ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა
ამბროსი გრიშიკაშვილი
თანამედროვე მსოფლიოს როგორც აკადემიურ, ისე პოლიტიკურ წრებში დიდი კამათია იმის თაობაზე, თუ რომელია უფრო სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელი უფრო აჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას – ის, რომელიც ინფლაციის დაბალ დონეს გულისხმობს, ეროვნული ვალუტის მყარ კურსს ითვალისწინებს, თუ პირიქით, ის, რომელიც ინფლაციის მაღალ დონეს, დევალვაციურ მომენტებს ეფუძნება.
ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა, რობერტ ბარომ 1960-1990წლებში მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში განხორციელებული დაკვირვებების შედეგად შემდეგი დასკვნები გააკეთა: იქ, სადაც საშუალოწლიური ინფლაცია იყო 10 პროცენტულ პუნქტზე მაღალი, ადგილი ჰქონდა მშპ-ს დაცემას ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 0.2-0.3 პროცენტით. პარალელურად მცირდებოდა ინვესტიციების მოცულობებიც – მშპ-ს მიმართ 0.4-0.6 პროცენტით წელიწადში.
ამ სახის დამოკიდებულება ინფლაციის დონესა და ეკონომიკურ ზრდას შორის დასტურდება აგრეთვე სხვა აღიარებული ეკონომისტების – სტენლი ფიშერის, დე გრეგორიოს, გილფანსონის, დე ლონგის, სამერსის და სხვათა გამოკვლევებით.
ინფლაციის უარყოფითი დამოკიდებულება ეკონომიკურ ზრდაზე მრავალი ფაქტორით გამოიხატება. მათგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი:
ინფლაციის დროს ერთი სახის საქონლზე ფასები გაცილებით მაღალი ტემპებით იზრდება, ვიდრე მეორე სახის საქონელზე. ამგვარი მდგომარეობა ხდება იმის მიზეზი, რომ ფასები კარგავენ თავიანთ საინფორმაციო ფუნქციას, დაეხმარონ მომხმარებელს საქონლის შერჩევაში. ინფლაციის პირობებში ამგვარი ინფორმაციის მოპოვება ძვირადღირებული ხდება, ხოლო შეცდომის დაშვების რისკი – მაღალი. ყოველივე ამის შედეგად ინვესტიციები ყოველთვის როდი აღწევენ ეროვნული მეურნეობის იმ დარგებამდე, რომლებშიც ფინანსური სახსრების დაბანდების ეფექტი მაღალი იქნებოდა. გამოდის, რომ ინფლაციის დროს ადგილი აქვს ასევე ფინანსური რესურსების არარაციონალურ ხარჯვას.
ინფლაციის უარყოფითი ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე გრძელვადიან პერიოდში მით უფრო საგრძნობი ხდება, რაც უფრო მაღალია ინფლაციის დონე. მაღალი ინფლაციისათვის დამახასიათებელია ინტენსიური რყევები, რის გამოც ძალზე ძნელი ხდება სამომავლოდ მისი დონის განჭვრეტა. ამას კი შედეგად მოჰყვება არა მხოლოდ ინვესტიციების ეფექტურობის დაცემა, არამედ მათი მოცულობების შემცირებაც.სწორედ ამის გამო ხდება, რომ მრავალი სამეურნეო სუბიექტი თავს იკავებს ინვესტირებისაგან მანამ, ვიდრე მდგომარეობა ინფლაციის სფეროში არ დარეგულირდება. ფასების არასტაბილურობიდან გამომდინარე, ინვესტიციების მოცულობების შემცირება
არის მით უფრო ღრმა, რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს კაპიტალს გადაადგილებისათვის, რაც უფრო ლიბერალიზებულია კაპიტალის ბაზარი. კაპიტალის მიმოქცევის გზაზე ბარიერების შემცირება, მით უფრო მათი ლიკვიდაცია, საწარმოებს საშუალებას აძლევს კაპიტალი გადაიტანონ მაკროეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო ნაკლებ რისკიან ადგილას.
მაღალი ინფლაცია იწვევს ასევე საგადასახადო სიმძიმის მატებას. ასეთ ვითარებაში გადასახადების გადამხდელები იხდიან გაცილებით მეტ სახსრებს, ვიდრე უწინ. თუმცა, საგადასახადო ტარიფები კვლავაც უწინდელ დონეზე რჩება. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, მარტინ ფელდშტეინის დაკვირვებებიდან ცხადი ხდება, რომ ინფლაცია უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის განვითარების დინამიკაზე. ამას ისეთი დიდი ხარჯები მოსდევს, რომ უკეთესია ინფლაციის შემცირება, თუნდაც რომ იგი დაბალ, წელიწადში 2 პროცენტის დონეზე იყოს. კერძოდ, ამ გამოკვლევებიდან ჩანს, რომ ფასების სტაბილურობიდან მიღებული სარგებლობა სწრაფად აკეთებს იმ დანახარჯების კომპენსირებას, რომლებიც გამომდინარეობს მოკლევადიან პერიოდში მშპ-ს განვითარების ტემპების დაცემიდან. უნდა გავიხსენოთ, რომ ინფლაციის შემცირებაზე დანახარჯების გაწევას აქვს ერთჯერადი ხასიათი, ხოლო ფასების სტაბილურობიდან მიღებულ სარგებლობას კი მუდმივი, ანუ სისტემატური ხასიათი.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ჯერ კარგად ვერ გაუზრებიათ ის დადებითი შედეგები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს დაბალ ინფლაციას ეკონომიკის განვითარებისათვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მრავალ ქვეყანაში შეუძლებელი შეიქმნა ინფლაციის დაბალ დონეზე დარეგულირება, განსაკუთრებით მოკლე პერიოდის მანძილზე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მაჩვენებლის დადგენაში მრავალი ელემენტი მონაწილეობს. ცენტრალურ ბანკს და საერთოდ, ქვეყნის მონეტარულ ხელისუფლებას ყველაფერი როდი ხელეწიფება.
ინფლაცია ჩვენს რეალობაში
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო რამდენიმე წელიწადია ცდილობს, ინფლაცია მინიმალურ დონეზე შეინარჩუნოს. კერძოდ, თუ 1997 წელს 100-ად მივიჩნევთ, @2002 წლის მარტისათვის ინფლაციის მაჩვენებელიშეადგენდა 137.5%-ს, ანუ მთელ ამ პერიოდში 37.5%-ს, ხოლო წელიწადში საშუალოდ 7.5%-ს, რაც საკმაოდ დაბალ მაჩვენებელად უნდა ჩაითვალოს.
გასულ წელს ქვეყანაში გათვალისწინებული იყო 3.4%-იანი ინფლაცია. ფაქტიურად დაფიქსირდა გაცილებით ნაკლები, კერძოდ 2.6%-იანი დონე. შედარებით მაღალი იყო ინფლაცია გასული წლის მარტიდან მიმდინარე წლის მარტამდე – 5.7%-ი, მიმდინარე წლის განვლილ კვარტალში კი ინფლაციის დონე უდრიდა 3.6%-ს.
საერთოდ კი უნდა ითქვას შემდეგი: ზემოაღნიშნული კანონზომიერებანი, რომელთაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ადგენენ, და რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მაღალი ინფლაცია აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოში, გარკვეულწილად, დაცულია. ამის დასტურია შემდეგი ცხრილიც.
როგორც ცხრილიდან ჩანს, თუ არ ჩავთვლით 1997 წელს, სხვა წლებში მაღალი ინფლაციის გამო ეკონომიკური ზრდის ტემპები მკვეთრად დაბალია იმის გამო, რომ ამ წლებში მაღალი იყო ინფლაციის დონე. რაც შეეხება ბოლო 2001 წელს, ამ პერიოდში ინფლაცია დაბალ დონეზე დაფიქსირდა, რის შედეგადაც ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა.
აქვეა აღსანიშნავია ისიც, რომ ინფლაციის მაჩვენებელი განსხვავებულია როგორც ქვეყნის რეგიონების, ისე ცალკეული პროდუქტების მიხედვით. კერძოდ, 1997-2002 წლების მანძილზე ინფლაციის მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო გორსა (49.5%) და ქუთაისში (37.7%), დაბალი ბათუმსა (32.1%) და თელავში (36.5%).
რაც შეეხება ცალკეულ პროდუქტებს, გაცილებით ინფლაციურს საანალიზო პერიოდში წარმოადგენდნენ Aბინის ქირა, წყლის, გათბობის, ენერგიის გადასახადი (202.4%), თამბაქო (197.3%), აEხილი და ბოსტნეული (180%) და ა.შ.
აღნიშნულ პერიოდში შედარებით ნაკლები ტემპებით იზრდებოდა ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (113.4%), კვება სახლს გარეთ (115%), რძის პროდუქტები და კვერცხი (115.5%) და სხვ. როგორც ჩანს, ინფლაცია გაცილებით დაბალ დონეზე დარეგულირდა მიმდინარე წლის მარტის თვეში.