სუპერ-რეგულირება დროის მოთხოვნა

მაკა ღანიაშვილი

დღეს, საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში არსებული პოლიტ-ეკონომიკური და ფისკალური ვითარება, დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს ეროვნულ ბანკებსა და მათი პოლიტიკის მესვეურებს. გლობალური კრიზისის შემდეგ, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა ყველა გადაწყვეტილება უკვე დიდი განსჯისა და დისკუსიის საგანი ხდება.

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ეროვნული ბანკი? როგორ აფასებენ მის მუშაობას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და რა რჩევებს აძლევენ ისინი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას? ამ საკითხებზე გვესაუბრებიან ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ზდენეკ ტუმა და ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია.

ემზარ ჯგერენაია: ”პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ბანკის პრეზიდენტი ძალიან ჭკვიანი და კარგი განათლების მქონე ახალგაზრდაა, მაგრამ საქართველოში დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაა. განსაკუთრებით პრობლემატურია _ საბანკო და სადაზღვევო სფეროში რეგულაციის საკითხები. იმედი მაქვს, რომ ამ ორი სფეროს რეგულირება ისევ გაიყოფა. ის, რაც მოხდა 2009 წელს, სადაზღვევო კომპანიების რეგულირების ცენტრალურ ბანკთან შეერთება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო, რადგან გაზრდილი მარეგულირებელი ფუნქციების გამო, ცენტრალური ბანკი ახლა, ძირითადად, კონცენტრირებულია ამ მიმართულებაზე და ინფლაციის თარგეთირებას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას და მსგავს საკითხებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

საქართველოს საბანკო სისტემა არის საკმაოდ ძლიერი და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ის მომხმარებლებისათვის უფრო მეტად გახსნილი უნდა იყოს. მომხმარებლებს ამ სისტემაში ფაქტობრივად არანაირი უფლებები არ აქვთ. ბუნდოვანია, როგორ ხდება საპროცენტო განაკვეთების კალკულაცია, საკრედიტო კონტრაქტების მართვა. მომხმარებლები ამ საკითხებთან დაკავშირებით მიზერულ ინფორმაციას ფლობენ ან საერთოდ არ არიან საქმის კურსში. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, განვითარებისთვის კი საბანკო სექტორის აქტიურობა აუცილებელია. ბანკები არ აქცევენ ყურადღებას მომხმარებელთან კარგი ურთიერთობების დალაგებას. 1 წლის წინ ამ მიმართულებით თითქოს რაღაც ძვრები დაიწყო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია”.


ემზარ ჯგერენაია
კიდევ ერთ პრობლემას უსვამს ხაზს _ ჯანსაღი კონკურენციის შეზღუდვას ფინანსურ სექტორში. საქმე ეხება ყველა მსხვილი ბანკის მიერ სხვა ბიზნესში დიდი წილების ფლობას: ”ეს პროცესი ინტერესთა კონფლიქტს იწვევს და ქვეყანაში ბიზნესისა და ეკონომიკის ნორმალურ განვითარებას აფერხებს. ეროვნული ბანკი კი ამის შესახებ არაფერს ამბობს, რაც არაჯანსაღი ტენდენციაა. მომხმარებელი არჩევანში შეზღუდულია”.

ემზარ ჯგერენაიას აზრით, უფრო მძიმეა ის, რომ ეკონომიკის რეალური სექტორი საბანკო სისტემისგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს: ”თითქოს ბიზნესი და საბანკო სისტემა ქვეყანაში ცალ-ცალკე არსებობენ. ამის მიზეზი შეიძლება ისიცაა, რომ ბანკებს `მარტივი შემოსავალი~ აქვთ სამთავრობო სტრუქტურებიდან, მათი შეკვეთებიდან და ისინი ზედმეტად აღარ იწუხებენ თავს”, _ აღნიშნავს ექსპერტი და დასძენს _ ”რაც შეეხება ინფლაციის თარგეთირებას, ჩვენ უმუშევრობის მაჩვენებელი და ინფლაციის თარგეთირება ერთად უნდა განვიხილოთ. დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი უდიდეს ყურადღებას აქცევს ინფლაციის თარგეთირებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასობაში, უყურადღებოდ რჩება უმუშევრობის საკითხი. მართალია, ახლა ინფლაციის თარგეთირების კუთხით სტაბილური სიტუაცია გვაქვს, მაგრამ უმუშევრობა ქვეყანაში ძალიან მაღალია. ამიტომ, ეროვნულ ბანკს, ჩემი აზრით, ამაზე უფრო მეტად კონცენტრირება სჭირდება”.

