით გახარჯავდა გაცილებით მეტს, ვიდრე ამისათვის გამოეყოფა (მას ნაკლებად აღელვებს ის ამბავი, თუ ამის შედეგად რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა), ხოლო მეორე მხრივ, ცენტრალური ბანკით, რომელიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ფასების სტაბილურობასა და ეროვნული ვალუტის კურსის სიმტკიცეზე.
ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს (თავმჯდომარეს) ირჩევენ ხუთი (ავსტრიაში), ექვსი (პოლონეთში), შვიდი (ფინეთში), და რვა წლითაც კი (რუმინეთში, ევროპის ცენტრალურ ბანკში), რათა ისინი რაიმე ფორმით არ იყვნენ დამოკიდებულნი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც გაცილებით ნაკლები ხნით მოდიან ხელისუფლების სათავეში.
თავად ეს ბანკებიც სხვადასხვაგვარად იწოდებიან. მაგალითად, “ეროვნული” (ბელგიასა და უნგრეთში), “ცენტრალური” (არგენტინაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში და სენეგალში), სარეზერვო (შეერთებულ შტატებში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ავსტრალიაში და ა. შ.), ან საერთოდ, ყოველგვარი ზედსართავის გარეშე მოიხსენიებიან (გვატემალის ბანკი, ჰოლანდიის ბანკი, ლიტვის ბანკი, რუსეთის ბანკი), მიუხედავად ამისა, მათი როლი და დანიშნულება თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ, ეს იმაში გამოიხატება, რომ მან უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა და ხელი შეუწყოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ცენტრალური ბანკის ძირითად პოლიტიკას.
ეს კი არ არის ადვილად მისაღწევი. ამიტომ ხშირად ურთიერთობები ცენტრალურ ბანკსა და მთავრობას შორის კონფლიქტებამდეც კი მიდის და ეს ყოველთვის როდი მთავრდება ცენტრალური ბანკის პოლიტიკის გამარჯვებით. მაგალითად, 1995 წელს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ ტრიხეტმა მკაცრი პოლიტიკის გატარება არჩია, რათა არ დაეშვა ბიუჯეტის დეფიციტის გაღრმავება. ამის გამო მას პრეზიდენტად არჩეული შირაკისაგან საკმაოდ დიდი უსიამოვნება შეხვდა – ბანკირი დიდ პოლიტიკას უნდა ემორჩილებოდესო, – ასეთი იყო და არის შირაკის პოზიცია. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ზუსტად ორი წლის წინ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა გაცილებით გაძლიერდა.
ფულის ემისიის გარდა მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს შორის მუდმივი კამათის საგანია აგრეთვე საპროცენტო განაკვეთების დადგენა. საქმე ის არის, რომ ცენტრალური ბანკი აწესებს იმ საპროცენტო განაკვეთს, რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკები მისგან ფულს ყიდულობენ. მთავრობის შეხედულებით, პროცენტის ეს დონე თითქმის ყოველთვის მაღალია და ეკონომიკის განვითარებას აფერხებს, მაშინ, როდესაც ცენტრალური ბანკის ექსპერტთა აზრით, საქმე პირიქით არის. მთავრობა ლაპარაკობს საზოგადოების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ფულის მასის გაზრდასა და რეფინანსირების პროცენტის შემცირებაზე, ბანკი კი ყურადღებას ბიუჯეტის დეფიციტსა და მისი გაზრდის პერსპექტივებზე ამახვილებს და ცდილობს, მთავრობის ნებას არ დაჰყვეს.
ლიდერი ამერიკიდან
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს რომ ჰკითხო, ვინ არის მათ კოლეგებს შორის ყველაზე გამორჩეული, დაუფიქრებლად ალან გრინსპენს, ფედერალური რეზერვების ბანკის გუბერნატორთა საბჭოს თავმჯდომარეს (ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი) დაასახელებს. გრინსპენის დამსახურება როგორც შეერთებული შტატების, ისე მთელი მსოფლიოს საბანკო სისტემის წინაშე იმდენად “წონადია” რომ ჩვენ ჟურნალის შემდეგ ნომერში ცალკე წერილს მივუძღვნით. ახლა კი მისი დანარჩენი კოლეგების მუშაობის სტილსა და მეთოდებს გავეცნობით.
