კომერციულ ბანკებსა და მცირე საწარმოებს შორის ეფექტიანი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირება
გიორგი რუსიაშვილი
კომერციულ ბანკებსა და მცირე საწარმოებს შორის ეფექტიანი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირება გადამწყვეტი ფაქტორია უკანასკნელთა წარმატებული ფუნქციონირებისთვის.
ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სპეციალიზებული ტიპის საბანკო დაწესებულების ჩამოყალიბება, რომლის ქონების წილობრივი მონაწილე იქნება სახელმწიფო, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში არაეფექტიანია. განვითარებად ქვეყნებში ასეთი სპეციალიზებული ბანკები არსებობს. ასევე არსებობდა ამგვარი ბანკები საბჭოთა კავშირის პირობებში. ასეთი სახის საბანკო დაწესებულებების მსგავსად არ ამართლებს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის საქმიანობა, რომლის დამფუძნებელიც სახელმწიფოა. ამასთან, მსგავსი საბანკო დაწესებულებების ჩამოყალიბება კერძო ინიციატივით მისასალმებელია, მაგრამ გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ეს სახეცვლილ ფორმას იძენს, რასაც გერმანული მიკროკრედიტბანკიც მოწმობს. ბანკის კაპიტალი შედგება სესხისგან, რომელიც კრედიტის სახითაა საქართველოს საგადამხდელო ბალანსში და წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ვალს, ე.ი. მის დაფარვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რაც არასწორად მიგვაჩნია. სახელმწიფომ არ უნდა აიღოს თავის თავზე ასეთი სახის კრედიტებზე პასუხისმგებლობა, რომელთა განმკარგავი თვითონ არ იქნება. უნდა ერთმნიშვნელოვნად განვითარდეს საკრედიტო ურთიერთობები ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის, რომლებიც შეირჩევა საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაციის მართვის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გამოიკვეთება რამდენიმე საკითხი. არსებობს საკრედიტო ურთიერთობების სამი სტრატეგია:
პირველი სტრატეგია. კომერციული ბანკები შეეცდებიან დააზღვიონ შესაძლო ზარალის რისკი კრედიტის არ დაბრუნების სახით მცირე საწარმოთაგან მაღალი საპროცენტო საკრედიტო განაკვეთის დაწესებით. ეს სტრატეგია შეზღუდავს გადახდის შესაძლებლობას, მაგრამ გაზრდის კრედიტის მიღწევადობას და საგარანტიო უზრუნველყოფის თვალსაზრისით შეამცირებს დროის პარამეტრებს.
მეორე სტრატეგია. ბანკები შეეცდებიან დააზღვიონ კრედიტის დაბრუნებადობა მსხვილი გარანტიის დაწესებით. ეს სტრატეგია შეზღუდავს კრედიტის მისაწვდომობას, მაგრამ გაზრდის გადახდის შესაძლებლობას და დროულობას.
მესამე სტრატეგია. ბანკები რისკის შეფასების საფუძველზე გასცემენ კრედიტებს, რომელთა გადახდა შესაძლებელია. ეს სტრატეგია შეზღუდავს დროულობას, მაგრამ გაზრდის მიღწევადობას და დაბრუნებადობას (დაბრუნების შესაძლებლობების უფრო ღრმა ანალიზის ხარჯზე).
გარდამავალ პერიოდში ეროვნული ბანკიდან სესხის მიღების შემთხვევაში კომერციული ბანკების მიერ შეიძლება განხორციელდეს ამ სტრატეგიების კომბინაცია.
პირველი და მეორე სტრატეგიების კომბინაციის შემთხვევაში მცირე საწარმოები კრედიტებს მიიღებენ დაუგვიანებლად, მაგრამ სამაგიეროდ გადაიხდიან უფრო გაზრდილ პროცენტებს და გირაოს სახით მეტ ქონებას ჩადებენ. ამ დროს შესაფერის მცირე საწარმოთა რიცხვი შეუზღუდავია.
