სტატისტიკა ციფრებში
აკაკი როგავა
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები არ შეცვლილა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,1%-ით გაიზრდებოდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 3,0%-ით გაიზარდა. კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, სამომხმარებლო ფასები 2011 წლის დეკემბერში თვიურ გამოხატულებაში 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური გაანგარიშებით – 2,2%-ით. 2011 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,2%-ით გაიზარდა.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო ფასები 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,1%-ით. 2011 წლის ნოემბერში აშშ-ში მწარმოებლების ინდექსი თვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,3%-ით, წლიურ გამოხატულებაში კი – 4,8%-ით. კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, ქვეყანაში მწარმოებელთა ინდექსმა წლიურ გაანგარიშებაში მოიმატა 3,0%-ით, ეს მაჩვენებელი იგივე პროცენტული პუნქტით გაიზარდა თვიურ გამოხატულებაშიც.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობამ 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით მოიმატა 0,4%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,5%-ის დონეზე ელოდნენ. წლიურ გამოხატულებაში კი სამრეწველო წარმოების მოცულობა გაიზარდა 2,9%-ით. აშშ-ში სამრეწველო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიციენტმა 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 0,3 პროცენტული პუნქტით მოიმატა და შეადგინა 78,1%. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი შეადგენდა 76,8%-ს. 2011 წლის ნოემბერში აშშ-ში სამრეწველო წა-რმოების მოცულობა, გადასინჯული მონაცემებით, თვიურ გამოხატულებაში შემცირდა 0,3%-ით (ადრე იუწყებოდნენ, რომ მაჩვენებელი შემცირდა 0,2%-ით).
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ნოემბერში ქვეყანაში კაპიტალის წმინდა მოდინებამ შეადგინა 48,6 მილიარდი დოლარი. ერთი თვით ადრე კაპიტალის წმინდა მოდინებამ შეადგინა 39,6 მილიარდი დოლარი. 2011 წლის ნოემბერში უცხოელების მიერ ამერიკული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების შესყიდვების მოცულობამ შეადგინა 44,4 მილიარდი დოლარი (2011 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა გაყიდვების მოცულობა 5,2 მილიარდი დოლარის ოდენობით). ამერიკული მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფულადი ვალდებულებების შესყიდვამ უცხოელების მიერ შეადგინა 38,0 მილიარდი დოლარი (ერთი თვით ადრე დაფიქსირდა გაყიდვა 41,0 მილიარდი დოლარის დონეზე), ხოლო კაპიტალის გადინებამ, ამერიკული და უცხოური ბანკების კუთვნილი ფულად ვალდებულებებს შორის განსხვავებით წარმოშობილმა, 2011 წლის ნოემბრის შედეგებით შეადგინა 33,8 მილიარდი დოლარი.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4,1%-ით და შეადგინა 657 ათასი ერთეული. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 685 ათასი სახლი. წლიურ გამოხატულებაში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 24,9%-ით. გადასინჯული მონაცემებით, 2011 წლის ნოემბერში აშშ-ში ახალი მშენებლობების მოცულობა გაიზარდა 9,1%-ით (ადრე 9,3%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ) და შეადგინა 685 ათასი ერთეული.
ახალი სახლების მშენებლობისთვის გაცემული ნებართვების რაოდენობა 2011 წლის დეკემბერში წინა თვის გადასინჯულ მონაცემებთან შედარებით შემცირდა 0,1%-ით 681 ათას ერთეულამდე. ეს მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში 7,8%-ით გაიზარდა.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობისთვის პირველადი სახელმწიფო მიმართვების რაოდენობა კვირის განმავლობაში, რომელიც დასრულდა 2012 წლის 14 იანვარს, შემცირდა 352 ათას ადამიანამდე. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 383 ათას მოთხოვნას შეადგენდა. დაზუსტებული მონაცემებით, პირველადი მიმართვების რაოდენობამ კვირის განმავლობაში, რომელიც დასრულდა 7 იანვარს, შეადგინა 402 ათასი და არა 399 ათასი, როგორც ადრე ვარაუდობდნენ.
