სუსტი რგოლი
ნინო არველაძე
ბუნებასა და ეკონომიკაში მოვლენათა რგოლები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. 2012 წელს მსოფლიო ეკონომიკას წინ დიდი გამოცდა ელის. მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი რგოლები მაქსიმალურად შეეცდებიან ჯაჭვიდან არ ამოვარდნენ და სუსტი რგოლის როლი არ შეასრულონ.
ევროპული ეკონომიკური ვირუსი აზიაში
მსოფლიო ეკონომიკის სუსტ რგოლს ვერავინ უწოდებს ჩინეთის მზარდ ეკონომიკას. მაგრამ “მდიდრებიც ტირიან”, შეუძლებელია მსოფლიო ეკონომიკის ვნებათაღელვით აღსავსე კრიზისის ტალღა აზიის დიდ ეკონომიკას არ შეეჯახოს და დაინდოს.
ევროპის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემები აზიის ბაზრებამდეც აღწევს. FOREX MMCIS group-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, რეგიონის მაკროეკონომიკური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ აზია რეცესიის ზღურბლზე დგას, ექსპორტისა და ინვესტიციების საფუძველზე დაყრდნობილი ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის დასაწყისში კლების 20%-იანი ტენდენციას აჩვენებს. არ არის საჭირო ბევრი ფიქრი, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა ვარდნას იწყებს. ფინანსისტების პროგნოზებით, მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 8%-ს ვერ გადააჭარბებს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი მოახერხებს სავაჭრო დანაკარგების კომპენსირებას ინვესტიციების სხვა სფეროში გადასროლის გზით. თუმცა, ამავდროულად, ჩინეთს დასავლეთის ეკონომიკის საწინააღმდეგოდ აშკარა უპირატესობები გააჩნია მონეტარული სტიმულირების კუთხით. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, ჩინეთის სახალხო ბანკს არსენალში სერიოზული ინსტრუმენტი გააჩნია – მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ანუ საპროცენტო განაკვეთების დაწევა. ჩინეთმა ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მოქმედება, თებერვლის დასაწყისში მარეგულირებელმა კომერციული ბანკებისათვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის კოეფიციენტი შეამცირა და ნედლეულის ბაზარზე შესამჩნევ გამოცოცხლებას მიაღწია. ანალიტიკო-სები ვარაუდობენ, რომ მოცემულ მომენტში, ეკონომიკის სტიმულისათვის ჩინეთის ეროვნულ ბანკს განკარგულებაში მონეტარული ინსტრუმენტების საკმარისი რაოდენობა აქვს. მნიშვნელოვნად მცირდება ქვეყანაში ინფლაციური წნეხი.
რა მოსჩანს ევროპის ეკონომიკურ ფანჯარაში?
პეიზაჟი მიმზიდველად არ გამოიყურება. კრიზისი მძვინვარებს. ევროზონის ქვეყნების თავზე კვლავ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია სახელმწიფო დავალიანების პრობლემა. სურათს ამუქებს ის აშკარა ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ სჩანს გამოსავალი, ყურადღების ცენტრში რჩება საბერძნეთი, რომლის მდგომარეობაც უარესდება და ქვეყანა ტექნიკური დეფოლტისკენ მიექანება. მსოლფიო ეკონომიკური კრიზისის ტალღა ძალებს იკრებს და იმპერიას აფართოვებს, ევრო კი დღითი დღე უფასურდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი ევროზონის ქვეყნებში დავალიანების კრიზისთან საბრძოლველად დამატებით 500 მლრდ დოლარის დახმარებას ითხოვს და მსოფლიო მასშტაბის გაფრთხილებას იძლევა – თუ მსოფლიო საზოგადოება რეცესიის შესაჩერებლად ეფექტურ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ მსოფლიო ეკონომიკას კრიზისის ხანა დაუდგება, რომელიც დიდი დეპრესიის მსგავსი იქნება და კარგს არაფერს მოიტანს. აშშ-ის, ჩინეთსა და იაპონიას ჯერ კიდევ არ განუცხადებიათ მზადყოფნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე ევროზონაში კრიზისის დასაძლევად.
ამერიკის დაისი და გლობალური სიმძლავრის კრიზისი
ანალიტიკოსები ამერიკას ეკონომიკური კრიზისის გაძლიერებულ ეტაპს “უწინასწარმეტყველებენ”. 2011 წლის II კვარტალში 1.3%-მდე შემცირდა მშპ. რა თქმა უნდა, ეს რეცესია არ არის, მაგრამ არ არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე. ეკონომიკის ტემპის შენელება თუ გაგრძელდება, მალე მაჩვენებელი უარყოფითი გახდება.
