როგორ ვიცხოვრებთ 2012 წელს
ლევან ასათიანი
ყველა პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს საკმაოდ რთული წელი დაუდგა. საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებამ და კომუნიკაციების განვითარებამ სამყარო ერთ მთლიან ორგანიზმად აქცია. დედამიწის ნებისმიერ წერტილში განვითარებული მოვლენები ადრე თუ გვიან ყველა ქვეყანაში ასახვას ჰპოვებს. ევროზონის კრიზისის, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაკარგული რეიტინგების, ტოტალური საბიუჯეტო ხარჯების შემცირების პირობებში ცხოვრების შედეგები ჩვენს საზღვრებამდეც მოაღწევს. ამის გამო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ ვალუტაში შევინახოთ დანაზოგი, როგორია მათი კურსების პროგნოზი, რა ელის სანედლეულო ბაზრებს, როგორი იქნება სასურსათო ფასები და საერთოდ, როგორ ვიცხოვრებთ 2012 წელს.
ევროკავშირის სავალო კრიზისმა ვალუტების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ევრო, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურად იმყარებდა პოზიციებს მსოფლიოში, ბოლო პერიოდში საერთოდ გაუქმების საფრთხის წინაშეა. დღეს მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებში ყველაზე აქტუალური კითხვები ევროკავშირსა და მის ვალუტას უკავშირდება. გაიყოფა თუ არა ევროკავშირი ორ ნაწილად – მდიდარ ჩრდილოეთად და ღარიბ სამხრეთად? რა ბედი ელის ევროს?
ევროპაში განვითარებული მოვლენების გამო, 6 თვის განმავლობაში ევროს თვითღირებულება 10%-ით შემცირდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნებში საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად საუკეთესო გამოსავალი, ევროზონის ფარგლებს მიღმა ექსპორტის მოცულობის ზრდაა. ლოგიკურია, რომ, რაც უფრო სწრაფად გაგრძელდება ევროს გაიაფება, მით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი ისეთი ქვეყნების ეკონომიკური ვითარების გამოსწორება, როგორიც იტალია, ესპანეთი და საფრანგეთია. რაც იმას ნიშნავს, რომ ევრო “მსხვერპლად” უნდა შეეწიროს მსხვილი ეკონომიკების გადარჩენის საქმეს.
საბერძნეთი ისევ დეფოლტის ზღვარზეა. 2011 წლის დეკემბერში ქვეყანა დეფოლტს უკვე გადაურჩა, ევროკავშირისა და სავალუტო ფონდის 8-მილიარდიანი დახმარების საშუალებით. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მორიგი ტრანშისთვის ათენს კვლავაც მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას სთხოვენ. პრობლემებია ბელგიაში და ესპანეთში, სადაც უმუშევრობა შრომისუნარიანი მოსახლეობის 22%-ს აჭარბებს, იტალია მშპ-ის 0,5%-ით შემცირებას ელოდება. ჯერჯერობით, მყარია გერმანიის ეკონომიკა, ქვეყანაში დასაქმების დონე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, თუმცა წლეულს ექსპერტები სირთულეებს გერმანიაშიც ელიან.
ამის ფონზე ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც ევროზონას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ, მიიჩნევენ, რომ მისი დაშლა გარდაუვალია. გავლენიანი ბრიტანული ეკონომიკური და ანალიტიკური ცენტრის პროგნოზით, მიმდინარე წელი ევროზონისთვის უკიდურესად მძიმე იქნება და მისი დაშლის ტენდენცია კიდევ უფრო დაჩქარდება, ათი წლის შემდეგ ევრო აღარ იარსებებს, 2012 წელი კი ამ პროცესის დასაწყისი იქნება, მას შემდეგ, რაც ევროზონას საბერძნეთი და იტალია დატოვებენ.