მესამე სტრატეგიის შემთხვევაში კომერციული ბანკები მცირე საწარმოებზე გასცემენ სესხებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით და დაბალი საგარანტიო მოთხოვნებით, მაგრამ, სამაგიეროდ, გაიზრდება კრედიტის გაცემის დროში შეყოვნება მისი დეტალური შეფასების გამო, თანაც ამ დროს მცირე საწარმოთა რიცხვი უფრო შეზღუდულია.
როგორც ანალიზი გვიჩვენებს, ადვილად შესაძლებელია ამ სტრატეგიებიდან ნებისმიერი ორის ოპტიმიზება და შესაბამისად კომბინირება, მაგრამ ამოცანას წარმოადგენს სამივე სტრატეგიის კომბინირება, რისი გადაწყვეტის გზებსაც ჩვენ ქვემოთ ვაყალიბებთ. ამასთან მიგვაჩნია, რომ მცირე საწარმოებისთვის ყველაზე რთულ პრობლემას წარმოადგენს დიდი საპროცენტო განაკვეთები, რაც მცირე საწარმოებისთვის შეუძლებელს ხდის კრედიტის დაბრუნებას, ამასთან, კრედიტის გაცემის შეყოვნება და საგარანტიო ვალდებულებები არ წარმოადგენენ ისეთ დიდ პრობლემებს, როგორც პირველი. რადგან თავისთავად გირაოს პრობლემა მოიხსნება კრედიტის დაბრუნებადობის ალბათობის გაზრდის საფუძველზე, რადგან ნებისმიერი მცირე საწარმო თავისუფლად ჩადებს ქონებას გირაოში ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკები სწორედ იაფი საკრედიტო რესურსებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი.
მიგვაჩნია, რომ პრობლემის გადაწყვეტას წარმოადგენს ბანკთათვის ლიკვიდობა-მომგებიანობის დილემის გადაწყვეტა, რომლის მეშვეობით გაუმჯობესდება საბანკო აქტივების მართვა. ამგვარად, ჩვენი გამოკვლევის თანახმად, კომერციულ ბანკებსა და მცირე საწარმოებს შორის წარმოქმნილი საკრედიტო ურთიერთობების კრიტიკულ პარამეტრებს წარმოადგენენ კრედიტის ხელმისაწვდომობა, დაბრუნებადობა და დროულობა.
ხელმისაწვდომობა. მცირე საწარმოების ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს კრედიტის ხელმისაწვდომობა, რომელიც ეფუძნება გავრცელებულ შეხედულებას მცირე საწარმოების არაკრედიტუნარიანობის შესახებ. ამასთან, მათთვის სირთულეს წარმოადგენს ბიზნეს წინადადებების დასაბუთება. ყოველივე ეს კვეცავს კრედიტის მიღების შესაძლებლობას იმ დროსაც კი, როდესაც მათ შეუძლიათ ბანკის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.
ბანკებისთვის მცირე საწარმოების დაკრედიტება წარმოადგენს მაღალრისკიან საბანკო ოპერაციას. კრედიტის კრიტერიუმების შეფასებისას ნაკლები ყურადღება ეთმობა კრედიტის გაცემის სფეროს (საწარმოო და ა.შ.). ამის საფუძველზე ყველა პირობა სხვადასხვა სფეროს საწარმოებისთვის ერთნაირია მათი დარგობრივი კუთვნილების მიუხედავად. ყოველივე ეს განაპირობებს საგარანტიო პირობების წამოჭრას მოსალოდნელი რისკის დაზღვევის მიზნით.
ხშირ შემთხვევაში მიღებული კრედიტის გირაო შეადგენს თანხის 150%-ს, ხოლო მაქსიმალური მნიშვნელობა 200%-მდე აღწევს. ყოველივე ეს ართულებს კრედიტის მიღების შესაძლებლობას.
