კრიზისი, ბიუჯეტი და კრეატიული მთავრობები
ლევან ასათიანი
ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მთავრობებს უზარმაზარ ფინანსურ პრობლემებს უქმნის და აიძულებს მათ ბიუჯეტის შევსების ახალ მეთოდებზე იზრუნონ. შემოსავლების ზრდის საუკეთესო გზა კი გადასახადებია. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კრიზისების დროს, ქვეყნების მმართველები უფრო “კრეატიულები” ხდებიან და ერთმანეთზე უცნაურ ახალ-ახალ გადასახადებს აწესებენ. მსოფლიო ტენდენციებს არც საქართველო ჩამორჩა და, შეიძლება ითქვას, რომ გაუსწრო კიდეც, 2011-2012 წლებში შემოღებული ახალი გადასახადების საშუალებით.
2012 წელი საქართველოს მთავრობამ ახალი გადასახადების შემოღებით დაიწყო. ჯერ იყო და აბონენტებს თბილისში წყლის გადასახადი სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით მოსთხოვეს, რომელიც ხშირად არ ემთხვევა ბინებში რეალურად მცხოვრებთა სიებს, თებერვლიდან კი ახალი სამსახურის – “112”-ის მომსახურების საფასური ერიცხებათ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ “112” მაისის ბოლოდან ამოქმედდება, გადასახადი აკრეფა კი უკვე დიდი ხანია დაიწყო. სახანძრო-სამშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 0,20 ლარი, იურიდიულ პირებს კი – 0,50 ლარი ჩამოეჭრებათ.
სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის თანხა ანგარიშიდან ყველა აბონენტს ჩამოეჭრება, განურჩევლად იმისა, ისარგებლა თუ არა მან “112”-ის გამოძახებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “112”-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესი” მთავრობამ გასული წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ვარაუდით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული სერვისების ამოქმედების შემდეგ წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ლარის მიღებას ელის. ზოგიერთი კი უფრო შორსაც მიდის და ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსათვის ხელისუფლება ამ გადასახადიდან დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ბეგარით ოჯახი კი არ იბეგრება, არამედ სატელეფონო ნომრების მფლობელები. ის ვისაც, სიტყვაზე, ორბარათიანი მობილური აქვს და ერთი ტელეფონის მფლობელია “112”-ის გადასახადს ორჯერ გადაიხდის. გარდა ამისა, ოჯახში შეიძლება რამდენიმე ნომერი არსებობდეს. დადგენილებაში მითითებულია, რომ პორტირების შემთხვევაში, მეორე ნომერზე გადასვლისას აბონენტი აღნიშნულ გადასახადს ისევ გადაიხდის, თუნდაც ძველი ნომრიდან ეს გადასახადი წინა დღის ჩამოჭრილი იყოს.
ეს ყველაფერი არ არის. “112”-ის გადასახადამდე თბილისის საკრებულომ 24 ივნისს მერიის ინიციატივა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც დასუფთავების ყოველთვიური გადასახადი 1 ივლისიდან ელექტროენერგიის გადასახადს მიება. ახალი სისტემის თანახმად, თითოეულ ოჯახს ელექტროენერგიის თითოეულ მოხმარებულ კილოვატზე 5 თეთრის გადახდა უწევს დასუფთავების გადასახადის სახით ყოველთვიურად. მანამდე, დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2.5 ლარს შეადგენს. 2011 წლის იანვრამდე ეს გადასახადი 1.2 ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის თებერვლიდან ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც ოჯახს დენის, წყლის და დასუფთავების გადასახადის გადახდა ერთიანი ინტეგრირებული ქვითრებით უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ვერ გადაიხდის წყლის ან დასუფთავების ტარიფს, მას დენის მიწოდება შეუწყდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი სისტემა “სოცია-ლურად სამართლიანია”, რადგანაც, ძირითადად, მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახები მოიხმარენ მეტ ელექტროენერგიას. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი ოჯახების უმეტესობა ნაკლებადაა დამოკიდებული ელექტროენერგიაზე, ვიდრე მცირე შემოსავლიანი ოჯახები, რადგანაც ისინი სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემებს აყენებენ, რომელიც გაზზე მუშაობს.
