სიღარიბე მსოფლიოს უტევს
მაკა ღანიაშვილი
დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ სიღარიბე და ეკონომიკური უთანა-სწორობა რჩება. მათთან ბრძოლა მთავრობებს შეუძლიათ ქვეყანაში შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკითა და მიზნობრივი ფულადი ტრანსფერებით. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ამ კუთხით წარმატებული რეფორმები განახორციელეს სამხრეთ ამერიკის, განსაკუთრებით კი, ჩილესა და ბრაზილიის მთავრობებმა. თუმცა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ლათინური ამერიკის ქვეყნებში ეკონომიკური უთანასწორობა მაინც დიდია. OECD-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ჩილეში OECD-ის ქვეყნებს შორის, ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. რაც შეეხება სიღარიბეს, მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზომავს მოსახლეობის იმ წილს, რომელსაც საშუალო შემოსავალზე ნაკლები შემოსავალი აქვს (ბრაზილიას კიდევ უფრო უარესი მაჩვენებლები აქვს, მაგრამ ის OECD-ის წევრი არ არის, ამიტომ ვერ მოხვდა ამ რეიტინგში), ჩილე არის ბოლოდან მესამე, მექსიკისა და ისრაელის წინ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის პროგრამები ჩილესა და ბრაზილიაში წარმატებულად არის შეფასებული.
ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში სიღარიბისა და ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელი რამდენიმე წლის წინ კიდევ უფრო საგანგაშო ნიშნულებზე იყო. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანებული ერების კომისიის მიერ 2011 წლის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2010 წელს რეგიონის მოსახლეობის 31.4% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 33%, ხოლო 2009 წელს 33.1% იყო. 1990-იან წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 48.4%-ს შეადგენდა. რადიკალური ნაბიჯების გადადგმა რეგიონის ქვეყნებმა სიღარიბის შესამცირებლად 1999 წლიდან დაიწყეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა 2000 წლიდან, როცა ქვეყნების სათავეში მემარცხენე მთავრობები მოვიდნენ. ამ დროისათვის განსკუთრებით რთულ ვითარებაში იყვენენ ჩილე და ბრაზილია.
დღეს ამ ორი ქვეყნის გამოცდილება სიღარიბესა და ეკონომიკურ უთანასწორობასთან ბრძოლაში სამაგალითოა. ბოლო წლებში მათ რეფორმების წარმატებას ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმაც შეუწყო ხელი: 2010 წელს ლათინური ამერიკის მშპ 5.9%-ით გაიზარდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ 2008 წლის ფინანსურმა რეცესიამ რეგიონზე მცირე გავლენა მოახდინა. 2009 წელს კი რეგიონის მშპ მხოლოდ 1.9%-ით შემცირდა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ღარიბებისათვის განკუთვნილ მიზნობრივ პროგრამებს. ზოგიერთმა ქვეყანამ, ბრაზილიისა და კოლუმბიის ჩათვლით, უკვე მოახდინა უღარიბესი მოსახლეობისთვის გამიზნული ახალი პროგრამების პრეზენტაცია. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, მიზნის მიღწევა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამებით შეუძლებელია. ამის პარალელურად აუცილებელია, ქვეყნის მწარმოებლურობის ზრდა და განათლების ხარისხის ამაღლება. რეგიონის მოსახლეობის 13% კვლავაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
უთანასწორობასა და სიღარიბესთან ბრძოლა სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვაგავარი წარმატებით გამოსდის. ზოგიერთმა ქვეყანამ მაჩვენებლები ბევრად გააუმჯობესა სხვებთან შედარებით. ჯინის ინდექსი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში უთანასწორობის მაჩვენებელს ზომავს, ქვეყნების მდგომარეობას 0-დან 1-მდე კოეფიციენტით აფასებს. ურუგვაის ჯინის კოეფიციენტი 2009 წელს იყო 0.433, ვენესუელასი კი 0.412, მაშინ, როცა აშშ-ში ეს მაჩვენებელი 0.468 იყო. პერუში ჯინის კოეფიციენტი ამ დროისათვის იყო 0.469, სალვადორში – 0.478, ეკვადორში – 0.500 და კოსტა-რიკაში – 0.501. ამასთანავე, 2009 წელს სიღარიბის მაჩვენებელი არგენტინას, ჩილესა და ურუგვაის ნაკლები ჰქონდა, ვიდრე აშშ-ს. მართალია, სიღარიბის შემცირებაში რეგიონის საერთო ეკონომიკურმა ზრდამ დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა, მეცნიერთა აზრით, არანაკლები მნიშვნელობისაა ის, რომ შემოსავლების გადანაწილების დროს უზარმაზარი უფსკრული, რომელიც მაღალანაზღაურებად და დაბალანაზღაურებად დასაქმებულებს შორის არსებობდა, ამ ქვეყნებში ნელ-ნელა მცირდება. ამას კი ქვეყნებმა განათლების ხარისხის გაუმჯობესებით მიაღწიეს, ასევე, იმ პროგრამებით, რომლებიც დაბალკვალიფიციური კადრების გადამზდებასა და მათთვის ფულადი ტრანსფერების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან გამოყოფას ისახავდა მიზნად. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრაზილიისა და ჩილეს მაგალითები.
