აღმოაჩინე ლაზიკა
მაკა ღანიაშვილი
რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი ამბიციური და მხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელების შესახებ გააკეთა განცხადება. საუბარა, ლაზიკის მშენებლობის შესახებ, რომელიც მომავალში რეგიონული ცენტრი და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ქალაქი უნდა გახდეს. როგორც ყოველთვის, როდესაც საუბარია მსხვილმასშტაბიან პროექტებზე, ამ შემთხვევაშიც კრიტიკის ქარიშხალი წამოვიდა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სკეპტიკურად განწყობილ ექსპერტთა მხრიდან. ძალიან ხშირად, ასეთ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიერ ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით შექმნილი გარკვეული ბუნდოვანება უწყობს ხოლმე ხელს, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ლაზიკის პროექტს საკმაოდ ხმაურიანი პრეზენტაცია ჰქონდა, რასაც ასეთივე განხილვა მოჰყვა.
თუმცა, ეს მაისის ბოლოს იყო. მას მერე, მართალია, ბევრი დრო არ გასულა, მაგრამ თვითონ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შევეცადეთ შეგვეკრიბა ის ინფორმაციები, რაც ამ გრანდიოზულ პროექტთან დაკავშირებით არსებობდა და გვემსჯელა, რა პოტენციურ სიკეთეებს მოუტანდა ის საქართველოს და რა გზით მოახერხებდა ამას. ამ გზაზე, ბუნებრივია, პირველ რიგში, იმ ორგანიზაციის კონტაქტები მოვიძიეთ, რომელსაც ამხელა პროექტის წარმათვა-დაგეგმვის პატივი ხვდა წილად, თუმცა, ამაოდ – ის ხელმიუწვდომელი გახლავთ. საკონტაქტო ინფორმაცია ვერ მივიპოვეთ ვერც ერთ უწყებაში თუ საინფორმაციო სამსახურში.
ლაზიკასთან დაკავშირებით სტრატეგიული პროექტების სააგენტოში ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან, პროექტი განვითარების სტადიაშია და სრულყოფის შემდეგ მას ინვესტორებს შესთავაზებენ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ უკვე მუშავდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ლაზიკის სამართლებრივი სტატუსი, მართვის ადმინისტრაციული მოდელი და ეკონომიკური სტრატეგია. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის პირას მშენებარე ქალაქის სტატუსი და უფლებამოსილება ორგანული კანონით განისაზღვრება.
საინტერესოა, შეიძლება თუ არა რომელიმე ქვეყნის გამოცდილებასთან პარალელების გავლება, სადაც მსგავსი მასშტაბის პროექტი განხორციელდა? ექსპერტთა ნაწილი ქართული ლაზიკის კონცეფციას ჩინურ გამოცდილებას ადარებს. საუბარია ქალაქ შენჟენზე, რომელიც ჰონგკგონთან ახლოს მეთევზეთა პატარა დასახლებაზე 1980 წელს აშენდა და დღეს ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ცენტრი და წარმატებული თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. დასახლებაში, სადაც 30 წლის წინ სულ რაღაც 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად 10 მლნ მოსახლეა. ჩინეთში ამბობენ, რომ პროექტმა გაამართლა. სოფლიდან წამოსული მიგრანტების ნაკადის სამართავად ამ ქვეყანაში შენჟენის კვალდაკვალ უკვე არა ერთი მსგავსი ქალაქი შეიქმნა. არსებობს ასტანის, ბრაზილიის ახალი დედაქალაქის ბრაზილია, სანკ-პეტერბურგის მაგალითებიც, რომლებიც თითქმის ანალოგიური გეგმით განხორციელდა, რაც საქართველოს მთავრობას ლაზიკასთან დაკავშირებით აქვთ. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.
ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია: “მართალია, არსებობს ისეთი წარმატებული ქალაქების მაგალითები, როგორიც სანკტ-პეტერბურგი და ასტანაა, მაგრამ ამ ქალაქების მშენებლობისას დიდი ინვესტიციები ჩაიდო თვითონ სახელმწიფოს მხრიდან, ეს იყო მთავრობების მიერ კარგად გაწერილი გრძელვადიანი პროგრამები და არა სპონტანური გადაწყვეტილებები. საქართველოს კი ამხელა ქალაქის მშენებლობის ფული არ აქვს. ქვეყანას აქვს უზარმაზარი სახელმწიფო ვალი და თანხების დიდი ნაწილი ბიუჯეტიდან მიმდინარე ვადებულებების დაფარვას ხმარდება. ამიტომაც ამხელა ბუნდოვანი პროექტის წამოწყებას, ჯობს არსებული ქალაქების ინფრასტრუქტურას მივხდოთ”.
ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ლაზიკასთან დაკავშირებული საჯარო განხილვების დროს ყურადღებას ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე ამახვილებდნენ. მათი შეფასებით, “ლაზიკა არის წინასაარჩევნო ზღაპარი, რომლის მიზანი და ამოცანა არის ერთგვარი ილუზიის შექმნა საზოგადოებაში… მაშინ როცა ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობაა – იხურება წარმოებები, სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანის ბინებს ყადაღა ადევს ბანკის მიერ. სიღარიბის ზღვარს მიღმა სტატუსის მქონე დაახლოებით 900 000 ადამიანია საქართველოში და კიდევ 600 000 ადამიანი ითხოვს ღატაკის სტატუსს, მაგრამ სახელმწიფო ამ სტატუსის მინიჭებაზე უარს უსახსრობის გამო ეუნბენა, სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, რომ ამ 600 000 ადამიანს 30 ლარიანი შემწეობა მისცეს და ამ დროს ლაზიკის მილიარდებზეა საუბარი – დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პროექტის განხილვის დროს. თუმცა, მსგავსი რიტორიკა ბუნებივია ისეთი განვითარების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
ივა დავითაის თქმით, უცხოელ ინვესტორებთან ერთად ინევსტიციების ჩადებას გეგმავს სახელმწიფოც. მისივე განმარტებით, ლაზიკა იქნება თვითმმართველი (ავტონომიური) ურბანული ტიპის ქალაქი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს საკუთარი კანონმდებლობა, თუმცა უპირატესი ძალა ექნება საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებსა და ლაზიკის ორგანოებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. პოლიცია, პროკურატურა და საგადასახადო ორგანოები იქნება ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში. ივა დავითაიას განმარტებით, ხარჯებს, რომელიც დაკავშირებული იქნება ქალაქის კომუნიკაციასთან და საქალაქო ინფრასტრუქტურასთან – დააფინანსებს სახელმწიფო, ხოლო ბიზნეს-სტრუქტურების განვითარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ინვესტორები დაფარავენ.
ლაზიკის აშენებამდე საჭირო გახდა მომავალი ქალაქისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, რისთვისაც დაახლოებით ერთი თვის წინ მომზადდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება და შეიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისია. 12 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა დაიწყო. წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლს ემატება მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმადაც, ქალაქ ლაზიკის სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომა საგადასახადო კუთხით, თვითმმართველობის კუთხით, სხვადასხვა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით.
მაგრამ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ლაზიკამ ეკონომიკური თვალსაზრისით? ამის შესახებ, ჯერჯერობით, მთავრობის მხრიდან მხოლოდ ზოგადი განცხადებები კეთდება.
დავით ნარმანია: “ცარიელ ტერიტორიაზე ამხელა საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად, მინიმუმ აუცილებელია მკაფიოდ და დეტალურად გაწერილი გეგმის არსებობა. უნდა იყოს გაწერილი, რა თანხა დაიხარჯება, რამდენი ხანი დასჭირდება ინფრასტურქტურის გამართვას, რამდენი ადამიანი შეიძლება აქ დასაქმდეს, რა შემოსავალს მიიღებს ქვეყანა, რამდენს დახარჯავს და ასე შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინება. დღეს ეს ყველაფერი “ლაზიკის” პროექტთან დაკავშირებით არ არსებობს. მხოლოდ სახელმწიფოს ამხელა პროექტის განხოციელება არ შეუძლია. კერძო ინვესტორი კი მსგავსი პროექტით მაშინ ინტერესდება, როცა შეუძლია სარგებლის მიღება. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან კი სარგებელს ვერ მიიღეებ. ამიტომაც კერძო ინვესტორები მსგავსი პროექტებით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, თუ მათ ეს სახელმწიფომ დაუკვეთა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბუნდოვანია, თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ლაზიკამ. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი – ვინ უნდა დავასახლოთ აქ? მაშინ როცა ქართველი მიგრანტების რიცხვი დღითღდღე იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას და ყველაზე მთავარი – ინევსტორები. საიდან უნდა მოვიდნენ ისინი?”
ლაზიკის მშენებლობის დაწყებას ოპონენტები გარემოსათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობის გამოც აკრიტიკებენ. საქმე ისაა, რომ ლაზიკა კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შენდება, რის გამოც პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონში. მოხდება ჭაობის დაშრობა. ჭაობი, რომლის დაშრობაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს, კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვარზე მდებარეობს. 1996 წელს საქართველომ რამსარის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოქცეული უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვის ვალდებულება აიღო: ამ ადგილზე, სადაც ბოლო გამყინვარებას გადარჩენილი ფლორისა და ფაუნის არა ერთი სახეობაა შემორჩენილი, გადამფრენი ფრინველების მიგრაციის მთავარი მარშრუტი გადის. კოლხეთის ეროვნული პარკის დაუსახლებელი ჭაობები მილიონობით გადამფრენი ფრინველისთვის დასვენებისა და გამოზამთრების ერთადერთი ადგილია. გარდა ამისა, საქართველოს კლიმატის ცვლილების ეროვნული შეტყობინების მიხედვით, ანაკლიასა და ყულევს შორის არსებული ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ადგილია კლიმატის ცვლილებისადმი – იქ ხმელეთს ზღვის შემოტევისგან სწორედ ჭაობი იცავს. ექსპერტთა აზრით, ლაზიკას პროექტის ეკოლოგიური შეფასების გარეშე განხორციელებით, შესაძლოა, უნიკალურ ეკოსისტემასაც და თავად პროექტსაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
თუმცა, მთავრობაში დარწმუნებულნი არიან, რომ ნახევარმილიონიანი ქალაქი შავი ზღვის პირას – ყულევსა და ანაკლიას შორის – ათ წელიწადში აშენდება და რომ ლაზიკის პორტი, გეოგრაფიული მდებარეობისა და სპეციალური საგადასახადო რეჟიმის წყალობით, შუა აზიიდან წამოსული ტვირთების გასატარებლად ყველაზე მიმზიდველი პუნქტი იქნება.
ლაზიკას მშენებლობაში სახელმწიფო მთელი ხარჯების 20%-ს გაიღებს, რაც კომუნიკაციებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. კერძო ინვესტიციებით კი ხარჯების 80 პროცენტი დაიფარება. მთავარი პრობლემა სწორედ ის ინვესტორებია. ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ლაზიკას პროექტი ესაა საზოგადოების რესურსების უყაირათოდ ხარჯვა, “რომელსაც არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ აქვს და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი”. მათივე შეფასებით, ის 200 მილიონი, რომლის პროექტში ჩადების შესახებ განცხადება საქართველოს მთავრობამ გააკეთა, ზღვაში წვეთია ამხელა მასშტაბების პროექტისათვის. სპეციალისტთა აზრით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისათვის კერძო სექტორის მხრიდან მინიმუმ 50 მილიარდის ინვესტიციაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე ილუზიას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.
მაგრამ ექსპერტთა მეორე ნაწილი, არცთუ სკეპტიკურადაა განწყობილი. მათი შეფასებით, ქალაქის დაარსების შემთვევაში, გაიზრდება მოთხოვნა მომსახურების სფეროს მუშახელზე. მაშინ როცა მსოფლიო ტენდენციებით, დასაქმებულთა 70-80% მოდის სერვისების სფეროზე, დაახლოებით 20% ინდუსტრიაზე და მხოლოდ 1-2, მაქსიმუმ 5%-ია დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, ახალი ქალაქის აშენების იდეა არარეალისტურად არ უნდა მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით ზღვის სანაპიროზე.
ლაზიკის პროექტზე საქართველოს ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდე უკვე დახარჯულია. ტერიტორიაზე შეტანილია ინერტული მასალა, დაწყებულია კომუნიკაციების გაყვანა, ასევე ქალაქამდე მისასვლელი ცენტრალური მაგისტრალის და ხიდების მშენებლობა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ლაზიკას იგივე როლი ექნება, რაც თავის დროზე გერმანიის დედაქალაქ ბერლინს ჰქონდა.