მართალია, დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ გადასახადი ყველა ოჯახს გაეზარდა, მაგრამ თბილისის მერია ამ ინიციატივით სარგებელს მაინც იღებს, ვინაიდან, ქალაქის დასუფთავების შედეგად მიღებული შემოსავალი დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. “თელასის” ინფორმაციით, თბილისის მაცხოვრებლები ყოველწლიურად დაახლოებით 800-850 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დამტკიცების შემდეგ, თბილისის მერია დასუფთავების მომსახურებიდან ყოველწლიურად 40-42.5 მილიონ ლარს მიიღებს.
როგორც საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები 2011 წლის ზაფხულში, გადასახადის შემოღებისას აცხადებდნენ, თუ აქამდე 3-სულიანი ოჯახი სულზე ორლარნახევარს იხდიდა, დასუფთავება თითქმის 8 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც იგივე ოჯახი 100 კილოვატამდე დახარჯულ ელექტროენერგიაზე დასუფთავების გადასახადს გაცილებით ნაკლებს გადაიხდის. იმ შემთხვევაში თუ 200 კილოვატი ენერგია მოიხმარა იგივე ოჯახმა, დასუფთავებაზე დარიცხული გადასახადი თითქმის ერთი ერთში ჯდება სულადობრივ გადასახადის ტარიფთან. შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ვინც მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს, მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამასთან, უმრავლესობის წევრის განმარტებით, ცვლილებამ ელე-ქტროენერგიის დაზოგვის შესაძლებლობაც მისცათ და, რაც მთავარია, დედაქალაქს დასუფთავების პრობლემა მოეხსნება. ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებენ გადასახადის გადამხდელები.
NDI-ის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევების გამოქვეყნების შემდეგ, ელექტროენერგიის ტარიფზე დასუფთავების გადასახადის მიბმა კვლავ აქტუალური თემა გახდა. გამოკითხული მოსახლეობის 72%-ის მიერ მთავარ ადგილობრივ პრობლემად დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გა-დასახადზე მიბმის დასახელების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ბალავაძემ უკვე განაცხადა, რომ ქალაქის მთავრობა არსებულ ფორმულაში კოეფიციენტების შეცვლაზე აქტიურად მუშაობს. “ამ გადასახადით მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის დასუფთავების გადასახადი შემცირდა, მაგრამ ზოგისთვის გაიზარდა, ამიტომ მერიაში აქტიურად მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება არსებულ ფორმულაში კოეფიციენტების შეცვლა. მაგ. 1 კვტ/საათ მოხმარებულ დენზე არა 5 თეთრის, არამედ სხვა ოდენობის ნაგვის გადასახადის დაწესება, ან სეზონურობის გათვა-ლისწინება” – აცხადებს ვახტანგ ბალავაძე.
თავის დროზე (2010 წელს) დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში კიდევ ერთმა გადასახადმა. ავტომფლობელებს ცენტრალურმა ხელისუფლებამაც და მერიმაც ერთდროულად შეუტია – თუ კანონმდებლები მძღოლებს ღვედის გამოუყენებლობისა თუ სხვა უმნიშვნელო დარღვევის გამო საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას უწესებენ, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია – “სითი პარკი” მათ გაორმაგებულ გადასახადს ახდევინებს. ორივე შემთხვევა მძღოლებში დიდ პროტესტს იწვევს. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ასეთი ჯარიმების დაწესება ერთ მიზანს – ბიუჯეტის შევსებას ითვალისწინებს. როგორც ავტომფლობელები აცხადებენ, ამით ხელისუფლება მათ ძალიან მძიმე სიტუაციაში აყენებს.
2010 წელს გაორმაგდა გადასახადი დედაქალაქში მანქანის პარკირებისთვის. თუ მანამდე მძღოლი ამისათვის წლიურად 25 ლარს იხდიდა, 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან “მე მიყვარს თბილისის” ლოგო უკვე 50 ლარი ღირს 1 წლის ვადით, 6 თვის ვადით კი – 25.
როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, უცნაური გადასახადების შემოღება მსოფლიოს მოდური ტენდენციაა. მაგალითად, რუსეთში ახალი დისკუსიაა დაწყებული “ფუფუნების” გადასახადის საფრანგეთში კი ონ-ლაინ კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებით.