ზდენეკ ტუმა, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი: ”ვფიქრობ, რომ უმუშევრობასა და ინფლაციის თარგეთირებას შორის კავშირზე თქვენს მიერ დასმული აქცენტები, ძალიან რელევანტურია. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ ევროპის ტენდენციების გათვალისწინებით, ცენტრალური ბანკების მთავარი მიზანი დღეს, ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. როცა ეს მიზანი მიიღწევა, ამის შემდეგ ხდება მეტად კონცენტრირება სხვა საკითხებზე.

ეკონომიკური მაჩვენებლები ძალიან მგრძნობიარეა, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებში _ ის ადვილად იცვლება. მონეტარული პოლიტიკის გავლენით, ეროვნული ბანკი აკონტროლებს სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების 60-65%-ს და მათ ფასებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მონეტარული პოლიტიკის წყალობით შეუძლია არეგულიროს ფასები, გაზარდოს ან შეამციროს და შედეგად _ ინფლაციის ნიშნულიც იყოს მაღალი ან დაბალი. ამიტომაც, ჩემი აზრით, ცენტრალურმა ბანკმა კონცენტრირება უნდა მოახდინოს სამომხმარებლო კალათის წილზე. ეს არის დიდი გამოწვევა. თქვენ შემთხვევაში, მაგალითად, სამომხმარებლო ფასების ინდექსში საკვები პროდუქტების ძალიან დიდი წილი გაქვთ. ამიტომაც, საკვები პროდუქტების ფასების მიმართ ეს მაჩვენებელი ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომაც არის ინფლაციის თარგეთირება მნიშვნელობა.

2012 წელს საქართველოს ბანკის მიერ გამოცხადებული სამიზნე მაჩვენებელი 6%-ია, მაგრამ, როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირდება და მალე გაუთანაბრდება განვითარებული ქვეყნების ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს. იმიტომ, რომ თქვენ ზრდის დიდი პოტენციალი გაქვთ. ეროვნულ ბანკს მართლაც შეუძლია რამდენიმე წელში 6%-დან სამიზნე მაჩვენებელი 2%-მდე შეამციროს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს არ იქნება მარტივი პროცესი. სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადება, მხოლოდ დასაწყისია, ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა პერიოდულად უნდა გამოაქვეყნოს ამ პოლიტიკის შედეგები, ხდება თუ არა სამიზნე მაჩენებლის მიღწევა და თუ არ ხდება, უნდა განმარტოს _ რატომ. ეროვნული ბანკის საქმიანობის გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ს.ე. _ როგორია თქვენი პროგნოზი, შეიცვლება თუ არა ეროვნული ბანკის სტრუქტურა ბაზრის რეგულირების კუთხით?

