საქართველოს ეკონომიკა
მთავარი რედაქტორი როზეტა ასათიანი
წიგნი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სისტემური სახით ქვეყნის ეკონომიკის შესწავლისადმი ნაკლებად მიძღვნილი პირველი კოლექტიური მონოგრაფიული გამოკვლევაა. ობიექტური შენიშვნები და საგულისხმო წინადადებები გათვალისწინებული იქნება შემდეგ გამოცემაში, რომელიც, ვფიქრობ, აუცილებელია გაკეთდეს, ვინაიდან ეს თემა ამოუწურავია და პასუ-ხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ უაღრესად სათუთ და ეროვნულ საქმეს.
ნაშრომს, შეიძლება ითქვას, ორმაგი დატვირთვა აქვს: პირველი, იგი ეძღვნება საქართველოს ეკონომიკის შესწავლას უხსოვარი დროიდან – წინა აშელის პერიოდიდან დღემდე (თუმცა, ქვის ხანიდან, ვიდრე საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი გაშუქებულია მოკლედ, ეკონომიკური რეტროსპექტივის სახით) და მეორე, წიგნი ეძღვნება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 35-ე წლისთავს.
ნაშრომის ძირითადი შინაარსი ერთდროულად ორი ისტორიული მოვლენის – საქართველოს მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბჭოური ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის კატაკლიზმებით სავსე მონაკვეთს მოიცავს. ეს პერიოდი თანამედროვე ეპოქაა, ეპოქა, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი ცვლილებებით, შოკისმომგვრელი მოულოდნელობებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მაინც უდიდესი პოზიტიური ძვრებით.
ისტორიულ-ლოგიკური ერთიანობის პრინციპის დაცვით, შევეცადეთ, შეგვესწავლა და პირუთვნელად შეგვეფასებინა საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
საქართველომ მიზნად დაისახა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. ეს უალტერნატივო გზაა. მაგრამ საბაზრო ეკონომიკა არ არსებობს სოციალური ორიენტაციის გარეშე, მაშინ იგი, ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, საუკუნის წინანდელი ველური კაპიტალიზმია, რომელიც დიდი ხანია დაგმო ცივილიზებულმა სამყარომ, საქართველოში კი, სამწუხაროდ, როგორც ენდოგენური, ისე ეგზოგენური ფაქტორების გავლენით მოხდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორის შეცვლა: ჩამოყალიბდა სახელმწიფო-მონოპოლისტური კაპიტალიზმი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ ეკონომიკურ სისტემასთან.
თემის მასშტაბურობამ და საკითხთა ფართო წრემ განსაზღვრა ნაშრომის არქიტექტონიკა. იგი 22 თავისგან შედგება. შევეცადეთ წინა პლანზე წამოგვეწია საკვანძო საკითხები და გაგვეშუქებინა ისე, რომ მკითხველი ერთხელ კიდევ ჩაფიქრებულიყო იმაზე, თუ საიდან მოდის ეს, ქართველთა ძირძველი ქვეყანა, რა ძნელბედობა გადაიტანა და წინააღმდეგობები დაძლია. მაშინ, როდესაც დიდი იმპერიები გაქრა მსოფლიო რუკიდან, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა დღემდე ღია თუ ფარული წინააღმდეგობების “მორევში” იკაფავს გზას. ამაზე, პირველ ყოვლისა, ქართველებს გვმართებს დაფი-ქრება. ამას დროის მიერ დასმული ამოცანების სირთულე და მნიშვნელობა განაპირობებს. ამას მოითხოვს საქართველოს განვითარება, გლობალიზაციის პოზიტიურ პროცესებში მისი აქტიურად ჩართვა და ნეგატიური პროცესებისადმი გვერდის ავლა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მაგრამ, საკუთარი სოციო-კულტურული ტრადიციების საფუძველზე, ეკონომიკური განვითარების საკუთარი მოდელის შექმნა და არა რომელიმე ქვეყნის მოდელის ბრმად გადმოღება.
ვფიქრობ, წიგნი სამსახურს გაუწევს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობით და სამომავლო შესაძლებლობებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს. ჩააფიქრებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესებისადმი ზედმეტად პესიმისტურად ან ნაკლებკრიტიკულად არიან განწყობილნი, უარყოფენ საქართველოს ეკონომიკის რეფორმირებაში მიღწეულ წარმატებებს ან დაშვებულ სერიოზულ შეცდომებს. ნაშრომი ჩააფიქრებს აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებიც ხოტბას ასხამენ ქვეყანაში უსისტემოდ, ფრაგმენტულად განხორციელებულ ცვლილებებს და, აქედან გამომდინარე, იმ ფრიად ნეგატიურ ტენდენციებს, რომლებიც აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რეალურ საფრთხეს უქმნის მის განვითარებასა და უბიძგებს ქრონიკულად ჩამორჩენილ ქვეყნად დარჩენისაკენ.
ასეთი პათოსითა და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულით დაიწერა ეს წიგნი.
მონოგრაფია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების თავისებური გამოძახილია. იგი მიზნად ისახავს ეკონომიკური რეფორმების კონკრეტულ-ისტორიულ გარემოსთან კავშირში წარმოჩენას, ეკონომიკური განვითარების წინააღმდეგობრივი პროცესების თავისებურებების ახსნის საფუძველზე ინსტიტუციური რეფორმების ანალიზს, საქართველოს საბიუჯეტო-საგადასახადო და ფულად-საკრედიტო სისტემების რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას, საქართველოს ეროვნული სიმდიდრისა და დემოგრაფიული განვითარების ტენდენციების განხილვასთან ერთად, ქვეყნის სპეციფიკური თვისებების მქონე რეგიონული ეკონომიკის შესწავლას. გაეროს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წიგნის სტურქტურა წარმოდგენილია აგრარულ, ინდუსტრიულ და მომსახურების სექტორებად და შესაბამის დარგებად, გამახვილებულია ყურადღება საქართველოში საკურორტო-რეკრეაციული პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დარგობრივი კონკურენტუნარიანობის პოლიტიკა, რომელიც ორგანულ კავშირშია მსოფლიო გამოწვევასთან – ინტელექტუალური ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან. ამ მხრივ, გაანალიზებულია საქართველოში არსებული მდგომარეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობები. ნაშრომის ლოგიკურად დასრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკა გაშუქებულია გლობალური პროცესების ჭრილში, რამაც მსოფლიოში აპრობირებული გამოცდილების შესწავლის საფუძველზე წარმოაჩნდა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზები, მისი ლამაზი ტრადიციებისა და არსებული პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობები.
მინაწერი: ყაზბეგში მოხევე ბიჭებს განუცხადებიათ: ღმერთო, ჩვენ მოგვაკელი თითო წელი და ჩვენს პატრიარქს შეჰმატეო…
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ქართველი ერი!
მთავარი რედაქტორი როზეტა ასათიანი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი
1.VI.2012.