პოლიტიკური თუხთუხი თუ საქართველო ისევ გზაჯვერდინზე
სოფიკო სიჭინავა
მოვიდა დრო, რომელიც პოლიტიკური ძალებისთვის პოლიტიკური სიმაღლეების დაპყრობის გზაზე ყველაზე საპასუხისმგებლო და გადამწყვეტია. ყველა პარტიისთვის არჩევნებით წყდება, თუ რომელ მწვერვალს დაიპყრობენ, ან რა პერიოდის მანძილზე ელოდებათ მიძინება.
ავისთავად, პასუხი კითხვაზე – რა ელის საქართველოს ამ საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკური თუხთუხი თუ გზაჯვარედინზე ორიენტირის ამორჩევა, საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანია, რადგან არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პარტიათა პირველი ექვსეულის შეცვლა, იმის დასტურია, რომ საქართველო რაღაც კუთხით გზაჯვარედინზეა. მოქალაქეთა კავშირის დაშლა გარკვეული თვალსაზრისით, რევოლუციის ტოლფასი იყო, მაგრამ იმის არსებობა, რაც მისგან დარჩა და იმ სახით, როგორითაც მოალაქეთა კავშირი დღეს არის წარმოდგენილი, მიანიშნებს, რომ საქართველოს გზაჯვარედინზე მიმართულების არჩევისას დიდი თავისუფლება არ ექნება, ანუ როგორც პოლიტიკურ სამზარეულოში იტყვიან, სმკ ისევ ბალანსის შენარჩუნებას შეეცდება.
წინა არჩევნებზე გამარჯვებულ პატიათა ექვსეული, როგორც ვთქვით, შეიცვალა. ამაში საგანგაშო და არაბუნებრივი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ არალოგიკური ხდება, პოლიტიკური სპექტრის დაწმენდა სავსებით ლოგიკური და ადვილად განსაჭვრეტი იყო. ამ უკანასკნელის პროგნოზს ყველა ექსპერტი თუ პოლიტოლოგი აკეთებდა.
პარტნიორების ძიება უკვე დაწყებულია. საარჩევნო პროცესი ძალიან წააგავს საქორწინოდ არჩევანის წინაშე დგომას – ვისთან ღირს ბედის დაკავშირება, ვინ გამოდგება ცხოვრების ბოლომდე პარტნიორად? პოლიტიკაში ასეთ გრძელვადიან გათვლებს არავინ აკეთებს. იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურ პარტიათა ქორწინება დიდი ზარ-ზეიმით ტარდება და ყველა მათგანი ამბობს – ეს ის პარტნიორია, რომელსაც იგი მთელი ცხოვრება ეძებდა (ყველა იმ ნიშან-თვისებით, რომელიც მოკავშირეს ახასიათებს – აგრესიულობა, ზომიერება და ა.შ.) და სწორედ საარჩევნოდ მიაგნო, არიან ისეთებიც, რომლებიც აღიარებენ, რომ “ქორწინებაში” მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებების გამო იმყოფებიან.
როგორც მოსალოდნელია, ამ არჩევნებზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი ფულის გარშემო შეიკრიბება. როგორც წესი, არჩევნებზე ასეთი სიტუაციაა – არის ფული, მაგრამ არ არის პოლიტიკური კაპიტალი, ან არის პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ არ არის ფული. მთელი რიგი გარიგებები სწორედ ამ პრინციპის მიხედვით შედგება. 1999 წელსაც, არჩევნებში მრეწველების, აჭარის რეგიონის და მოქალაქეთა კავშირის პარტიული სალაროს გაურკვეველი წარმოშობის ფული ტრიალებდა. რასაკვირველია, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ფული იგებს არჩევნებს. ამ ფუფუნებას უნდა ემატებოდეს საარჩევნო ხმების დათვლის პრეროგატივაც და სხვა ნიუანსები, რაც საერთო ჯამში, გამარჯვებული პარტიის მანტიის მოპოვების გარანტიაა.
ადგილობრივი არჩევნები თბილისში მოქალაქეთა კავშირისთვის მეტად მძიმე იყო. აშკარა გახდა, რომ მათ ძალიან გაუჭირდათ როგორც გაყალბება, ასევე საინფორმაციო ომის მოგება ოპოზიციურ პარტიებთან. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციაა, როგორც წესი, სურათი რადიკალურად იცვლება ხოლმე. მით უმეტეს, მოქალაქეთა კავშირის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ერთიანობა არ იყო – ჯორბენაძის ინტერესები ზოდელავას და მამალაძის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მოქალაქეთა კავშირის ზოგიერთ ძალას ხელს აძლევდა კიდეც ის, რომ თბილისში არჩევნები ჩავარდნილიყო, მერე ეს ყველაფერი ვიღაცას დაბრალებოდა და ამით მეფის კარიდან პოლიტიკური კონკურენტი ჩამოეშორებინა.