დაბრუნებადობა. მცირე საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაში სარგებლობენ შეღავათიანი კრედიტებით სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, საბანკო საკრედიტო პროცენტები მაინც მნიშვნელოვნად მაღალია. საპროცენტო განაკვეთები მერყეობს 6,5%-დან უცხოურ ვალუტაში კრედიტზე (რომელიც გამოითვლება LLIBOღ-ის მიხედვით) ინდოეთში, 25%-მდე ადგილობრივ ვალუტაში – ინდონეზიაში.
საშუალო საპროცენტო განაკვეთები გრძელვადიანი სესხისთვის მერყეობს 12.5 პროცენტიდან ინდოეთში, 20%-მდე – ინდონეზიაში. საშუალო განაკვეთები მოკლევადიანი სესხისთვის საბრუნავ საშუალებებზე კი შესაბამისად 12.5%-დან 21.5%-მდე1 . მიგვაჩნია, რომ საქართველოში აღნიშნული საშუალო წლიური პროცენტები შეუსაბამისობაშია დასაშვებ დონესთან, რასაც მოწმობს აღნიშნულ ქვეყნებში კრედიტების დაბრუნებადობის მაღალი დონე. ამასთან, ხელისშემშლელ პირობად განიხილება საბანკო აკრედიტივზე მაღალი საკომისიო გადასახადი. ამგვარად, სასურველია საქართველოში აღნიშნული განაკვეთების შემცირება, მაგრამ ამასთან უნდა განვიხილოთ კრედიტის ხელმისაწვდომობის საკითხი მკაცრი საგირაო მოთხოვნების გამო.
დროულობა. აღსანიშნავია კრედიტის გაცემის დაუგვიანებლობის აუცილებლობა, რადგან დაგვიანებული კრედიტი ხშირ შემთხვევაში არგაცემული კრედიტია. ფაქტობრივად კი ეს უარყოფითად მოქმედებს აქტივების მართვის ეფექტიანობაზე, რადგან ეცემა ბანკის მომგებიანობა ლიკვიდობის ზრდის ხარჯზე.
კერძოდ, ბიზნეს-წინადადების ვადა მერყეობს 2-12 თვემდე, საშუალო 4 თვიანი პერიოდით. ეს შეყოვნება იწვევს მცირე საწარმოების მიერ კრედიტის მიღებას არაფორმალურ სექტორში ე.წ. ახლობლებისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. აღსანიშნავია, რომ ძირითადად კრედიტის გაცემის განხილვის დიდი პერიოდი მოდის გრძელვადიან სესხებზე.
ამგვარად, ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა სახელმწიფოს უხდება სხვადასხვა სპეციალური ორგანიზაციების (სახელმწიფო ბანკები, ფონდები, სააგენტოები, განვითარების ცენტრები) მეშვეობით. სახელმწიფო მენეჯმენტის სუსტი დონე ეკონომიკურ და, კერძოდ, საფინანსო საკითხებში ყოვლად ალოგიკურს და გაუმართლებელს ხდის თვითონ ამგვარი როლის შესრულებას. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას მის მიერ ნებისმიერი სახით მცირე მეწარმეობის სუბიექტებამდე საკრედიტო რესურსების დაყვანაზე აღმასრულებელი აგენტის როლში.
ამასთან, პრობლემის გადაწყვეტის მიზნით უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან მოკლევადიანი კრედიტი – საბრუნავი სახსრების შესავსებად და გრძელვადიანი კრედიტი – ძირითად კაპიტალში ინვესტიციის მიზნით. თუ მეორე შემთხვევაში მცირე საწარმოები მესამე სტრატეგიის შესაბამისად მზად არიან “დიდი” ხანი ელოდონ კრედიტის მიღებას, პირველ შემთხვევაში ისინი ამის მზადყოფნას არ გამოთქვამენ.
ამიტომ განხილული სტრატეგიის შესაბამისად საბრუნავი სახსრების შემთხვევაში მიზანშეწონილია პირველი და მეორე სტრატეგიების კომბინაცია, ხოლო გრძელვადიანი კრედიტის შემთხვევაში (უკუგების 5 წლიანი და მეტი პერიოდით) მესამე სტრატეგიის გამოყენება.
