გაგვათბობს თუ არა “თბილგაზის” ცისფერი ალი ზამთარში

ეკა გაბადაძე

უკვე მეოთხე წელია, რაც სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” პრივატიზების პროცესები უშედეგოდ მიმდინარეობს. რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერი კრახით დასრულდა, მაგრამ ორგანიზაციის გადარჩენის მომლოდინე ხელისუფლება ჯიუტად განაგრძობს ინვესტორის მოძიებას. არადა, ქანცგაწყვეტილი მოსახლეობა კვლავ შიშით შეჰყურებს მომავალ ზამთარს და საბოლოო ვერდიქტს ელის.

დღევანდელი ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ(?!) დარგად ენერგეტიკა რჩება, რომელზეც დიდად არის დამოკიდებული მძიმე და მსუბუქი მრეწველობის განვითარება, ადამიანთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. ენერგეტიკის სტრატეგიული ობიექტები ლამის იდეოლოგიის რანგშია აყვანილი.

მოკლე ისტორია წარსულიდან: 1995 წლიდან ბუნებრივი გაზის მოწოდების ხანგრძლივმა შეწყვეტამ მკვეთრად გააუარესა თბილისის გაზის მეურნეობის საექსპლუატაციო საქმიანობა. 1996 წლის ივნისიდან გაზით მომარაგება აღდგა და ამას შემდგომ, მიწისქვეშა გაზსადენების კოროზიული დაზიანებების ფაქტების გამოვლენა მოჰყვა. “თბილგაზის” ბალანსზე რიცხული გაზსადენების საერთო სიგრძე 2000 კმ-ია და აქედან, დღეისათვის მოქმედია მხოლოდ 402 კილომეტრიანი ქსელი. ამორტიზებული და დაზიანებული გაზსადენები გარკვეული პრობლემების გამო (ძირითადად, უსახსრობის) სერიოზულ სირთულეს უქმნის დედაქალაქის გაზის მეურნეობას. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნის და იმის გამოც, რომ “თბილგაზი” მძიმე ტვირთად აწვა დედაქალაქის ბიუჯეტს, იგი საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანეს და ტენდერისთვის მზადებაც დაიწყო.

სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” აქციათა პაკეტის პრივატიზების ნუსხაში აღმოჩენა თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი დადგენილების (1998წ. 26 თებერვლის) საფუძველზე მოხდა: “თბილგაზი” შეიტანეს საპრივატიზებო ობიექტთა რეესტრში.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ოთხჯერ სხვადასხვა დროს გამოაცხადა კომერციული კონკურსი “თბილგაზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის 75%-ზე. პირველი კონკურსი 1998 წლის 12 მაისს, მეორე – 1999 წლის 22 ნოემბერს, მესამე – 2000 წლის გაზაფხულზე და მეოთხე (იმედია, ბოლო) 2001 წლის ივნისში გამოცხადდა. პოტენციური ინვესტორები, ვინც ობიექტით დაინტერესდნენ, იღებდნენ საინფორმაციო მემორანდუმს, სადაც აღწერილი იყო კომპანია, მისი სამომხმარებლო ბაზა და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი. თავის დროზე ამ პროცესს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმართავდა, შემდეგ კი, უკვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და შესაბამისი დელეგირებით, საპრივატიზაციო მარათონში მართვის უფლებით, დედაქალაქის მთავრობაც ჩაერთო. შარშან, ნოემბრის დასაწყისში თბილისის მერიასა და USAID- ის კონტრაქტორ ფირმა PA Consulting -ის სპეციალისტთა შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც “თბილგაზისათვის” სტრატეგიული ინვესტორის მიზიდვას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ” PA Consulting”-მა, შეიძლება ითქვას, კარგად იმუშავა, სამომავლო პროგნოზები “თბილგაზისთვის” მაინც არასახარბიელოა. სპეციალისტთა აზრით,USAID- ის კონტრაქტორი ფირმის დახმარების და, რა თქმა უნდა, მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა “თბილგაზის” შიდა ბიზნეს-ორგანიზაცია. მოხდა რეორგანიზაცია. შემუშავებულია ახალი კადრების დაქირავებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. სწორი საკადრო პოლიტიკა, როგორც ამბობენ, საწარმოს ინვესტორის მოზიდვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ექსპერტთა შეფასებით, ეს დაზოგავს მომავალი პარტნიორის დროს, რაც ზამთრისათვის მზადებას შეღავათს მისცემს. ყველაფერი კი, რაღა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ფინანსებზე, რათა ზამთრისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება მოესწროს. ინვესტორის გამოჩენით ტექნიკური დანაკარგების შემცირებას, გაზის მეურნეობის წარმატებულ და სტაბილურ ფუნქციონირებას იმედოვნებენ. ერთი სიტყვით, “თბილგაზის” პრივატიზება პანაცეად აღიქმება. თუმცა, რეალურად არის თუ არა ასე, ეს ცალკე საუბრის თემაა.