ზ. ტ. _ 90-იან წლებში, მთელ მსოფლიოში მოდაში შემოვიდა სხვადასხვა სექტორების მარეგულირებელი ორგანოების ერთმანეთისგან განცალკევება და დამოუკიდებელ სტრუქტურებად ჩამოყალიბება. მაშინ ბევრი ქვეყანა მიჰყვა დიდი ბრიტანეთის მაგალითს, მაგრამ ეს ტენდენცია შეიცვალა მიმდინარე გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც ისევ დაიწყო მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება. ჩემი აზრით, ეს მისაღები მოდელია, რადგან მარეგულირებელ ინსტიტუტს სჭირდება ინფორმაცია, რომელიც ერთ ადგილას იქნება თავმოყრილი, ინფორმაციის გადაცემა-დამუშავებას, ამ შემთხვევაში, ნაკლები დრო სჭირდება, შედეგად საჭირო ღონისძიებების გატარება უფრო დროულად გახდება შესაძლებელი. განსაკუთრებით, პატარა ქვეყნებში. უფრო მეტიც, ახლა, ჩემი აზრით, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშეა და ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ერთიანი მარეგულირებელი არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ სუპერეროვნულ დონეზეც უნდა იყოს, რომელიც გააკონტროლებს ისეთ ინტიტუტებს როგორიცაა, მაგალითად, HSBC, შოციეტე Gენერალე და სხვები, რომლებიც ბევრ ქვეყანაში მუშაობენ. ინფორმაციის მყისიერი მიღება-გადამუშავება და ადექვატური რეაგირება _ მარეგულირებლისთვის აუცილებელია. თუ ეს ყველაფერი ერთი სტრუქტურის ფარგლებში მოხდება, ბევრ პრობლემას ავიცილებთ თავიდან. მაგალითად, უცხოური ინვესტიციები, რომელიც თქვენს ქვეყანაში ხორციელდება საერთაშორისო ფინანსური კომპანიების მიერ, იმ ქვეყნის კონტროლს ექვემდებარებიან, სადაც დაარსებულნი არიან. ამან კი, შეიძლება მეორე ქვეყანას პრობლემები შეუქმნას. ამიტომაც მიმჩნია მიზანშეწონილად და, ვიტყოდი, აუცილებელადაც კი მულტინაციონალური კონტროლის შემოღება.

ხშირად მესმის ერთიანი მარეგულირებელი ინსტიტუტის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ეროვნული ბანკის შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკა და მარეგულირებელი პოლიტიკა ერთმანეთს უშლის ხელს და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს უჭირთ მათი ერთმანეთთან შეთავსება. ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, რომ არაფერი ამაში რთული არ არის. მონეტარული პოლიტიკა არის მონეტარული პოლიტიკა და რეგულირება არის სულ სხვა რამ. მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხორციელება თავისუფლად არის შესაძლებელი. ჩემი ხელმძღვანელობის დროს ამ მიმართულებით ჩეხეთის ცენტრალურ ბანკს არანაირი პრობლემა არ შექმნია.

ს.ე. _ ხომ შეიძლება იყოს რამიმე სახის ორგანიზაცია, რომელიც ამ ინფორმაციას მოკრებავს და გადაუგზავნის ცენტრალურ ბანკებს, ნაცვლად იმისა, რომ არსებობდეს ერთიანი მარეგულირებელი ორგანო?

ზ.ტ. _ ამ შემთხვევაშიც დაგვიანდება ინფორმაციის გადაცემა და გადაწყვეტილებების მიღება. კრიზისმაც დაგვანახა, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივი, ყოველდღიური კონტროლი. მე არ ვამბობ, რომ ეს არის უნივერსალური მოდელი და ყველას შეიძლება გამოადგეს ერთიანი მარეგულირებელი ორგანო, მაგრამ მე ვემხრობი ამ მოდელს, მმართველობის ერთიან სტრუქტურას.

ს.ე. _ ჩეხეთის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადია და ევროპაში ეკონომიკის ზრდის კუთხით _ პირველი. რა არის ამის მიზეზი?