ახლა სხვა სიტუაციაა, ეს არჩვნები არ არის უბრალო და ამ დროისთვის ყველა უფრო პრაგმატულად მოაზროვნე ხდება და უფრო სტრატეგიული ინტერესები იყრის თავს. აქედან გამომდინარე, ისინი იძულებული გახდებიან ითანამშრომლონ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მოქალაქეთა კავშირი ძალიან მძიმე სიტუაციაშია, მას ყველა ძველ “ცოდვაზე” დღეს მოსთხოვენ პასუხს. ისიც შეჩვეულია, როგორც ყველა გამარჯვებული პარტია თავი იმართლოს.
წააგებს თუ არა მოქალაქეთა კავშირი არჩევნებს, ამას მომავალი გვანახებს, ყოველ შემთხვევაში, მას ორი გზა აქვს – იგი არ იარსებებს საერთოდ და მის ხმებს დანარჩენი ძალები გადაინაწილებენ, ან იქნებიან და თავიანთი ხმების მოსაპოვებლად მთლიან მობილიზებას მოახდენენ.
ეკონომიკური კუთხით არჩევნები საკმაოდ საინტერესო ფენომენია, რომელიც ძალიან დიდ ფულს მოითხოვს და ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდი ცვლილებებიც შეაქვს, ხშირად, სამწუხაროდ, უარყოფითი. მას სხვა მხარეც გააჩნია – საინტერესოა იმ პოლიტიკური გაერთინებებისა და დაჯგუფებების მიდგომა ეკონომიკისადმი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში.
დღეს პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა რეალობამ პოლიტიკური სპექტრი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
1) აშკარა მემარცხენე მიმართულების პარტიები, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად არიან მემარცხენეები, მაგრამ შინაგანად კერძო საკუთრების მხარდამჭერები არიან. საბაზრო ეკონომიკის სოციალურ მოდელსა და რეალურ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის მოდელს შორის თამაში, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საბაზრო ეკონომიკის განვითარებას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
2) მკვეთრად მემარჯვენე ჯგუფები. მათ საბაზრო ეკონომიკის გარკვეული სკოლა გაიარეს, კაპიტალიც დააგროვეს. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რასაკვირველია, ამ საბაზრო, თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს დაიცავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, არსებობს მეორე საშიშროება – ისინი, ძირითადად, ოლიგაქიულ ჯგუფებს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე, მონოპოლისტები გახდებიან, საქართველოში თავისუფალი კონკურენციისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას შეზღუდავენ.
3) ჯგუფები, რომელთაც ეკონომიკა არ ჰყავთ დომინანტის როლში, მათი მთავარი მიზანი უფრო პოლიტიკური თამაშებია. ეკონომიკა დამორჩილებული ჰყავთ და არ აქვთ გააზრებული, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკა ეკონომიკაა და ამა თუ იმ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ეკონომიკასთან თამაში დაუშვებელია. ისინი დასავლური ორიენტაციისანი არიან, ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად მაინც. ეკონომიკურად არცთუ მომძლავრებულნი. მათ ეკონომიკის სადავეებთან ყოფნის დიდი სურვილი აქვთ, ასე რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გადანაწილების პროცესს დაიწყებენ, რაც ასევე ზიანს მიაყენებს ეკონომიკას.
4) ზომიერი მემარჯვენეები, რომლებიც ეყრდნობიან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის განვითარების ევოლუციურ გზას, რომელიც მოიცავს ფართო კონკურენტულ საბაზრო მექანიზმის ჩამოყალიბებას, ასევე, თავისუფალ ეკონომიკას და ამერიკასთან პირდაპირ ორიენტირებული ეკონომიკის შემთხვევაში, ქვეყნისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ეკონომიკაში მისი სახე იქნება.
არსებულ პოლიტიკურ სპექტრში, თავის მხრივ, ეს ოთხი მიმართულება რამდენიმე ჯგუფად დალაგდება და ამ განლაგების მიხედვით გაირკვევა, რომელ მათგანს რამდენი თანხა დასჭირდება საარჩევნოდ. საქართველოში არჩევნების ჩატარებას მთლიანად დაახლოებით 70-80 მლნ ლარი მოხმარდება. ეს არ არის უბრალო არჩევნები. ამ არჩევნებით გადაწყდება, რომელ პოლიტიკურ გაერთიანებას ექნება ეკონომიკური სადავეები ხელთ და ვინ იქნება იმ ინვესტიციებთან ახლოს, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება საქართველოში. ამისთვის არც ერთი პოლიტიკური დაჯგუფება არ დაიშურებს სერიოზული თანხის გაღებას.