სხვათა შორის, “თბილგაზის” შეძენის სურვილს ბევრი ცნობილი კომპანია გამოთქვამდა – “საქგაზი”, “იტერა”, “ეი-ი-ესი”, “გარდენ ფრანსი”, “ა-გაზი”… ანუ მსურველთა ფართო სპექტრი იქნა წარმოდგენილი. თუმცა, დღეისათვის საპრივატიზაციო მარათონს მხოლოდ ერთი ჯგუფი – ისრაელის კომპანია “TAHAI ” -ი (ტაჰალი) შემორჩა. აღსანიშნავია, რომ “ტაჰალს” გამარჯვებული აქვს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტი, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, ამერიკის განვითარების ბანკი, გაერო და სხვა. მის მიერ განხორციელებული პროექტების საშუალო წლიური ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიის მომსახურებით მრავალი ქვეყნის კერძო და საჯარო სტრუქტურები სარგებლობენ. “ტაჰალზე” საქართველოს ენერგომამები და ჩინოვნიკები დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია “თბილწყალკანალის” ტენდერში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ, რომ იტყვიან, მან ეს გამოცდა ვერ ჩააბარა და პროცესს გამოეთიშა. “თბილწყალკანალის” შემდეგ გაზგამანაწილებელი ქსელის მდგომარეობის ამსახველი საკმაოდ სერიოზული მასალა არსებობს, რომელიც ნებისმიერი შესაძლო ინვესტორისათვის ხელმისაწვდომია და სანდო წყაროს ცნობით, კომპანია “თAHAI”-ი ამ მასალებს უკვე გაეცნო.

რას ვყიდით?
საპრივატიზაციო მემორანდუმით მთავრობა აპირებს, ინვესტორს მიჰყიდოს “თბილგაზის” საკონტროლო პაკეტი (85%). “თბილგაზისათვის” შემოთავაზება მიზნად ისახავს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას: მოხდება “თბილგაზის” კომერციალიზაცია, რაც გააუმჯობესებს მის ფინანსურ მაჩვენებელს, ჩატარდება დროული და ოპერატიული სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაუმჯობესდება ბუნებრივი აირის მოწოდება და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის ხარისხი, გაფართოვდება გაზის ქსელები, ანუ გაიზრდება ბუნებრივი აირის მომხმარებელთა რიცხვი და პოტენციალი, ამასთანავე, “თბილგაზის” დავალიანებების საკითხი მოგვარდება და, ერთი სიტყვით, საქმე ძალიან კარგად იქნება (ყოველ შემთხვევაში, მთავრობას ასე სურს და ჰგონია). სტრატეგიული ინვესტორი მუშაობას 2001-2002 წლის ზამთრის დადგომამდე დაიწყებს. ცნობისათვის, “თბილგაზის” აქტივების 85% 3960788 აქციაა, რომლის ნომინალური ღირებულება 3960788 ლარია.

ძირითადი მოთხოვნები, რაც პოტენციურმა ინვესტორმა უნდა შეასრულოს, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ინვესტორმა კომისიას უნდა წარუდგინოს სისტემის რეაბილიტაციის საქმიანობის კომერციალიზაციისა და ამჟამად არსებული მომხმარებლის რიცხვის (დაახლოებით 120 ათასი) მინიმუმ 300000-მდე გასაზრდელად გამიზნული საინვესტიციო გეგმა, რომელიც გათვლილი უნდა იყოს პირველი 5 წლისათვის. ინვესტორი ვალდებულია და პასუხისმგებელი, ბუნებრივი გაზი მიაწოდოს “გადამხდელ” მომხმარებელს. კომპანიის წლიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 25 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარს. მაშასადამე, გამარჯვებული ნულოვანი აუქციონის წესით შეიძენს “თბილგაზს” და 5 წლის განმავლობაში 75 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამასთანავე დაფარავს “საქგაზისადმი” და “იტერასადმი” დაგროვილ ძველ თუ ახალ ვალებს.