ამასთან, კომერციული ბანკებიდან სესხის მიღება უფრო იოლია პირველ შემთხვევაში. მეორე შემთხვევაში გრძელვადიანი კრედიტების გამცემად ხშირად გვევლინებიან სპეციალიზებული ბანკები, ფონდები და ა.შ.
როგორ უნდა გადაწყდეს აღნიშნული საკითხი? მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ტრანსფორმირებული საბიუჯეტო ფონდები კომერციული ბანკების მიერ გაიცეს მხოლოდ გრძელვადიანი კრედიტების სახით, თუმცა გარკვეული წანამძღვრები ამისთვის არსებობს. კომერციული ბანკისთვის უფრო მისაღებია მოკლევადიანი სესხების გაცემა, რაც განპირობებულია ლიკვიდობა-მომგებიანობის პრობლემით, ამიტომ მცირე მეწარმეობის დასაკრედიტებელი საბრუნავი სახსრები საბანკო რესურსებში გამოიძებნება და ეს ის ფულადი ფონდებია, რომელიც მაქსიმალური სიჩქარით მოხმარდება სანედლეულო ბაზარს და ამიტომ ფულადი ემისია გასათვალისწინებელია, ინფლაციის პრობლემიდან გამომდინარე.
ამასთან, მცირე საწარმოები განიცდიან სწორედ გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების ნაკლებობას. ამიტომ მიზანშეწონილია აღნიშნული სახსრების უპირატესად საინვესტიციო მიზნებზე წარმართვა. მაგრამ ეს კომერციულ ბანკსა და მცირე საწარმოს შორის ჩამოყალიბებული საკრედიტო ურთიერთობების საფუძველზე უნდა გაირკვეს, რომლის მიხედვით კომერციული ბანკის უპირველესი ამოცანა იქნება მოცემული საკრედიტო რესურსებიდან მისაღები მოგების მაქსიმიზაცია გაწეული დანახარჯების მინიმიზაციით. სესხის გაცემის მიზნობრიობა მცირე სამრეწველო საწარმოებზე მოცემული სამი სტრატეგიის შესაბამისად გულისხმობს მცირე საწარმოების ინტერესების გათვალისწინებას სათანადო პირობების დაწესებით, რასაც საბაზრო კონიუნქტურა მოითხოვს. როგორც ცნობილია, კრედიტი ჩვეულებრივადაც ყველასთვის ხელმისაწვდომია (მცირე საწარმოს ჩათვლით) გარკვეულ პირობებზე, ხოლო მცირე საწარმოების მიერ არსებული კრედიტებით ნაკლებად სარგებლობა იმაზე მიანიშნებს, რომ თუ არ შეიცვალა კრედიტის გაცემის პირობები, აქტივების მოცემული ნაწილი გამოუყენებელი აღმოჩნდება და შესაბამისად ბანკი დაზარალდება. ამგვარად, სახელმწიფომ ეროვნული ბანკის მეშვეობით უნდა შექმნას თანაბარი კონკურენციული პირობები ბანკებისთვის, მცირე სამრეწველო საწარმოებზე გაცემული საკრედიტო რესურსების მიზნობრივად გაცემის მონიტორინგით, შესაბამისი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე. მონიტორინგის მომსახურება შეიძლება განისაზღვროს თანხის 0,7 პროცენტის ოდენობით.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეროვნული ბანკის მიერ განისაზღვროს კომერციული ბანკების მეშვეობით გასაცემი კრედიტების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გაიანგარიშება LIBOღ-თან მიმართებაში (+1%-ის ფარგლებში).
