ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გასული წელის შეაჯამეს
ლევან ასათიანი
2011 წლის თებერვლიდან სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო და ფიზიკური პირები, უძრავ და მოძრავ ქონებას www.eauction.ge-s მეშვეობით ყიდიან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გრიგოლ ბაიბურთმა 10 იანვარს საზოგადოებას სააგენტოს მუშაობის 2011 წლის ანგარიში და 2012 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ გასული წლის განმავლობაში 6 667 000 ლარი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტში, მიქცეული ქონების განკარგვის შედეგად, გადაირიცხა 3 099 000 ლარი. 2011 წელს მომსახურების სააგენტომ გახსნა სამი ახალი სავაჭრო ობიექტი: სამტრედიაში, ახალციხესა და თბილისში, ნავაჭრმა თანხამ მხოლოდ ამ სამ მაღაზიაში 203 400 ლარი შეადგინა.
სსიპ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო” მომხმარებელს სთავაზობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის მოხერხებულ სისტემას ინტერნეტ აუქციონსა და ინტერნეტ მაღაზიის სახით. გარდა ამისა, 2011 წლის იანვრიდან მომსახურების სააგენტომ კერძო პირებისა და კომპანიების ქონების რეალიზაციაც დაიწყო.
დაინტერესებულმა პირებმა გასაყიდი ქონების შესახებ ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს ოფისში უნდა წარადგინონ და შემდგომ თავად სააგენტო უზრუნველყოფს ინფორმაციის საიტზე განთავსებას. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სააგენტოს პროგრამისტები უკვე მუშაობენ სპეციალური პროგრამის დაწერაზე, რომელის მიხედვითაც უახლოეს ხანებში კერძო პირს ან სუბიექტს საკუთარი ე.წ. ინტერფეისი ექნება და გასაყიდი ქონების შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდზე თავადვე განათავსებს. მომსახურეობის სააგენტოს მოთხოვნის თანახმად, ინფორმაციის განთავსებიდან ერთი თვის ვადაში ინტერნეტაუქციონი უნდა დაინიშნოს. გასაყიდი ქონების ფასს თავად მფლობელი ადგენს და არა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, როგორც ეს სახელმწიფო ქონების შეფასებისას ხდება.
მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge – დღეისათვის დარეგისტრირებულია 16 189 რეზიდენტი ფიზიკური პირი, 997 რეზიდენტი იურიდიული პირი, 934 არარეზიდენტი ფიზიკური პირი და 62 არარეზიდენტი იურიდიული პირი. მომსახურების სააგენტოს პარტნიორი გახდა 390 იურიდიული და 90 ფიზიკური პირი. 2011 წელს www.eauction.ge-ze გაყიდული ლოტების რაოდენობა 15000 გადასცდა, ვებ-გვერდზე ბრუნვამ 240 000 000 შეადგინა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 1 802 000-ს გადააჭარბა.
სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, საიტის ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, საქართველოს შემდეგ რუსეთზე მოდის. საიტს ყოვედღიურად საშუალოდ 7000 დამთვალიერებელი ჰყავს, აგვისტოს თვეში საიტს სტუმრობდა საქართველოდან – 176 704, რუსეთიდან – 1 487, საბერძ-ნეთიდან – 565, იორდანიიდან – 510, აშშ-დან – 498, გერმანიიდან – 310, ესპანეთიდან – 280, პოლონეთიდან – 237, ბრიტანეთიდან – 221, აზერბაიჯანიდან – 197, სომხეთიდან – 142 და სხვა ქვეყნებიდან – 13 910 მნახველი.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის თვიდან, მომსახურების სააგენტომ დაიწყო სახელწიფო საკუთრებაში მოქცეული ქონების განკარგვის ახალი ფორმის – ლიზინგის გამოყენება. მომხმარებლები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ძვირადღირებული ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების შეძენას, დღეისათვის ეძლევათ საშუალება, გამოიყენონ განკარგვის ახალი ფორმა – ლიზინგი. პროექტის ავტორთა შეფასებით, აღნიშნული განკარგვის ფორმა მეტად ხელსაყრელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის. თუმცა, როგორც წლის შემაჯამაბელ შეხვედრაზე ბაიბურთმა აღნიშნა: “პროექტის ამოქმედების შემდეგ სულ ოთხი ლოტი გავაკეტეთ და, სიმართლე გითხრათ, დაინტერესება არ ყოფილა. მაგრამ ეს ჩვენი მუშაობის ახალი მიმართულებაა და ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში დაინტერესება ინვესტორების მხრიდან ამ მიმართულებით გაიზრდება.”
2011 წლიდან ნებისმიერ მსურველს მიეცა საიტიდან საბანკო პლასტიკური ბარათის შეკვეთის შესაძლებლობა, ვებგვერდიდან ასევე შესაძლებელი გახდა ლიბერთი ბანკის განვადების მიღება. საგარანტიო თანხის გადახდა 2011 წლიდან მხოლოდ საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით ხორციელდება, ასევე შესაძლებელი გახდა ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება. 2012 წლიდან სააგენტოს მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს ელექტრონული სერვისების მოდერნიზაცია/განვითარება და დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ელე-ქტრონული აუქციონით განკარგვის პროცესის გამარტივება.