ბუნებრივია, ახალი პოლიტიკური ჯგუფები და ფიგურები ციდან არ ჩამოვარდებიან, არსებულიდან კაპიტალისა და რეიტინგის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანია ორი, პირობითად რომ დავარქვათ, “სამთავრობო მიმართულება”. პირველი, ე.წ. “ცენტრალური სამთავრობო ჯგუფი”. მხოლოდ მოქალაქეთა კავშირს არ მოიცავს (მათ გარშემო გაერთიენებულია სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებზე). მათ გააჩნიათ 7%-ის გადალახვის უნარი, თუნდაც იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ ამ ჯგუფში ლევან მამალაძისა და ქვემო ქართლის დეპუტაციის, ზოდელავას ფრთის გაერთიანებაა მოსალოდნელი. ეს დაჯგუფება პრეზიდენტის მიმართ მეტად ლოიალურია. ისინი ახალგაზრდა პოლიტიკოსები არიან, პოსტშევარდნაძისტულ ეპოქაში თავიანთ ადგილს სადღაც მოიაზრებენ, ამიტომ მათ სამომავლო პოლიტიკურ ამბიციებს ვერ გამოვრიცხავთ. მათ 300-400 ათასი ხმა გააჩნიათ. მხოლოდ ეს ხმები საკმარისია, რომ პარლამენტში მოქალაქეთა კავშირმა მნიშვნელოვანი რაოდენობის ადგილი მიიღოს. ამას დაემატება 200 ათასი არაქართველი მოსახლეობის ხმა, რომელიც ასევე “ცენტრალური სამთავრობო” პოლიტიკური დაჯგუფების “კუთვნილება” გახდება. გასათვალისწინებელია “სოციალისტების” და სხვათა, რომლებიც უდავოდ გაერთიენდებიან მათთან, უმნიშვნელო ხმები, გუბერნატორებისა და გამგებლების მიერ სხვადასხვა რეგიონებში აკრეფილი მცირეოდენი ხმებიც. აქედან გამომდინარე, “მოქალაქეთა კავშირი”, გაერთიანებული მამალაძე-ჯორბენაძე-მეზვრიშვილი-ჯიქია-ზოდელავა (?), კიდევ რამდენიმე ცალკეული გამგებელი და სხვა, იქნება ერთ-ერთი სერიოზული ძალა, რომელიც პარლამენტში, დაახლოებით, 40 ადგილს მოაგროვებს. რაც შეეხება ფინანსებს, რომელიც მათ არჩევნებისთვის დასჭირდებათ, საკმაოდ დიდია. სმკ-ს სერიოზული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. ისინი ყველა იმ ძველი “ცოდვის სამართალმემკვიდრეები” არიან, რომელიც ხელისუფლებას გააჩნდა და ამიტომ 15-20 მლნ-ის დახარჯვა მოუწევთ, რათა ის ხმები მოიპოვონ, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. მომდევნო 40 ადგილს, შემდეგი “სამთავრობო” პოლიტიკური დაჯგუფება, ყოველგვარი კამათის გარეშე, აჭარის გაერთიანება დაეუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ კოალიციაში გარკვეული კრიზისია. თუმცა, კარგადაა ცნობილი, რომ აჭარაში პოლიტიკოსების და ლიდერების სახეთა სიმრავლეზე არ არის დამოკიდებული მათ მიერ აჭარაში მიღებული ხმების რაოდენობა.
მოქალაქეთა კავშირის 40 ადგილს მიემატება აჭარის ამდენივე ადგილი პარლამენტში. ამას პლუს აფხაზეთის დეპუტაციის გარანტირებული 10 დეპუტატის მანდატი და, ჯამში, ვიღებთ 90 ადგილს იმ 150 ადგილიდან, რომელიც პროპორციული სისიტემის არჩევნებისათვისაა განკუთვნილი. გამოდის, რომ, ფაქტობრივად, ბრძოლა მიდის იმ 60 ადგილისთვის, რომელიც დიდი “სამთავრობო გადანაწილების” შედეგად რჩება.