ევროპაში გერმანელი ბანკირების პრიმატია
ექსპერტების აზრით, ევროპაში დაახლოებით გრინსპენის ტიპის ბანკირი ჰანს ტიტმაიერია, რომელიც ამ ბოლო ხანებამდე გერმანული ბუნდესბანკის პრეზიდენტი იყო. ეს ვესტფალიელი ბანკირი იმდენად ფრთხილი იყო, რომ პარლამენტშიც კი არ მიდიოდა. იქ იგი თავის მოადგილეს აგზავნიდა. მისი ასეთი ქცევის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ არ სურდა პარლამენტარებს მოჩვენებოდათ, რომ თითქოს შეეძლოთ მასზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა.
ეს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე ინგლისის ცენტრალური ბანკის შემთხვევაში, რომლის წესდებაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ეს დაწესებულება მხარს უჭერს მისი მეფური უდიდებულესობის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას. ამასთან, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა თავის პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს ისეთი პარამეტრები, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა და დასაქმება. ყოველივე ამის მხედველობაში მიღებით, განა პარადოქსული არ არის ის სიტუაცია, რომ ამჟამად ინგლისური გირვანქა სტერლინგი გაცილებით უფრო მტკიცეა, ვიდრე გერმანული მარკა?!
ტიტმაიერის მმართველობის პერიოდში გერმანული მარკის კურსი დაახლოებით ისეთივე მტკიცე იყო, როგორც ამერიკული დოლარისა. მარკა ნამდვილად იყო მსოფლიოში მეორე ვალუტა დოლარის შემდეგ. ასეთი მდგომარეობა კი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ყოველივე ამის გამო, მარკა სასურველი სარეზერვო ვალუტა გახდა ნებისმიერი ქვეყნისათვის. მარკის კურსი ვერ შეარყია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ყოფილი გდრ-ის შეერთებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა სირთულეებმა და ამ რეგიონის ეკონომიკის დონის ასამაღლებლად გაღებულმა დიდი მოცულობის სუბსიდიებმაც. აღსანიშნავია, რომ 1999 წლიდან ტიტმაიერი დამსახურებულ პენსიაზე გავიდა, ხოლო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე თავისი ყოფილი მოადგილე ერნესტ ველტკე დატოვა, რომელიც ტიტმაიერის უდიდესი ავტორიტეტის გამო როგორც გერმანიის, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საბანკო-საფინანსო წრეებში ჯერჯერობით თავისი ყოფილი შეფის ჩრდილში რჩება.
ერნესტ ველტკეს ავტორიტეტის ზრდას გერმანიაში ისიც უშლის ხელს, რომ გერმანელები ბოლო ხანებში როგორც ევროს, ასევე გერმანული მარკის კურსის დაცემას (განსაკუთრებით დოლართან მიმართებაში) სწორედ მის სახელს უკავშირებენ.
არადა, ველტკე როდია დამნაშავე იმაში, რომ მარკის კურსი მტკიცედ არის მიბმული ევროპის სავალუტო კავშირში შემავალი ყველა ქვეყნის ეროვნულ ვალუტასთან. ამის ინიციატორი და ძირითადი განმახორციელებელი იყო ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ჰოლანდიელი ვილ დიუსენბერგი (ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვით, რომ ეს საქმე გადაწყვიტა ვილ დიუსენბერგის უკან მდგომმა პოლიტიკურმა ძალამ, რომლის სიმბოლოსაც ჰელმუტ კოლი წარმოადგენდა).
