2012 – ეკონომიკური აპოკალიფსი ევროპაში
თინათინ ბაზერაშვილი
მსოფლიო ეკონომისტების პროგნოზებით, 2012 წელს გლობალური ეკონომიკა მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან მებრძოლის როლში დარჩება, დინამიურობას დაკარგავს, მაგრამ სწორი მიმართულებით სვლას განაგრძობს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრიზისისგან დაუძლურებული ევროპა გლობალური ეკონომიკის სვლისთვის სერიოზული მუხრუჭი იქნება. მსოფლიო ეკონომიკის გაძლიერებაში მიმდინარე წელს საკუთარ წვლილს შეიტანენ აზიური ქვეყნების ეკონომიკები, მაგრამ აზია ნამდვილად არ იქნება მოწოდების სიმაღლეზე. აშშ გააგრძელებს მისი ეკონომიკის მოკრძალებულ ზრდას, ბრაზილია კი წლის ორთქმავლის ფუნქციას შეასრულებს და ლათინური ამე-რიკის, მექსიკისა და არგენტინის უღელს შეუერთდება.
თუმცა, როგორ მოახერხებს უღარიბესი მოსახლეობის მქონე ბრაზილია მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში ლომის წვლილის შეტანას მიმდინარე მიმდინარე წელი გვაჩვენებს, რადგან ამ ეკონომიკას ნაკლებად გააჩნია შიდა მოხმარების ზრდის პერსპექტივა. უფრო მეტიც, ბრაზილიაში ჯერ კიდევ მკვეთრად დგას შავკანიანი მოსახლეობის პრობლემა, ისინი დღემდე შეზღუდულნი არიან შემოსავლის, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით. ჩინეთი კი, დღემდე ბრაზილიის უძლიერეს მეტოქედ რჩება. ჩინეთი განაგრძობს საშუალო ფენის შექმნას მის ქვეყანაში, იზრდება დასაქმებულთა ხელფასები, რაც შიდა მოხმარების დონეს მნიშვნელოვნად ზრდის.
ცხადია, რომ ანალიტიკოსებს, ნებით თუ უნებლიედ, სურთ ჩინეთის ეკონომიკის დაჩრდილვა სხვა განვითარებადი ეკონომიკების ზრდის ფონზე, მაგრამ ფაქტებისა და ციფრების მიხედვით, ჩინეთი მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკაა, 2012 წელს კი ის სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს მსოფლიოს, რომელიც ევროზონის ეკონომიკურ პრობლემებზეა გადართული. 2007 წლიდან ჩინეთის ეკონომიკის ზრდა აშშ-ის ზრდას უსწრებს, მნიშვნელოვანია მისი თანამშრომლობა და ექსპორტის მოცულობა განვითარებად ეკონომიკებში, სადაც ჩინეთი პირველობას არავის უთმობს. დიდმა ჩინეთმა ყველა ფონი მოიმზადა იმისათვის, რომ 2012 წელს მსოფლიო ეკონომიკაში მთავარი როლი შეასრულოს. გლობალური ეკონომიკის მოდელის ცვლილება ჩინეთის მთავარი როლის გარეშე კი, არც ერთ ეკონომისტს არ წარმოუდგენია. მსოფლიო ეკონომიკის ზრდა ჩინეთის ეკონომიკის განვითარების ინტერესებში შედის და მას ყველაზე მეტად აშინებს რეცესიის აჩრდილი. თუმცა, მიმდინარე წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინეთის ეკონომიკას პროგნოზი შეუმცირა და 9%-ის ნაცვლად 8.2%-იანი ზრდა უწინასწარმეტყველა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2013 წელს 8.8%-ით გაიზრდება.
როიტერის გამოკითხვა, რომელიც ეხება ყველა 20 განვითარებულ და ახალი ბაზრების მქონე ეკონომიკას, მათ შორის, აზიას, ცხადყოფს გლობალური ეკონომიკის შენელებას 3.3%-ზე 2012 წლისათვის და ჩამორჩება 2011 წლის 3.7%-იან ზრდას.
როიტერის პროგნოზი მსოფლიო ბანკის პროგნოზთან შედარებით ოპტიმისტურია, რადგან ამ უკანასკნელის თანახმად, 2012 წელს მსოფლიო ეკონომიკა მხოლოდ 2.5%-ით გაიზრდება. მიუხედავად ევრო ზონის უზარმაზარი სახელმწიფო ვალებისა, რაც სერიოზულ რისკს ქმნის მსოფლიო ეკო-ნომიკური ჯანმრთელობისათვის, იმედისმომცემი ნიშნები ჩნდება აშშ-ის ეკონომიკაში.
როიტერის გამოკითხვის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ცხრილში ჩინეთი კვლავ ლიდერობს და მსოფლიო ეკონომიკას 8.4%-იან ზრდას ჰპირდება. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ინდოეთის ეკონომიკა, რომელის პროგნოზების თანახმად, 2012 წელს მსოფლიოს 7.0%-იან ზრდას მოუტანს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ბოლო ორი წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და პოლიტიკურად ჩიხური მდგომარეობის ფონზე ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს აქვეყნებს. ბრაზილიის მაღალი შიდა მოთხოვნა და კრედიტების ზრდა ქვეყნის ეკონომიკას 3.3%-ით გაზრდის მიმდინარე წელს და 4.5%-ით 2013 წელს.
რთული დროება
მიმდირე წელს ყველაზე მეტად მდიდარ, განვითარებულ ეკონომიკებს გაუჭირდებათ, მსოფლიოს უმსხვილესი აშშ-ის ეკონომიკა 2012 წელს მხოლოდ 2.2%-ით გაიზრდება.
2012 წელს ევროპის მთავარი ამოცანაა, როგორმე შეინარჩუნოს ელეგანტურობა, საბერძნეთიდან აგორებული სახელმწიფო ვალების დეფოლტი მთლიანად ევროპის ფინანსურ სისტემას მიაყენებს ზარალს. ათენელები სარგებელს ნახულობენ ფასიანი ქაღალდების სვოპის გარიგებიდან მის კერძო კრედიტორებთან ერთად.
ევრო ზონის პოლიტიკოსების მოჩვენებითი უუნარობა, რომ მათ არ შეუძლიათ სახელმწიფო და-ვალიანების კრიზისთან გამკლავება, საგანგაშო რისკს უქმნის ეკონომიკურ ზრდას, რაც ნამდვილად არ ეხება რეგიონის პერიფერიულ ეკონომიკებს.
ერთადერთი მთავარი ევროპული ეკონომიკა, რომელიც 2012 წლის აპოკალიფსურ სტაგნაციას თავს დააღწევს, გერმანია იქნება, თუმცა მისი ეკონომიკა მიმდინარე წელს მხოლოდ 0.5%-ით გაიზრდება.
დეფლაციის ჭაობში ჩაფლულ იაპონია კი, რომელიც მიწისძვრითა და ცუნამის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური შოკის დაძლევას ცდილობს, იოლად ჩამოიტოვებს ევროპას და მის ეკონომიკას 1.8%-ით გაზრდის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი შიშობს, რომ ევროპის სახელმწიფო დავალიანების კრიზისი მთლიანად მსოფლიო ეკონომიკას რეცესიის ქარცეცხლში დაბრუნებას უპირებს.
ცხადია, რომ 2012 წელს მსოფლიო ეკონომიკური მიწისძვრის საშიშროების ეპიცენტრი ევროპა იქნება, რაც გლობალურ ეკონომიკას მეტისმეტად დააზარალებს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ევროპის კრიზისს შეუძლია იმდენად მოიკრიბოს ძალები, რომ მსოფლიო მეორე რეცესიის კლანჭებში მოაქციოს, ამიტომ გადამწყვეტი და სასწრაფო ნაბიჯების გადადგმა 2012 წელს აუცილებელი და სა-ჭირო იქნება.
უკანასკნელ მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვის მოხსენებაში ჩაწერილია, რომ 2012 წლის ყველაზე დიდი გამოწვევა ევრო ზონის კრიზისის დაძლევა, ნდობის აღდგენა, ბერკეტების ამუშავება, მასთან ერთად ლიკვიდურობისა და ფულად-დაკრედიტების დონის ზრდა. ახლა, ევროპისთვის აუცილებელია გადარჩენის ფონდები გააძლიეროს, რომ ამ გზით აღადგინოს ბაზრის ნდობა და სახელმწიფო ქაღალდების ფასი უნდა დასწიოს, რათა იტალიისა და ესპანეთის მსგავსმა ქვეყნებმა ხელმისაწვდომი განაკვეთით აიღონ სესხები.
სიმწვავეს არ კარგავს საბერძნეთის კრიზისი, მისი დეფოლტი ქვეყანას, და არა მარტო მას, კვლავ მიათრევს კრიზისის უფსკრულისაკენ, ანალიტიკოსები 1930-იანი წლების დეპრესიის მსგავს საშიშროებაზე საუბრობენ, ამიტომ აუცილებლად მიიჩნევენ ევროს გარადჩენის ფონდის 500 მილიარდამდე გაზრდას და ამ ფონდის მოქნილობის დონის ამაღლება.
2012 წლის დავოსის ფორუმზეც დაფიქსირდა აზრი, რომ მიმდინარე წელი, მართალია, აზიისთვის მძიმე იქნება, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკისთვის აზია მაინც ეკონომიკურ კატალიზატორად მო-გვევლინება, ჩინეთის წინამძღოლობით იონდოეთი და ინდონეზია მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. ევროპის ფინანსურმა კრიზისმა აზიას სერიოზული ზიანი მოუტანა: ევროპულმა ბანკებმა და საფინანსო ინსტიტუტებმა აზიის კრედიტები უკან გამოიტანეს და ვაჭრობის მოცულობის კლება, რაც უდიდესი დარტყმაა ჩინეთისათვის, რომლისთვისაც ევროპა ექსპორტის უმსხვილესი ბაზარია.