მთლიანობაში ზემოთჩამოთვლილი პრობლემები მომდინარეობენ იქიდან, რომ კომერციული ბანკების მიზნები და მცირე მეწარმეობის ფინანსური უზრუნველყოფის და განვითარების სახელმწიფოებრივი ამოცანა თავისთავად განსხავებულია. სწორედ მიზნებში შეუსაბამობა განაპირობებს სპეციალიზებული, ხშირად სახელმწიფო (ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული) საბანკო დაწესებულებების და სხვადასხვა ფონდების დაარსებას, რომლებიც სახელმწიფო საკრედიტო რესურსებს პრიორიტეტულად განათავსებენ მცირე მეწარმეობის სუბიექტებზე. მაგრამ ამ დროს ძალზე სუსტია აქტივების მართვა, რაც ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ნებისმიერი დაბანდებული ინვესტიციის არაეფექტიანობას და დაუბრუნებადობას განაპირობებს.
ამიტომ კომერციული ბანკების მიერ აქტივების მართვისა და სახელმწიფო საკრედიტო რესურსების ურთიერთდაკავშირება წარმოადგენს პრობლემის გადაწყვეტას. სახელმწიფო საკრედიტო რესურსების მობილიზების აუცილებლობა განპირობებულია შეღავათიანი პირობების დაწესებით, რასაც ვერ უზრუნველყოფენ კომერციული ბანკების კომერციული საკრედიტო რესურსები.
სხვა საკითხია საკრედიტო რესურსების წყარო, რომელსაც ცალკე ვიხილავთ ყველაზე უარესი შემთხვევის დაშვებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ მცირე მეწარმეობის სუბიექტების უპირატესი დამოკიდებულება საბანკო სექტორზე გარდამავალ პერიოდში განპირობებულია როგორც სხვა საფინანსო ინსტიტუტების ჩამოუყალიბლობით და საბანკო სფეროს შედარებითი განვითარებულობით, ასევე საწარმოების კრედიტუნარიანობის განსაზღვრის პრობლემატურობით, რაც ამასთან ხელისშემშლელ გარემოებას წარმოადგენს საინვესტიციო ფონდებთან, ვენჩურულ კომპანიებთან ურთიერთობისას. ვენჩურული კომპანიების დროს მცირე მეწარმეობის ფინანსური უზრუნველყოფისას ხდება ინვესტირება საწესდებო კაპიტალში ყველა გამომდინარე ფინანსური შედეგით. ამრიგად, ხსენებული სამი სტრატეგიის ოპტიმიზაცია კომერციული ბანკების მიერ უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს დახმარებით. იმ დროს, როდესაც კრედიტის ხელმისაწვდომობა (გირაო) და დროულობა (გიზნეს-გეგმების შეფასება) ადვილად შეიძლება მოგვარდეს ბანკსა და მცირე საწარმოს უშუალო ურთიერთობის დროს, რადგან აღნიშნული კრიტერიუმები ექვემდებარებიან ცვალებადობას, კრედიტის დაბრუნებადობის (საკრედიტო პროცენტის) კრიტერიუმი ფიქსირებულია და განისაზღვრება საკრედიტო რესურსების ღირებულებით. სახელმწიფოს ამოცანა გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მცირე მეწარმეობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით მდგომარეობს სწორედ იაფი საკრედიტო რესურსების უზრუნველყოფაში, რათა მოხდეს ფინანსური და საწარმოო მოგების ნორმის დაახლოება.
გარკვეულწილად კომერციული ბანკები მონაწილეობას ღებულობენ მცირე მეწარმეობის დაკრედიტების პროცესში, მაგრამ ისინი გამოდიან დაკრედიტების პროცესის მომსახურედ და შესაბამისად, საკომისიო ასაკრებელსაც იღებენ. ბანკის მეშვეობით უბრალოდ ხდება ფულადი სახსრების გაცემა მცირე საწარმოებზე, ისინი გამოდიან სალაროს როლში და ამ შემთხვევაში ფულადი ფონდები მათთვის არ წარმოადგენენ საკრედიტო რესურსებს. მიგვაჩნია, რომ მცირე საწარმოებზე სახსრების გამცემი კომერციული ბანკი ამავე დროს ამ სახსრების მფლობელი (მესაკუთრე) უნდა იყოს, ანუ სახსრების ეფექტიანი მართვა მომგებიანი უნდა იყოს ბანკისთვის. ამ მიზნით შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის აღსანიშნავია რეფინანსირება. ამ დროს კომერციული ბანკი გასცემს სესხს, რომელიც შემდგომ რეფინანსდება ფონდიდან.
