უუფლებო ქართველი მიგრანტები
მაკა ღანიაშვილი
საქართველოს ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა საყოველთაო ხასიათს ატარებს მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, შემოსავლის მთავარი წყარო მიგრანტი ოჯახის წევრები არიან. მაგრამ არსებული მდგომარეობა უახლოეს მომავალში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ქართველი მიგრანტები, ძირითადად, იმ ქვეყნებში არიან დასაქმებულნი, სადაც დღეს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს და ამის პარალელურად, ნაციონალისტური მოძრაობები იკრებს ძალას.
ფულადი გზავნილების როლი ქართულ ეკონომიკაში
მსოფლიო მასშტაბით, 215 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სამშობლოს ფარგლებს გარეთ. 2008 წელს, მიგრანტების ფულადმა გზავნილებმა ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6% შეადგინა. 2008 წელს მიგრანტებმა სამშობლოში 325 მილიარდი აშშ დოლარი გააგზავნეს, კრიზისის გამო, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 307 მილიარდამდე შემცირდა, 2010 წლიდან კვლავ ზრდა დაფიქსირდა, შარშან კი მიგრანტების ფულადი გზავნილების რაოდენობამ 346 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მსოფლიო ბანკის ექსპერტები 2012 წლის ბოლოსათვის ამ რიცხვის 374 მილიარდამდე ზრდას წინასწარმეტყველებენ.
ამასთანავე, ფულადი გზავნილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკის ექსპერტები რეკომენდაციებს აძლევენ მთავრობებს, რომ იზრუნონ ამ სფეროს უფრო მეტი გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რადგან განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებისათვის, ფულად ტრანსფერებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ ქვეყნებში ფულადი გზავნილები ღარიბი მოსახლეობის ერთადერთი საარსებო წყაროა და სიღარიბის დონესა და სიმძიმეს ამცირებს. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და განვითარების ხელშეწყობის ოფიციალური დახმარების სხვადასხვა წყაროსგან განსხვავებით, ფულადი გზავნილებისთვის არ არის დამახასიათებელი უკუნაკადები პროცენტის, ვალის ან დივიდენდის გადახდის ფორმით.
გამონაკლისი არც საქართველოა. ფულადი გზავნილები საქართველოში სამუშაოს არმქონე ოჯახების სოციალური უზრუნველყოფისა და შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა არაოფიციალური ფულადი გზავნილების მოცულობა დიდია და მთლიანი ფულადი გზავნილების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, აშშ-ში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში ცხოვრობს.
ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში მშპ-ის 7-8%-ს შეადგენს და ქვეყანაში შემომავალ გრანტებს და ინვესტიციებს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება. უხეში გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის 9% ფულადი გზავნილების მიმღებია. ხოლო ფინანსური ინსტიტუტების წმინდა შემოსავლის 20% ფულადი გზავნილების მომსახურების გადასახადებზე მოდის. ეს მაშინ, როცა ფინანსურ ინსტიტუტებს ძალიან დიდ კონკურენციას უწევს არაფორმალური სექტორი, რაშიც იგ-ულისხმება ფულადი გზავნილების მეგობრების, ნათესავებისა და სხვების მეშვეობით გამოგზავნა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2009 წლიდან მათი მცირედი კლება საქართველოშიც შეინიშნებოდა. თუმცა, ეს დროებითი მოვლენა აღმოჩნდა და ფულადი გზავნილების მოცულობა ახლა კვლავ იზრდება (ცხრილი #3).
2012 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 140.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10 მლნ აშშ დოლარით, ანუ 13.4%-ით მეტია 2011 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.8% 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. იმავე 8 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.5% მოდიოდა. ამჟამად საქართველოში ფულადი გზავნილის დაახლოებით 50% რუსეთიდან შემოდის, რომელსაც მოსდევს საბერძნეთი და იტალია (ცხრილი #2).