ევროზონის შესაძლო დაშლა დაასახელა 2012 წლის მთავარ გეოპოლიტიკურ რისკად იაპონურმა საინვესტიციო ბანკმა “ნომურამ”. მაგრამ ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, ევრო პოლიტიკური პორექტია და მის გაუქმებას ევროპელი ლიდერები არაფრით დაუშვებენ. გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ, ევროკავშირის ქვეყნები მათ მიერ შეთავაზებულ საბიუჯეტო დისციპლინაზე დაიყოლიონ და ევროზონა გადაარჩინონ.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს ევროზონაში მიმდინარე კრიზისმა საქართველოზე და ლარის კურსზე? როდესაც ევროს შესაძლო გაუქმებაზე, ან გაუფასურებაზე კეთდება განცხადებები, ცხადია, ბევრს აინტერესებს, ღირს თუ არა დანაზოგების ევროში შენახვა.
საქართველოში “პოპულარული” უცხოური ვალუტა ყოველთვის დოლარი იყო, მაშინაც კი, როცა ევრო მყარდებოდა დოლარის მიმართ. ასეთ პირობებში კი, როცა ევროს ბედი ბეწვზე ჰკიდია, მომხმარებლების დანაზოგების ევროში შენახვას მოერიდებიან. ჩვენთან ყველა ოპერაცია დოლარში ხორციელდება და ევრო ძირითადი ვალუტა არ არის, თუმცა თუ ევროზონაში ცუდი ვითარება იქნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით პრობლემები შეგვექნება. ჩვენი ექსპორტის 25% ევროპაში გადის და თუ “ბებერ კონტინენტზე” პრობლემები გაგრძელდება, ჩვენი ექსპორტი ბუნებრივად შემცირდება. ეს კი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტს შეამცირებს. საქართველოდან ექსპორტი თითქმის სამჯერ ჩამოუვარდება ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქტის ოდენობას. ამის გამო ჩვენ ქვეყანაში მუდმივი სავაჭრო დეფიციტია. 2011 წლის მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ თითქმის ოთხი მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს დეფიციტი სხვა დაფინანსების წყა-როებთან ერთად, უცხოეთიდან, სამუშაოდ წასული ქართველების ფულადი გზავნილებით იფარება, რომელიც, საერთო ჯამში, მილიარდს უტოლდება. ყოველივე აქედან გამომდინარე, ძალიან ლოგიკურად ჟღერს კითხვა – აისახება თუ არა ევროზონის კრიზისი ქართულ ლარზე?
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას პროგნოზით, ევროზონის კრიზისი ლარზე არ აისახება და მოსახლეობას ურჩევს, დანაზოგები ლარში გააკეთონ, ვინაიდან სავალუტო რისკებს ასე უფრო აიცილებენ თავიდან. გვასალიას შეფასებით, სავალუტო რისკების თა-ვიდან აცილების გარანტი ეროვნული ბანკის რეზერვები და ის პოლიტიკაა, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი ატარებს. “საქართველოში დღეს საკმაოდ მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი. ეს ერთგვარი პრობლემაც კი არის ქვეყნისთვის. როდესაც შემოსავლები ლარში გაქვს, ანგარიშსწორებას ლარში ახდენ და გადასახადებსაც ლარში იხდი, ჯობს, რომ დანაზოგებიც ლარში შეინახო”, – აცხადებს გვასალია.
ექსპერტთა ნაწილის მეტად აქტუალურ კითხვაზე, რომელ ვალუტაში ჯობს ფულის შენახვა – სტანდარტული პასუხი აქვს – მოკლევადიან პერიოდში, ადამიანმა დანაზოგი უნდა შეინახოს იმ ვა-ლუტაში, რომელშიც მის დახარჯვას აპირებს. უფრო დიდი ხნით თუ აპირებს ფულის შენახვას, ყველაზე სტაბილური შვეიცარული ფრანკია.