ზ.ტ. _ ჩვენ გასულ დეკადაში მივაღწიეთ ეკონომიკის განსაკუთრებით მზარდ დონეს, მაგრამ ეს პირველობა დავუთმეთ პოლონეთს. ახლა ის უფრო სწრაფად მზარდი ქვეყანაა. უფრო მეტის დაგროვება გვიწევს მოსახლეობის დაბერების გამო, ვიდრე ვხარჯავთ. რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება ეკონომიკის სტიმულირება. რაც შეეხება ზრდის მიზეზებს, პირველ რიგში, ეს იყო ინვესტიციების დიდი მოცულობა, ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა და სხვა

ს.ე. _ საქართველოში პრობლემაა ის, რომ ბანკებს სესხის უზრუნველსაყოფად ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვთ. ხშირად იმაზე სამჯერ მეტს ითხოვენ უზრუნველყოფის სახით, ვიდრე სესხს გასცემენ. რას ურჩევდით თქვენ საქართველოს საბანკო სისტემას? უნდა ჰქონდეთ თუ არა ამხელა მოთხოვნები სესხის უზრუნველყოფაზე თუ ურჩევდით ამ მოთხოვნების გამარტივებას და უფრო მოქნილი საკრედიტო პოლიტიკის გატარებას?

ზ.ტ. _ ამ კითხვაზე ჩემთვის პასუხის გაცემა არცთუ მარტივია, რადგან ბაზარს კარგად არ ვიცნობ. შეიძლება ბანკებს აქვთ იმის საფუძველი, რომ იყოს ამხელა ბარიერები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ძნელია ჩემთვის ამის შეფასება. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ამ მოვლენებზე ეროვნულ ბანკსაც შეუძლია მონეტარული პოლიტიკით მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. ამასთანავე, თქვენს ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, რაც ასევე პრობლემაა. უცხოური ვალუტის გაუფასურება-გამყარება ადგილობრივ ბაზარზე დიდ ცვლილებებს იწვევს, რაც დიდი პრობლემაა. ამიტომ აუცილებელია ლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდა.

ემზარ ჯგერენაია: ”საქართველოში ბანკები, როგორც მხოლოდ მოლარეები ისე მუშაობენ. არანაირ ინოვაციურ პროდუქციას ისინი მომხმარებლებს არ სთავაზობენ. მათ რეალურად არ აქვთ კარგი საბანკო პროდუქტები. როგორსაც, მაგალითად, დასავლური ბანკები სთავაზობენ მომხმარებელს”.

ზდენეკ ტუმა: ”ჩემი აზრით, თქვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, ეს შეიძლება ნორმალურიც იყოს. იგივე ჩეხეთი ავიღოთ. როცა მე ჩვენს ეკონომიკასა და ფინანსურ ინსტიტუტებს ვადარებ სხვა ქვეყნებისას, მაგალითად, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთისას, ვხვდები, რომ ჩეხეთის ეკონომიკას კიდევ ბევრი აკლია მათი განვითარების დონემდე. გასაკეთებელი ბევრია. ალბათ, საბანკო პროდუქტებიც ნელ-ნელა დაიხვეწება. ბევრი ისეთი საბანკო პროდუქტი არსებობს, რომელიც, მაგალითად, გერმანიაში არის, მაგრამ ჩეხეთში არა. ეს არ არის მხოლოდ ბანკების ბრალი, არამედ იმისაც, რომ, გერმანიისგან განსხვავებით, მოთხოვნა მსგავს პროდუქტებზე ჯერ ჩეხეთის ბაზარზე არ არსებობს. ბანკები ფინანსური სისტემის კვალდაკვალ ვითარდებიან, ისინი ამოგლეჯილად, ცალკე კონტექსტით ვერ განვითარდებიან, ამიტომაც საბანკო პროდუქტების დახვეწა და შეთავაზება შეიძლება დრომ თავისთავად მოიტანოს”.

ს.ე. _ თქვენ რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყოთ, რას შეცვლიდით?

ზ.ტ. _ კომუნიკაცია და თანამშრობმლობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ, ახალ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის. ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ახალი პრეიერ-მინისტრის განცხადებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. რაც არ არის სასურველი. უნდა იყოს ნდობა მხარეებს შორის. ერთმანეთის როლს და გადაწყვეტილებებს პატივი უნდა სცენ, რადგან ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოითხოვს ძალისხმევას როგორც ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის მხრიდან.

