შრომითი მიგრანტებისთვის გერმანია უკვე ღიაა!
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
გერმანია და ავსტრია ევროკავშირის ბოლო ორი ქვეყანაა, რომლებმაც აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებისთვის თავიანთი შრომის ბაზარი გახსნეს. თუმცა, უცხოელების მასიური შედინება და დასაქმების ბაზრის ჩამოქცევა, რითაც გერმანელებს მემარჯვენე რადიკალები აშინებენ, მოსალოდნელი არ არის.
საუბარია მხოლოდ 8 აღმოსავლურ ევროპულ სახელმწიფოზე: უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ესტონეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს მუდმივ სამუშაოზე მოწყობის უფლება აქამდე მხოლოდ ადგილობრივი ჩინოვნიკების სპეციალური ნებართვით ჰქონდათ, ახლა საკმარისია მხოლოდ გერმანიასა და ავსტრიაში ჩასვლა. ევროკავშირის ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც 1 მაისიდან ავსტრიასა და გერმანიაში სამუშაოდ მოსაწყობად მსგავსი ნებართვა დასჭირდებათ, არიან – ბულგარეთი და რუმინეთი, თუმცა მათთვისაც შრომის ბაზრის გაღების ბოლო ვადა იქნება 2011 წლსი 31 დეკემბერი.
ექსპერტებს ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუ რა რაოდენობის მიგრანტი შეიძლება მიაწყდეს ამ ქვეყნებს, თუმცა, გერმანიის შრომის ბაზრისა და პროფესიების კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, ეს შეიძლება იყოს ყოველწლიურად 100 ათასი აღმოსავლეთ ევროპელი სამუშაოს მაძიებელი. გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოსთვის ასეთი მიგრაცია საშიში არ არის, ვინაიდან 2011 წლისთვის გერმანიაში დარეგისტრირებულია 3,21 მილიონი უმუშევარი და დამატებით 100 ათასი უმუშევარი მიგრანტი მხოლოდ 3%-ით გაზრდის ამ მაჩვენებელს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ყველა აღმოსავლეთ ერვოპელი სამუშაოს მაძიებელი, პირველ რიგში, გერმანელ ჩინოვნიკებს მიმართავს. ევროკავშირის ნორმების მიხედვით, ეს მიგრანტები ავტომატურად მიიღებენ უფლებას, მიმართონ გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს, ისევე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები.
შრომის ბაზარი 2004 წელს შვედეთმაც გახსნა, მას მოჰყვა საფრანგეთი, იტალია, მაგრამ ამ ქვეყნებში მიგრანტების დიდი ნაკადი არ ჩასულა. ექსპერტები ამ გარემოებას ბოლომდე ვერ ხსნიან და ვარაუდობენ, რომ პრობლემა შეიძლება იყოს ენა, საცხოვრებელი პირობები, ფასები და სხვა.
მიგრანტების დიდი შედინება დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მიგრანტებისთვის შრომის ბაზრის გახსნის შემდეგ ეს ორი ქვეყანა გახდა სამუშაოს მაძიებელთა მთავარი ნაკადების მიმღები. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ოფიციალური მონაცემებით, 2003 წლიდან 2007 წლამდე ამ ქვეყანაში მიგრანტი პოლონელების რიცხვი დაახლოებით 30 ათასიდან 300 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2010 წლისთვის მათმა რიცხვმა 404 ათასს მიაღწია.
გერმანია პოლიტიკური მოსაზრებების გამო დიდ ხანს წელავდა შრომის ბაზრის გახსნის თარიღს, მათ ეშინოდათ, რომ ეს ღონისძიება მკვეთრად გაზრდიდა უმუშევრობას მათ ქვეყანაში. თუმცა, ამას თავისი დადებითი მომენტიც აქვს, რადგან გერმანიას შეუძლია სრული მოგება მიიღოს კვალიფიციური აღმოსავლეთ ევროპელი სპეციალისტებისაგან, რომლებიც ნახევრად ლეგალურად იმყოფებოდნენ ამ ქვეყანაში, თანაც, გერმანიაში დემოგრაფიული ცვლილებების გამო მცირდება კვალიფიციური მუშახელი და შრომის მაძიებელი მიგრანტები ამ მომენტისთვის საკმაოდ ხელსაყრელია გერმანიისთვის, თანაც ისინი აღიარებენ, რომ ევროკავშირის ახალგაზრდა წევრი სახელმწიფოებიდან საკმაოდ მომზადებული კადრები მიდიან, განსაკუთრებით მათემატიკისა ინფორმატიკის დარგში.