ბრძოლა საკმაოდ სასტიკი და დაუნდობელი იქნება, რადგან “არასამთავრობო” პარტიათა რიცხვი საკმაოდ დიდია. ეს პარტიები, თავის მხრივ, ორად იყოფიან – მემარცხენეები და მემარჯვენეები. საქართველოში აშკარად იგრძნობა, რომ ამომრჩევევლი ვეღარ ეგუება მემარჯვენე პოლიტიკოსებს. არა იმიტომ, რომ ისინი კარგად ერკვევიან მემარჯვენე-მემარცხენე ორიენტაციებში და მიიჩნევენ, რომ ერთი ან მეორე იდეით უფრო ადვილად და კარგად აშენდება ქვეყანა, არა, მათ, უბრალოდ, ხიბლავთ იმ პოლიტიკოსთა ლექსიკა, ხელისუფლებასთან “შეუპოვარი” ბრძოლის მეთოდი და უფასო “რაღაცეები”. არის მეორე ფაქტორიც – საქართველოში არ არსებობენ არც გამოკვეთილად მემარჯვენე ან მემარცხენე პარტიები, ისინი მხოლოდ მომგებიანი თემებით სარგებლობენ. მომგებიანი თემა, შესაძლოა, ბევრია, მაგრამ მოსახლეობას მობეზრდა მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკა, მას მოქმედება, მოძრაობა სჭირდება, რაღაც გადამწყვეტი, უფრო რეალური და იმედისმომცემი. ახალი თაობის პოლიტიკოსები თემების შერჩევასა და მის გახმოვანებაში, უზადოდ ნიჭიერები არიან. ამას შესაშური ოსტატობით და დემაგოგიით აკეთებენ. მათი უნარი, “იყვირონ” მაშინ, როცა ყველაზე შესაფერისი დროა და იმ ხმაზე, რომელიც მოსახლეობის ყურს მიესალბუნება, ახლოს ვერ მივა მოქალაქეთა კავშირის ლიდერების “პარტიობანას თამაშთან”. მემარცხენეების ფლაგმანის ადგილს კვლავინდებურად ლეიბორისტები ინარჩუნებენ, რომლებიც, შეიძლება ვთქვათ, მემარცხენე-ცენტრისტები არიან. რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს მათთვის, ეს რეალობაა. ყველა გამოკითხვის შედეგად ეს არის ყველაზე მაღალრეიტინგული პარტია. თავისი პოპულარობიდან გამომდინარე, ისინი დაახლოებით, 20 ადგილს მიიღებენ (პლუს-მინუს 10-15%). საქართველოს დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მემარცხენე პარტიებისთვის, მართლაც, სასათბურე პირობებია, ამას ემატება სამომხმარებლო კალათის სიძვირე და ის, რომ ეკონომიკური ზრდა უშუალოდ მოქალაქეების ცხოვრების დონის ზრდაზე არ აისახება. მათი მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე ისინი, ალბათ, ყველაზე ნაკლებ თანხას დახარჯავენ, დახლოებით, 5 მლნ ლარს. ეს თანხა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თავიანთი შედეგების დაცვა და ბოლომდე გატანა შეძლონ.
მეორე პარტია, რომელიც რეიტინგის მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილს ინარჩუნებს, “ნაციონალისტური” პარტიაა. მართალია, ისინი ვითომ მემარჯვენეები არიან, კერძო ბიზნესს, მცირე ბიზნესს იცავენ, მაგრამ ძალიან ძნელია ამ პარტიის მოღვაწეობაში მემარჯვენეობის ელემენტების აღმოჩენა. მათ, შეიძლება, საკმაოდ რთული და ეკლექტური სახელი – მემარცხენე-მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია დავარქვათ. მიუხედავად ამისა, ისინი აუცილებლად გადალახავენ 7%-იან ბარიერს. ამ უკანსაკნელ მოსაზრებას ბევრი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ, მაინც ვფიქრობთ, რომ ისინი პარლამენტში, დაახლოებით 15-17 ადგილს მოიპოვებენ. ლეიბორისტებთან შედარებით მათ უფრო მეტი დასჭირდებათ, დაახლოებით, 6-7 მლნ. ლარი. ეს თანხა მათ ეყოფათ იმისთვის, რომ ფეხი მყარად მოიკიდონ და არაერთი მომგებიანი და პოპულისტური ნაბიჯი გადადგან, რომელიც მერიის მუშაობასთანაა დაკავშირებული. პრინციპში, მათი დამსახურებით საკრებულოს მუშაობა ხალხისთვის მეტად გამჭვირვალე და პოპულარული გახდა.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, ჯამში, დაახლოებით, 127 ადგილს შეადგენს, დარჩენილი 20-23 ადგილისთვის მემარჯვენე პარტიები – “გაერთიანებული დემოკრატები” და “ახალი მემარჯვენეები” შეერკინებიან ერთმანეთს. “გაერთიანებული დემოკრატების” ბედი საკმაოდ ეჭვის ქვეშ დგას. მათ აუცილებლად დასჭირდებათ პოლიტიკური მოკავშირეები. “ახალი მემარჯვენეები”, საფიქრებელია, რომ 7%-იან ბარიერს გადალახავენ. რაც შეეხებათ ფინანსებს, რომელიც “გაერთაენებულ დემოკრატებს” დასჭირდებათ ბევრად მეტია სხვა დანარჩენზე დაახლოებით, 8-10 მლნ ლარი.