რუსეთში მდიდრებს ავიწროვებენ
ფუფუნების გადასახადი რუსეთში, რომლის შემოღებაც რუსეთის ხელისუფლებაში რამდენიმე წელია სურთ, ჯერ ისევ განხივლისა და კანონპროექტის მდგომარეობაშია, მაგრამ სავარაუდოა, რომ მომავალი წლიდან მდგომარეობა შეიცვლება. ჯერჯერობით, რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა უწყებები დეტალებზე ვერ თანხმდებიან, აზრთა სხავასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, ახალი გადასახადის შემოღებაა საჭირო თუ ძველის რეფორმირება? მაგალითად, სატრანსპორტო გადასახადების გაუმჯოებესება ასვე გადასახადების ზრდა უძავ ქონებაზე.
პირველად მდიდრებისათვის დამატებითი გადასახადების დაწესების ინიციატივით რუსეთში გამოვიდა პარტია “სამართლიანი რუსეთი” 2007 წელს. კანონპროეტის განმარტებით ბარათში მითითებული იყო დასაბეგრი ნივთებისა და მათი ღირებულების ნუსხაც. ახალ გადასახადს უნდა დაქვემდებარებოდა 15 მილიონ რუბლს ზემოთ ღირებულების ბინები, ვილები და მიწის ნაკვეთები, 2 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების იახტები, მანქანები და თვითმფრინავები, ასევე 300 ათას რუბლზე მეტი ღირებულების სამკაულები, ძვირფასი ლითონები და ხელოვნების ნიმუშები. საგადასახადო განაკვეთი კი ნივთის საბაზრო ღირებულების 1-5%-ს შეადგენდა.
კანონპროექტის ინიციატორები აღნიშნავდნენ, რომ შემოსავლების გადასახადების ამგვარი დიფერენციაცია უფრო სამართლიანი იქნებოდა, ვიდრე არსებული საგადასახადო სისტემა. თუმცა კანონპროექტის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ამ გადასახადს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა საბიუჯეტო შემოსავლების, წმინდა ფინანსური თვალსაზრისით.
კანონპროექტის განხილვა დუმაში მხოლოდ 2010 წლის გაზაფხულზე დაიწყეს. თუმცა პირველადი მოსმენების შემდეგ, რუსეთის მმართველმა პარტიამ, “ერთიანმა რუსეთმა” კანონი არ მიიღო. კონკრეტული შენიშვნები მმართველი პარტიის მხრიდან არ ყოფილა გამოთქმული. მისმა წარმომადგენლებმა ზოგადად აღნიშნეს, რომ ფუფუნების გადასახადი “პოლიტიკური დეკლარაცია” იყო და მეტი არაფერი.
დუმის საბიუჯეტო და საგადასახადო კომიტეტში კი აღნიშნეს, რომ კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს იმის გამო, რომ ფუფუნების გადასახადი გულისხმობს იმ ქონების დაბეგვრას, რომელიც უკვე ექვემდებარება გადასახადებს. საუბარია, პირადი და უძრავი ქონების გადასახადების შესახებ. გარდა ამისა, მათი შეფასებით, კანონპროექტში არ იყო ზუსტად გაწერილი გადასახადების გაანგარიშების ზუსტი პროცედურები ისეთ საგნებზე, როგორიცაა ძვირფასი მეტალები და ქვები და ხელოვნების საგნები. კიდევ ერთი კონტრ-არგუმენტი ფუფუნების გადასახადის და-წესებისა იყო ის, რომ ამ გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით ბევრი მომხმარებელი შავ ბაზარზე დაიწყებს ამ ნივთების შეძენას, რასაც არასასურველი შედეგები მოჰყვებოდა.
