უცვლელი პრიორიტეტები და ძველი პრობლემები

მაკა ღანიაშვილი

ნოემბრის დასაწყისში მთავრობამ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა, რომლის შემოსავლებიც, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 7.93 მლრდ ლარიდან გაზრდილია 8.09 მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები 7.891 მლრდ ლარიდან 7.979 მლრდ ლარამდე იზრდება.
ორივე ეს მაჩვენებელი აღემატება 2014 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მონაცემებს – წელს შემოსავლების სახით 7.319 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.539 მლრდ ლარს შეადგენს.

მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 7.6 მლრდ ლარს გეგმავს, რაც პროექტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 140 მლნ ლარით არის გაზრდილი და 780 მლნ ლარით აღემატება 2014 წელს დაგეგმილ საგადასახადო შემოსავლებს. საგადასახადო შემოსავლების გაზრდილი ოდენობის მიღებას მთავრობა გეგმავს აქციზის გადასახადიდან, რადგან მომავალი წლიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანით აპირებს გაზარდოს აქციზის ოდენობა თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ასევე უცხოეთიდან შემოსულ სატელეფონო ზარებზე.

შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ძირითადად იმეორებს 2014 წლის ბიუჯეტის ტენდენციებს, როგორც მთლიანი მოცულობის, ისე პრიორიტეტულობის თვალსაზრისით. არც ერთი მიმართულებით მკვეთრი ცვლილება, წლევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, პრაქტიკულად დაგეგმილი არ არის. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, განსაკუთრებული აქცენტი, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების თვალსაზრისით, ბიუჯეტში არ იკვეთება, ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე კი, ბიუჯეტის დაახლოებით 10 პროცენტია გამოყოფილი.

2014 და 2015 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტები

4

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებში მაქსიმალურად დაფინანსდება ის პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ.

მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ჯანდაცვის, ისე განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებთან და 2015-2016 წლებში აუცილებლად გაიზრდება პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის, ამასთან, გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები. „2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში დეტალურად იქნება ასახული თუ რა მოცულობით მოხდება პენსიისა და მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდა“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

2015 წლის საბიუჯეტო კანონპროექტით დაგეგმილი შემოსავლები და ხარჯები

4

2015 წლის სექტემბრიდან 150-ლარიანი პენსია ყველა ასაკით პენსიონერს 10 ლარით გაეზრდება, ნაცვლად იმისა, რომ პენსიები მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პენსიონერებს გაეზარდოთ. მთავრობამ 2015 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში ასახა პენსიების მოსალოდნელი ზრდა და განაცხადა, რომ დაგეგმილი 25-ლარიანი მატება მხოლოდ იმ პენსიონერებს შეეხებოდა, რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ. ამდენად, ბიუჯეტის პროექტში ხელახლაა ის თანხები გასათვლელი, რაც პენსიის 10 ლარით ზრდას დასჭირდება. საქართველოში ასაკით პენსიონერებს ბოლოს 2013 წლის 1 სექტემბერიდან გაეზარდათ მინიმალური პენსია და ამჟამად მისი ოდენობა 150 ლარს შეადგენს. საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წელია. ამჟამად, 694 ათასზე მეტი ასაკით პენსიონერია ოფიციალურად რეგისტრირებული; ორი წლის წინ ეს ოდენობა, დაახლოებით, 682 ათასს შეადგენდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი 2015 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებების დაფინანსების ზრდის მიზეზებს განმარტავს. დავით სერგეენკოს განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდის საჭიროება ქვეყანაში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდამ და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებამ გამოიწვია. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობის რაოდენობა 8 ათასით გაიზარდა, რამაც შესაბამისად გაზარდა ბიუჯეტის ხარჯები. მინისტრი აცხადებს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი სწორედ ამ დადებითი ტენდენციების გაგრძელებას მოხმარდება. „საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა და ეს ძალიან სასიხარულოა. საბედნიეროდ, არის ტენდენცია, რომ ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია. 8 ათასით მეტი პენსიონერი ნიშნავს თვეში მილიონ 200 ათასით და წელიწადში 14,5 მილიონით მეტ გასაცემელს,“ – განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე: „2015 წლის ბიუჯეტში არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის დაგეგმილი, ბიუჯეტის სტრუქტურა არის თითქმის იგივე, რაც იყო 2014 წელს. პრიორიტეტები რჩება იგივე: ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სამედიცინი ხარჯები და უზრუნველყოფა, ამიტომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი კვლავ ამ ხარჯებზე მოდის. სიახლეა ის, რომ მომავალ წელს დაგეგმილია პენსიების ზრდა; ისიც, რომ ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია გადასახადების ზრდის შედეგად მიღებული შემოსავალის ზრდა, რადგან მომავალ წელს აქციზი იზრდება სიგარეტსა და უალკოჰოლო სასმელებზე. სხვა მხრივ, ბიუჯეტი სტრუქტურულად და პრიორიტეტების კუთხით იგივეა, რაც იყო 2014 წელს, მას პრობლემებითაც კი ჰგავს. ისევ არის პრობლემა ტენდერებში თანხების ათვისებაში და ხარჯვითი ნაწილი. ბიუჯეტის ხარჯვითი პროცესი არ მიჰყვება იმ გეგმას, რაც არის გათვლილი და ეს პრობლემაა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით“.