იქიდან გამომდინარე, რომ “ახალ მემარჯვენეებს” ხალხი უყურებს როგორც ფულიან, შეძლებულ პოლიტიკოსებს და მათ მიმართ გარკვეული ანტიპატიაც აქვს, “ახლებს” უდავოდ 10 მლნ ლარი დასჭირდებათ.
ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ყველაზე მდიდრები “მემარჯვენეები” არიან. ისინი პატარკაციშვილის ფინანსებს შეჰყურებენ, ხოლო გაიღებს თუ არა ქართველი მილიონერი ამ თანხას, ის მთლიანად დამოკიდებულია შევარდნაძის ნება-სურვილზე. თუკი პატარკაციშვილი მემარჯვენეებს დააფინანსებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი მათ მიმართ მთლად გულგრილი არ არის, პრეზიდენტის ოჯახსა და მათ შორის დამთბარი ურთიერთობებია და შევარდნაძეც მათზე აკეთებს გათვლას. წინააღმდეგ შემთხვევეაში, “ახლებს” მოუწევთ თვითონ მოიძიონ სახსრები არჩევნების ჩასატარებლად.
საინტერესოა, ამ განლაგებაში სად მოძებნიან თავიანთ ადგილს სხვა მემარჯვენე პარტიები, ისეთი როგორიცაა, ვთქვათ, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს? მათ ხომ უდავოდ გაუჭირდებათ 7%-იანი ბარიერის გადალახვა, შიდაპარტიული სერიოზული პრობლემების გამო. პარტია ეიფორიით მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს კი საქართველოს ნაკლებად სჯერა მათი ლოზუნგების და იდეების. მათ პირველადი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში პრობლემები შეექმნათ. ის ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ჩართული აქვთ, მათ რეიტინგს ვერაფერს შველის. ამიტომ მათთვისაც აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პარტიის ნაწილად იქცნენ. ისინი, ალბათ, ან “ახალ მემარჯვენეებთან” ან “ნაციონალისტებთან” გაერთიანდებიან, თუ, რასაკვირველია, “სამთავრობო” გაერთიანებასთან არ ვიხილეთ.
მოქალაქეთა კავშირის დაშლას თვითონ ეს პარტია იმდენად არ დაუზიანებია, რამდენადაც სხვა, წვრილ-წვრილი და, რასაკვირველია, უფრო მეტად არასაპარლამენტო პარტიები. სმკ-დან სერიოზული, ანგარიშგასაწევი დაჯგუფებების ჩამოცილებამ და დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის დაწყებამ, ბევრი პოლიტიკური პარტია საკმაოდ ხანგრძლივი დროით (შესაძლოა, სამუდამოდაც) ჩრდილში მოაქცია. ამან მემარჯვენე, პიონერი პარტიები პოლიტიკურ წარმონაქმნებად აქცია, რომლებთაც, როგორც მიიჩნეოდა, თავიანთი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავდათ. ყოველი არჩევნების შემდეგ ისინი თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ აგრესიული ამომრჩეველი მათი მხარდამჭერები არასოდეს ყოფილან. არადა, ბოლო დროს სწორედ ისინი აქტიურობენ და უახლოეს მომავალში, მათი მხარდამჭერების რიცხვი თანდათან უფრო შეთხელდება კიდეც. აქედან გამომდინარე “ტრადიციონალისტებს”, “ეროვნულ დემოკრატებს”, “სახალხოს” და სხვა ბევრსაც იმ ფინანსურ თუ პოლიტიკურ გიგანტებთან მოუწევთ შერწყმა, რომლებიც რეალობამ უდავოდ გამოკვეთა. ეს მემარცხენეებსაც ეხებათ. თავშესაფარს ისინიც, ალბათ, ძალიან იოლად იპოვნიან. ეს ხომ ქართულ პარტიებს არანაირად უჭირთ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია დავით სალარიძის “მოძრაობა სამართლიანობისთვის”, რომელიც თბილისის ტექნიკურ-სამეცნიერო ინტელიგენციას, პოლიტისტებლიშმენტს და ბიზნესის, მათ შორის, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს. მათ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი გაერთიანებისთვის საკმაოდ სერიოზული ხმების მოტანა შეუძლიათ.
რაც შეეხება ვაჟა ლორთქიფანიძის “ქრისტიან-დემოკრატებს”, იგი აშკარად მემარჯვენეების ნაწილია, ისევე როგორც ნიკო ლეკიშვილი, რომელიც დინჯი პოლიტიკოსია, მას დასაკარგი, პრაქტიკულად, არაფერი აქვს, მემარჯვენეები საკმაოდ კარგ პირობებს უქმნიან – სიბერის წლებში ტკბილი და თბილი ადგილის გარანტიას. მისი ბიოგრაფიის პოლიტიკოსისთვის აუცილებელია იმის შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის კიდევ საჭიროა, წარმოუდგენელია მას პრეზიდენტობის ამბიცია ჰქონდეს. იგივე შეიძლება ითქვას ვაჟა ლორთიქფანიძეზეც. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, საკამათო საკითხია მისი “ახლებში” გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა, ვნახოთ…
იმ განლაგებაში, რომელიც ზემოთ მოვხაზეთ, “გაერთიანებული დემოკრატები” “მემარჯვენეებს” ართმევენ ხმებს, ხოლო ორივე ერთად სამთავრობო კოალიციას, თავის მხრივ, ისიც იგივეს ცდილობს. ცალკე, ერთმანეთის კონკურენტები არიან “ნაციონალისტები” და “ლეიბორისტები”, უფრო სწორად, დუელიანტები. ამ ჯაჭვში ყველა ერთმანეთს ხმებს ართმევს. ზემოთ მოხაზულ განლაგებაში, ერთადერთი, კონკურენციის გარეშე აჭარაა.
წინა საპარლამენტო არჩევნებზე “აღორძინებას” უკიჟინებდნენ, რომ ვიწრო რეგიონალური პატია იყო და მხარდამჭერები მხოლოდ აჭარის მასშტაბით ჰყავდა. ამის გამო, შექმნილი კოალიცია მაშინ თანაბრად აძლევდა ხელს როგორც აჭარას, ასევე იმ პარტიებს, რომლებიც მასში გაერთიანდნენ. დღეს სხვა სიტუაციაა, “მოქალაქეთა კავშირს” აჭარის სახით მტრის ხატის შექმნა არაფერში სჭირდება, მას სხვა “მტრები” ჰყავს. ასე რომ, აჭარას შეუძლია, მშვიდად, ყოველგვარი გართულების გარეშე აკრიფოს ის ხმები, რომელიც მას ადგილობრივად აქვს.
რაც შეეხება იმ ფულის რაოდენობას, რომელიც აჭარას არჩევნებისთვის დასჭირდება, საკმაოდ გაურკვეველია იმ თვალსაზრისით, რომ თუ მათ გადაწყვიტეს აჭარის გარეთ ხმების მოპოვება, როგორც ეს წინა არჩევნებზე მოხდა, მაშინ საკმაოდ სოლიდური თანხა დასჭირდებათ, თუ არა და – მინიმალური რაოდენობის. მიუხედავად იმისა, რომ, უხეშად რომ ვთქვათ, აჭარის ხმები მათ ჯიბეში აქვთ, უფულოდ არჩევნებს მაინც ვერ ჩაატარებენ, თან გასათვალისწინებელია, რომ აჭარის ტელევიზია შესანახია, რაც, რასაკვირველია, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
რა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ამ განაწილებაზე?
რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომელ გაერთიანებას დაუჭერს მხარს რუსეთი. მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად კონკურენცია გაგრძელდება. მართალია, იგი დიდ ზეგავლენას ვერ იქონიებს, მაგრამ რაღაც პროცენტით აუცილებლად შეიტანს თავის კორექტივს. გარე ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა აშშ-ის მხარდაჭერას შეუძლია. ანუ როგორ უყურებს ან რამდენად აძლევს ხელს ამერიკას, ჩვენს ძირითად პარტნიორს, ზემოთ ჩამოთვლილ პარტიათა მიმართულებები. შეიძლება ვთქვათ, რომ ამერიკას უნდა აწყობდეს ისეთი განლაგება როგორიც, ჩვენ ზემოთ მოვხაზეთ – ყველა პოლიტიკური გაერთიანების არადომინანტური პოზიცია. მისთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოში დემოკრატია განვითარდეს და ამერიკულ კაპიტალს აქაურმა ოლიგარქებმა სერიოზული პრობლემები არ შეუქმნას. არადომინანტური განლაგება აშშ-ს აწყობს იმ კუთხითაც, რომ სამთავრობო სტრუქტურების სტიქიური რღვევა არ მოხდეს და პოსტშევარდნაძისტულ ეპოქაში საქართველო, ასე ვთქვათ, ხავერდოვნად გადავიდეს.