რუსეთმა ხორბალზე ემბარგო მოხსნა, ეშველება თუ არა უსახსროდ დარჩენილ დარგს
ხორბალზე რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს გამო ნედლეული ამ ქვეყანაში ჭარბად დარჩა, კარგი პირი უჩანს ახალ მოსავალსაც, რაც ექსპორტის გახსნის აუცილებლობას ქმნიდა. შემაშფოთებელი იყო რუსეთის ხელისუფლების განწყობა ხორბლის ექსპორტის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ 28 მაისს, პუტინმა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ემბარგოს მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა. სხვადასხვა შეფასებით, წელს რუსეთში 78-89 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან. მაგრამ დღეს ბაზრის მონაწილეებს სხვა რამ უფრო აწუხებთ, ემბარგოს გამო ამ დარგმა ვერაფერი გამოიმუშავა. შიდა მოთხოვნამ და ფასებმა ვერ შეძლო ფერმერების დანახარჯების დაფარვა. აგრარები ამბობდნენ, რომ ექსპორტის შეზღუდვის შემდეგ სეზონზე გაგრძელება უკვე სექტორის დეგრადაციას გამოიწვევდა.
ბაზარზე სხვადასხვა განწყობა შინიშნებოდა. მეწისქვილეებმა და მესაქონლეებმა ხორბლის შესყიდვა შეაჩერეს, ისინი ახალ მოსავალს და ემბარგოს გაგრძელებას ელოდებოდნენ. ოპტიმისტურად განწყობილმა ტრეიდერებმა გაიაფებული ხორბლის შესყიდვა დაიწყეს, რამაც ცოტა შეანელა ფასების ვარდნა, რაც ბოლო თვეებში შეინიშნებოდა. თავიდანვე რუსეთის ხელისუფლებისგან ნეგატიური სიგნალი მოდიოდა: მაგალითისთვის შეგვიძლია ვოლგოგრადის რეგიონში ვლადიმერ პუტინის საქმიანი ვიზიტი გავიხსენოთ, სადაც მან ცალსახად განაცხადა, რომ ხელისუფლება ექსპორტის გახსნის საკითხს ჯერჯერობით განიხილავს და მას გადაწყვეტს ამ წლის მოსავლის შედეგების დანახვის შემდეგ, მაგრამ თუ ამ წლის მოსავლის აღებამდე ეს საკითხი არ გადაწყდებოდა, კითხვის ქვეშ დგებოდა შემდეგი წლის მოსავლის ბედიც.
იმისთვის, რომ ახალ სასოფლო სამეურნეო წელს ხორბლის ბალანსი შეფასდეს, აუცილებელია შეჯამდეს წინა წლის ნარჩენი. ანალიტიკოსების შეფასებით, 1 ივლისისთვის რუსეთში 16 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი დარჩება აუთვისებელი, რაც განსაკუთრებით პარადოქსულია მოუსავლიანი 2010 წლის ფონზე.
ექსპორტის აკრძალვით გამოწვეული მარცვლეული კულტურების დარგის დანაკარგები მილიარდობით დოლარით ფასდება – თუკი სიტუაციას გავამარტივებთ და რუსეთის ბეღლებში დარჩენილ 10 მილიონ ტონა ხორბალს გავამრავლებთ მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის საშუალო ფასზე – ტონა 300 დოლარი, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით რუსეთმა სამი მილიარდი დოლარით იზარალა, არადა, დარგს საკმარისზე მეტი პრობლემა აქვს გადასაჭრელი მოკლე და გრძელვადიან პესპექტივაში. ინვესტიციები ამ სექტორში სიტუაციას მკვეთრად გააუმჯობესებდა, მაგრამ უკვე მეორე წელია, რაც საბაზრო კონიუნქტურა ინვესტიციების სტიმულირებას ხელს უშლის.
დღეს ადგილობრივ და მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასში სხვაობა ტონაზე 150 დოლარია. ემბარგოს მოხსნის შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით ფასები აუცილებლად მოიმატებს, მაგრამ ზრდა, ექსპერტების შეფასებით, მნიშვნელოვანი არ იქნება. ემბარგო ახალი მოსავლის აღებამდე რომ გაგრძელებულიყო, ხორბალი უფრო გაიაფდებოდა – ახალი მოსავალს მიმატებული ბეღელში დარჩენილი ნედლეული უკვე ძალიან ბევრია და ბაზარზს მძიმე ტვირთად დააწვებოდა, შესაძლოა ფასები თვითღირებულებასაც ჩამოსცდენოდა.