2015 წლის საბიუჯეტო დაგეგმვის ხარვეზებზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე: „2015 წლის ბიუჯეტი არის გაცილებით უკეთესი ბიუჯეტი ვიდრე, 2014 წლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2015 წლის ბიუჯეტი თავისთავად კარგი ბიუჯეტია. მთავრობამ დაინახა გარკვეული სირთულეები და პრობლემები 2014 წლის ბიუჯეტთან შედარებით და შეეცადა ნაწილობრივ მაინც გაეთვალისწინებინა ეს ახლის დაგეგმვისას. მაგალითად, შედარებით მოზომილი პოლიტიკა და დამოკიდებულებაა კრედიტებთან დაკავშირებით. თუ 2014 წელს ბიუჯეტში მილიარდ 600 მილიონი იყო გათვალისწინებული უცხოური კრედიტების სახით, წელს გათვალისწინებულია მილიარდ 300 მილიონი. ამ თვალსაზრისით მთავრობამ შედარებით მოზომილი პოლიტიკა არჩია. საფრთხეს, რომელსაც ვხედავ, შიდა ვალის თემას უკავშირდება, შიდა წყაროებიდან ასაღები სესხის სახით. შიდა ბაზარზე სესხის აღება რეალურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბიზნესს ვართმევთ გარკვეულ ფულს, ანუ ის ფული, რაც ბიზნესში უნდა დაბანდდეს, მიდის სახელმწიფო დეფიციტის დასაფარად. ეს არის ძალიან მცდარი ტენდენცია და, ვფიქრობ, შემდგომ წლებში ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად და პრიორიტეტად ხელისუფლებამ უნდა დაისახოს შიდა ვალის შემცირება, რადგან ეს არ არის ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომა.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საფრთხის სახით ვხედავ, არაპირდაპირი გადასახადების, აქციზის ზრდაა, ეს პუნქტი დაახლოებით 170 მილიონით იზრდება. ეს ზრდა ეხება თამბაქოს ნაწარმს და ალკოჰოლურ სასმელებს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქციზის ზრდა შეამცირებს მოხმარებას და ვითომ ეს მომხმარებლის კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საბიუჯეტო პრობლემები გვაქვს გადასახადების მობილიზების თვალსაზრისით და საბიუჯეტო პრობლემებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის არა შედეგზე ორიენტირებული გათვლა, რადგან გადასახადის განაკვეთების ზრდით კი არ უნდა უზრუნველყო შემოსავლების ზრდა, არამედ ბიზნესს უნდა შეუქმნა განვითარების საშუალება და ბიზნესი თვითონ გაზრდის ბიუჯეტში გადასახდელ განაკვეთებს. ეს არის მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი ერთჯერადი აქტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლები ეფექტის მომტანი იქნება.

ს.ე. 2015 წლის ბიუჯეტი კვლავ სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებულია. ეს რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში?
ლ.კ.
ჩემი შეფასებით, გარკვეული პრობლემის მატარებელია სოციალური თემაც. მაგალითად, ისეთი ტიპის ქვეყნები, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი და გერმანია, ასეთ ტოტალურ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს ვერ წევენ და გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩვენც სავარაუდოთ გრძელვადიან პერსპექტივაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტიდან გამომდინარე, შეგვექმნება პრობლემა, რადგან წლიდან წლამდე ეს პროექტი იზრდება. რესურსი შემოსავლების კუთხით არის შეზღუდული, ხარჯები კი ყოველწლიურად გვეზრდება. ვფიქრობ, რომ საბიუჯეტო პრიორიტეტები აქვს ხელისუფლებას გადასახედი. სოციალური თემატიკის პრიორიტეტულობა უნდა გამოიხატებოდეს არა ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების საყოველთაობის პრინციპით, არამედ უნდა ხდებოდეს გარკვეული მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათზე ფოკუსირება. ეს, ერთი მხრივ, შეამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებს ამ მიმართულებით და მეორე მხრივ, იმ კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის გაწეული ხარჯების ეფექტურობა გაიზრდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლება უფრო მეტი სოციალური ხარჯი მივმართოთ იმ კონკრეტული სოციალური ჯგუფებისკენ, რომელსაც ეს რეალურად სჭირდებათ.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაცია. 2013 და 2014 წლების ბიუჯეტებს ჰქონდათ ყველაზე დიდი პრობლემა – ხარჯვითი პოლიტიკის თანმიმდევრულობა. ჩვენ წლის დასაწყისში გვაქვს ეკონომიური ხარჯვის რეჟიმი, წლის დასასრულს ვცდილობთ დავეწიოთ იმ ჩამორჩენას, რაც გვაქვს და რეალურად მიმოქცევაში ვუშვებთ ძალიან დიდი რაოდენობით ფულს, რაც მოხდა 2013 წლის ბოლოს და, რაც სავარაუდოდ მოხდება 2014 წლის ბოლოს. ეს პირდაპირ ურტყამს ლარის მსყიდველობით უნარს, პროვოცირება ხდება დევალვაციის პროცესის და, საბოლოო ჯამში, ასტიმულირებს ინფლაციურ პროცესს. შემდეგ უკვე ეროვნულ ბანკს უწევს საპროცენტო განაკვეთის შეცვლა და რეზერვების დახარჯვა იმისათვის, რომ ლარი და ეკონომიკა დაჭერილი იქნეს.
მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ხარჯების საკითხიც. ახალმა ხელისუფლებამ უკვე მეორე ბიუჯეტი მიიღო, მესამეა 2015 წლის ბიუჯეტი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა რეალურად ვერ განხორციელდა. პატარა მთავრობის იდეა, რომელიც უნდა გახდეს ქვეყანაში პროგრესისა და განვითარების საფუძველი, სამწუხაროდ 2015 წლის ბიუჯეტშიც აქილევსის ქუსლად რჩება“ – დასძენს ლევან კალანდაძე.

2014 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით რეალური მშპ-ის საშუალო ზრდა 5.9%-ია, რაც მიმდინარე წლის პროგნოზის მიხედვით ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მიღწევის საშუალებას ჯერჯერობით იძლევა. რაც შეეხება მომდევნო – 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ 5% უნდა იყოს (2016-2018 წლებში კი 5.5%), რაც ექსპერტთა და დეპუტატთა გარკვეული ნაწილის აზრით, დაბალი მაჩვენებელია. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა (დაბალ-საშუალო შემოსავლი სმქონე), ეკონომიკის 5%-იანი ზრდა საკმარისი არ არის და ასეთი ზრდის ტემპით ის საშუალოევროპულ დონეს ნახევარ საუკუნეშიც ვერ დაეწევა.

ირაკლი ლექვინაძე: „მომავალი წლის ბიუჯეთი 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე 5-6%-იანი ზრდა არის ოპტიმალური. წელსაც, ალბათ, დაფიქსირდება 6%-იანი ზრდა. მომავალ წელსაც, თუ ჩვენ რამე მნიშვნელოვანი შეცდომა არ დავუშვით ან გარე ფაქტორების ზეგავლენა არ იქნა რაიმე განსაკუთრებული, სავსებით მისაღები მაჩვენებელია და ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს“.

ლევან კალანდაძე: „მშპ-ს 5%-იანი ზრდა 2015 წელს რეალურია. მაგრამ რამდენად საკმარისია ეს 5%-იანი ზრდა უკვე მეორე საკითხია. თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში რეალური ეკონომიკური გარღვევა მოვახდინოთ, ეს არ არის საკმარისი. ამისთის საჭიროა მინიმუმ 8-10%-იანი ზრდა. ასე რომ, 5%-იანი ზრდა რეალურია, მაგრამ არასაკმარისი. ერთი საკითხია, თუ რა განსაზღვრავს ამ ზრდას, განსაზღვრავს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი ბიზნესის განვითარება, რაც ჯერ კიდევ პრობლემურია და ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ბიზნესი ამაზე მეტს უბრალოდ ვერ შეძლებს; მეორე საკითხია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრი, ამ თვალსაზრისითაც გარკვეული პრობლემები გვაქვს, ჩვენ რეალურად მილიარდიან ზღვარზე ვართ და ბოლო წლებში ამის ზემოთ ვერ ავდივართ. არადა იმისთვის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეფექტი იგრძნოს ეკონომიკამ, თითოეულმა მომხმარებელმა და აისახოს მშპ-ს ზრდაზე, ამას დაახლოებით მილიარდ 800 მილიონის აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სჭირდება. ანუ მსხვილ საინვესტიციო და ინფრასტრუქტურულ პროექტზებზე ორიენტირებული და ფოკუსირებული ხელისუფლება, ჰიპერაქტიური საინვესტიციო პოლიტიკით, არის გასაღები იმისა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული გარღვევა მოხდეს“.

4

2015 წლის საბიუჯეტო კანონპროექტის ფაქტობრივი მონაცემები

გადამუშავებული პროექტის თანახმად, რომელიც საქართველოს მთავრობამ პირველადი მოსმენის შემდეგ, პარლამენტში მეორედ, ნოემბრის შუა რიცხვებში შეიტანა, 2015 წელს გრანტების მოცულობა 215 მლნ ლარამდე იზრდება წელს დაგეგმილი 144 მლნ ლარიდან, ხოლო „სხვა შემოსავლები“ 275 მლნ ლარამდე იკლებს, როგორც თავდაპირველ პროექტში მოცემულ 290 მლნ ლართან, ისე წლევანდელი 355 მლნ ლართან მიმართებაში.
მთლიანობაში, მომავალი წლისთვის საპენსიო უზრუნველყოფისა (1.37 მლრდ ლარი) და სოციალური დახმარებებისთვის (630 მლნ ლარი) 2 მლრდ ლარზე ოდნავ მეტია გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, რომლის მოცულობაც პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 25 მლნ ლარით არის გაზრდილი.

გადამუშავებულ პროექტში, პირველ ვერსიასთან შედარებით 45 მლნ ლარით არის გაზრდილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 25 მლნ ლარით – განათლების სამინისტროს; 15-15 მლნ ლარით – თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროების; 10-10 მლნ ლარით – კულტურისა და დევნილთა სამინისტროების; 4 მლნ ლარით – გარემოს დაცვის სამინისტროს; 3.5 მლნ ლარით იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება. ერთადერთი სამინისტრო, რომელსაც თავდაპირველ პროექტთან შედარებით 10 მლნ ლარით აქვს შემცირებული დაფინანსება, თუმცა 2014 წელს გამოყოფილზე მეტზე მიიღებს მომავლ წელს, არის ენერგეტიკის სამინისტრო.

ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, სამინისტროებს შორის თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:
• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 2.775 მლრდ ლარი (პირველ პროექტში – 2.750 მლრდ ლარი; 2014 წელს – 2.658 მლრდ ლარი);
• თავდაცვის სამინისტრო – 640 მლნ ლარი (პირველ პროექტში – 625 მლნ ლარი; 2014 წელი – დაფინანსების თავდაპირველი გეგმა, რაც 660 მლნ ლარს შეადგენდა, შემცირდა 615.9 მლნ ლარამდე, რადგან სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ დაფინანსება გადატანილია ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და ცალკე მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბდა; 2013 წელი – თავიდან დაგეგმილი იყო 660 მლნ ლარი, თუმცა ფაქტობრივად დაიხარჯა 610.4 მლნ ლარი; 2012 წელი – 730.6 მლნ ლარი; 2011 წელი – 711 მლნ ლარი);
• შინაგან საქმეთა სამინისტრო – 615 მლნ ლარი (პირველ პროექტში – 600 მლნ ლარი; 2014 წელი – 600 მლნ; 2013 წელი – 570 მლნ ლარი); რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 1 მლრდ ლარი (პირველ პროექტში – 955 მლნ ლარი; 2014 წელი – 875 მლნ ლარი);
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 853.9 მლნ ლარი (პირველ პროექტში – 828.9 მლნ ლარი; 2014 წელი – 754.3 მლნ ლარი);
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 291 მლნ ლარი (2014 წელი – 263.5 მლნ ლარი);
• ფინანსთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2014 წელი – 96 მლნ ლარი);
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 120 მლნ ლარი (2014 წელი – თავდაპირველად დაგეგმილი იყო 87 მლნ ლარი, თუმცა ეს გეგმა გაიზარდა 131 მლნ ლარამდე „დელტას“ დაფინანსების გამო);
• ენერგეტიკის სამინისტრო – 125 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 135 მლნ ლარი; 2014 წელი – 114.6 მლნ ლარი);
• იუსტიციის სამინისტრო – 68.5 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 65 მლნ ლარი; 2014 წელი – 60.5 მლნ ლარი);
• სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 155 მლნ ლარი (2014 წელი – 154 მლნ ლარი);
• საგარეო საქმეთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2014 წელი – 90 მლნ ლარი);
• კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 95 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 85 მლნ ლარი; 2014 წელი- 80 მლნ ლარი); სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 70 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 55 მლნ ლარი; 2014 წელი – 53.9 მლნ ლარი);
• გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 39 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 35 მლნ ლარი 2014 წელი – 31 მლნ ლარი);
• ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 70 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 60 მლნ ლარი; 2014 წელი – 48 მლნ ლარი);
• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.35 მლნ ლარი (2014 წელი – 1.35 მლნ ლარი);
• ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 3.1 მლნ ლარი (პირველი პროექტი -2.8 მლნ ლარი; 2014 წელი – 2.8 მლნ ლარი);
• დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 1 მლნ ლარი; 2014 წელი – 900 ათასი ლარი).

თავდაპირველ პროექტში დაგეგმილი იყო მთავრობის სარეზერვო ფონდის 70 მლნ ლარამდე გაზრდა, თუმცა ეს მაჩვენებელი, გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, კვალავ 50 მლნ ლარიან ნიშნულზე რჩება, 2014 წლის მსგავსად. თუმცა, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 12.5 მლნ ლარით არის გაზრდილი და 32.5 მლნ ლარს შეადგენს მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება, რომლისთვისაც წელს 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრანსფერების საერთო რაოდენობა, პირვანდელ პროექტთან შედარებით 4 მლნ ლარით გაიზარდა და მომავალ წელს 854 მლნ ლარს შეადგენს – ეს მონაცემი წელს 795.9 მლნ ლარია. ამ ჯამური ოდენობიდან ყველაზე დიდ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი მიიღებს დაახლოებით 412 მლნ ლარის ოდენობით.

თავდაპირველ პროექტთან შედარებით 520 ათასი ლარით არის გაზრდილი ასევე სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება და ის 4 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 1.6 მლნ ლარით აღემატება წლევანდელ დაფინანსებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დაფინანსება მომავალ წელს გაორმაგდება და 1.2 მლნ ლარს შეადგენს.

საპარლამენტო მოსმენების შემდეგ, ბიუჯეტის საბოლოოდ დამტკიცება წლის ბოლოსთვის, დეკემბერში მოხდება. როგორც 2015 წლის საბიუჯეტო კანონპროექტიდან ჩანს, საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მემარცხენე პოლიტიკას და აქცენტს სოციალურ მიმართულებაზე აკეთებს. ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იანი ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე, რაც ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ზრდის არასაკმარისი ტემპია ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხის მოსახდენად. ზრდის ერთ-ერთი კატალიზატორი ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაა. მაშინ, როცა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გადასახადების ზრდა, რაც ბიზნეს აქტივობაზე ასევე უარყოფითად აისახება.