ამერიკული ჟურნალი Foreign Policy აქვეყნებს ცნობილი პოლიტოლოგის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ კარტერის ყოფილი მრჩევლის, საპუბლიკაციოდ გამზადებული წიგნის “სტრატეგიული კონცეფცია: ამერიკა და გლობალური სიძლიერის კრიზისი” ავტორის, ზბიგნევ ბჟეზინსკის სტატიას. ანალიტიკოსის აზრით, აშშ-ის ვარდნა, მთლიანად მსოფლიოს ემუქრება. ზბიგნევ ბჟეზინსკი იხსენებს ერთ-ერთი ჩინელი ჩინოვნიკის სიტყვებს, რომე-ლიც ამერიკელ კოლეგას სთხოვდა: “გთხოვთ, არ დაუშვათ ამერიკის დაცემა მოკლე დროში”, ანალიტიკოსის აზრით, ამერიკის დაცემა სულაც არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ჩინელი სამართლი-ანად ღელავს ამ შემთხვევის ნეგატიური შედეგების მოსალოდნელობაზე. ბზეჟინსკი აღწერს ამერიკის დაცემის შედეგებს: “გაურკვევლობა საერთაშორისო არენაზე, გლობალური დაპირისპირების გამძაფრება და ღია ქაოსიც კი. “ჩინეთი აცნობიერებს, რომ წარმატების გზა არსებული მსოფლიო წყობის მყისიერი კრახი კი არის, არამედ სიძლიერის ეტაპობრივი გადანაწილება. მაგრამ თუ თავს იჩენს მოზღვავებული ჩინური ნაციონალიზმი, გართულდება მეზობლებთან ურთიერთობა და XXI საუკუნის აზია დაემგვანება XX საუკუნის ევროპას – ძალადობა, სისხლსმოწყურეობა”, – აცხადებს ავტორი.
ამერიკის ვარდნა კარგს არც სუსტ ქვეყნებს მოუტანს. ავტორი სტატიაში სხვა 8 ქვეყანასთან ერთად, პირველ რიგში, საქართველოს ეხება: “საქართველო გახდება მოწყვლადი ქვეყანა რუსეთის მხრიდან პოლიტიკური დაშინებისა და საომარი აგრესიის მიმართ”.
რეცესია! რეცესია! რეცესია!
2012 – ერთ-ერთი ურთულესი წელიწადი მსოფლიო ეკონომიკისათვის: რეცესია ევროპაში, უკეთეს შემთხვევაში, ძლივს შესამჩნევი ეკონომიკური ზრდა აშშ-ში და მისი მკვეთრი კლება ჩინეთში, ნედლეულზე ფასების ვარდნა ლათინური ამერიკის ქვეყნებს დააზარალებს. დაკრედიტების მოცულობის კლება, სახელმწიფო დავალიანების პრობლემები, კონკურენტუნარიანობის დეფიციტი, სახელმწიფო დანახარჯების შემცირების პროგრამები, ეკონომიკური ვარდნა – რეცესია! აშშ-ის ეკონომიკისათვის ევროზონის კრიზისი გასათვალისწინებელ რისკებს შეიცავს. დიდ ბრიტანეთს რეცესიის მეორე ტალღა ელის. სტრუქტურული რეფორმების გაუტარებლობის გამო იაპონიის მშპ კლების ტენდენციას აჩვენებს. ჩინეთის ეკონომიკის ზრდა მუხრუჭდება. ჯაჭვურ რეაქციას იწვევს უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნა, რაც დარტყმას აყენებს ინვესტიციებსა და სახელმწიფო შემოსავლებს. იზრდება სოციალური უთანასწორობა და ეცემა მსყიდველობითუნარიანობა. წამყვანი ეკონომიკების საგადამდხდელო ბალანსის წონასწორობა ირღვევა, წესრიგის აღსადგენად საჭიროა შიდა მოთხოვნის შემცირება იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც საგადამხდელო ბალანსის დიდი დეფიციტი გააჩნიათ, ასევე სავაჭრო ბალანსის შემცირება ნომინალური და რეალური გაძვირება იმ ქვეყნების ვალუტის, სადაც ძლიერ ეკონომიას ეწევიან. შედარებითი ფასების კორექტირებას ამუხრუჭებს ის ფა-ქტი, რომ სავაჭრო ბალანსის პროფიციტის მქონე ქვეყნები ეწინააღმდეგებიან საკუთარი ვალუტის გაძვირებას და ამის მაგივრად სავაჭრო დეფიციტის მქონე სახელმწიფოებს თავს ახვევენ დეფლაციურ რეცესიას, რაც სავალუტო ომის განვითარებას იწვევს სხვადასხვა ფრონტებზე: გაცვლით კურსზე ინტერვენცია, რაოდენობრივი ლიბერალიზაცია და კაპიტალის შემოდინების კონტროლი. 2012 წლის გლობალური ეკონომიკის შენელების ფონზე ეს ბრძოლები თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს სავაჭრო ომში.