ევროპა მხოლოდ ევროპელებისათვის
ევროზონის მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ფულადი გზავნილების შემცირება იმ განვითარებად ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც კრიზისში მყოფ ევროპულ ქვეყნებში ცხოვრობენ. ამის საფრთხე საქართველოს წინაშეც დგას, რომელიც ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან ნაწილს საბერძნეთიდან და იტალიიდან იღებს. ამ ორი ქვეყნიდან იანვრის ბოლოსთვის საქართველოდან ფულადი გადმორიცხვების საერთო რაოდენობამ 19,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ფული ძირითადად იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი თანაბრად მძვინვარებს და ეკონომიკური სირთულეების ფონზე სოციალისტური მოძრაობები ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. ევროპული ქვეყნების პარლამენტებში სოციალისტების ხვედრითი წილი სულ უფრო იზრდება (ამ დროისათვის ბელგიაში ეს მაჩვენებელი 8%-ია, დანიაში – 12%, ფინეთში – 19,5%, ჰოლანდიაში – 16%, შვედეთში – 5%, ავსტრიაში – 20%, შვეიცარიაში – 29%, საბერძნეთში – 5%, ხოლო იტალიასა და ბულგარეთში 9-9%). ნაციონალისტური მოძრაობების მომძლავრების კარგი მაგალითებია ჰოლანდია და შვეიცარია. 2007 და 2011 წლის არჩევნებში ნაციონალისტური იდეოლოგიის პარტიებმა დიდი მანდატები მიიღეს პარლამენტში. ევროპელებს ამ პარტიების ლოზუნგებს შორის, ერთი განსაკუთრებით მოსწონთ – “ევროპა ევროპელებისათვის”. მათი პოლიტიკის მთავარი მიმართულება არალეგალ შრომით მიგრანტებთან ბრძოლაა. ნაციონალები მიგრანტების მათ ქვეყანაში ყოფნას “ვერ ურიგდებიან”.
საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის უკიდურესი გამწვავების გამო, ქართველი შრომითი მიგრანტების მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები უმუშევრები რჩებიან. სამუშაოს საერთოდ კარგავენ ან ხელფასებს უნახევრებენ ოჯახებში დამლაგებლებად, მომვლელებად და შინამოსამსახურეებად მომუშავე მიგრანტებს. საბერძნეთში ლეგალურად თუ არალეგალურად წასულ შრომით მიგრანტთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს. არაოფიციალური სტატისტიკით კი ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების ოდენობა დაახლოებით 150 ათას ადამიანს შეადგენს.
რა ელის მილიონობით ქართველ ემიგრანტს უცხოეთში და მათ ოჯახებს საქართველოში? აქვს თუ არა სახელმწიფოს თანამიმდევრული პოლიტიკა სამუშაო მიგრანტებთან დაკავშირებით?
მდგომარეობას ართულებს ის, რომ საქართველოდან შრომითი მიგრაციის უდიდესი ნაწილი არალეგალურია. იმის გამო, რომ საქართველოს შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ არც ერთ სახელმწიფოსთან არ აქვს გაფორმებული ფართომასშტაბიანი ხელშეკრულება, ქართველი შრომითი მიგრანტები, ფაქტობრივად, მოკლებულნი არიან სახელმწიფოს მხრიდან ლეგალური დაცვის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსულოებს საზღვარგარეთ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. არც ერთ ქვეყანასთან, სადაც ქართველი მიგრანტების უდიდესი ნაწილია წასული, საქართველოს შრომით მიგრაციაზე ხელშეკრულებები და ქვოტები არ აქვს. ამასთანავე, იმაზე უფრო მეტი ქართველია საზღვარგარეთ დასაქმებული, ვიდრე საქართველოში კერძო სექტორში.
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი სოციალურ საკითხებში, ელზა ჯგერენაია: “შრომითი მიგრაცია საქართველოს ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური პრობლემაა, რაც, ბუნებრივია, გამოწვეული იყო ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობით. პირველი ოფიციალური სტატისტიკით, 1989-2002 წლებში აღწერათაშორის პერიოდში დაფიქსირდა 1 მლნ. ემიგრანტი. უახლესი კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის, სავარაუდოდ, 22,9% ემიგრაციაშია, აქედან თითქმის 80% კი არალეგალური შრომითი მიგრანტია. ემიგრანტთა რაოდენობა დაახლოებით 900 000-ია (მოსახლეობის 20%), აქედან 72% ფულად გზავნილებს ახორცი-ელებს. საქართველო წმინდა მიგრაციის მაჩვენებელით (ყოველ 1000 კაცზე) ერთ-ერთი ლიდერია. საქართველო, ე.წ. “გამგზავნი” (სენდინგ) ქვეყნების ჯგუფში, 1990-1995 წლებში თუ იყო მე-20 ადგილზე, 2005-2010 წლებში “დაწინაურდა” და მე-12-ე ადგილზე გადაინაცვლა (საქართველო – 249,999, სომხეთი – 75,000, აზერბაიჯანი – 50,000, მოლდოვა – 171,748). სამწუხაროდ, საქართველოს შრომის ბაზარი ნაკლებად მოქნილია და არამობილური, სადაც სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კვლავ უკიდურეს ფორმებს ინარჩუნებს. ასევე, იმ ფონზე, როცა საქართველოში უმუშევ-რობის დონე არაოფიციალური მონაცემებით, 40%-ის ფარგლებშია, ეს კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ყოველივე ეს კი განაპირობებს მოსახლეობის ემიგრაციას. სამშობლოში შიმშილს ბევრი არჩევს უცხოეთში გაჭირვებაში ყოფნას, რათა თავი გადაირჩინოს.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი არალეგალი მიგრანტების შრომითი პირობების შესახებ, ამ სტატუსის გამო საკუთარი უფლების დაცვაზე ხმამაღლა, ცხადია, ვერ ისაუბრებენ. ჩატარებული გამოკვლევები (დაბრუნებულ მიგრანტთა გამოკითხვების საფუძველზე) აჩვენებს, რომ მეტად მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, მათი უმრავლესობა მონური შრომის რეჟიმში – დღეში 17 სთ-ზე მეტს მუშაობს, არაჯანსაღი სოციალურ გარემოსა და მავნე პირობების შედეგად მიგრანტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. რაც შეეხება ლეგალურად დასაქმებულთა მდგომარეობას, გაცილებით უკეთესი პირობებში არიან, ვინაიდან მეტ-ნაკლებად დაცულია შრომის საერთაშორისო სტანდარტები”.
ექსპერტთა აზრით, მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად ეფექტური იქნება ამ საკითხზე სახელმწიფოთა შორის ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება. ჯერჯერობით, მდგომარეობა საგანგაშოა და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის შრომითი მიგრანტები ძალიან დიდი ძალაა, სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი უფრო დაცულნი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების თემა ევროპასა და ამერიკასთან და ამაზე ბევრს საუბრობენ, არსად ვახსენებთ სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების საკითხს. მაშინ, როცა ექსპერტთა შეფასებით, სამუშაო ძალის გადაადგილების პრობლემის მოგვარებით, ბევრად სწრაფად მოგვარდებოდა როგორც ქართველების დასაქმების, ისე სავალუტო ნაკადების მოზიდვის თემა.
ექპერტთა აზრით, რაც არ უნდა კარგი პირობებით მოვაწეროთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი, მომავალი რამდენიმე წელი გამორიცხულია, რომ სავაჭრო რეჟიმის გამარტივების შედეგად ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბოს მიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულადი ნაკადების მოცულობას. ამიტომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი და საჭირო დარგია სახელმწიფოებრივი და სოციალური კუთხით, ვიდრე ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმების გაფორმება.
ჯერჯერობით კი, ამ კუთხით კვლავაც ჩვენდამი მტრულად განწყობილ რუსეთზე ვართ დამოკიდებულნი. როცა საქმე პროდუქციას ეხება, საქართველო ყველა მიმართულებით ცდილობს ექსპორტის გეოგრაფიის შეცვლას, მაგრამ ამ მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბევრი არაფერი გაკეთებულა. მეზობელმა თურქეთმა ახლახან გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა, რაც ათიათასობით ქართველ მიგრანტს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის თურქეთში. საქართველოს ხელისუფლებამ ამას ვერაფერი დაუპირისპირა.
მარწუხებს “მეგობრებიც” გვიჭერენ
თურქეთში არალეგალურად დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნა თურქეთის მთავრობის ახალმა ინიციატივამ. 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ცვლილებები თურქეთში ყოფნისა და მოგზაურობის წესებში, რომელთა მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ სამ თვეზე მეტხანს ვერ დარჩება. 90 დღის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია დატოვოს თურქეთი და უკან მხოლოდ 90 დღის შემდეგ დაბრუნდეს. პირველ თებერვლამდე საქართველოს მოქა-ლაქეებს თურქეთში, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით შეეძლოთ დარჩენა: სამი თვის გასვლის შემდეგ, ისინი ფორმალურად კვეთდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს და მეორე დღესვე უკან, თურქეთში ბრუნდებოდნენ. 2012 წლის პირველი თებერვლიდან კი, პირი, რომელიც სამი თვის გასვლის შემდეგ თურქეთის ტერიტორიას სულ ცოტა სამი თვით არ დატოვებს, დეპორტაციას დაექვემდებარება. ბათუმში თურქეთის კონსულის ენგინ არიქანის თქმით, სამ თვეზე მეტი ხნით თურქეთში გაჩერების უფლება ექნებათ მხოლოდ მათ, ვინც სამუშაო ვიზას ან ბინადრობის უფლებას მიიღებს.
ჯერჯერობით, თურქული მხარე შეღავათებს ისეთ “პროფესიებზე” სთავაზობს ქართველ მუშახელს, როგორებიც, ძიძა და მომვლელია. “ჩვენ არ გვყავს საკმარისი კადრები, რომლებიც მომვლელებად, ძიძებად და აღმზრდელებად დასაქმდებიან. ამ სამუშაოს, ძირითადად, უცხოელები ასრულებენ. უმჯობესი იქნება, თუკი ისინი არ დაელოდებიან 90-დღიანი ვადის გასვლას და დასაქმებასთან დაკავშირებულ სპეციალურ ანკეტებსა და დოკუმენტებს თებერვალშივე შეავსებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ მათგანს თურქეთის დატოვება მოუწევს”, – ამბობს თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, ფარუქ ჩელიქი.
როგორც თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, უვიზო მიმოსვლამ ქვეყანაში არალეგალთა დიდი რაოდენობა მოიტანა. რომელთაც არ აქვთ შრომითი ხელშეკრულება, არ აქვთ დაზღვევა და ხშირად ირღვევა მათი უფლებებიც. როგორც თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, “ყველაფერი რომ დალაგდება, ცხადი გახდება, რომ ეს ცვლილება უფრო დადებითი შედეგის მომტანი იქნება”.
ეკონომისტების განცხადებით, თურქეთში მიღებული ახალი კანონი პრობლემებს შეუქმნის ქართველ შრომით მიგრანტებს. მათი შეფასებით, თუ გამონაკლისი არ დაიშვა, ასიათასობით ქართველი დაკარგავს შემოსავალს და უმუშევრობის პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად დადგება. 2012 წლის იანვარში თურქეთიდან 1,7 მილიონი დოლარის მოცულობის გზავნილი შემოვიდა. თურქეთი იმ 8 ქვეყანას შორისაა, რომლებზეც გზავნილების 90% მოდის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ცვლილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თურქეთის კანონი საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრუ-ლებას ორმხრივ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ შეესაბამება. ჯალაღანიას განცხადებით, ამჟამად თურქულ მხარესთნ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
რატომ არ გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულებები შრომითი ძალის თავისუფალი გადაადგილების შესახებ? რა მდგომარეობაა იმ ქვეყნებთან, სადაც ძირითადად მიდიან ქართველები სამუშაოდ (ევროპის ქვეყნები, რუსეთი, აშშ)? ელზა ჯგერენაია: “ჩემთვის ცნობილია მხოლოდ აზერბაიჯანთან ოფიციალურად გაფორმებული საერთაშორსო ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას. აღნიშნულ საკითხებზე აქტიურობით გამოირჩევა თანამშრომლობა საფრანგეთთან, თუმცა, ჯერჯერობით, ხელშეკრულების პროექტი ხელმოუწერელია. ბულგარეთთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. შრომის მიგრანტების უფლებების დაცვის განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები. ამ თვის დასაწყისში საფრანგეთის პროფკავშირებსა და საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გააფორმდა”.