ემზარ ჯგერენაია: ”გეთანხმებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი, ისევე როგორც მთლიანად მთავრობა, ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ. მაგრამ ახლა ეს პრობლემატური საკითხია საქართველოში. არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ბევრი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი არის სააკაშვილის კაცი. მაგრამ ის უნდა იყოს მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე. მაგალითად, უახლესი შემთხვევა, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში ბოლო კვარტალში გაუარესდა, ისე ჟღერდა, თითქოს ის ამაში ახალ მთავრობას ადანაშაულებდა. ამას მალევე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი. თითქოს მათი პოლემიკა გაჩაღდა. ჩემი რჩევა იქნება, შეინარჩუნონ დუმილი და აკეთონ თავიანთი საქმე, თანაც ურთიერთშეთანხმებულად. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის საქმე პოლიტიკაში არ უნდა აურიოს. თანაც, ის ძალიან კარგი პროფესიონალია და უნდა აკეთოს თავის საქმე. მითუმეტეს ახლა ასეთ რთულ დროს”.

ს.ე. _ ბატონო ზდენეკ, თქვენ რომ იყოთ საქართველოს ბანკის პრეზიდენტი, რას გააკეთებდით ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად?

ზ.ტ. _ ჩვენ ისევ ვუბრუნდებით ჩვენი დისკუსიის დასაწყისს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფასების სტაბილურობას ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის ტემპები იყოს სტაბილური და სამიზნე მაჩვენებელი სრულდებოდეს. ამაზეა დამოკიდებული ფინანსური სექტორის სტაბილურობა. ამასთანავე უნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

* * *

საკონსულტაციო კომპანია OGResearch-ის (wwwogresearch.com) პარტნიორის და ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ზდენეკ ტუმას საქართველოში ვიზიტი განხორციელდა EBRD-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას და ტექნიკურ დახმარებას ეროვნული ბანკის ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდისთვის. პროექტი დაიწყო 2012 წლის გაზაფხულზე და გაგრძელდება წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ პროექტის ფარგლებში პირელ ეტაპზე მომზადდა ეკონომეტრიკული მოდელი, რომელიც ცენტრალური ბანკისთვის პროგნოზირების ახალი საშუალებაა.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკაზე გავლენას გარკვეული დროის შემდეგ ახდენს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები პროგნოზებსა და მომავლის ანალიზზე დაყრდნობით მიიღება. სწორედ ამიტომ, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკისთვის გადამწყვეტია პროგნოზირების თანამედროვე მეთოდების არსებობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD) მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზირების მეთოდების დასახვეწად. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის ჩამოყალიბების, ასევე ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით: შემუშავდა საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით „ახალი კეინსიანური ზოგადი წონასწორობის მაკროეკონომიკური მოდელი” (NKDSGE), რაც მსოფლიოს ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ გამოყენებული, მაკროეკონომიკური პროგნოზირების ძირითადი საშუალებაა.

ამ პროექტის მეორე და მესამე ეტაპზე მიმდინარეობს ზემოხსნებული მოდელიდან მიღებულ შედეგებზე დაყრდობით უკეთესი კომუნიკაციის დანერგვა. ამ მიზნით, შეიცვლება ინფლაციის მიმოხილვის ფორმატი. განახლებული ინფლაციის მიმოხილვა უკვე თებერვალში გამოვა, რომელიც ფოკუსირებული იქნება მომავალ პროგნოზებსა და მათ ანალიზზე. უფრო ოპერატიული გახდება გამოქვეყნების ვადებიც, ნაცვლად კვარტლის დასრულებიდან სამი თვისა, ინფლაციის მიმოხილვა გამოქვეყნდება მიმდინარე კვარტალის მეორე თვეს. ინფლაციის მიმოხილვა, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციისთვის ძირითადი ინსტრუმენტი გახდება. ამასთან ინფლაციის მიმოხილვის გამოქვეყნებას მოჰყვება ანალიტიკოსებთან პრეზენტაცია. ასევე, კვარტალში ერთხელ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჩატარდება პრეს-კონფერენციები მიღებული გადაწყვეტილებისა და პროგნოზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად.