როგორ გავხდეთ წარმატებული ინვესტორი
უორენ ბაფეტის რჩევები ინვესტორებს
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
ყოველწლიურად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორი და ფინანსისტი უორენ ბაფეტი მისი მრავალპროფილიანი კონგლომერატის Berkshire Hathaway-ის აქციონერებს წერილით მიმართავს, სადაც გასული წლის საქმიანობის შედეგებს მიმოიხილავს და სამომავლო გეგმებთან ერთად, რჩევებსაც იძლევა. ეს ტრადიციული წერილი, რომელიც 50 წელია ყოველ წელს ქვეყნდება, არამხოლოდ ბაფეტის საკუთრებაში არსებული კომპანიების აქციონერებისთვის არის საინტერესო. ამ წერილში ბაფეტი და მისი პარტნიორი ჩარლ მანგერი მხოლოდ გასულ წელს კი არ მიმოიხილავენ, მოვლენებს 50-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით აფასებენ. ამიტომაც მათი ანგარიშები ყველა ინვესტორისათვის სასარგებლო რჩევებს შეიცავს.
ThinkAdvisor.com-ის ანალიტიკოსმა ჯეიმს გრინმა გააანალიზა ბაფეტისა და მისი პარტნორის 42-გვერდიანი წერილი და ამოკრიფა 8 სასარგებლო რჩევა ინვესტორებისთვის.
გაფრთხილება 1. არ იყოთ ზედმეტად კონცენტრირებული (და არც ზედმეტად გაფანტული)
Berkshire Hathaway ფლობს ბევრ ბიზნესს მთლიანად და კიდევ უფრო მეტ ბიზნესში აქვს წილი. კომპანია ასევე ფლობს აქციებს ბევრ კომპანიაში პასიური ინვესტირების პრინციპით. მაგალითისთვის, საბაზრო ღირებულების მოცულობის მიხედვით, 15 მოწინავე კომპანია, რომელშიც Berkshire Hathaway-ს წილი აქვს, 6 ფინანსური სფეროს კომპანიაა, მათ შორის Goldman Sachs; US Bancorp; Moody’s; American Express; Munich Re და Wells Fargo. 15 ყველაზე დიდი კომპანიის აქციების მთლიანი საბაზრო ღირებულება 117 მილიარდი აშშ დოლარი (მაშინ როცა Berkshire Hathaway ფლობს Wells Fargo-ს აქციების „მხოლოდ“ 9.4%-ს, რაც 26 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებისაა).
Berkshire Hathaway-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 2014 წლის მარტისთვის 243,60 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. როგორ ახერხებს მის წარმატებულად მართვას ბაფეტი 50 წლის განმავლობაში? როგორც თვითონ აცხადებს და ამაში მას მთავარი პარტნიორიც ეთანხმება, წარმატების ერთ-ერთი საწინდარი თანამშრომლებისადმი სრული ნდობაა.
„ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ პროექტს, რომელიც ჩვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს. არ აქვს მნიშვნელობა აქტიურ ინვესტირებაზეა საუბარი თუ პასიურზე. ჩვენ მოქნილები და შესაბამის პირობებზე მორგებული უნდა ვიყოთ ამა თუ იმ ინვესტიციის განხორციელებისას. ჩვენი სურვილი მოვახდინოთ დიდი თანხის ინვესტირება პასიურად არაკონტროლირებად ბიზნესში – გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას იმ კომპანიებთან შედარებით, რომელიც თავის იზღუდავენ მსგავსი პოლიტიკის გატარებისას. ჩვენი მადა იქნება ეს პასიური თუ აქტიური მართვის უფლებით კომპანიების წილების შეძენის, ზრდის ჩვენს შეუზღუდავ ფულადი ნაკადების შემოდინებას“ – წერს უორენ ბაფეტი.
Berkshire Hathaway-ში დასაქმებულია 340 499 ადამიანი, მათგან 9 754 მხოლოდ გასულ წელს დასაქმდა კომპანიაში. ამათგან, კომპანიის სათაო ოფისში მხოლოდ 25 ადამიანი მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მართვის პოლიტიკა ნაკლებ ბიუროკრატიულია, რაც რამდენიმე ფრონტზე წარმატებული ოპერირების საწინდარია, განსაკუთრებით თანამედროვე ველურ ფინანსურ სამყაროში, სადაც ხშირად გადაწყვეტილების მიღება წამის მეასედებშია საჭირო.