მეორე ნაწილი კი მსურველებს დანაზოგის გაკეთებასა და ფულის დაბანდებას დოლარში ურჩევს. მათი შეფასებით, ევროზონის კრიზისის ფონზე, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროს შენარჩუნებასა და სტაბილიზაციისთვის იბრძვიან, ევროპული ვალუტა დანაზოგისთვის საუკეთესო არჩევანი არ არის. დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე არც ლარში დაბანდებებია მიზანშეწონილი, რადგან, პოლიტიკურად აქტიურ პერიოდს ყოველთვის თან ახლავს სა-ვალუტო კურსის მცირე რყევები მაინც. აქედან გამომდინარე, ექსპერტეთა ნაწილის შეფასებით, 2012 წელს ყველაზე საიმედო ვალუტის სტატუსს ამერიკული დოლარი მიიღებს.
სურსათის ფასები
ვალუტების მერყეობის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა ნედლეულისა და პროდუქციის ფასები. მიმდინარე წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნედლეულის ბაზრებზე არსებული ვითარება. ექსპერტთა შეფასებით, პოზიციათა უმრავლესობაზე ფასის კლებაა მოსალოდნელი, რისი მიზეზიც ევროპული კრიზისის გამო ნედლეულზე მოთხოვნილების შემცირებაა. ევროპელი მომხმარებლის მიერ სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნილების კლება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთი ექს-პორტიორების აქტიურობაზე, როგორიც ჩინეთია. ამ უკანასკნელის წარმოების ტემპის შემცირება 2012 წლის გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემა იქნება, ისევე როგორც სხვა განვითარებადი, ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნების.
2012 წელს ანალიტიკოსები ბაზრებზე არაბუნებრივ გადახრებს ვარაუდობენ. ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია, რომელი ნედლეული გაძვირდება და რომელი არა. ამ თვალსაზრისით, მოსაზრებები ძალ-იან მრავალფეროვანია. მაგალითად, ანალიტიკოსთა დიდ ნაწილი მიიჩნევს, რომ სპილენძი გაძვირდება, ალუმინი კი გაიაფდება.
განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კი, ცხადია, ნავთობის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებული პროგნოზებია. ამ მხრივ, ანალიტიკოსთა მოსაზრებები ფაქტობრივად ერთმანეთს ემთხვევა. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის პირველ ნახევარში “შავი ოქრო” ცოტათი გაიაფდება. ამის მიზეზი კვლავინდებურად მოთხოვნილების კლება იქნება. შემდგომში კი, ირანთან დაკავშირებული პრობლემების გამო ნავთობი გაძვირდება, თუმცა, სავარაუდოდ, 130 დოლარი/ბარელს არ ასცდება.
ექსპერტთა შეფასებით, ევროზონის კრიზისი პროდუქციის ფასებზე საქართველოშიც აუცილებლად აისახება. ჯერჯერობით, ევროზონის კრიზისის გამო ევროპული პროდუქციის საექსპორტო ფასები არ შემცირებულა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ წლის განმავლობაში ეს აუცილებლად მოხდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროპის ექსპორტი, ევროს მაღალი კურსის გამო, დოლარის საექსპორტო ქვეყნებთან შედარებით, არაკონკურენტული იყო. თუმცა ვითარება შეიცვალა. ის პროდუქტი, რომლის ექსპორტი ევროპიდან ევროში ხორციელდება, ევროს კურსის ცვლილებასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიაფდება და უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ევროპის ქვეყნებს აქვთ უმძლავრესი და საკმაოდ მდგრადი ეკონომიკა და შიდა მოხმარების ძალიან მაღალი კულტურა. რის გამოც, შიდა მოხმარებაზე ევროპაში მიმდინარე პროცესები მტკივნეულად ჯერ არ ასახულა. მაგალითად, ევროზონის დავალიანების კრიზისის მიუხედავად, გერმანიის სამომხმარებლო განწყობები გაცილებით უკეთესია, ვიდრე გასულ წელს იყო. როგორც სამომხმარებლო მოთხოვნის კვლევის საზოგადოების (GფK) მონაცემებშია ნათქვამი, იანვარში შესაბამისი ჯამური ინდექსი 0,2 პუნქტით, 5,9 ნიშნულამდე გაიზარდა.