პოლიტიკოსების შესაძლო ალტერნატივების მარაგი იწურება. ვალუტის გაიაფებას შეიძლება ნულოვან თანხასთან თამაში ეწოდოს, რადგან ყველა ქვეყანას შეუძლია ერთდროულად გააიაფოს ვალუტა და გაზარდოს მისი ექსპორტის მოცულობა. 2012 წელს წონასწორობადაკარგული მსოფლიო ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
საქართველოს დრო
მსოფლიო ახალი ეკონომიკური პარადიგმის ძიებაშია. მსოფლიო ეკონომიკის გარდატეხა და ახალი ეკონომიკური წყობილების დამყარება ხელსაყრელად შეიძლება გამოიყენონ პატარა და განვითარებადმა ეკონომიკებმა. საქართველოს მოსახლეობა ცხოვრების დაბალ დონეს და სოციალურ უთანასწორობას უჩივის. მთავრობა მომავლის შესაქმნელად მაკროეკონომიკური სტაბილურობის კურსს მიჰყვება, რაც ციფრებზე აისახება, პრაგმატულად მოაზროვნე ახალი ბაზრის მაძიებელ პოტენციურ ინვესტორს ხელს უწყობს სარეიტინგო კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდი შეფასებები. მაღლდება საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი და გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი.
ბოლო წლებში საქართველოს ზრდის მაჩვენებლები იზრდება. 2010 წელს 6.3%-იანი რეალური ზრდის შემდეგ, 2011 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა და დაგეგმილ 5.5%-ს გადააჭარბა, 2012 წელს კი ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირებაა ნავარაუდევი. 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს სუვერენული რეიტინგი სარეიტინგო კომპანიების მხრიდან ორჯერ გაიზარდა, იზრდება საბანკო და რეალური ეკონომიკის სექტორების რეიტინგიც. საქართველოს არ გააჩნია ისეთი ბუნებრივი რესურსები, რომელზედაც დაეყრდნობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეზი, ამიტომ საქართველოს ეკონომიკა სხვა რესურსებს უნდა დაეყრდნოს: 1. კორუფციის აღმოფხვრა, საქართველო კორუფციისგან თავისუფალი საინვესტიციო ქვეყანაა, სადაც შექმნილია იოლად დასანერგი და შესასრულებელი კანონები. მსოფლიო ბანკის მიერ საქართველო აღიარებულია ყველაზე რეფორმატულ ქვეყნად მსოფლიოს მასშტაბით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში; 2. ლიბერალიზებული და გამარტივებული საგადასახადო სისტემა, რაც ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მთავრობა მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას.
საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზოგიერთი სტრუქტურული რეფორმა პოლიტიკურ რისკს შეიცავს და მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას აყენებს. საქართველოს სტაბილურობა და ზრდა უპირისპირდება გლობალური ეკონომიკის პრობლემებს; 3. საქართველოს ბიუჯეტის დანახარჯების 25% ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოდის. ლიმიტირებულია თავისუფალი დანახარჯები, უპირატესობა ენიჭება ეკონომიკის განხორციელებადობას. კლების ტენდენციას აჩვენებს ვალების პროპორცია. სახელმწიფო დავალიანება/მშპს პროპორცია 2012 წელს დაახლოებით 35.6% იქნება, საგარეო სახელმწიფო ვალების შეწონილი პროცენტული განაკვეთი კი დაახლოებით 1.99% 4. რა შეიძლება საქართველომ შესთავაზოს მსოფლიო და რეგიონის ინვესტორებს, ბიზნესს? საქართველოს კოზირია დამარცხებული კორუფცია, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო შესაძლებლობები, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო.
2011 წლის მშპ-ის 6.8%-იანი ზრდა, რომელიც დაგეგმილს (5.5%) აღემატება ეკონომიკის რეალური და ფინანსური სექტორების აქტიურობითაა გამოწვეული.
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. 2008 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესები აქვს. ამგვარ შეთანხმებათა ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. კერძოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა მიღებული ან რეზიდენტის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზ-ნით, რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი.
შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემად რჩება.
საქართველოს მთავრობის მთავარ მიზანს წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობის კურსის შენარჩუნება, ფისკალური პოლიტიკის მთავარი მიზანია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება. დაბალი და გამარტივებული საგადასახადო სისტემით ნარჩუნდება ეკონომიკური კურსი. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები, რაც არარეზიდენტ პირებს საქართველოში საქმიანობისათვის კომფორტს უქმნის.
მსოფლიო დიდი გარდატეხის მოლოდინშია, ძველი ეკონომიკური თეორიები აღარ ჭრის, ძველი ეკონომიკური თეორიები დრომ დაამტკიცა, ახალი თეორიების ჩამოყალიბებას გლობალური ეკონომი-კური კრიზისის ტალღა ცდილობს.