ქალაქის ურბანული დაგეგმარების მიხედვით, ლაზიკაში რკინიგზა გაივლის. იმ ადგილზე კი, სადაც შავი ზღვისპირეთის ყველაზე ღრმა კანიონია, პორტი აშენდება. ქალაქში აშენდება აეროპორტიც. 3 მლნ კვადრატული მეტრის ფართობზე მოწყობილ ბიზნესცენტრში ბანკები, ოფისები, საგამოფენო და კულტურული სივრცე განთავსდება. ლაზიკას ტერიტორიის დიდი ნაწილი საცხოვრებელ ზონას დაეთმობა, სადაც მრავალსართულიანი ცათამბჯენები, რამდენიმე სართულიანი საცხოვრებელი სახლები და კერძო სახლები აშენდება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რეკრეაციული ზონა და ველური ბუნების პარკი მოეწყობა. სანაპირო ზოლი კი მაღალსართულიან, უმაღლესი სტანდარტის სასტუმროებს დაეთმობა, რომლებსაც აქ მსოფლიო ბრენდები ააშენებენ.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპისა და აზიის რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პროექტში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური თანხმობა ამ დრომდე არც ერთ საინვესტიციო ჯგუფს არ განუცხადებია.
ლაზიკის პროექტს უცხოური პრესაც ეხმიანება და ქართველთა მსგავსად ისინიც ინფორმაციის სიმცირეს უსვამენ ხაზს. უცხოური გამოცემა Eურაზიანეტ.ორგ ვრცელ მიმოხილვას უძღვნის საქართველოში დაფინანსებულ ფართომასშტაბიან პროექტებს და მასთან დაკავშირებულ პრეზიდენტის პოლიტიკას. სტატიაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ლაზიკას მშენებლობაზე. ავტორის თქმით, ლაზიკის მშენებლობის საერთო დანახარჯები, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა, მისი აზრით, საქართველოში დანახარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტის გამო, ბუნდოვანია, რეალურად რა დაუჯდება სახელმწიფოს ლაზიკის პროექტი.
“ერთ-ერთი პროექტი, რომლის მიზანიც შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქ ლაზიკის ჩამოყალიბებაა, ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე საჯარო მშენებლობების ტრანსპარენტულობის საკითხს. ლაზიკის მშენებლობა მთლიანად, სავარაუდოდ, 900 მილიონი ლარი დაჯდება. მაგრამ, გარდა ამისა, ცოტა რამაა ცნობილი, მაგალითად ის, თუ რამდენი დაიხარჯება მშენებლობაზე გადამხდელთა გადასახადებიდან. არ გავრცელებულა არც ოფიციალური პროექტი, არც დაფინანსების დეტალები; პრეზიდენტის ადმინისტრაცია კითხვებს რეგიონალურ მმართველთან ამისამართებს, ის კი ინტერვიუზე თხოვნას არ პასუხობს”, – ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორის ეჭვის საფუძველს ლაზიკას მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხასა და ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტის ბიუჯეტს შორის მიმართება ქმნის. “ლაზიკას სავარაუდო ღირებულება დიდად არ შეეხება საქართველოს 6.8 მილიარდიან ბიუჯეტს, მაგრამ ის მთავრობის პრიორიტეტების გარშემო აჩენს უხერხულ კითხვებს: ლაზიკა სახელმწიფოს 66%-ით მეტი დაუჯდება 2012 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე (119 მილიონი ლარი) – ეკონომიკის ის დარგი, რომელზეც მესამე კვარტალში ქვეყნის მშპ-ის 9.3 პროცენტი მოდის. სოფლის მეურნეობა, აგრეთვე, დასაქმების მთავარი სექტორია საქართველოში”, – წერს ავტორი. “მიუხედავად კითხვებისა, რომელიც ხარჯებთან დაკავშირებით ჩნდება, პარლამენტის ახალი შენობა და სხვა საჯარო ნაგებობები, ხელისუფლების მიერ ისე განიხილება, როგორც თბილისის რეფორმებისადმი ერთგულების ხელშესახები სიმბოლოები. მაგრამ ოპონენტების მტკიცებით, საჯარო მშენებლობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობა დემოკრატიზაციას აყენებს ეჭვქვეშ”, – ვკითხულობთ სტატიაში (სტატიის ქართული წყარო www.bpi.ge).
ლაზიკის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციების შეჯამებისას, ცახდი გახდა, რომ ძირითადი კითხვები (რაც პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებას უკავშირდება) კვლავ პასუხგაუცემელია და მის გარშემო დისკუსია კვლავ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება.