რუსეთის დემოგრაფიული დილემა
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
რუსეთში ჩატარებულმა დემოგრაფიულმა კვლევამ მოულოდნელი შედეგები აჩვენა – ჩრდილოეთ კავკასიაში შობადობა იზრდება, რუსეთის დანარჩენ ნაწილში კი მოსახლეობა ბერდება. საერთო მონაცემებით, რუსეთში მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. წინა აღწერის შემდეგ (2002 წელი) მოსახლეობა 2.2 მილიონით ანუ 1.6%-ით არის შემცირებული. ამის მიზეზი კი შობადობის შემცირება და სიკვდილიანობის ზრდაა. სოციოლოგები დასძენენ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა, აღწერაში მიგრანტების მონაცემებიც რომ ყოფილიყო გათვალისწინებული.
რაც შეეხება ცალკეული რეგიონებსა და ქალაქებს – 10.9%-ით არის გაზრდილი მოსკოვის მცხოვრებთა რიცხვი. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ადამიანები ყოველთვის ცხოვრების უკეთეს პირობებს ესწრაფვიან და იმ ადგილების ეტანებიან, სადაც შედარებით მეტი სამუშაო ადგილია. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის ზრდა დაფიქსირდა ისეთ ოლქებში, როგორიცაა მოსკოვის (7.2%-იანი ზრდა), სანკტ-პეტერბურგის (4%), ლენინგრადის (2.6%) და კრასნოდარის (2%).
ძალიან საინტერესოა სხვა მონაცემებიც. გასაოცარია, რომ მოსახლეობის საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა დაღესტანში (15.6%), ჩეჩნეთში (15%) და ყარაჩაი-ჩერქეზეთში (8.9%). ექსპერტები ამ ტენდენციას იმით ხსნიან, რომ სახელისუფლებო სახსრებზე ამ რეგიონის და მის მცხოვრებთა დამოკიდებულება დიდია, მთავრობა კი ბოლო წლებში ბევრ ფულს ხარჯავს ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სოციალური პროექტების განსახორციელებლად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2010 წელს ჩატარებულმა აღწერამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობა გაიზარდა ჩრდილოეთ კავკასიაში და ცენტრალურ ოლქში, რუსეთის ყველა სხვა რეგიონში მოსახლეობის საგრძნობი კლებაა დაფიქსირებული, ნაწილობრივ სიკვდილიანობის ზრდის და ნაწილობრივ უფრო განვითარებულ რეგიონებში ან სულაც საზღვარგარეთ იმიგრირების გამო. როგორც სოციოლოგები აღნიშნავენ, რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა პროგრამებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღეს (თუ არ ჩავთვლით ჩრდილოეთ კავკასიას). განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძლიერი სქესის წარმომაგენელთა შორის, ამიტომაც დღეს რუსეთში კაცების რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება ქალებისას.
ამგვარი დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით, პირველი პრობლემა რომელიც რუსეთის ხელისუფლებას სასწრაფოდ მოსაგვარებელი აქვს, საპენსიო ფონდების საკითხებია. მოსახლეობის დაბერების კვალდაკვალ, თაობათა სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სქემები რეფორმირებას საჭიროებენ. გამონაკლისი არც რუსეთია. თუმცა აქ ერთი გარემოებაა აღსანიშნავი – მსოფლიოში საპენსიო დილემისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ უპირველეს გზად საპენსიო ასაკის ზრდა ითვლება, თუმცა, რუსეთში ცხოვრების არასახარბიელო პირობების გამო, საშუალო სტატისტიკური რუსი, განსაკუთრებით კი მამაკაცები, ისედაც იშვიათად აღწევენ საპენსიო ასაკს და მაშინ, როცა ადამიანების ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა ისედაც შემცირებულია, ბევრი სვამს კითხვას – რამდენად გამართლებულია ასეთ შემთხვევაში ადამიანებს დამსახურებულ პენსიაზე გასვლის შანსი მოვუსპოთ?
სოციოლოგიური კვლევის შედეგები რუსეთში ახლახან გამოქვეყნდა, პირველ ქმედით ნაბიჯებს ექსპე-რტები ხელისუფლებისაგან რამდენიმე თვის მერე ელიან. საინტერესოა, როგორ მოახერხებს მედვედევის ხელისუფლება რთული დემოგრაფიული დილემის გადაჭრას.