როგორც ცნობილია, “TAHAL”-ი საბიუჯეტო დავალიანების დაახლოებით 54 მლნ ლარის რესტრუქტურიზაციას ითხოვს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყიდვა-გაყიდვის მინიმალური ფასი, ამ ეტაპზე, აღნიშნული არ არის. სხვათა შორის, არ გვსურს ტენდენციურობაში დაგვადანაშაულოს ვინმემ, მაგრამ “TAHAL”-ის მიერ ქართული მხარისთვის გამოგზავნილი დოკუმენტები, სამწუხაროდ, თარგმნილიც კი არ იყო. სპეციალისტებმა გარკვეული დრო დაკარგეს მის გადათარგმნაზე. თუმცა, “თბილგაზი” რომ გაიყიდოს, ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის.

“ტაჰალის” პაკეტის გახსნის ბედნიერება ქონების მართვის მაშინდელ მინისტრს, ლევან ძნელაძეს ხვდა წილად. მისი განცხადებით, პრივატიზება იდეაფიქსი არ არის, მაგრამ “თბილგაზი” სერიოზულ ინვესტიციებს, გარანტიებს მოითხოვს, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოსახლეობის მომსახურებას. მისი თქმით, არსებულ სიტუაციაში “თბილგაზი” ამ ამოცანას თავს ვერ გაართმევს და არათუ განვითარებაზე, მისი შენარჩუნებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ლევან ძნელაძე (ქონების მართვის ექს-მინისტრი): მიუხედავად იმისა, რომ “თბილგაზი”, როგორც სტრუქტურა და ქონების ნაწილში როგორც საკუთრება გახლავთ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, დედაქალაქის მოსახლეობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ამასთანავე ინვესტორისათვის სათანადო პირობების შექმნა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა. “თბილგაზის” ტენდერთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან სამი ძირითადი მოთხოვნა არსებობს: სისტემის რესტრუქტურიზაცია – საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაცია, გაფართოება, ამაზე დეტალური გეგმა უნდა წარმოდგენილიყო; მეორე – საფინანსო თემა – დავალიანების საკითხი: ინვესტორს გარკვეული პროგრამით უნდა ემუშავა და მსჯელობისას ყურადღება ძირითადი კრედიტორების საკითხზე გაემახვილებინა. მესამე – სტაბილური და გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება გაზის მომწოდებელ კომპანიასთან იმისათვის, რომ, ამ მხრივ, წყვეტილობა არ ყოფილიყო. მოგეხსენებათ, ეს არის ინფრასტრუქტურული დარგი ნებისმიერი წარმოებისათვის, იგი თვითღირებულების შემადგენელი ნაწილია და უწყვეტობა ამ ნაწილში ძალზე მნიშვნელოვანია. ეს იყო ძირითადი მოთხოვნები. ტენდერის I ეტაპი დამთავრდა, განაცხადი მხოლოდ ერთი კომპანიის შპს “ტაჰალის” მიერ იყო შემოტანილი. “ტაჰალი” ისრაელის კომპანია გახლავთ. დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე იყო წარმოდგენილი. მიაქციეთ ყურადღება, რომ ტენდერი პირდაპირ მიყიდვაზე იყო გამოცხადებული. პირდაპირი მიყიდვა საწყისი ფასის დაფიქსირებას ითვალისწინებს. “ტაჰალის” განაცხადში კი საწყისი ფასი არ გახლდათ დაფიქსირებული. თუმცაღა, პირობებში იყო მითითებული, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, მხოლოდ საინვესტიციო პროგრამიდან ამოღებული რესურსების ხარჯზე.


თქვენი აზრით, მისაღებია თუ არა “ტაჰალის” პირობები?

