გადასახადები აღარ მცირდება
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წარმართვაში საგადასახადო პოლიტიკას მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის. გადასახადი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების ფინანსური საშუალებაა.
თანამედროვე პირობებში ბიზნესის საკანონმდებლო რეგულირება, არცთუ იშვიათად, საგადასახადო ორგანოების განუზომელ უფლებებთან არის გაიგივებული. პრაქტიკაში ხშირია გადამხდელთა უფლებების იგნორირების ფაქტები, რაც ხელს უწყობს არასასურველი კლიმატის ფორმირებას. ხარვეზებისაგან არც ჩვენი კანონმდებლობაა დაზღვეული.
ივანიშვილის მთავრობა საგადასახადო კოდექსის ცვლილებას გეგმავს. როგორც ახალი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საქართველოს საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ადმინისტრირების გამარტივება. მათი განმარტებით, თავად საგადასახადოში დღესდღეობით გამარტივებული პროცედურები გვაქვს, დეკლარირების ძალიან მარტივი ფორმით, ანუ ელექტრონული დეკლარირება, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში არ არის. ამასთან, არსებობს ბევრი სხვა სერვისი, რომელიც მოწესრიგდა, მაგრამ საგადასახადო კოდექსში რჩება მუხლები, რომლებიც ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, უსამართლოა. მაგალითად, არის რამდენიმე ხარვეზიანი მუხლი, რომელიც ორაზროვნებას და ბუნდოვანებას წარმოშობს. ეს ეხება ადმინისტრირების საკითხსაც, რადგან აუდიტორებსა და საგადასახადო ორგანოებს ეს მუხლები ერთნაირად არ ესმით, რაც გაუგებრობებს იწვევს. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა კანონმდებლობის ექსპერტიზა ჩატარდეს და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე საჭირო ცვლილებები მომზადდეს.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, რამდენიმე ძირითადი პრობლემა იდენტიფიცირებულია და მათზე მსჯელობა მიმდინარეობს. მაგალითისათვის, საგადასახადო კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომ საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილებამდე (პირველი ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ) საგადასახადო და სააღსრულებო სამსახურებს უფლება აქვთ, იძულებით გადახდევინება დაიწყონ, ანუ გადამხდელის ქონებით უზრუნველყოს დავალიანება, ანუ დავა გრძელდება, გადასახადი არ არის აღიარებული, არსებობს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და, მიუხედავად ამისა, შეიძლება პირის მიმართ გადასახადის იძულებით გადახდევინება განხორციელდეს. ეს კი ნიშნავს, რომ გადასახადის გადახდევინება შეჩერებული არ არის და პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით საქმეც კი აღიძრას. საზოგადოებაში ეს უსამართლობის განცდას იწვევს, რადგან პირის მიმართ დავა დასრულებული თუ არ არის, შესაძლოა, საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილებით ის გამართლდეს კიდეც და, მიუხედავად ამისა, მის მიმართ გადახდევინების იძულება წინასწარ ხორციელდება. საგადასახადო კანონმდებლობაში კიდევ ბევრი ამგვარი შეუსაბამობაა, რომლის შეცვლასაც აპირებს ხელისუფლება უახლოეს მომავალში.
გადასახადის წყაროსთან დაბეგვრის 5-პროცენტიანი გადასახადის განაკვეთი დივიდენდისა და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე ნარჩუნდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. ცვლილებებით, როიალტის სახით მიღებული შემოსავალი გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.
ამას გარდა, პროექტით, საშემოსავლო გადასახდის განაკვეთი არ შემცირდება და ის დღეის მონაცემებით, არსებული 20%-იანი გადასახადის განაკვეთით შენარჩუნდება. ახალი მთავრობის განმარტებით, ძველი ხელისუფლების გადაწყვეტილება საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთის ჯერ 2%-ით და შემდგომში, 2014 წლიდან 3%-ით შემცირების თაობაზე, არაეფექტურია და მის ნაცვლად ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება მოხდება.
სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას საშემოსავლო გადასახადის ორი პროცენტით შემცირებას ჰპირდებოდა. ამ ინიციატივის თანახმად, ეს გადასახადი 20-ის ნაცვლად 18% გახდებოდა. ახალ ხელისუფლებას კი ამ საკითხის მიმართ სულ სხვაგვარი მიდგომა აქვს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ებრალიძე აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადის ორი პროცენტით შემცირება დიდი შემოსავლის მქონე ადამიანებს უფრო მეტ თანხას დაუზოგავს, ვიდრე მცირე ანაზღაურებაზე მომუშავე პირებს. ახალი ხელისუფლების მიზანი კი არის, რომ სწორედ მცირეშემოსავლიან ადამიანებს უფრო მეტი შეღავათი ჰქონდეთ. ამიტომ, ახალი მთავრობა გამოდის ინიციატივით 2013 წლიდან ”დაუბეგრავი მინიმუმის” ცნება შემოვიდეს.
დაუბეგრავი მინიმუმის ზღვარი ცვალებადი იქნება და ის საარსებო მინიმუმის ზრდასთან ერთად შეიცვლება – ამ განცხადებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ნოდარ ებანოიძე აკეთებს. მისი თქმით, მომავალ წლებში საარსებო მინიმუმის ზრდაა დაგეგმილი და შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმიც შეიცვლება.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების 2013 პირველი იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში, დაქირავებული პირი დაუბეგრავი მინიმუმის გამოყენების და გადასახადის ბიუჯეტიდან დაბრუნების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს 2014 წლის 1 აპრილიდან. დაუბეგრავ მინიმუმად თვეში მაქსიმუმ 500-ლარიანი ხელფასი განისაზღვრა. ასეთ კატეგორიაში, სავარაუდოდ, მოხვდებიან სოფლის მეურნეობაში, განათლების სექტორში (ძირითადად _ პედაგოგები), დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმრობისა და რესტორნების, ჯანდაცვის, ვაჭრობის სფეროში მომუშავე ადამიანები.
აღნიშნული შეღავათით მოსარგებლე პირისათვის ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი გადასახადის მაქსიმალური თანხა წელიწადში შეადგენს 360 ლარს, ხოლო დასაბრუნებელი გადასახადის საორიენტაციო ოდენობა 170 000 000 ლარის ფარგლებშია. ცვლილებები გამოიწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას 2014 წლიდან.
კანონპროექტს საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ ისინი ალტერნატიულ პროექტს წარმოადგენენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, პავლე კუბლაშვილის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობისთვის” აღნიშნული პრინციპი მიუღებელია. ”,ჩვენთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელია, მიუღებელია ეკონომიკისთვისაც, ინვესტიციებისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადასახადების თვალსაზრისით, მეწარმეზედაც შეიძლება დაბალი იყოს საგადასახადო ტვირთი და იყოს გასაგები მთლიანად ეს მექანიზმი. ამიტომ ვფიქრობ, რომ გადასახადის შემცირების ალტერნატივა ვერანაირად ვერ იქნება დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება”, – აცხადებს კუბლაშვილი.
საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და ცუდი გზავნილი ინვესტორებისთვის. მათი შეფასებით, ერთი მთავრობა მეორის სამართალმემკვიდრეა და ძველის გადაწყვეტილებების გაუქმება, მით უფრო, თუ ის ბიზნესისთვის სასარგებლოა, არ უნდა მოხდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შემოაქვთ, ხოლო რაც შეეხება მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, ეს ეტაპობრივად მოხდება.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმის ინიციატივა სოციალური ხასიათისაა და მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეებს მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე საშემოსავლო გადასახადის შემცირება. მისივე მტკიცებით, ბიზნეს წრეებში საშემოსავლო გადასახადის შემცირების ნაცვლად დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას კრიტიკული შეფასებები არ მოჰყოლია და კერძო სექტორი აღნიშნულს არ აპროტესტებს.
მაგრამ ბიზნესმენთა ნაწილის შეფასებით, დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების ნაცვლად, საშემოსავლო გადასახადის შემცირება ბიზნესს უფრო მომგებიან სიტუაციაში ჩააყენებდა. მათი თქმით, ბიზნესის ინტერესი ძირითადად იყო გადასახადის შემცირება და, ამ შემთხვევაში, შეღავათი ყველაზე გავრცელდებოდა. რაც შეეხება ახალ ინიციატივას, ის მიმართულია უფრო დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისკენ და ჯდება ახალი მთავრობის პრიორიტეტებში, რაც ქვეყანაში საგადასახადო კოდექსის სოციალურ ორიენტირებას გულისხმობს.
მათი შეფასებით, მაკროეკონომიკური კუთხით საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე უარის თქმა ცუდია. ეკონომიკას განვითარება სჭირდება და საშემოსავლო გადასახადის შემცირება მოთხოვნის ზრდას იწვევს, რადგან მოქალაქეს რჩება ფული, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე უნდა გამოჩნდეს. ექსპერტების თქმით, ეს ეკონომიკისთვის სტიმულია და, ასეთ შემთხვევაში, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როგორ აპირებს ეკონომიკის სტიმულირებას.