თანამშრომლობის შესახებ აღნიშნული ხელშეკრულება გულისხმობს საფრანგეთის პროფკავშირების მიერ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერას დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის საკითხებში, ასევე – გამოცდილების გაზიარებას, დახმარებას სწავლების, შრომის ბაზრის კვლევისა და სხვა სფეროებში. მხარეები ასევე შეთანხმენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ მიგრანტი მშრომელების უფლებების ეფექტურად დაცვის მიმართულებითაც. საფრანგეთის პროფკავშირები დახმარებას გაუწევს საქართველოდან წასულ მოუწესრიგებელი დოკუმენტების მქონე მშრომელ მიგრანტებს, რომელთა ფაქტობრივი მდგომარეობა მათი ლეგალიზების საშუალებას იძლევა. ხელშეკრულების გაფორმება ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირის სოციალურ და შრომით სტანდარტებთან საქართველოს დაახლოებას, ქვეყანაში სოციალური დიალოგის გააქტიურებას, რაც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.
“მიგრანტთა უფლებების დაცვა მოითხოვს სოციალური პარტნიორების მხრიდან აქტიურ თანამშრომლობას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციების მიერ საერთო პოლიტიკის შემუშავებასა და კოორდინირებულ მუშაობას. კოლექტიური მოლაპარაკების უფლების დაცვა მნიშვნელოვანია მიგრაციის რეგულაციისა და პრევენციისათვის, რათა შრომის დაბალმა სტანდარტმა არ აიძულოს ადგილობრივი მუშახელი, რომ წავიდეს უცხოეთში სამუშაოდ და ასევე დაცული იყოს საქართველოში შრომით მიგრანტთა უფლება. შრომითი მიგრაცია საქართველოში რიგ შემთხვევებში წახალისებულია უცხოელი ინვესტორების მიერ, ქვეყანაში იაფი მუშახელის მოზიდვისა და მათთვის დაბალი სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მოტივაციით. სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დიალოგის ხელშეწყობა აამაღლებს ქვეყანაში შრომით სტანდ-არტს და უფრო მოტივირებულს გახდის დამსაქმებელს, რომ შეინარჩუნოს ადგილობრივი კვალიფიციური დასაქმებული”, – დასძენს ექსპერტი ელზა ჯგერენაია.
შრომითი ძალის თავისუფალი გადაადგილების საკითხის მოგვარება, პოლიტიკურად ადვილად გადასაწყვეტი თემაა და ბევრი ინვესტიციის ჩადება არ სჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმის ამოქმედების საკითხზე. ექსპერტთა შეფასებით, საექსპორტო წარმოების მოცულობის გაზრდა ბევრად უფრო შორეული პერსპექტივაა, ვიდრე მიგრანტების საკითხის გადაწ-ყვეტა. ამასთანავე, უცხოეთში ლეგალურად მყოფი ქართველების დასაქმების სფეროებიც რადიკალურად შეიცვლება. ყველა ძიძა და მომვლელი არ იქნება.
ამ მხრივ დიდი პოტენციალია, იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ზრდის ტემპების შესანარჩუნებლად შრომითი მიგრანტები ჰაერივით სჭირ-დებათ. იგივე რუსეთის მაგალითი ავიღოთ. ყველასთვის კარგად არის ცნობილი რუსების ჰომოფობიური დამოკიდებულება ქართველების და საერთოდ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად რუსეთის ეკონომიკა 3-6%-ით იზრდება და ეკონო-მიკის ამ ზრდის დასაკმაყოფილებლად რუსეთს სჭირდება დაახლოებით 5-15 მილიარდი მიგრანტი. რუსეთი რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ოდნავ გაუსწორდეს ევროპის დონეს, მას სჭირდება წლიურად 80 მილიარდის უცხოური ინვესტიცია და 3-4 მილიონი სამუშაო მიგრანტი. მიუხედავად ამისა, მიგრანტები რუსეთში უდიდეს დისკრიმინაციას და შევიწროვებას განიცდიან.