რეკორდსმენი ბანკირი
64 წლის დიუსენბერგი ახალგაზრდობაში სოციალისტი იყო, მაგრამ რამდენიმე ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, როდესაც ფულის ახალმა პარტიებმა არათუ უშველა, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი, დუისენბერგი პოლიტიკაში მარჯვნივ გადაიხარა (იგი, ამ მხრივ, არ განსხვავდება ტრიხეტისაგან). დიუსენბერგი ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი 16 წელზე მეტი ხნის მანძილზე იყო (ეს ევროპისათვის თითქმის რეკორდული ვადაა). ორი წლის წინ იგი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად დანიშნეს.
მიუხედავად საბანკო სფეროში მუშაობის ასეთი რეკორდული სტაჟისა, დუისენბერგის გამოცდილება საბანკო საქმიანობაში ისეთივე მცირეა, როგორც ჰოლანდია ტერიტორიულად. უფრო მეტიც: კრიტიკოსები მას აბრალებენ, თითქოს იგი გაცილებით მეტს ლაპარაკობდეს, ვიდრე აკეთებს ევროს სიმტკიცის დასაცავად.
თანამედროვე პირობებში, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას, საკმაოდ აქტუალური საკითხია, არის თუ არა დარჩენილი მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად ნამდვილად მემარცხენე პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი (გარდა კუბის და ჩრდილოეთ კორეისა)?
ასეთად, ალბათ, შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა პერიოდის წარმომადგენელი, რუსეთის ბანკის პრეზიდენტი, ვიქტორ გერაშჩენკო. მას ჯერ კიდევ ამ რამდენიმე წლის წინ რუსეთის კონსტიტუციის 75-ე მუხლი ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ მხოლოდ გულუბრყვილო ხუმრობად მიაჩნდა და თავის დანიშნულებას რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ფულის ახალ-ახალი პარტიების გამოშვების ორგანიზებაში ხედავდა. ამასთან, ბოლო ხანების რუსეთის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როგორც ჩანს, გერაშჩენკო უკვე ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყნის საბანკო სფეროში, სადაც ტონს ახალგაზრდა რეფორმატორი ეკონომისტები იძლევიან.
ფიგარო იქ, ფიგარო აქ…
თუმცა, ბანკირებს უყვართ საუბარი თავიანთი რეალური პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ, მაგრამ მათი უმრავლესობა გარკვეულ პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს. ამაში არც არაფერია გასაკვირი: ბანკი ის ადგილია, საიდანაც ბევრი რამ ჩანს, სადაც ერთმანეთში იკვეთება მრავალი სერიოზული ეკონომიკური ინტერესი და რომლის პოლიტიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ცენტრალური ბანკის პოლიტიკაზე ასეთი სერიოზული გავლენის თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა. ამ ქვეყნის ახალგაზრდა და წარმოსადეგი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იუშჩენკო მანამდე, ვიდრე ამ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი იყო. ცნობილია, რომ უკრაინის ცენტრალური ბანკი თანამედროვე, კარგად ორგანიზებული დაწესებულებაა. გრივნა, მართალია, თავის ღირებულებას კარგავს, მაგრამ ამ პროცესს კონტროლირებადი ხასიათი აქვს, ხოლო თავად ბანკის პრეზიდენტი ღია ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპული მომხრეა.