გერმანიის 2012 წლის მშპ-ის პროგნოზი შემცირებისკენ შეიცვალა
გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ 2012 წლის მშპ-ის პროგნოზი ისევ შემცირებისკენ შეცვალა. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ახალი წლის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის ზრდამ უნდა შეადგინოს 0,7%. გერმანიის მთავრობის ახალი შეფასება მცირედით ჩამოუვარდება ადრინდელს: ეკონომიკის სამინისტრო 2012 წლის შედეგებით ეკონომიკის ზრდას 1%-ით ვარაუდობდა. ექსპერტების აზრით, მიმდინარე წელს ექსპორტი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მშპ-ის ზრდას. გერმანიის ეკონომიკური ზრდის შესუსტების მიზეზი მისი სავაჭრო პარტნიორები არიან. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის წილი მშპ-ის ცვლილებაში უარყოფითი იქნება (-0,3%), მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ ამ დარგს შეეძლო მაჩვენებლის 0,8%-ით ზრდა. გარდა ამისა, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ იმპორტისა და ექსპორტის ტემპის ზრდა 2012 წლის შედეგებით მკვეთრად შემცირდება 2011 წელთან შედარებით: 3% და 2%, 7,2% და 8,2%-ის საპირისპიროდ შესაბამისად. ამავდროულად, სამინისტროს სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ 2012 წელს გერმანიის მშპ-ის ზრდა ისევ დაჩქარდება და შეადგენს 1,6%-ს.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით გერმანიის სამრეწველო ფასები 0,4%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები მაჩვენებლის ზრდას 0,1%-ის ფარგლებში ელოდნენ. გასული წლის დეკემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი მომატებულია 4%-ით. 2011 წლის ნოემბერში სამრეწველო ფასები თვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,1%-ით, ხოლო წლიურით – 5,2%-ით.
გერმანიის ეკონომიკური კვლევის ცენტრის მონაცემებით (ZEW), ქვეყანაში საქმიანი მოლოდინის ინდექსმა მიმდინარე წლის იანვარში შეადგინა მინუს 21,6 პუნქტი წინა თვის მინუს 53,8 პუნქტთან შედარებით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს ინდიკატორი მინუს 49,2 პუნქტი იქნებოდა. გერმანიის მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსი 2012 წლის იანვარში 28,4 პუნქტამდე გაიზარდა ერთი თვის წინანდელი 26,8 პუნქტიდან, როცა პროგნოზი 24,0 პუნქტი იყო.
დიდ ბრიტანეთში ინფლაციის შენელება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა
დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში 2010 წლის დეკემბერთან შედარებით ქვეყნის სამომხმარებლო ფასები 4,2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის შენელება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა 2,5 წლის განმავლობაში, ანუ 2009 წლის აპრილის შემდეგ. თვიურ გამოხატულებაში გასული წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა 0,4%-ით. ნოემბერში კი წინა თვესთან შედარებით ამ მაჩვენებელმა მოიმატა 0,2%-ით. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი (ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასების გა-მოკლებით) წლიური გაანგარიშებით დეკემბერში გაიზარდა 3%-ით, ხოლო თვიური გათვლებით 0,5%-ით.
უმუშევრობის მაჩვენებელი გასული წლის დეკემბერში წინა თვის გადასინჯულ მონაცემებთან შედარებით არ შეცვლილა და შეადგინა 5,0%. სახელმწიფოსთვის უმუშევრობის შემწეობის მისაღებად მიმართვების რაოდენობა 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,2 ათასით და მიაღწია 1 მილიონ 597 ათასამდე – შედარებით მაღალი მაჩვენებელი თითქმის 2 წლის მანძილზე. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ზრდა 10 ათასი იქნებოდა. გადასინჯული მონაცემების თანახმად, 2011 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 200 და არა 3 ათასით, როგორც ადრე ვარაუდობდნენ. დიდი ბრიტანეთის უმუშევრობა, გამოთვლილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ILO), სამი თვის მანძილზე (2011 წლის სექტემბერიდან ნოემბრამდე) გაიზარდა 0,3 პროცენტული პუნქტით იმავე წლის ივნის-აგვისტოსთან შედარებით და შეადგინა 8,4%. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1995 წლის ნოემბრის შემდეგ.
დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მოცულობა 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,6%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიურ გამოხატულებაში გაიზრდებოდა 0,7%-ით. 2011 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2,6%-ით. 2011 წლის ნოემბერში კი, საცალო გაყიდვების მოცულობა, დაზუსტებული მონაცემებით, თვიურ გამოხატულებაში შემცირდა 0,5%-ით (ადრე 0,4%-იანი შემცირებას ვარაუდობდნენ), ხოლო წლიურ გამოხატულებაში – 0,4%-ით (ადრე 0,7%-იან ზრდას ვარაუდობდნენ).
დეკემბერში ყველაზე დაბალი ინფლაცია შვედეთში დაფიქსირდა
Eurostat-ის საბოლოო მონაცემებით, ევროზონის სამომხმარებლო ფასები, გასული წლის დეკემბერში წლიურ გამოხატულებაში გაიზარდა 2,7%-ით, ანალიტიკოსები კი ინფლაციას 2,8%-ის დონეზე ელოდნენ. წინა თვესთან შედარებით 2011 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა 0,3%-ით. წლიურ გამოხატულებაში 2011 წლის ნოემბერში ევროზონის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,0%-ით გაიზარდა. გასული წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასები ევროკავშირის 27 ქვეყანაში წლიური გამოხატულებით გაიზარდა 3.0%-ით, ხოლო თვიურ გამოსახულებით 0,3%-ით. 2011 წლის დეკემბერში ყველაზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა შვედეთში (0,4%), მალტაში (1,3%), ყველაზე მაღალი კი – სლოვაკეთში (4,6%) და კვიპროსზე (4,2%).