2010 წლის ივლისში, თითქმის მაშინვე, როგორც კი ზემოაღნიშნული კანონპროექტი უარყო დუმამ, ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა ახალი ინიციატივა ფუფუნების საგნებზე აქციზის დაწესების შესახებ. თუმცა სამინისტროს მკაფიოდ არ განუსაზღვრავს, თუ რა საგნებზე შეიძლება ამ გადასახადის დაწესება და როგორც ჟურნალისტები მაშინ ხუმრობით აღნიშნავდნენ, კანონპროექტი იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ ფუფუნების საგნებში თამამად შეიძლება მოგეაზრებინა, როგორც ძვირფასი საიუველირო ნაწარმი, ასევე შოკოლადი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოსახლეობის თითქმის 70% მხარს უჭერს გადასახადის შემოღებას ფუფუნების საგნებზე. ამაზე მეტყველებს 2012 წლის თებერვალ-მარტში ჩატარებული გამოკითხვა. თუმცა გამოკითხულთა 61% იმასაც აცხადებს, რომ ეს არ იქნება ეფექტური კანონი, რადგან მდიდრები ყოველთვის მოახერხებენ თავი დააღწიონ გადასახადებს. გარდა ამისა, ექსპერტების შეფასებით, კანონის პრაქტიკაში დანერგვას ისიც შეუშლის ხელს, რომ რუსეთის რეგიონებს შორის ეკონომიკური განვითარების დონე რადიკალურად განსხვავებულია.
ფინანსთა სამინისტროში კი, იმავე 2010 წლის ივლისში განაცხადეს, რომ არ გეგმავდნენ არავითარი ფუფუნების გადასახადის შემოღებას 2013 წლამდე. ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ეკონომიკის სამინისტროს წინადადება, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამ გადასახადის შემოღება ბიუჯეტის შემოსავლებს დიდად ვერ გაზრდის, პირიქით ამ გადასახადების ადმინისტრირებაზე სახელმწიფოს გაცილებით მეტი დაეხარჯება.
ფუფუნების გადასახადის შესახებ დისკუსიების ახალი ტალღას სათავე საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დაუდო. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში პუტინმა განაცხადა, რომ ფუფუნების გადასახადის შემოღება “პოლიტიკურად გადაწყვეტილი” საკითხია. როგორც რუსეთის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა (ახლა კი პრეზიდენტმა) განმარტა, ამ გადასახადს დაექვემდებარებიან კერძო პირები და არა ორგანიზაციები. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფუფუნების გადასახადი არა მხოლოდ კერძი პირებს, არამედ კომპანიებსა უნდა ეხებოდეს.
პუტინის განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ ამ გადასახადის შემოღების შემთხვევაში, მას დაექვემდებარებიან ძვირადღირებული, დიდძრავიანი მანქანები და უძრავი ქონება, 1000 კვადრატულ მეტრ ფართზე ზემოთ. მინისტრმა იქვე დასძინა, რომ გადასახადის მოცულობა ჯერ განსაზღვრული არ არის და რომ ამაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. განიხილება შემდეგი ტარიფები: 30-50 მილიონი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებაზე 0,3%, 50-100 მილიონი ღირებულების – 0.6%, 100-150 მილიონის შემთხვევაში 1%, და 5%-იანი განაკვეთი 150 მილიონი რუბლის ღირებულების ზემოთ საფასო სეგმენტისთვის. 3 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების ავტომობილებზე, იახტებსა და თვითმფრინავებზე – 1-7%. ტერმინი “ფუფუნება” გულისხმობს 30 მილიონ რუბლის ღირებულების ბინას, 50 მილიონზე მეტი ღირებულების კერძო სახლს და 3 მილიონზე მეტი ღირებულების ავტომობილს. ამ გადასახადს შეიძლება დაექვემდებარონ ასევე ისინიც, ვისი ბინაც 150 კვადრატულ მეტრზე მეტია, კერძო სახლის შემთხვევაში 500 მეტრ კვადრატი.
მაგრამ, ფედერალური სადაგადასახდო სამსახურმა არ დაუჭირა მხარი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივას ფუფუნების გადასახადის განსაზღვრის მეთოდების შესახებ, რომელიც უძრავი ქონების ფართსა და ავტომობილების ზომას ეფუძნებოდა. საგადასახადო სამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ახალი გადასახადის შემოღების ნაცვლად, უმჯობესი იქნება უძრავი ქონებისა და ტრანსპორტის გადასახადების რეფორმირება. გადასახადის ოდენობა კი შეიძლება დაკონკრეტდეს ფართებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით. თუმცა საგადასახადო სამსახურს ჯერ კონკრეტული კრიტერიუმები განსაზღვრული არ აქვს.
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს ამ საკითხზე შეთანხმებისათვის ბევრი დრო აქვთ. მართალია, დიმიტრი მედვედევმა 2011 წელს განაცხადა, რომ “ფუფუნების გადასახადი” ძალაში 2012 წლიდან შევიდოდა, მაგრამ ახლა ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებები 2013 წელს ამოქმედდება, ისიც მხოლოდ 10 საპილოტე რეგიონში. თუმა, როგორც პუტინმა უკვე განაცხადა, ფუფუნების გადასახადის შემოღება პოლიტიკურად უკვე გადაწყვეტილი საკითხია, ახლა მხოლოდ დეტალებია შესათანხმებელი და ადმინი-სტრაციული პროცესები გასატარებელი.
გადასახადი GOOGLE-ზე?!
თუ რუსეთში მდიდარი მოქალაქეების დაბეგვრაზე ფიქრობენ, საფრანგეთში მულტინაციონალური კომპანიებისთვის სურთ ახალი გადასახადების დაწესება. ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ინტერნეტ-გიგანტებმა უნდა გადაიხადონ გადასახადები საფრანგეთის ბიუჯეტში ონ-ლაინ რეკლამის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ მისი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, მაქსიმალურად ეცდება დაუწესოს გადასახადები ინტერნეტ კომპანიებს, არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროკავშირში. “მიუღებელია, რომ კომპანიები, რომლებიც მილიარდობით შემოსავალს იღებენ საფრანგეთში, არაფერს იხდიან ბიუჯეტში ამ შემოსავლებიდან” – ამბობს სარკოზი.
მანამდე სარკოზიმ დაავალა სპეციალისტებს, შეესწავლათ ე.წ. “Google-ზე გადასახადის” დაწესების შესაძლებლობა. Gოოგლე-ს წარმომადგენლებმა კი ამის საპასუხოდ განაცხადეს, რომ ისინი ქმნიან ათასობით სამუშაო ადგილს, მსაგავსი ინიციატივები კი შეამცირებს როგორც დასაქმების რაოდენობას, ასევე დაამუხრუჭებს ინოვაციური განვითარების პროცესებს. 2011 წლის ივნისში კანონპროექტი უარ-ყვეს საფრანგეთის პარლამენტში. მათი განმარტებით უცხოური კომპანიებისათვის გადასახადების და-წესებამ, შეიძლება ანალოგიური პროცესები გამოიწვიოს ფრანგული ონლაინ კომპანიების მიმართ, რომლებიც უცხო ქვეყანაში ოპერირებენ.
თუ საფრანგეთში ონ-ლაინ კომპანიებს ერჩიან, გერმანიაში პროსტიტუტციის დაბეგვრა გადაწყვიტეს. პროსტიტუცია გერმანიაში ლეგალიზებულია და ბორდელის მეპატრონეები ჩვეულებრივ იხდიან გადასახადს ბიუჯეტში, მაგრამ გერმანიის მთავრობამ იმ “მოვაჭრეთა” დაბეგვრაც გადაწყვიტა, რომლებიც ქუჩაში დგანან. ამისათვის საინტერესო ხერხსაც მიაგნეს: ქალაქ ბონში გასული წლის შემოდგომიდან გამოჩნდა ავტომატიზირებული ყუთები, რომლის საშუალებითაც მეძავები იღებენ ჩეკს ერთი ღამით “ადგილის დასაკავებლად”. ქალაქის ხელმძღვანელობა ამ გზით ბიუჯეტში ყოველწლიურად დამატებით 285 ათასი ევროს შესვლას გეგმავს. გადასახადის მოცულობა 1 კვადრატული მეტრი ფართისთვის ერთი ღამით არის 9 აშშ დოლარი (პროსტიტუცია ლეგალიზებულია გერმანიაში საღამოს 8:15 საათიდან დილის 6 საათამდე).
ახალი საგადასახადო კანონის დარღვევის შემთხვევაში, ბონელი მეძავები პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებენ, მეორე და შემდგომი კანონდარღვევა კი ისჯება ფინანსურად (125 დოლარის მოცულობით), უკიდურეს შემთხვევაში, მეძავს შეიძლება აეკრძალოს პროსტიტუცია.