ვიდრე… ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტად ჰანა გრინკიევიჩ-ვალტს დანიშნავდნენ (პოლონეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი), ამ პოსტზე მისი მეტოქე ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი იოზეფ ტოშოვსკი იყო. ტოშოვსკი არის არა მხოლოდ ჩეხური მარკისათვის, პოლონური ზლოტის მსგავსად რამდენიმე ნულის ჩამოშორების ავტორი და ინიციატორი, არამედ თითქმის სრულიად ახალი ჩეხური ვალუტის არქიტექტორიც. ჩეხეთში რეფორმების გატარების პერიოდში ტოშოვსკი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა (კერძოდ, იგი იყო, მაგალითად, 1996 წლის ევროპის ყველაზე საუკეთესო ბანკირი, რომელსაც ირჩევს ევროპის ეკონომიკური პრესის კლუბი). ხოლო როდესაც ჩეხეთში კრიზისის ნიშნები გაჩნდა, ტოშოვსკი ჩეხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. მან ამ პოსტზე თითქმის ერთ წლამდე იმუშავა, შემდეგ ჩეხეთში ჩატარდა ვადამდელი არჩევნები და იგი კვლავ ძველ თანამდებობას (ცენტრალურ ბანკში) დაუბრუნდა. ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს, მას ქვეყნის ცენტრალურ ბანკში მუშაობა მობეზრდა (მას პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ოთხი წელი დარჩა), რადგან ამ ბოლო დროს ტოშოვსკის საერთაშორისო გადარიცხვების ბანკის (შტაბ-ბინით ბაზელში) პრეზიდენტად ვხედავთ. მისი განცხადებით, იგი მიდის ამ თანამდებობიდან, ვინაიდან ყველა ის ძირითადი საქმე, რომლის განხორციელებაც მას განზრახული ჰქონდა, უკვე შესრულებულია. კერძოდ, ინფლაცია მინიმუმამდეა დაყვანილი (3,7 პროცენტი გასულ წელს), ხოლო კრონა (ჩეხეთის ეროვნული ვალუტა), გახდა ძლიერი და სრულად კონვერტირებადი ვალუტა. საბანკო სისტემა კონსოლიდაციის ბოლო სტადიაზეა, ხოლო ცენტრალური ბანკი გამართულად მომუშავე დაწესებულებაა, – განაცხადა მან პოსტიდან წასვლისას.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ტოშოვსკის პოსტიდან წასვლა იმითაც არის გამოწვეული, რომ მიმდინარე წლიდან ძალაში შედის ახალი კანონი ცენტრალური ბანკის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამ დაწესებულების დამოუკიდებლობა ძალზე იზღუდება.
ამავე დროს, ტოშოვსკის მრავალი ჩეხი ექსპერტი (მაგალითად, ქვეყნის ყოფილი პრემიერი ვაცლავ კლაუსი) ადანაშაულებს იმაში, რომ იგი კრედიტებზე აწესებდა მეტისმეტად მაღალ პროცენტებს, ხოლო ძვირი კრედიტები ხელს უშლიდა ეკონომიკის განვითარებას. მას ადანაშაულებენ იმაშიც, რომ მისი მმართველობის პერიოდში ცენტრალური ბანკი ძალიან ადვილად აძლევდა ლიცენზიებს ახლადწარმოქმნილ ბანკებს. როგორც ყოფილ (კლაუსს), ისე ახალ პრემიერ-მინისტრ ზენონს, მიაჩნიათ, რომ ჩეხეთის ცენტრალურ ბანკს შეეძლო და შეუძლია უფრო აქტიური როლი ითამაშოს ქვეყნის ეროვნული მეურნეობის განვითარებაში.
მართლაც, ძნელია მხოლოდ ტოშოვსკის დადანაშაულება ჩეხეთის ეკონომიკურ კრიზისში. ამ მოვლენის წარმოშობაში ლომის წილი ქვეყნის სახელმწიფო ბანკებს მიუძღვით, რომლებიც უშურველად გამოუყოფდნენ დიდძალ კრედიტებს, ვითომ პრივატირებულ, სინამდვილეში კი ცუდი მენეჯმენტის მქონე ყოფილ სახელმწიფო საწარმოებს. თუმცა, ცენტრალური ბანკი უნდა აკონტროლებდეს როგორც კომერციულ, ასევე სახელმწიფო ბანკების მუშაობას. ასეთ სიტუაციაში, იქნებ სწორიც იყო ტოშოვსკის გადასვლა ჩეხეთის ცენტრალური ბანკიდან ბაზელში.
ამჟამად ჩეხეთში კამათია ამტყდარი ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტის დასანიშნად. არსებული კანონის მიხედვით, მთავრობა წარუდგენს ქვეყნის პრეზიდენტს ამ პოსტზე დასანიშნ კანდიდატებს, ხოლო ეს უკანასკნელი ერთ-ერთ მათგანს ამტკიცებს.
ტოშოვსკივით სამსახურებრივი კარიერის საკმაოდ რთული პერიპეტიები გაიარა რუმინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მუგარ ისარესკუმ. იგი 40 წლის იყო, როდესაც ჩაუშესკუს რეჟიმი დაეცა. როგორც ჩანს, მას ამ დროს საკმაოდ კარგი ავტორიტეტი ჰქონდა, რადგან ისარესკუ ვაშინგტონში რუმინეთის ელჩად მიავლინეს. მალე იგი კვლავ ბუქარესტში მიიწვიეს და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად დანიშნეს. შემდგომ პერიოდებში ცვალებადი და არათანმიმდევრული რუმინული რეფორმების შედეგად მრავალმა პოლიტიკოსმა თუ ეკონომისტმა დატოვა თავისი პოსტი, მაგრამ ისარესკუ კვლავ თავის ადგილზე რჩებოდა და განაგრძობდა აქტიურ საქმიანობას ეროვნული ვალუტის განსამტკიცებლად და ეკონომიკის გასავითარებლად. გასული წლის დეკემბერში ისარესკუ პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი ამ წინადადებას მხოლოდ ერთი პირობით თანხმდება: მას სურს, პრემიერის პოსტზე ერთი წლის მუშაობის შემდეგ კვლავ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდეს. თუმცა, ბუქარესტში იმის შესახებაც დადის ხმები, რომ უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მალე დაინიშნება, იგი პოსტკომუნისტ ილიესკუს მთავარი პრეტენდენტი იქნება.
ბანკში რიგითი კლერკის თანამდებობიდან დაიწყო თავისი კარიერა იტალიის პრეზიდენტმა კარლო აზეგლიო ციამპიმ. სანამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა, იგი “ბანკო იტალიანოს” პრეზიდენტად მუშაობდა. ამ თანამდებობაზე 14 წლის მუშაობის შემდეგ ციამპი იტალიის მთავრობაში გადავიდა სამუშაოდ, იყო ხაზინის მინისტრი, ბიუჯეტის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი. იტალიელები მასზე ხუმრობენ, რომ იგი მეტისმეტად დაბალია საიმისოდ, რომ რაიმე მოიპაროს და ამიტომ დარჩა მას ამ სიტუაციაში “სუფთა ხელები”. აღსანიშნავია, რომ სწორედ ცენტრალური ბანკიდან არიან გამოსული იტალიის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ლამბერტო დინი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
პრეზიდენტი ქალები
თუმცა, იშვიათად, მაგრამ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც მამაკაცურ თანამდებობად ითვლება, ქალებსაც ვხვდებით. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრიელი მარია სხაუმაიერი. თუმცა, ეს ქალბატონი, ისევე როგორც ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების უმრავლესობა, აცხადებს, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეკუთვნება, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი თანაუგრძნობს ქრისტიან-დემოკრატებს.
ნიბა ანდერსენი დანიელი, ცნობილი ბანკირი ქალი იყო. იგი 25 წელი მუშაობდა იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, რომელმაც, როგორც ცნობილია, უარი განაცხადა ევროპის ერთიან სავალუტო ზონაში შესვლაზე და მტკიცედ ინარჩუნებს თავისი ეროვნული ვალუტის კრონის სიმყარეს.
ცნობილ ბანკირ ქალებს შორის აუცილებელია მოვიხსენიოთ რუსი ბანკირი ქალი, ტატიანა პარამონოვა, რომელიც რამდენიმე წელი იყო რუსეთის ბანკის პრეზიდენტი, ხოლო ახლა ვ. გერაშჩენკოს მოადგილეა. საბანკო სისტემაში საქმიანობით მან სახელი გაითქვა ასევე ფინელმა ბანკირმა სირკო ხამალაინემ, რომელიც მტკიცე ხელით მართავდა ფინეთის ცენტრალურ ბანკს მეტად რთულ 1992-96 წლებში. ფინეთის საბანკო სისტემისათვის ეს წლები განსაკუთრებით რთული იმიტომ იყო, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ფინეთის ეროვნული მეურნეობა, რომელიც მჭიდროდ იყო მიბმული ამ ქვეყანას, მეტად სერიოზული სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა. ამან თავისი გავლენა მოახდინა ეკონომიკის განვითარებაზე და წარმოშვა უმუშევრობა, რომელიც აქამდე თითქმის უცხო ხილი იყო ამ ქვეყნისათვის.