უკეთესი სამომხმარებლო კლიმატი ქვეყანაში ბოლოს 2011 წლის მარტში დაფიქსირდა. GფK-ს ექსპერტის რალფ ბიურკლის განცხადებით, გერმანელი მომხმარებელი ჯიუტად ეწინააღმდეგება კონიუნქტურული რისკების ზრდას და ევროპაში მზარდ კრიზისს. სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანებს მსხვილი შენაძენებისკენ აქვთ მიდრეკილება და საკუთარი შემოსავლების ზრდის პერსპექტივებს ოპტიმისტურად უყურებენ. ზრდის მთავარ მიზეზად ექსპერტი შრომის ბაზარზე გამოკვეთილ დადებით ტენდენციებს და სამსახურის დაკარგვის შიშის შესუსტებას ასახელებს. გასათვალისწინებელია საბანკო პროცენტის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი და ფინანსური ბაზრების მიმართ მომხმარებლის უნდობლობა. ამ ფაქტორების გამო ადამიანებს ფულის ბანკში შეტანას ძვირადღირებული ნივთების შეძენა ურჩევნიათ.
ამიტომაც, ექსპერტთა შეფასებით, ფასების კლება არ მოხდება დღეების და არც კვირების განმავლობაში, მაგრამ ზაფხულისათვის ფასები ევროპულ პროდუქციაზე აუცილებლად გადაიხედება. საქართველოში პირველ რიგში, ეს ცვლილება ევროპიდან შემოსული ავტომობილების ფასზე აისახება.
საქართველოს ხელისუფლება მიმდინარე წელს 6%-იან ინფლაციას ვარაუდობს. გასული წლის ინფლაცია ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 8,5% იყო. 2011 წლის მარტიდან ფასების ზრდა ჯერ სასურსათო პროდუქტებიდან დაიწყო, შემდეგ ტრანსპორტზე აისახა. ინფლაციის მაჩვენებლმა პიკს – 14.5%-ს მაისში მიაღწია. თუმცა, “საქსტატის” მონაცემებით, უკვე მაისიდან კლებადი ტენდენცია დაფიქსირდა. მთლიანობაში წელი ერთნიშნა ინფლაციით დასრულდა.
2011 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ფასები 1,5%-ით გაიზარდა და დეკემბრის ინფლაციაში მისმა წვლილმა 0,66% შეადგინა. ერთი თვის განმავლობაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანებზე (9,6%), თევზეულზე (2,8%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (2%) აღირიცხა. 2011 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა შაქარსა და ტკბილეულზე (4,3%) და პურსა და პურპროდუქტებზე (0,9%). ქართულ ბაზარზე პურპროდუქტების გაიაფება 2012 წელსაცაა მოსალოდნელი. პურ-პროდუქტების ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წელს ქართულ ბაზარზე პურ-პროდუქტების ფასები შემცირდება. ამის თქმის საფუძველს ასოციაციას წლის დასაწყისიდან ფქვილის ფასის კლება აძლევს. ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 40-დან 31 ლარამდე შემცირდა. გასულ წელთან შედარებით მოსავლის მხრივაც უკეთესი პროგნოზები კეთდება, რაც, პურპროდუქტების თვითღირებულებაზეც აისახება.
რაც შეეხება 2012 წლის ინფლაციის 6%-იან პროგნოზს, იგი საქართველოში კეთდება იმ ფონზე, როდესაც გაერო 2012 წელს კვების პროდუქტების უმნიშვნელო გაიაფებას ვარაუდობს. გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჟოზე გრაციანო და სილვას განცხადებით, სასურსათო ბაზრებზე რყევა გაგრძელდება და ეკონომიკური არასტაბილურობის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი დადგება შიმშილის საფრთხის წინაშე.
გაეროს მაღალჩინოსნის განმარტებით, ფასები ისე მკვეთრად აღარ გაიზრდება, როგორც ბოლო ორი წელი ხდება, თუმცა არც დაიკლებს. შესაძლებელია მხოლოდ უმნიშვნელო, მოკლევადიანი შემცირება საქონლის ცალკეულ ჯგუფებზე. შეგახსენებთ, რომ სურსათზე მსოფლიო ფასები 2011 წლის თებერვალში მკვეთრად გაიზარდა, რამაც ინფლაციის სტიმულირება გამოიწვია. შედეგად, შექმნა იდეალური კლიმატი საზოგადოების უკმაყოფილების და “არაბული გაზაფხულისთვის”.
ზაფხულში ტაილანდის ხელისუფლებამ, რომელიც მსოფლიო ბაზრის ბრინჯით ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია, განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, ამ პროდუქტის ფასი შესაძლოა 56%-ით გაიზარდოს. ტაილანდის პირველი ქალი-პრეზიდენტის, იინგლაკ ჩინავატის არჩევის შემდეგ, ბაზარზე მეორე ჯგუფის ტაილანდური ბრინჯის ფასმა 7,3%-ით მოიმატა და ერთ ტონაზე 519 დოლარი შეადგინა. ტაილანდური ბრინჯი მსოფლიო ექსპორტის 30%-ს შეადგენს. მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებული ანგარიშის თანახმად, 2011 წელს, სურსათის მსოფლიო ფასებმა 36%-ით მოიმატა. სიმინდის ფასი 74%-ით გაიზარდა, ხოლო მარცვლეულის – 69%-ით.
2011 წლის დასაწყისში სურსათზე ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რამაც საერთაშორისო ექსპერტთა განცხადებით, 2008 წლის “სასურსათო კრიზისის” განმეორების საფრთხე შექმნა. მსოფლიოში ბურღულზე ფასები გასული წლის აპრილის ბოლოსთვის საშუალოდ 71%-ით გაიზარდა, რაც სამჯერ მეტია 10 წლის წინანდელ ფასებზე. პოპულარულ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-სთან ინტერვიუში გაეროს სასურსათო სააგენტოს უფროსი ეკონომისტი აცხადებდა, რომ თუკი უახლოეს პერიოდში ევროპაში ნალექი არ მოვიდა, მიმდინარე წლის ივნისში საკვებ პროდუქტებზე ფასები აგრესიულად გაიზრდება. მისი განმარტებით, განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებოდა განვითარებად ქვეყნებს, სადაც სასურსათო ინფლაციას შესაძლოა აღშფოთებული მოქალაქეების მასობრივი პროტესტი გამოეწვია.
ეს “ნალექი” ევროზონის და შემდეგ უკვე მთელი მსოლიოს ეკონომიკური კრიზისი აღმოჩნდა. ევროპული ვალების კრიზისმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდისა და სურსათის ფასების ზრდის დამუხრუჭება განაპირობა.
მსოფლიოში საკვების ფასი გასული წლის დეკემბერში 2.4%-ით შემცირდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ფასების შემცირება მარცვლეულის მაღალმა მოსავლიანობამ და მასზე შედარებით ნაკლებმა მოთხოვნამ გამოიწვია, ასევე, ერთ-ერთი მიზეზია შაქრისა და ზეთის ღირებულების შემცირებაც.
ევროპული კრიზისი მსოფლიოში კაკაოს ფასებზეც აისახა. ფასი პროდუქტზე 42%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის დეკემბრის შემდეგ მინამლური მაჩვენებელია. შოკოლადის უმსხვილესმა მწარმოებლება ევროპაში ნედლეულის შესყიდვა მინიმუმამდე შეამცირეს, რაც, თავის მხრივ, გაყიდვების მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება. კაკაოს მარცვალზე ფასების დაცემას აფრიკაში მაღალმა მოსავლმაც შეუწყო ხელი.
გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტთა განცხადებით, გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების, ბაზარზე ფულის არასახარბიელო მოძრაობისა და ენერგიის გამოყენების შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ მსოფლიოში საკვების ფასის განსაზღვრა რთულია.