რა განაპირობებს ახალ საინვესტიციო მოლოდინის
გასული წლის ბოლოდან მოყოლებული საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ 2013 წელს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით სერიოზული წინსვლა იქნებოდა. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური 1 თვის წინ აცხადებდა, აღნიშნული პროგნოზის საფუძველს მას სამი ფაქტორი აძლევს: ”პირველი _ ინვესტორებს ქონებას არავინ წაართმევს, მეორე _ ინვესტორები იქნებიან დაცულნი, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან ზემოქმედებისგან და მესამე _ საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა, გახდეს რუსეთის და ევროკავშირის ბაზრების ნაწილი, რაც ძალიან დიდი წინაპირობაა იმისა, რომ ინვესტორს საქართველოში ფულის დაბანდება მოუნდეს”.
ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდა პარლამენტში, საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ ებანოიძეც. მისი განცხადებით, 2013 წელს საქართველოს შიდა პროდუქტი 6%-ით, ანუ ნომინალურ გამოხატულებაში 2 მილიონ 900 ათასი ლარით გაიზრდება, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე გათვალისწინებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 6500 ლარს გადააჭარბებს. მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს. საშუალო ვადიან პერიოდში, 2014-2016 წლებში და 2016 წლის ბოლოს, მთლიანი შიდა პროდუქტი 7%-ს მიაღწევს, ნომინალურ გამოხატულებაში კი 42,7 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ”2013 წელს, საქართველოში განხორციელებული მთლიანი ინვესტიციების მოცულობა 800 მილიონი ლარით გაიზრდება და 9 მილიარდს მიაღწევს. მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ინვესტიციების თანაფარდობის მაჩვენებელი 23,7%-ს შეადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. 2013 წელს, ინვესტიციების მთლიან მოცულობაში კერძო ინვესტიციების ხვედრითი წილი, სამთავრობო ინვესტიციებთან შედარებით, გაიზრდება და 83,7%-ს გაუტოლდება, მაშინ, როდესაც წინა წლებში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო. ეს კი საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში არსებული რესურსები ყველაზე ეფექტურად იქნას გამოყენებული” – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.
საშუალო ვადიანი პერიოდის დასასრულისთვის, (2016 წელი), საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი ოდენობა 115 მილიარდ 100 მილიონი ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული. რა აძლევს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს მსგავსი ოპტიმიზმის საფუძველს? მით უმეტეს, რომ არსებული მონაცემები არცთუ დამაიმედებელია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია საბოლოო მონაცემები, თუ რა რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში 2012 წელს. თუმცა, გასული წლის, პირველი სამი კვარტლის ჯამი – 684 მილიონი დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა.
უკვე ცხადია, რომ 2012 წლის საბოლოო მონაცემი, ნაკლები იქნება, არა მხოლოდ 2011 წლის მონაცემზე, როცა ქვეყანაში მილიარდ 117 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა; არამედ, 2010 წლის მონაცემზეც, როცა საქართველოში 814 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
2012 წლის მეოთხე კვარტალში, ინვესტიციების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია, საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება გახდა. როგორც წესი, ნებისმიერი ინვესტორი ასეთ პერიოდს ინვესტიციის განსახორციელებლად სარისკოდ მიიჩნევს. გარდა ამისა, ექსპერტთა შეფასებით, ბოლო პერიოდში ინვესტიციების შემცირებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საქართველოში კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები ლამის ტრადიციად იქცა, რაც ინვესტორებისათვის საინვესტიციო ქვეყნის შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.
არა მხოლოდ ადგილობრივი ექსპერტები, ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიმართ შენიშვნებს საერთაშორისო დონეზეც გამოთქვამენ, როგორც ექსპერტები და ინვესტორები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგალითისათვის, მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ რეიტინგში ”დუინგ ბიზნეს 2013″, საქართველოს სერიოზული წარმატებები ჰქონდა ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, სადაც მსოფლიოში მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილამდე გადაინაცვლა. თუმცა, 2012 წლის რეიტინგთან შედარებით 2 საფეხურით გაიუარესა მდგომარეობა სწორედ ინვესტიციების დაცვის კუთხით. ”ჰერიტიჯის ფონდის” რეიგინტში ”ეკონომიკური თავისუფლება 2013″, საქართველო 44 ადგილიდან 21-ე ადგილამდე დაწინაურდა, თუმცა რეიტინგში ასევე ნაჩვენებია გაუარესება კერძო საკუთრების დაცულობის, კორუფციისა და მონეტარული თავისუფლების საკითხებში.
მიუხედავად ამისა, 2013 წელს, ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა უნდა მოიმატოს. უმნიშვნელოვანესი იქნება ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აზერბაიჯანული ინვესტიცია, რომელმაც შავი ზღვის სანაპიროზე 4,5 მილიონი ტონა წარმადობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს. ეს პროექტი ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო.ეკონომიკის სამინისტრო ასევე ელოდება ინვესტიციების ზრდას ისრაელიდან, გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ეკონიმიკის ახალი მინისტრის აზრით, ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება 30-ზე მეტ ქვეყანასთან ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე ამბობს, რომ ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალი იქნება: ”ინვესტორი როდესაც შემოდის ქვეყანაში ყოველთვის კითხულობს გვაქვს თუ არა მის ქვეყანასთან ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმებული. ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს ინვესტიციების მოზიდვას”.
ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოს მხოლოდ 25 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. დავის შემთხვევაში, ასეთი ხელშეკრულება, ინვესტორს უფლებას აძლევს, ვაშინგტონში მდებარე, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრს მიმართოს. ამიტომაც აქცევენ ინვესტორები დიდ ყურადღებას მსგავსი ხელშეკრულებების არსებობას ქვეყნებს შორის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინვესტორებთან ურთიერთობის საბჭოც შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც ეკონომიკის მინისტრია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საბჭო თითოეულ ინვესტორთან ურთიერთობას ინდივიდუალურად განიხილავს. რეგულარულად შეიკრიბება და გადაწყვეტს ყველა იმ საკითხს, რომელიც კონკრეტულ ინვესტორს აინტერესებს.
ორი მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროგნოზიდან, რომელსაც მთავრობა 2013 წლისთვის გეგმავს, უცხოური კაპიტალდაბანდების მნიშვნელოვანი წილი შესაძლოა მძიმე მრეწველობაში განხორციელდეს. საქმე ეხება 250 მილიონ დოლარის ღირებულების მეტალურგიული ქარხნის პროექტს, რომლის მშენებლობაც ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. თურქულ-გერმანული კერძო საინვესტიციო ჯგუფის პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სწავლობს.
ინვესტიციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით დიდ იმედებს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ამყარებდა, რომელიც მიმდინარე წლის 23-27 იანვარს გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის წლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა და ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.”ცენტრალური აზია, მისი ზრდის პოტენციალისა და განვითარების სისწრაფის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიოში. ისტორიულად ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში. გამომდინარე იქიდან, თუ რა წვლილის შეტანის პოტენციალი გააჩნია ამ რეგიონს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში, ცენტრალურ აზიის ქვეყნების განვითარების ტემპებით დაინტერესებულნი არიან როგორც აზიის, ასევე, ევროპის ქვეყნებიც,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ჩართულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელთა მიზანი არა მარტო დასავლეთის და აღმოსავლეთის ბაზრების დაკავშირებაა, არამედ კომუნიკაციების, ვაჭრობის, ტრასნპორტისა და ტექნოლიგიების განვითარებასაც წარმოადგენს. ამას თან ერთვის უმნიშვნელოვანესი მილსადენები, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე და ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სფეროში.
”საქართველო, რომელიც უკვე ფლობს ფუნქციურ საზღვაო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურას, წარმოადგენს ბუნებრივ გაგრძელებას ცენტრალური აზიის სატრანზიტო გზის, რომელიც აკავშირებს მზარდ ევროპისა და აზიის ბაზრებს. იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანზიტო პოტენციალის კონკურენტუნარიანობა გაძლიერდეს, საჭიროა ყველა რეგიონის წევრისათვის მისაღები და კონკურენტუნარიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა”, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს ახალი ხელისუფლება უცხოელი ინვესტორების, მათ შორის, რუსი ბიზნესმენების დაინტერესებას ცდილობს და მნიშვნელოვან შედეგებს უკვე ივნისისთვის ელოდება – ასეთი შედეგით სრულდება საქართველოს დელეგაციის აქტიურობა დავოსში.
ბიძინა ივანიშვილი მოელის, რომ საქართველო რეალურ ეკონომიკურ აღმშენებლობას მეორე-მესამე წელიწადს იგრძნობს და, რომ ქვეყანა ახლო მომავალში შეძლებს სულ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. პირველ შედეგებს უკვე რამდენიმე თვეში ელოდება საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ”ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო შედეგები გვექნება წლის მეორე ნახევრისთვის. უკვე გამართული შეხვედრები მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდია ინტერესი საქართველოში ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ განსახორციელებელი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც სწორედ იმიტომ ვართ აქ, რომ ეს კონკრეტული მესიჯები მივიტანოთ ამ ადამიანებამდე”.
24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გაზაფხულზე საქართველო რუსეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. გიორგი კვირიკაშვილი მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას ორ ქვეყანას შორის: ”ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ადამიანი დასაქმდეს. ძალიან საინტერესო შეხვედრები იგეგმება რუსულ კომპანიებთანაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, მიუხედავად იმ პოლიტიკური პრობლემებისა, რაც გვაქვს ჩვენ დღეს რუსეთთან, ყველანაირი პოლიტიკური კომპრომისის გარეშე, ჩვენ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ეკონომიკური თანამშრომლობა”.
გარდა ამისა, დავოსში გამოიკვეთა ის ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც წლეულს მრავალმილიონიან კაპიტალდაბადებებს განახორციელებენ. პირველ რიგში, ესენი არიან ბიზნესმენები გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.