ბრაზილიური პროგრესი
ბრაზილია ისტორიულად ხასიათდება ეკონომიკური უთანასწორობისა და სიღარიბის მაღალი დონით. 2001 წელს ბრაზილიის ჯინის ინდექსი 0.558 იყო. მართალია, 2009 წლისათვის ეს მაჩვენებელი 0.537-მდე შემცირდა, მაგრამ დიდად სახარბიელო მდგომარეობაზე არც ეს ციფრი მეტყ-ველებს. 2001 წელს ბრაზილიის მოსახლეობის 37.5% სიღარიბეში, მათგან უკიდურეს სიღარიბეში კი 13.2% ცხოვრობდა. 2009 წლისათვის სიღარიბე შემცირდა 24.9%-მდე, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა მაჩვენებელი კი – 7%-მდე. ბრაზილიის მთავრობის უმთავრესი მიზანი 2015 წლამდე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის განახევრებაა. 2001-2009 წლებში ბრაზილიაში სიღარიბე 54%-ით შემცირდა, ეკონომიკურმა ზრდამ კი 46% შეადგინა. 2001-2007 წლებში ღარიბი მოსახლეობის შემოსავალი ყოველწლიურად 7%-ით იზრდებოდა. მაშინ, როცა მთლიანად შემოსავლები ქვეყანაში საშუალოდ 2.5%-ით, მდიდრების შემოსავალი კი მხოლოდ 1.1%-ით იზრდებოდა.
ბრაზილიის მთავრობამ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებით შეძლო მოსახლეობის შემოსავლებს შორის უზარმაზარი უფსკრულის შემცირება. ამასთანავე, სახელმწიფო სოციალური პროგრამების ხარჯზე შემოსავლები გაეზარდათ სოციალურდ დაუცველ ფენებსა და უმუშევვრებს. მაგრამ პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ტრანსფე-რების წილი, მოსახლეობის მთლიან შემოსავლებში ძალიან მაღალია, დაახლოებით 80%. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიაში, ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებაში ლომის წვლილი სწორედ სა-ხელმწიფო სოციალურ პროგრამებს უჭირავს. მსხვილი ინვესტიციებია ჩადებული “ადამიანური განვითარების” პროგრამებში. 2004-2006 წლებში პროგრამებში ჩართული ოჯახებისთვის გამოყოფილი საპროგრამო თანხები 6.5 მილიონიდან 11 მილიონამდე გაიზრდა. პროგრამამ მოიცვა 12 მილიონზე მეტი ოჯახის წარმომადგენელი. 2011 წელს ამოქმედდა კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომლის მთავარი მიზანი არის ღარიბი ოჯახების ხელმისაწვდომობის გაზრდა ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე. გასულ წელს პროგრამაში დამატებით ჩაერთო 1.3 მილიონი ბავშვი. განათლების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზრდა. 2000-2008 წლებში საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა რაოდენობა 68.5%-დან 81.5%-მდე გაიზარდა.