განვითარებულ და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს მიგრანტები სჭირდება ორი მთავარი მიზეზის გამო: ისინი არიან უფრო დაბალანაზღაურებადი, ვიდრე ადგილობრივი მუშახელი და სოციალურად უფრო იაფი ღირან, ვიდრე ადგილობრივი კადრები. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთა-ვრობისთვის საემიგრაციო საკითხები უფრო პრიორიტეტული გახდება, ქართველებს ლეგალურად მუშაობის საშუალება მიეცემათ. ექსპერტი ელზა ჯგერენაია: “საქართველოს კურსი ევროინტეგრაციისაკენ მოითხოვს მთელი რიგი ვალდებულებების შესრულებას, საჭირო პირობების შექმნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ვროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური გადაადგილებისა და დასაქმების ხელშემწყობი გარემოებების ზრდა. ამდენად, ხელისუფლებისათვის შრომითი მიგრანტების საკითხების გადაჭრა პრიორიტეტულია და, შესაბამისად, არსებობს სტრატეგიული დოკუმენტი, სადაც გაწერილია ცალკეული სახელმწიფო უწყებების, მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტები 2011-2014 წწ. მათ შორის – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ, რომელიც შეიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA). ამავე დოკუმენტში აღიარებულია მიგრაციული პროცესების მიმართ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციე-ლება, როგორც ამბობენ, მომზადებულია მიგრაციის მართვის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი, რო-მლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა. სამწუხაროდ ეს გეგმა არავის უნახავს, ეს თემა ისევ დაპირების ფაზაშია. სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, მიგრანტთათვის დახმარების გაწევა მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანია მიგრაციის ერთიანი მონაცემთა ბაზის არსებობა მიგრაციულ პროცესების სწორი შეფასებისათვის და არსებული-პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის ღონსიძიების შემუშავებისთვის.
ასევე დაგეგმილია საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა, რაც გულისხმობს ბენეფიციარებისა და, ზოგადად, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო სამართლის, დანიშნულების ქვეყნებში არსებული სამართლებრივი აქტების, დასაქმების შესაძლებლობების, მიგრანტთა უფლებებისა და მოვალეობების, ასევე მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. ცენტრების ფუნქციონირება ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის პრევენციას. მიგრაციის ერთიანი მონაცემთა ბაზა საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ სრულფასოვანი პროგნოზირება და მონიტორინგი ქვეყანაში მიმდინარე როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაციულ პროცესებზე. დოკუმენტი უყურადღებოდ არ ტოვებს ეკომიგრანტთა საკითხს, მათი განსახლების ორგანიზებისა და ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
ასევე არანაკლებ საინტერესოა, აღინიშნოს 2011 წლიდან საქართველოში უკვე ამოქმედებული რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებისა და ვიზის ფასილიტაციის შესახებ, რომლის მუშაობაზე უშუალოდ აისახება შრომითი მიგრანტების მდგომარეობა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არალეგალი საქართველოს მოქალაქეების, ემიგრანტების დეპორტაციაც უნდა განხორციელდეს, რაც ათასობით უმუშევარი ადამიანის სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს. ჯერ ალბათ ხელშეკრულების ეფექტიანობაზე საუბარი ნაადრევია იქნება, ვინაიდან იმისათვის, რომ არალეგალი მიგრანტები წამოვიდნენ ნებაყოფლობით საკუთარ სურვილით დაბრუნებაზე, უნდა იყოს გარკვეული პირობები შესრულებული. ხელშეკრულება, ასევე, ითვალისწინებს მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვას, აღრიცხვას, თანამედროვე სტანდარტებით საზღვრების მართვას, ევროკავშირის მონაცემთა ბაზებში ჩვენი მონაცემთა ბაზების ინტეგრირებას, თუ ვინ დარეგისტრირდა, როგორც მიგრანტი ან ემიგრანტი და ამ ყველაფრის ერთობლივად, მაღალ დონეზე კონტროლს.
ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება იმ შემთხევევაში, თუ დაბრუნებული მიგრანტებისათვის არ იქნება დაკმაყოფილებული ყველა ის პირობა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ცხადია, უმუშევართა ახალი ტალღა კიდევ უფრო დაამძიმებს მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველოში კი სამუშაო ადგილები დღითი დღე მცირდება. უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი კი 16,9%-ია. რეადმისიის შედეგად დაბრუნებულები ამ მაჩვენებელს უფრო გაზრდის. რეადმისიის უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად, მთავრობა მომზადებული უნდა დახვდეს დაბრუნებულ მიგრანტებს. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ რეადმისიის პროცესში დახმარების სახით, უკვე მიიღო 3 მლნ. ევრო. ეს თანხა გრანტების სახით უნდა გაიცეს იმ არალეგალებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდებიან.
ს.ე. – აშშ-სა და ევროკავშირთან ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმის გაფორმების შემთხვევაში, შეიცვლება თუ არა რაიმე ქართველი მიგრანტებისთვის?
ე.ჯ. – ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმი გულისხმობს მომსახურებით ვაჭრობას, კაპიტალის ბრუნვას, გულისხმობს საბაჟო პროცედურების და კომპანიების მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების და საინვესტიციო კანონმდებლობის დაახლოებას, მომხმარებელთა უფლებების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, საერთაშორისო გარემოსდაცვითი და შრომის სტანდარტების დაცვასაც. ცნობილია, რომ 2005 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს პრეფერენციების ზოგადი სისტემით (GშP+) სარგებლობის უფლება მიანიჭა, რაც გულისხმობს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის საბაჟო გა-დასახადებისგან გათავისუფლებას და ტარიფების ცალმხრივად შემცირებას ითვალისწინებს. 2009-2011 წლებში GSP+ სპეციალური რეჟიმით დადგენილი დამატებითი შეღავათები 16 ქვეყანაზე გავრცელდა. ამ რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა, პირველ რიგში, უნდა აკმაყოფილებდეს “მოწყვლადობის” კრიტერიუმს, სიდიდის და ექსპორტის დივერსიფიცირების მწირი შესაძლებლობის გამო. ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის 20-25% ხორციელდება; თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ერთი, მეტად უმნიშ-ვნელოვანესი ფაქტი, რაც დაკავშირებულია იმ შენიშვნებთან, რომელიც მიიღო მთავრობამ თა-ვისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ევროპა წინააღმდეგია კაბალური შრომის შედეგად მიღებული პროდუქტისა, რაც ცალსახად მიანიშნებს ქვეყანაში ახალი შრომის კოდექსის კორექტირებისაკენ. და თუ არ იქნა მიღწეული შედეგი, ევროპა შეღავათებით სარგებლობის უფლებას აღარ მისცემს საქართველოს. ანუ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ სოციალური უფლებების დაცვა ყველაზე აქტუალური საკითხია. ქვეყანაში ადამიანის შეშვება ან არშეშვება თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, მაგრამ ქვეყანაში მცხოვრები ყოველი ადამიანის, მათ შორის, მიგრანტის უფლებების დაცვა, მხოლოდ ქვეყნის სუვერენულ უფლებებს სცდება და თითოეულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის შრომის უფლებების დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად”.
მსოფლიოში მიგრაციის პროცესის გააქტიურებამ გაზარდა სოციალური დიალოგის მნიშვნელობა, რადგან ქვეყნის შიგნით შრომით ურთიერთობებს დაემატა მიგრაციის საკითხები. დღეისათვის მიგრაცია მოითხოვს სოციალურ დიალოგს და სათანადო პოლიტიკის შემუშავებას მიგრანტთა შრომითი უფლებების ფორმირებისა და უზრუნველყოფის მხრივ. მიგრაციის პოლიტიკა უნდა შემუშავდეს ტრიპარტიზმის ფორმატში ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე, რათა აღიკვეთოს არარეგულირებადი მიგრაცია, ტრეფიკინგი, დისკრიმინაცია, ექსპლუატაცია და სათანადოდ დაცული იქნას მიგრანტთა შრომითი უფლებები. “შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია” დაარსების დღიდან აქტიურად მუშაობს შრომით მიგრანტთა უფლებების დაცვის კუთხით და უშუალოდ ამ მიმართულებით მიღებული აქვს ორი მნიშვნელოვანი კონვენცია: “მიგრაცია დასაქმებისათვის” და “შრომითი მიგრანტები”.