სიმართლე გითხრათ, ველოდი უფრო ოპტიმისტურ, რეალურ წინადადებებს, მაგრამ… ამ შემთხვევაში, დასკვნების გაკეთებისას სუბიექტური ვარ, ამ ეტაპზე სატენდერო კომისიამ მუშაობა შეწყვიტა, რადგან სრულფასოვანი განხილვა შინაარსობრივი ყოფილიყო. უკვე ეს დოკუმენტაცია სათანადო კონდიციამდე უნდა მივიდეს, “ტაჰალის” წარმომადგენლები დამატებით კომენტარებს გააკეთებენ და შემდგომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

“თბილგაზის” პრივატიზების პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა. მდგომარეობა, როგორც ამბობენ, გამოუვალია. ზამთარი ახლოვდება, “საქგაზის” ვალი იზრდება. თქვენი აზრით, ასეთ პირობებში იძულებულები ხომ არ ვართ, რომ “თბილგაზი” ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას მივყიდოთ?
იმისათვის, რომ პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო და მაღალ დონეზე წარმართულიყო, ამაში დიდი დახმარება გაგვიწიეს USAID- ისა და PA ჩონსულტინგ -ის წარმომადგენლებმა. ჩვენთვის მთავარია ის, რომ “თბილგაზმა”, სისტემამ იფუნქციონიროს, მომხმარებელს ჰქონდეს გაზი და თან ისეთი გაზი და სისტემა, რომელიც “ასატანი” იქნება (ფასიდან გამომდინარე). ყველა ინვესტორთან საჭიროა დეტალური მუშაობა, ვალდებულებათა მკაფიოდ გამოკვეთა და მათზე კონტროლი შესაბამისი დაზღვევის მექანიზმების ჩართვით.

ბატონო ლევან, სატენდერო კომისიაში არ არიან “თბილგაზის” ქონების განმკარგველი – საკრებულოს წარმომადგენლები…
ჯერ ერთი, სატენდერო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა პრეზიდენტის ბრძანებულებით. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების ხელმძღვანელები არიან ჩართულები და, ამასთანავე, დედაქალაქის ინტერესების მკაფიოდ წარმოდგენის მიზნით – თბილისის პრემიერი. გარდა ამისა, სატენდერო კომისიის სხდომა გამჭვირვალეა. გადაწყვეტილების ფორმირება ხდება კომისიის წევრთა მიერ, მაგრამ გადაწყვეტილება ფორმდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მეშვეობით. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, ფორმდება კონტრაქტი და საკრებულოს წარმომადგენლობა, და მათი აზრის გათვალისწინება, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წარმომადგენლები სატენდერო კომისიაში სამუშაოდ არ მიუწვევიათ, ენერგეტიკის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის რეფორმათა ჯგუფი საკმაოდ სკურპულოზურად იხილავს “თბილგაზის” პრივატიზების პროცესს და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ “თბილგაზის” ამ სახით და ფორმით პრივატიზებას. მათი ძირითადი მოთხოვნა მომხმარებლისათვის გაზის 24 საათიანი, ანუ უწყვეტად მოწოდებასა და ბუნებრივი აირის ტარიფის შენარჩუნებას ემყარება.

პ.ს.დასკვნისათვის, იმის თქმა და პროგნოზირება ნამდვილად შეიძლება, რომ “თბილგაზის” პრივატიზების პროცესი ისევ გაჭიანურდება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, “ტაჰალი” ითხოვს “საქგაზის” დავალიანების 5 წლით, ხოლო საბიუჯეტო დავალიანების 15 წლით გადავადებას. გარდა ამისა, იგი ვერ აფიქსირებს საინვესტიციო გრაფიკს, მით უმეტეს, ამ გრაფიკის მომზადება შეუძლებელი იქნება “თბილგაზის” ბიზნეს-განვითარების გეგმის შემუშავებისა და მოლაპარაკებების წარმართვამდე. ამასთანავე, “ტაჰალი” პირველ წლებში ყველა გადასახადის გაუქმებას ან შეღავათებს ითხოვს. აგრეთვე, სემეკს, გაზის საერთაშორისო კორპორაციას, ენერგეტიკის სამინისტროს და სხვა შესაბამის სტრუქტურებს მომწოდებელთან პირდაპირი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაში (ყველანაირი შუმავალი კომპანიების გარეშე) სთხოვს დახმარებას.