ჩილე – სამხრეთ ამერიკის OEჩD
ბრაზილიისა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩილე ისტორიულად ხასიათდება სიღარიბისა და ეკონომიური უთანასწორობის ნაკლები დონით. XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ჩილემ დიდი ეკონომიკური ზრდა განიცადა, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სიღარიბის შემცირებაში. სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ჩილეში 2000-2009 წლებში 20-დან 11%-მდე შემცირდა. შედარებისათვის – 2009 წელს აშშ-ის სიღარიბის მაჩვენებელი 14.3% იყო.
ისევე როგორც ბრაზილიაში, სოციალური პროგრამების დანახარჯები ჩილეშიც მნიშვნელოვნად გაიზრდა. დანახარჯი 1 სულ მოსახლეზე 1998 წელს იყო 686 აშშ დოლარი, 2009 წელს კი – ეს მაჩვენებელი 945 აშშ დოლარამდე გაიზარდა. გაიზარდა განათლების სისტემის დაფინანსებაც. თუ 1998 წელს განათლებაზე მშპ-ის 3.6% იხარჯებოდა, 2009 წელს ეს მაჩევნებელი 4.3%-მდე გაიზრდა. განათლების ხარისხის გაზრდამ კი ხელი შეუწყო მაღალ კვალიფიციურ და დაბალ კვალიფიუციურ მუშახელის ხელფასებს შორის განსხვავების შემცირებას.
ექსპერტთა შეფასებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონის ქვეყნებმა ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს რეფორმებს დიდი ყურადღება აღარ მიაქციონ და/ან არსებული პროგრამები შეამცირონ და/ან სხვა ალტერნატიული პროგრამების განხორციელებაზე არ იფიქრონ. რადგან, მიუხედავად წარმატებული სტატისტიკისა, სიღარიბე რეგიონის კვლავაც მთავარ გამოწვევად რჩება. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ჩილეს მთავრობის სოციალური დანახარჯები მცირეა – მშპ-ის 16%, მაშინ, როცა OEჩD-ის საშუალო მაჩვენებელი 27%-ია. ექსპერტთა შეფასებით, სოციალური პროგრამების პა-რალელურად, უფრო ეფექტიანი საგადასახადო პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი იმისათვის, რომ უფრო მეტად შემცირდეს ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე. უკეთესი სამუშაო პირობები და მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება არის სამუშაო ძალის სტიმულირებისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობა. კორპორაციებისა და ინდივიდების მიერ გადასახადებისათვის თავის არიდება მშპ-ს 2.5%-ით ამცირებს. ჩილეს ეკონომიკა გასულ წელს 6.6%-ით გაიზარდა, მაგრამ წელს ნავარაუდევია მხოლოდ 4%-იანი ზრდა.
ჩინეთში დღე-ღამის მინიმალური საარსებო მინიმუმი 1 დოლარამდე იზრდება
ჩინეთი გეგმავს, სოფლებში სასიცოცხლო მინიმუმის ოფიციალური დონე დღე-ღამეში ერთ დოლარამდე გაზარდოს. ამის შესახებ სააგენტო “სინჰუა” იტყობინება. ამასთან, წლიური საარსებო მინიმუმი 200 დოლარიდან 360 დოლარამდე მოიმატებს.
ახალი მაჩვენებელი 92%-ით აღემატება ჩინეთის ხელისუფლების მიერ დადგენილ ზღვარს, რომელიც ამჟამად მოქმედებს, თუმცა მაინც ვერ ეწევა მსოფლიო ბანკის სტანდარტებს (1,25 დოლარი დღეში) და აშშ-ის მაჩვენებელს, სადაც წლიური საარსებო მინიმუმი სამსულიანი ოჯახისთვის 17,347 დოლარია.