ასეთ პირობებში დიდი ზეწოლა იყო ცენტრალურ ბანკზე. სამუშაო ადგილების გასაჩენად მას ფულის ემისია უნდაAმოეხდინა. ამგვარ მოთხოვნებს ხამალაინე ცივი უარით პასუხობდა. ამასთან, თავის უარყოფით პოზიციას ასაბუთებდა იმით, რომ არაფერი ფასი არა აქვს ჰაერის ფულის ბაზაზე წარმომდგარ სამუშაო ადგილებსო.
როდესაც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ქალებზე ვსაუბროთ, არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ პოლონელი ბანკირი ჰანა გრონკიევიჩ-ვალტსი. ეს ბანკირი ქალი მეორე ვადით იყო არჩეული პოლონეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად და სწორედ მეორე ვადის შესრულების დროს დანიშნეს იგი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ვიცე-პრეზიდენტად.
აუცილებელია დამოუკიდებლობა?
ევროპის ცენტრალური ბანკის შექმნისა და ევროს შემოღების შემდეგ, ხშირად გაიგონებთ ასეთ შეკითხვას: თუ ევროპის საერთო ვალუტას ეს ბანკი გამოუშვებს, მაშინ რა ფუნქციები რჩებათ ევროპის ცალკეული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს? რა ფუნქციები რჩება შესასრულებელი, მაგალითად, თუნდაც იმ ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს, რომლებიც თუმცა, არ არიან ევროპის ერთიან სავალუტო ზონაში, მაგრამ იძულებულნი არიან დაემორჩილონ ამ ზონის მოთხოვნებს. მაგალითად, ბულგარეთი, რომელმაც გაჭიანურებული რეფორმების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ლევი გერმანული მარკისათვის მიება. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მოახდინოს მხოლოდ იმდენი ლევის ემისია, რა რაოდენობის მარკაც არის მის საცავებში და რომ ფულადი პოლიტიკის შემუშავება ხდება არა სოფიაში, არამედ ფრანკფურტში. ეს შეიძლება შევადაროთ სიგარეტის მაგარი მწეველის მოქმედებას, რომელიც დარწმუნებული არ არის თავის ნებისყოფაში, ამიტომ სიგარეტის კოლოფს ინახავს კარადაში, ხოლო გასაღებს ფანჯარაში მოისვრის.
ბულგარეთის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა არგენტინა, ოღონდ დოლარის მიმართ. ერთი პესო უდრის ერთ დოლარს. ორივე ვალუტა პარალელურად მიმოიქცევა. ამასთან, არგენტინაში ინფლაცია თითქმის ნულის დონეზეა, ხოლო მის მეზობელ ბრაზილიაში ეს მაჩვენებელი 8 პროცენტს შეადგენს. ასეთ პირობებში ეკონომიკური ზრდა ბრაზილიაში გაცილებით მაღალია, ვიდრე არგენტინაში. ანალოგიური რეჟიმი აქვს ლატვიასაც.
ასეთ პირობებში, ალბათ, ტიპიურიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთა კონფერენციაზე ინგლისის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მერვინ კინგის განცხადება, რომ მომავალში ცენტრალური ბანკების როლი და რიცხოვნობა შემცირდებაო. მისი აზრით, ამას გამოიწვევს ეკონომიკური და სავალუტო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო კავშირების მზარდი რიცხოვნობა და ასევე ტექნოლოგიური პროცესების განვითარება. ასეთ პირობებში ფულის ემისია დამოკიდებული იქნება არა იმდენად ბანკირების ურყევ ხასიათზე, რამდენადაც საერთაშორისო გარიგებებზე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალური ბანკის მმართველი უნდა იყოს პატიოსანი, ინტელექტით სავსე პიროვნება.