უნდა აღინიშნოს რეფინანსირების მექანიზმი, რომელიც გავრცელებულია ბევრ ქვეყანაში, მაგ. ინდოეთში. რეფინანსირების კლასიკური ვარიანტი მდგომარეობს შემდეგში. ამ დროს არსებობენ ე.წ. “სესხის უშუალოდ გამცემი” ორგანიზაციები, რომელთა მიერ სესხის გაცემა სპეციალური კრიტერიუმების დაცვის საფუძველზე რეფინანსდება (ანაზღაურდება) სპეციალიზებული ბანკების მიერ. მაგრამ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ე.წ. სალაროების არსებობას და ეს ორგანიზაციები უპირატესად სალაროს ფუნქციას ასრულებენ. ამასთან, მათსა და მცირე საწარმოებს შორის არ წარმოიქმნება სრულფასოვანი საკრედიტო ურთიერთობები. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს საკრედიტო რესურსების ხარჯვით პოლიტიკას, მათი მართვა და განაწილება ხდება არაეკონომიურად. რეფინანსირების პროცედურა შემდეგი სახისაა: შეირჩევა სპეციალური კრედიტის გამცემი ბანკები, რომლებსაც აქვთ უფლება გასცენ კრედიტი მცირე საწარმოზე. ასეთი შემთხვევის არსებობისას ბანკი რეფინანსირებისთვის მიმართავს საკრედიტო რესურსების მფლობელ ორგანიზაციას (ჩვენს შემთხვევაში ფონდს). უკანასკნელი განიხილავას მას და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისცემს თანხმობას ბანკს კრედიტის გაცემის თაობაზე, რომელიც გასცემს კრედიტს და შემდეგ მოითხოვს რეფინანსირებას ფონდიდან. ამ შემთხვევაში წამოიჭრება ორი საკითხი: პირველი, რამდენად არის შესაძლებელი გაიზარდოს უშუალოდ ბანკის პასუხისმგებლობა სესხის გაცემაზე; და მეორე, რამდენად არის დაინტერესებული ბანკი გასცეს კრედიტი. დავიწყოთ მეორედან, თავისთავად ბანკი დაინტერესებულია გასცეს კრედიტი რეფინანსირების შემთხვევაში ანუ გამოვიდეს შუამავლის როლში საკრედიტო რესურსების მფლობელსა და დაკრედიტების ობიექტს შორის.
აუცილებელია ბანკი გახდეს საკრედიტო რესურსების მფლობელი, რათა შესაბამისად გაიზარდოს კრედიტის გაცემის ეფექტიანობა, თუმცა ბანკი უნდა გახდეს აღნიშნული საკრედიტო რესურსების მესაკუთრე, მაგრამ, ამასთან, მან ეს რესურსები უნდა წარმართოს მიზნობრივად, ანუ ეს რესურსები უნდა იყოს დარეზერვებული მხოლოდ აღნიშნული შემთხვევისთვის გამოსაყენებლად. ამრიგად, შესაძლებელია, განისაზღვროს საკრედიტო რესურსების მოცულობა, რომელიც წარმოადგენს კონკრეტული ბანკის პასივის მუხლს და რომლის ეფექტიანად მართვა ანუ შესაბამისად აქტივებად გადაქცევა ბანკისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
დივერსიფიკაცია მიმდინარეობს ბანკების რეკაპიტალიზაციის სახით. ამ შემთხვევაში შეირჩევა რამდენიმე ბანკი, რომლებშიც მოხდება საკრედიტო რესურსების განთავსება. განისაზღვრება სახსრების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი იმის მიხედვით, თანხა მოკლევადიან სესხზე უნდა გაიცეს თუ გრძელვადიან სესხზე, დაფიქსირდება მაქსიმალური პროცენტი, რომელშიც ეს სახსრები უნდა გაიცეს. სქემატურად ეს პროცესი შემდეგნაირად შეიძლება გამოიხატოს. ძირითადი აქცენტი ამ დროს