საარსებო მინიმუმის თითქმის გაორმაგება ჩინეთში ღარიბების ოფიციალურ მაჩვენებელს 100 მილიონ ადამიანამდე გაზრდის. შესაბამისად, საჭირო იქნება ცენტრალური მთავრობისგან ახალი ფინანსური დახმარება. პეკინის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორის ლი შინის პროგნოზით, წლიური საარსებო მინიმუმის 310 დოლარამდე გაზრდის შემთხვევაში, ჩინეთში ღარიბების რიცხვი 130 მილიონამდე მოიმატებს. ცალკეული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ხელოვნურად ამცირებს წლიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, რათა საზოგადოების ყურადღება სიღარიბესთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებს მიაპყროს.
ჩინეთის სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მილიონობით ადამიანს სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალება მისცა, მაგრამ ამავდროულად ღარიბებსა და მდიდრებს შორის ქონებრივი განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა.
რა ხდება საქართველოში
ამჟამად, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.8%-ს უდრის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინდიკატორი ლათინური ამერიკის ქვეყნების ინდიკატორების მსგავსია (ვენესუელა 43.4, ურუგვაი 47.1, კოლუმბია 58.5). ამ ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ნიშანი საშუალო კლასის არ არსებობა ანდა მცირერიცხოვანი საშუალო კლასია. საქართველოს ჯინის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია განვითარებული ქვეყნების შესაბამის კოეფიციენტებზე, რაც ქვეყანაში სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემის არსებობაზე მეტყველებს.
სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. 2012 წელს საქართველოს მთვარობის მიერ პრიორიტეტულად დეკლარირებულ სამ ძირითად მიმართულებას შორის, განათლებასა და სოფლის მეურნეობასთან ერთად, ჯანდაცვა და სოციალური სფეროც შედის. მაგრამ, საინტერესოა, რამდენად თანმიმდევრულია საქართველოს მთავრობის სოციალური პოლიტიკა?
სოციალურ სფეროში მთავრობამ არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელება 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც უკიდურესად ღარიბი მოსახლეობისთვის სოციალური დაცვის ახალი სისტემის დანერგვის ინიციატივით გამოვიდა და, შესაბამისად, სტრატეგიულ დოკუმენტებშიც პრიორიტეტულ მიმართულებად სიღარიბის დაძლევა იქნა აღიარებული. დღემდე მთავრობის უმთავრეს საშუალოვადიან მიზანს, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობაში სოციალურად დაუცველი ფენის კეთილდღეობის დაცვა წარმოადგენს. თუმცა, პესიმისტური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს სფერო გამართული და მდგრადი არაა. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 50-55% სიღარიბის ზღვარს დაბლა, 15% კი – უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობს, რეფორმების გატარების დაუყოვნებლივ საჭიროებაზე მეტყველებს.
მთავრობამ პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მეშვეობით, რომლებიც 2006 წლის მეორე ნახევარში წარადგინა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. 2003-2007 წლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების წლიური შემოსავალი გაიზარდა, თუმცა ამ ზრდაში, ისევე როგორც ჩილესა და ბრაზილიის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი კომპონენტი სოციალური დახმარება იყო და არა დასაქმებისა და, შესაბამისად, შემოსავლების გაზრდილი მაჩვენებელი.
მიუხედავად იმისა, რომ 2003-2007 წლის პერიოდში საშუალო შემოსავლები გაიზარდა, ქვეყანაში სიღარიბე არ შემცირებულა, რასაც ბევრი მიზეზი განაპირობებდა. პირველ რიგში კი, ის ფაქტი, რომ ეკონომიკური და საჯარო სექტორის ყოვლისმომცველმა რეფორმებმა ამ პერიოდში უფრო მეტი ადამიანი დატოვა სამსახურის გარეშე, ვიდრე დაასაქმა; ამასთანავე, ის სექტორები, სადაც შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა (მშენებლობა, ფინანსური მომსახურება, სამთო მრეწველობა, საჯარო სამსახური), მთლიანი დასაქმების ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ.
2006-2008 წლებში საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად, საშუალოდ, 1.8 მილიარდი ლარით იზრდებოდა. შესაბამისად, იზრდებოდა სოციალური დაცვის ხარჯიც, 2009 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად, საშუალოდ, 181.6 მილიონი ლარით. 2006-2010 წლებში სოციალურ დაცვაზე სულ 5.1 მილიარდი ლარი დაიხარჯა. თუმცა 2010 წელს სოციალური დაცვის ხარჯი 40 მილიონი ლარით შემცირდა. კლებაზე გავლენა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოახდინა: 2009 წელს ჩვენი ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა.
2011 წელს სოციალური დაცვის ხარჯი დაახლოებით 201 მილიონი ლარით გაიზარდა და, საერთო ჯამში, 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ყველაზე ნაკლები – მთლიანი სოციალური დაცვის 0.7% – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ხმარდებათ, 16% – სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს, 66.4% – ხანდაზმულთა სოციალურ დაცვას. 2011 წელს, არაკლასიფიცირებულ საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები სოციალურ სფეროში 251 მილიონ ლარს შეადგენს.
გამოკვლევები აჩვენებს, რომ სიღარიბის შემცირებაზე ყველაზე უკეთ მოქმედებს პენსიები და მიზნობრივი სოციალური დახმარებები. პენსიების გარეშე, სიღარიბის მაჩვენებელი გაიზრდებოდა 23.6%-დან 32.9%-მდე, ხოლო მიზნობრივი სოციალური დახმარებები და სხვა სოციალური სერვისები სიღარიბეს 2%-ით ამცირებს. მიზნობრივი სოციალური დახმარება კარგად აღწევს ღარიბ მოქალაქეება-მდე. მსგავსი პროგრამები ღარიბი ოჯახების შემოსავლებს 72%-ით ზრდის, ხოლო უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის შემოსავლებს – 105%-ით. თუმცა საქართველოში მისი დაფარვის არეალი მცირეა. 2007 წლის მონაცემებით, არსებული პროგრამები ღარიბი მოსახლეობის მხოლოდ 19%-ს და უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის 30%-ს ფარავდა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ თუ მიზნობრივი სოციალური დახმარება გასწვდება მთელს ღარიბ და უკიდურესად ღარიბ მოსახლეობას, სიღარიბე თითქმის ორჯერ – 23.6%-დან 12%-მდე შემცირდება, ხოლო უკიდურესი სიღარიბე თითქმის სამჯერ – 9.3%-დან 2.9%-მდე. ყველა უკიდურესად ღარიბი მოქალაქის დაფარვის შემთხვევაში, ხარჯების გაიზრდება, მშპ-ის 0.4%-ით, ხოლო ღარიბი მოქალაქეების დაფარვის შემ-თხვევაში – მშპ-ის 1.1%-ით.
გარდა ამისა, “გაეროს” ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასული წლის ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდა, სიღარიბე საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. როგ-ორც ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, “ეკონომიკურ ზრდას საქართველოში, სიღარიბის ფართომასშტაბიანი შემცირება არ მოჰყოლია”.
“ხშირად, სიღარიბე მათი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადრეულ ასაკში სიღარიბემ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური დარღვევები. ზემოაღნიშნული გარემოებები კი, თავისთავად, განაპირობებს სიღარიბის მომდევნო თაობებისთვის გადაცემის ციკლს. ამდენად, ბავშვთა კეთილდღეობაში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის თანასწორი და თანამიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის ანგა-რიშში საქართველოს შესახებ.
ოფიციალური მონაცემით, 2011 წლის აპრილისთვის საქართველოში 145 665 ოჯახი (მთლიანი მოსახლეობის 12,4 %) ყოველთვიური დახმარებების სახით ფულად საარსებო მინიმუმს იღებდა. ყველაზე ღატაკი მოსახლეობის უმრავლესობა კი, გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ანგარიშის მიხედვით, ამჟამად მიზნობრივ სოციალურ დახმარებას არ იღებს. იმის მიუხედავად, რომ 2008 წელს მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”, 2008 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის შეიქმნა სამედიცინო დაზღვევა და მიზნობრივი სოციალური დახმარებები, “ბავშვის უფლებათა კომიტეტი კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული სიღარიბითა და სიდუხჭირით და აღნიშნავს, რომ ბევრი ბავშვის ცხოვრების დონე ძალზე დაბალია.