ამ პოლიტიკის შესახებ ბაფეტის პარტნიორი მანგერი წერს: „საქმიანობის დასაწყისში ჩვენი მიზანი იყო პატარა კომპანიის დიდ და წარმატებულ კომპანიად ქცევა. ჩვენ ეს გამოგვივიდა და ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ბაფეტი ყოველთვის გაურბოდა ბიუროკრატიას, მას კომპანიაში მოჰყავდა თავისნაირი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანები და სრულ ნდობას უცხადებდა მათ მრავალი წლის განმავლობაში. ისინი თავის საქმეს აკეთებდნენ“.
ბაფეტის ეს პოლიტიკა დიდად განსხვავდება სხვა დიდი კომპანიებისგან, სადაც ბიუროკრატია მკაცრია, რაც ხშირად გადაწყვეტილებების მიღებას აბრკოლებს, შედეგად კი Berkshire Hathaway-ზე ნაკლებ ეფექტიანები არიან.
გაფრთხილება 2. არ უარყო მომავალი თაობის ლიდერობის უნარი
უორენ ფაფეტი 84 წლისაა, მანგერი კი, რომელსაც ბაფეტზე არანაკლები წვლილი მიუძღვის Berkshire Hathaway-ის წარმატებაში, 91 წლის. ბაფეტი Fortune Magazine-თან ინტერვიუში საუბრობს თავის ახალგაზრდობის საიდუმლოზე, ის აცხადებს, რომ თუ დღეში 2700 კალორიას იღებს, აქედან მეოთხედი კოკა-კოლას მოხმარებაზე მოდის. „რატომ? მე შევისწავლე კვლევები და აღმოვაჩინე, რომ სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი 6 წლის ბავშვებშია, ამიტომ ვიკვებები ისე, როგორც 6 წლის ბავშვები“.
მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი ჯერ ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და პენსიაზე გასვლასაც არ აპირებს, კარგად ესმის ღირსეული მემკვიდრის მნიშვნელობა კომპანიის შემდეგი წარმატებისთვის.
„ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ჩემი გამოცდილება ბიზნესში მეხმარება ვიყო კარგი ინვესტორი, ჩემი საინვესტიციო გამოცდილება კი უკეთეს ბიზნესმენად მაქცევს მე. ყველა გამოცდილება გაკვეთილია, რომელიც სხვებმაც უნდა გაითვალისწინონ. მაგრამ ზოგიერთი რამის სწავლა მხოლოდ პირადი გამოცდილების ხარჯზე შეიძლება“ – წერს ბაფეტი. ამიტომაც ის დიდ თავისუფლებას აძლევს თავის აღმასრულებელ მენეჯერებს დიდი მოცულობის გარიგებების დადების დროსაც კი. „რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში არის იმის ალბათობა, რომ კომპანიამ დიდი ზარალი მიიღოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის გამოცდილება რომელსაც ის მენეჯერები მიიღებენ, რომელთაც მე არჩევანის თავისუფლებას ვაძლევ. წარმატების შემთხვევაში, მათ კომპანიისთვის მოგება მოაქვთ, წარუმატებლობა კი კარგი გამოცდილებაა, რაც უფრო მეტი წარმატებული ინვესტიციის საწინდარი გახდება მომავალში. ასე ისინი უკეთეს მენეჯერებად ჩამოყალიბდებიან, თუმცა კი ისინი უკვე არიან მსოფლიოს საუკეთესო მენეჯერებს შორის“ – ამბობს ბაფეტი საკუთარ კომპანიაში დასაქმებულ მენეჯერებზე.
გაფრთხილება 3. ფრთხილად იყავით სანამ ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცევით
Berkshire Hathaway-ის გასული წლის ოპერაციებს ბაფეტი დადებითად აფასებს, გარდა ერთი გარიგებისა, რომელიც წარუმატებელი იყო და ბაფეტი ამ წარუმატებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს.
„ცნობილი ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელი Tesco, რომელზეც გასულ წელს ჩვენი აქციების ინვესტირების უდიდესი წილი მოდიოდა, ახლა თამაშგარე მდგომარეობაშია – წერს ბაფეტი – მე მცხვენია იმის აღიარება, რომ Tesco-ს აქციები უფრო ადრე უნდა გამეყიდა. ჩამთვლიმა და დიდი შეცდომა დავუშვი როგორც ინვესტორმა. 2012 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვფლობდით Tesco-ს 415 მილიონ აქციას. ჩვენი საინვესტიციო ღირებულება ამ შემთხვევაში ემთხვეოდა აქციების საბაზრო ღირებულებას და შეადგენდა 2.3 მილიარდ აშშ დოლარს.
2013 წელს ჩვენ გავყიდეთ 114 მილიონი აქცია და ამ ოპერაციიდან მოგებამ 43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ დარჩენილი ნაწილის გაყიდვის პერიოდს მშვიდად ველოდებოდი ფასების ზრდის იმედით. ასეთი იყო საბაზრო მოლოდინებიც. მაგრამ 2014 წელს Tesco-ს ბევრი პრობლემა შეექმნა, ცუდი ამბები კი სწრაფად ვრცელდება ფინანსურ ბაზრებზე. ჩვენ გავყიდეთ მისი აქციები, მაგრამ ამჯერად მოგების გარეშე, გადასახადების გადახდის შემდეგ ამ ოპერაციიდან ჩვენმა ზარალმა 444 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც Berkshire Hathaway-ის წმინდა ღირებულების დაახლოებით 1%-ია“.
გაფრთხილება 4. იყავით მომთმენი
ბაფეტს შეუძლია იყოს ძალიან მომთმენი, როცა საქმე სარფიან ინვესტირებას ეხება. მაგალითად, თავის წლევანდელი ანგარიშის შენიშვნებში (მხოლოდ შენიშვნებში და არა ძირითად ტექსტში) ის წერს ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტის შესახებ.
„Berkshire Hathaway-ს აქვს ერთი მნიშვნელოვანი სააქციო პოზიცია, რომელიც წლევანდელ ანგარიშის ცხრილში არ არის. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ Bank of America-ს 700 მილიონი აქცია ნებისმიერ დროს 2012 წლის სექტემბრამდე 5 მილიარდ აშშ დოლარად. წლის დასასრულისთვის ამ აქციების საბაზრო ღირებულება 12.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო. მაგრამ ჯერ ჯობს დაველოდოთ. ჩვენ ეს აქციები უნდა ვიყიდოთ ჩვენი ოფციონის ამოწურვის ვადამდე“. როგორც ბაფეტი თვლის, ამ ოფციონის გამოყენების ვადა ჯერ არ მოსულა, ის მოთმინებით ელოდება Bank of America-ს საბაზრო ღირებულების კიდევ უფრო მეტად ზრდას.
გაფრთხილება 5. გაითვალისწინეთ განსხვავება აქციებსა და დოლარს შორის
იმ ტრენდის გაანალიზების შემდეგ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ბაფეტმა ინვესტიციების განხორციელებისას იმის შედარებაც დაიწყო, თუ რა სარგებელი, ზიანი და რისკები ახლდა ვალუტაში განთავსებას.
„ინვესტორებისათვის კარგი სიგნალია იმის ანალიზი, თუ რა განსხვავებაა დოლარსა და აქციებს შორის. დოლარის მსყიდველობითუნარიანობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში 87%-ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის რაც ახლა 1 დოლარი ღირს, 1965 წელს შეგვეძლო 13 ცენტად გვეყიდა.
ბაფეტის შეფასებით, 50-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ უფრო მეტად უსაფრთხოა ფულის ბიზნეს სექტორის ფასიან ქაღალდებში დაბანდება, ვიდრე ისეთ ფინანსურ აქტივებში, როგორიცაა სახაზინო ობლიგაციები, რომლის ღირებულებაც მიბმულია აშშ დოლარზე. როგორც ბაფეტი წერს, ეს ასევე მტკიცდება არამხოლოდ ბოლო 50 წლის, არამედ უფრო წინა პერიოდის გამოცდილებიდანაც. მათ შორის, დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებული მოვლენებიდან. „ის რაც საუკუნეობრივმა გამოცდილებამ აჩვენა, განმეორდება მომდევნო საუკუნეშიც“ – ასკვნის ბაფეტი და იქვე დასძენს, რომ„აქციების ფასები ყოველთვის უფრო მეტად ვოლატიური იქნება ვალუტაზე მიბმულ აქტივებთან შედარებით, მიუხედავად ამისა, სავალუტო კურსზე დამოკიდებული ინვესტიციები უფრო მეტად სარისკოა, ვიდრე ფართოდ დივერსიფიცირებული სააქციო პორტფელი გრძელვადიან პერიოდში. ეს გაკვეთილი არ ისწავლება ბიზნეს სკოლებში, სადაც ვოლატილურობა რისკების შეფასების მთავარ საზომად გამოიყენება. მიუხედავად ამისა აღმასრულებელმა დირექტორებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. რა თქმა უნდა, მართალია ის, რომ 1 კვირით, 1 თვით ან 1 წლით აქციების ფლობა უფრო სარისკოა, ვიდრე ნაღდი ფულის ექვივალენტურ ატივებში დაბანდება, მაგრამ დოლარსა და აქციებს შორის მსყიდველობითი უნარის ფაქტორის გათვალისწინებით სხვაობა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ ინვესტორებმა, რომლებიც არ უფრთხიან გრძელვადიან ინვესტიციებს და საამისოდ მოთმინებაც აქვთ“.
გაფრთხილება 6. არ დაგაბნიოთ კოტირების მერყევმა ტრენდებმა
ბაფეტი ცნობილია გრძელვადიანი ინვესტიციებით, რომელთაგანაც უკუგების მიღებას ხშირად წლები სჭირდება. „ინვესტორებმა ფართო თვალსწიერით უნდა იაზროვნონ ინვესტიციების განხორციელებისას. რა თქმა უნდა, დროებითი მერყეობები და ფასების ვოლატილურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა უგულებელვყოთ გრძელვადიანი მიზნებიც, ინვესტიციების გრძელვადიანი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. იმ ინვესტორებისთვის, ვინც ამაზე მიდის, გაცილებით უსაფრთხოა დივერსიფიცირებული აქციების კალათაში ინვესტირება, ვიდრე დოლარზე მიბმულ ფასიან ქარალდებში“ – წერს ბაფეტი.
მოთმინების უნარი და გრძელვადიანი ინვესტირებისკენ სწრაფვა ბაფეტს ბავშვობიდან ჩამოუყალიბდა. პატარა უორენმა ბირჟის ცხოვრება რომ იხილა, თამაში მოინდომა. ერთ-ერთი კომპანიის სამი აქცია, თითო 38 დოლარად იყიდა, დაელოდა, სანამ მათი ფასი 40 დოლარამდე გაიზრდებოდა და გაყიდა. ასე მიიღო მან 6 დოლარის ოდენობის მოგება და პირველი გაკვეთილიც. ერთი კვირის შემდეგ ამ აქციათა ფასი 200 დოლარამდე გაიზარდა. ამის შემდეგ ბაფეტმა გადაწყვიტა ფული მხოლოდ გრძელვადიან პროექტებში ჩაედო.
გაფრთხილება
7. არ დაგავიწყდეთ ამერიკა
Berkshire-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციების 90% აშშ-შია. „ჩვენ არ ვერიდებით საზღვარგარეთ ინვესტირებას, მაგრამ არც იმის აღიარებას ვერიდებით, რომ წამყვანი საინვესტიციო ბაზარი აშშ-შია. წამყვანი არის აშშ-ს ბაზრები. მე და ჩარლი ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით აშშ-ში დავიბადეთ და დღემდე მადლიერი ვარ ამ იღბლისთვის – წერს ბაფეტი – 2009 წლის ბოლოს დიდი რეცესიის პერიოდში, ჩვენ დავთანხმდით გვეყიდა BNSF, რაც ყველაზე დიდი გარიგება იყო Berkshire-ს ისტორიაში. იმ პერიოდში მე ფსონი გავაკეთე არა კონკრეტულ კომპანიაზე და საინვესტიციო პროექტზე, არამედ აშშ-ს ეკონომიკის უკეთეს მომავალზე, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა არასდროს და არც ახლა მეპარება. ამაში ახალი არაფერია. ასეთივე რისკი უკეთესი ეკონომიკური მომავლის იმედით გავწიე 1965 წელს, როდესაც Buffett Partnership Ltd შეერწყა Berkshire-ს. მე და ჩარლი ყოველთვის ვდებდით ფსონს აშშ-ს მუდმივად მზარდი ეკონომიკის იმედით. ვის მოუგია გასული 238 წლის განმავლობაში, რომელიც ფსონს ამერიკის წინააღმდეგ ჩამოდიოდა? მხოლოდ ჩემი ცხოვრების განმავლობაში აშშ-ს რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაექვსმაგდა.
ჩემი მშობლები 1930 წელს ვერც კი იოცნებებდნენ იმ სამყაროზე, რომელშიც მათ შვილს შეიძლება ეცხოვრა. ასე რომ, ყველა პესიმისტურ პროგნოზს ამერიკის მომავალთან დაკავშირებით მე არ ვეთანხმები. მე არ შემხვედრია არც ერთი ამერიკელი, რომელიც ემიგრანტობას ისურვებდა (თუმცა, პირადად მე სიამოვნებით ვუყიდიდი რამდენიმე მათგანს ერთი მიმართულებით ბილეთს). ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კვლავ განაგრძობს საოცრებების შექმნას. აქ მარტივად არაფერი მოდის, განუწყვეტლივ ვაკრიტიკებთ მთავრობას, მაგრამ მაინც, ამერიკის უკეთესი ხანა ჯერ კიდევ წინ არის“.
ბაფეტმა ჩამოაყალიბა მარტივი ინვესტირების თეზისები. „ომახელი ორაკული“, როგორც მას პრესა უწოდებს, აცხადებს, რომ ფული უნდა ჩაიდოს მარტივ და გასაგებ საქმეში (მაგალითად, კვების პროდუქტების წარმოება და საბანკო საქმე), საიმედო, პერსპექტიულ კომპანიებში (ამის მაგალითად „ჯილეთი“ და „კოკა-კოლაც“ გამოდგება), საერთაშორისო ქსელის მქონე, ზრდის გარანტირებული პერსპექტივის მქონე ფირმებში („მაკდონალდსი“, „კოკა კოლა“), ძლიერი გუნდის მქონე, თავის სექტორზე მყარად ფეხმოკიდებულ კომპანიებში („უოლტ დისნეი“).
მან ბავშვობიდან გამოავლინა ინტერესი ფულის შოვნასა და დაგროვებაში. პატარა უორენი კარდაკარ დადიოდა და ყიდდა საღეჭ რეზინებს, კოკა-კოლასა და ყოველკვირეულ ჟურნალებს, ამავე დროს, ის მუშაობდა საკუთარი ბაბუის საბაყლოში. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში მან განახორციელა რამდენიმე მომგებიანი იდეა: გაზეთების მიწოდება, გოლფის ბურთებისა და მარკების გაყიდვა. დღეს ბევრი ცდილობს გაითვალისწინოს ბაფეტის გამოცდილება და რჩევები, თავის დროზე ასევე იქცეოდა ბაფეტიც. მისთვის იდეალს წარმოადგენდნენ ირვინგ ფიშერი და ბენჯამინ გრეჰემი და ცდილობდა ბევრი ესწავლა მათგან, როგორც ჩანს, ეს გამოუვიდა კიდეც „მე 15%-ით ფიშერი ვარ და 85 %-ით ბენჯამინ გრეჰემი. ინვესტირების ძირითადი იდეა მდგომარეობს აქციების, როგორც ბიზნესის, აღქმაში; ბაზრის ცვალებადობის შენს სასარგებლოდ გამოყენებაში და უსაფრთხოების საზღვრების ძებნაში. ეს გვასწავლა გრეჰემმა. 100 წლის შემდეგაც ეს იქნება ინვესტირების ძირითადი ქვაკუთხედი“ – ამბობს უორენ ბაფეტი.
წყარო: www.ThinkAdvisor.com