კეთდება იმაზე, რომ შეღავათიანი დაკრედიტების აღნიშნული მექანიზმი წამყვან როლს მცირე მეწარმეობის ფინანსურ უზრუნველყოფაში აკისრებს კომერციულ ბანკებს, თუმცა, არა საკუთარი აქტივების ხარჯზე. ამ დებულების არსი იქიდან მომდინარეობს, რომ მცირე საწარმოსა და კომერციულ ბანკს შორის წარმოიქმნება საკრედიტო ურთიერთობები, რომელთა გაუმჯობესება არსებულ პირობებში შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკების ჩართვით საკრედიტო რესურსების განაწილებაში, იმის გარდა, რომ შეიქმნება საკრედიტო რესურსების განაწილების ერთიანი სისტემა, შეიქმნება კონკურენციული გარემო, რაც გაზრდის პროცესის ეფექტიანობას. ამრიგად, შეიძლება გამოიყოს ორი მიმართულება, რაც საფუძვლად უდევს საკრედიტო რესურსების განაწილებას: მოცემული შემოსავლის პირობებში რისკის შემცირება და კაპიტალის ადეკვატურობის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ გარდამავალ პერიოდში საკრედიტო ურთიერთობების გარკვეული ფორმა არსებობს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდსა და საბანკო სისტემას შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში უკანასკნელი გამოდის უბრალოდ დამაკავშირებელ რგოლად მცირე მეწარმეობის სუბიექტსა და ფონდს შორის (ანგარიშის გახსნა, ფულის გადარიცხვა და ა.შ.). ამის მიუხედავად, იმ საკრედიტო ურთიერთობების არსებობის შემთხვევაშიც კი, რომლებზეც გვაქვს საუბარი, ფონდსა და ბანკ-კონტრაგენტს შორის, ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს დავადგინოთ აღნიშნული მექანიზმის შემთხვევაში საკრედიტო რესურსების რამდენიმე კომერციულ ბანკში დივერსიფიკაციის აუცილებლობა და არა ერთი რომელიმე ბანკის იმედად ყოფნა.
ამასთან, კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ კომერციული ბანკების აქტივების მართვას, კერძოდ იმას, თუ რომელი შეღავათების დაწესებით უნდა დასტიმულირდეს ბანკების მიერ საკრედიტო რესურსების აღება (ლიკვიდობა-მომგებიანობის პრობლემა).
ამასთან გადასაწყვეტია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს კომერციულ ბანკებზე გასაცემი თანხების მოცულობა, ანუ ყველა ბანკმა თანაბრად ფიქსირებული მოცულობით უნდა მიიღოს ეს თანხები თუ გარკვეული პირობების დაცვით.
პირველ რიგში უნდა განისაზღვროს თუ რატომ იქნებიან ბანკები დაინტერესებული მიიღონ საკრედიტო რესურსები, ანუ რა უპირატესობა ექნება ამ შემთხვევაში ბანკს. ეს საკითხი უნდა განხილულ იქნეს ლიკვიდობა-მომგებიანობის პრობლემის ჭრილში. კერძოდ, როდესაც ბანკს ეძლევა ფულადი სახსრები, რომლებიც ასახვას არ ჰპოვებენ ლიკვიდურობა დაქვემდებარებულ სახსრებში, მაშინ მისი ლიკვიდური აქტივები შემცირდება, ხოლო მთლიანი ვალდებულებები გაიზრდება, ამასთან, გაიზრდება ძირითადი კაპიტალი და მთლიანი აქტივები თანაბრად.
ამგვარად, კაპიტალის ადეკვატურობის უცვლელობის შემთხვევაში ლიკვიდობის შემცირება გამოიწვევს მისი მომგებიანობის არა მარტო აბსოლუტურ, არამედ შეფარდებით ზრდასაც.