უმწვავესი პრობლემაა ისიც, რომ უმუშევართა სოციალურ დაცვის მუხლი საქართველოს სოციალური დაცვის ფუნქციონალურ განაწილებაში საერთოდ არ არის ჩადებული. ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა არ იკლებს, არც დასაქმების პოლიტიკა ატარებს აქტიურ ხასიათს. მაშინ, როცა სპეციალისტები უმძიმესი სოციალური ფონის მოგვარების ერთ-ერთ გზად საქართველოშიც სამუშაო კადრების გადამზადებასა და ბიზნეს-უნარების გამომუშავებაში ხედავენ.
1998 წლის შემდეგ, უმუშევრობის დონე საქართველოში გაიზარდა 12.4%-დან 16.3%-მდე. თუმცა, ეს ოფიციალური მონაცემებით. არაოფიციალური მაჩვენებლები კი გაცილებით საგანგაშოა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 16,161 გამოკითხულიდან 67% რესპონდენტი თავს უმუშევრად თვლის. 2011 წლის სექტემბერში გამოვლენილი შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 62%-ს უმუშევრობა ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად მიაჩნია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ეკონომისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, შრომისუნარიან უმუშევართა განათლების დონეა. როგორც ბრაზილიისა და ჩილეს მაგალითების განხილვამ გვაჩვენა, კადრების გადამზადება და განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სიღარიბესა და უმუშევრობასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდია. საქართველოში უმუშევართა 81%-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. რაც იმას იმას, რომ განათლებული სამუშაო ძალა გამოუყენებელია და მას ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებაში წვლილი ვერ შეაქვს. ამავე დროს, მსოფლიო კონკურენტულობის ანგარიშის მიხედვით (2011-2012 წლები), ქვეყანაში ბიზნესის კეთების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არაადექვატური განათლების მქონე სამუშაო ძალაა. ეს არცაა გასაკვირი, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უმეტესობა, ეგრეთ წოდებულ, “სტრუ-ქტურულ უმუშევრობას” განიცდის. ამ ტიპის უმუშევრობა გრძელვადიანი უმუშევრობაა, რაც, ძირითა-დად, გამოწვეულია მუშახელის უნარ-ჩვევების შეუსაბამობით ბაზარზე არსებულ სამუშაოსთან. ანუ არსებობს დიდი “შეუსაბამობა” დამსაქმებლების საჭიროებებსა და იმ უნარ-ჩვევებს შორის, რომლებსაც პოტენციური მუშახელი სთავაზობს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დასაქმებული და უმუშევარი ადამიანების რაოდენობა, არამედ იმ ადამიანების შემოსავლებიც, რომელთა ხელფასიც საშუალო მინიმუმზე დაბალია. საქარ-თველოში დასაქმებულთა 17.4%-ი დღეში 1.25 აშშ დოლარზე ნაკლებ თანხით ცხოვრობს. განვითარებულ ქვეყნებში შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი ნულის ტოლია, ხოლო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ისევე, როგორც სხვა განვითარებად და ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში, ეს მნი-შვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი, ფინანსების ხელმისაწვდომობისა და ინფლაციის პარალელურად, არაადექვატური განათლე-ბის მქონე მუშახელია. ამიტომ საქართველოს მთავრობამ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა უნდა სცადონ ამ შეზღუდვების აღმოფხვრა, რათა მეწარმეობა სწრაფად განვითარდეს. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს განათლების სფეროს განვითარება. საჭიროა ისეთი რეფორმების გატარება განათლების სექტორში, როგორებიცაა განათლების სტანდარტების მოდერნიზაცია, დაწყებითი და საშუალო განათლების საყოველთაო უზრუნველყოფა, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევა მათი თანამშრომლების გადამზადებაში, რათა ისინი ახლანდელი ბაზრის მოთხოვნებს უკეთ შეესაბამებოდნენ.