ასევე მნიშვნელოვანია ევროპის პოზიცია, რომელიც, საფიქრებელია, რომ ასევე იდენტური იქნება.
გარე ფაქტორების გარდა, არსებობს შიდა ფაქტორები, რომელთა ძალისა და მნიშვნელობის გათვალისწინება აუცილებელია. ეს არის ელექტრონული მედია, რომელიც ამინდს ქმნის პოლიტიკაში და არჩევნებში. მათი მხარდაჭერა სერიოზული მომენტია.
“ახალი იბერვიზია” მხარს დაუჭერს “ახალ მემარჯვენეებს”, ისევე, როგორც “ტელე-იმედი”, “იბერია” როგორც ყოველთვის ნეიტრალური იქნება, I არხი სამთავრობო გაერთიენებას დაუჭერს მხარს, თუმცა, გარკვეულ დროს იგი ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას დაუთმობს. რუსთავი 2-ის ეთერი მთლიანად “არასამთავრობო” პოლიტიკურ გაერთიანებებს დაეთმობა, თუმცა მას ჰყავს და ეყოლება თავისი ფავორიტი “გაერთიანებული დემოკრატების” და “ნაციონალისტების” სახით. რაც შეეხება “კავკასიას” და სხვა არხებს, ისინი, ძირითადად, შეკვეთებზე იმუშავებენ, თუმცა, მათ არც ისე ბევრი კლიენტურა ეყოლებათ და არც არჩევნების შედეგებზე ექნებათ რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა.
მესამე ფაქტორი ბიზნეს-ჯგუფების პოლიტიკური სიმპათიებია. “სამგორი ჯგუფს” ცალსახად არჩეული აქვს “ახალ მემარჯვენეებთან” ურთიერთობა, “ომეგა-ჯგუფი” ორ სახელისუფლო ჯგუფს – თბილისსა და აჭარას შორის ლავირებს. “ჯეოსელი” “გაერთიანებულ დემოკრატებთან” თანამშრომლობს, “მაგთი”, – “ცენტრალურ სამთავრობო” გაერთიანებასთან, კომუნიკაციების ქსელის ძირითადი ნაწილი და ენერგეტიკული ბიზნესი. რაც შეეხება “ქართუ-ჯგუფს”, ის, ალბათ, ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.
ცალკე თემაა სახელმწიფო ბიზნეს-წარმომადგენლების პოლიტიკური მიმართულება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ვის მხარეს იქნება აკაკი ჩხაიძე.,ეს კითხვა ზედმეტად აწუხებს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. ჩხაიძეს, გარდა იმისა, რომ სერიოზულ ფინანსებს აკონტროლებს, 30 ათასი რკინიგზელი ჰყავს თავის დაქვემდებარებაში. ვერვინ უარყოფს მის ძალას ქართულ პოლიტიკაში, მის წინააღმდეგ ამ ბოლო დროს გააქტიურებული ბრძოლა ამით აიხსნება. ეს კითხვა, ჯერჯერობით, ღიად რჩება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ფოთის პორტი სამთავრობო გაერთიანებას დაუჭერს მხარს. გაუკევევლია ვის მხარეს იქნება ბ-ნ თემურ ბასილია, რომელსაც საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტაქტები გააჩნია. ასევე მერაბ ადეიშვილიც, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი სამეგობრო ჯგუფი, ძირითადად, “ახლებში” იყრის თავს, სავარაუდოა, რომ მისი პოლიტიკური სიმპატიებიც მათკენ გადაიხრება. ყოფილი “საჯაიას ჯგუფი” – კონტროლის პალატა, სახელმწიფო დაცვა, უშიშროება და სასამართლო სისტემა საკმაოდ სერიოზულ და ანგარიშგასაწევ ჯგუფად ჩამოყალიბდა. მათი ორიენტაციაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესიოა, თუმცა, ჯერ გაურკვეველი. ასევეა ზოდელავა და მისი მხარდამჭერები. თუ ზოდელავასა და ჯორბენაძის ურთიერთობას განვიხილავთ, სავარაუდოა, რომ ისინი ერთად ვერ იქნებიან. მაგრამ პრეზიდენტისა და ზოდელავას ურთიერთობა, ცალკე აღებული, გვაფიქრებინებს, რომ მას პრეზიდენტის გჯუფში ვიხილავთ. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მეტად მტკივნეული საკითხია.
ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკურად მეტად მნიშვნელოვანი და ეკონომიკური თვალსაზრისით მტკივნეულია. ცალკე თემაა მაჟორიტარული სისტემის არჩევნები. თითოეულ მაჟორიტარ დეპუტატს, დაახლოებით, 100 ათას ლარამდე დასჭირდება. 80 კაცზე 100 ათასი ლარი 8 მლნ.-ია. თუ უხეშად დავაჯამებთ, არჩევნებს 70-80 მლნ. ლარი დასჭირდება. ეს არის ის თავისუფალი ფული, რომელიც მთლიანად საქართველოს ეკონომიკას მოაკლდება და, რომელიც მას ჰაერივით სჭირდება. ეს თანხა მთელი საგადასახადო შემოსავლების 10%-ია. არის მეორე მომენტი, ამ ფულით შეიძლება გაცოცხლდეს სამომხმარებლო ბაზარი და შესაძლოა, ამან გარეგნული, ზედაპირული ეფექტი იქონიოს, მაგრამ ეს ფული არაპროდუქტიულად დაიხარჯება. იგი, ვთქვათ, რომელიმე ტელეკომპანიის ჯიბეში წავა და მისი კორპორაციული მოგება იქნება, წავა ყველა იმ ქართველის ჯიბეში, რომელიც ამ ფულს, მარტივად რომ ვთქვათ, მუთაქაში ჩადებს. ეს ფული სარეკლამო ბაზარზე ორი დომინანტი ფირმის მოგება გახდება. ასე რომ, თუ დავამრგვალებთ, მოგებას სულ 10 ფირმა ნახავს და არა მთლინად მოსახლეობა. ბუნებრივია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პოლიტიკური გაერთიენებები შეეცდებიან დახარჯული ფულის უკან ამოღებას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო დააზარალებს ქართულ ეკონომიკას. გამომდინარე აქედან 2003 წლის ეკონომიკა ამ ფაქტორების გამო განწირულია სერიოზული პრობლემებისათვის.
საქართველოში ხშირად გაიგონებთ, რომ ხალხი პოლიტიკურად ზედმეტად ეგზალტირებულია. ამ მოსაზრებას შეიძლება არ დაეთანხმო. პირიქით, ყველა ქართველი ღრმა ნიჰილიზმშია, მობეზრდა არჩევნები, პოლიტიკოსთა დემაგოგია და თავის ეკონომიკური პრობლემებით გაბეზრებულს აღარაფერი აინტერესებს. არადა, ეს პრობლემები, თავისთავად, მისი ჩარევის გარეშე არ გადაწყდება.
ამ არჩევნებში ქართველებს მაქსიმალური აქტიურობა მართებს. მოსახლეობას, ფაქტობრივად, სამი არჩევანი აქვს – არჩევნების შედეგად იგი მიიღებს უმოქმედო პარლამენტს, ულტრარადიკალურს ან ოლიგარქიულ-კლანურს. ასეთი საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა და სამივე საშიშროების თავიდან აცილების გასაღები სწორედ მოსახლეობის აქტიურობაში დევს. იმ ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება, რომელსაც არჩევნები გამოიწვევს, შეუძლებელია. მოსახლეობის ხელში არჩევნების შემდგომი პერიოდის ეკონომიკის ბედია, მასზეა დამოკიდებული თუ რა პრინციპები, მიდგომები ექნება ხელისუფლებას ეკონომიკის მიმართ. ეს საქართველოს ეკონომიკის არჩევნებია.
ერთი რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე გადაწყვეტილია – ეს ქვეყანა წილხვედრია ღვთისმშობლის და შეერთებული შტატების, მაგრამ ეს ცალკე აღებული არ არის საკმარისი. ჩვენს წილხვედრ აშშ-ს მყარად მომზადებულები, საკუთარი ინტერესებით შეიარაღებული უნდა შევხვდეთ, რამეთუ ქართული ეთნოსის, გენის ინტერესები და მსოფლიო ბიზნეს-ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. მათი თანხვედრა მომავალ 5-10 წელიწადში უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა.