„წლის ბოლომდე მივალთ კურსით – 2.10“


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ, 2 აპრილს, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარებისა და სამომავლო პროგნოზების შესახებ ისაუბრა.


ემზარ ჯგერენაია: ლარის კურსის ვარდნა, რა თქმა უნდა, რთულად აისახება ბევრი ჩვენი მოქალაქის ცხოვრებაზე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი, მოსახლეობას ძალზე ძვირი უჯდება დოლარში აღებული კრედიტების მომსახურება. მეორე, ლარის კურსის ვარდნა მძიმე ტვირთია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით – მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, მათ კურსის ვარდნის გამო, გეგმების გადაწყობა და ახალი კალკულაციების გაკეთება მოუწიათ.

ბიზნესმენები დღეს დიდი დილემის წინაშე არიან: ბევრი ბიზნესი უშუალოდ დაკავშირებულია იმპორტირებულ საქონელზე, როცა ლარი უფასურდება და დოლარი უძვირდებათ, ცხადია, ეს მათ დანახარჯებს ზრდის. ახლა უწევთ იმაზე ფიქრი, რა პასუხი გასცენ ხარჯების ზრდას. თუ გააძვირებენ საქონელს, რეალიზაცია შეუმცირდებათ და ეს ბიზნესს დააზარალებს, მაგრამ თუ ფასებს არ გაზრდიან, გაზრდილი ხარჯები მაინც უარყოფითად აისახება ბიზნესის განვითარებაზე. ეს არის დიდი გამოწვევა ბიზნესისთვის.

კურსის ვარდნასთან დაკავშირებით მესამე დიდი პრობლემაა ის ხალხი, ვინც მოლოდინის რეჟიმშია და ფასების უფრო მეტად ზრდას ელოდება, რადგან საშუალოვადიან პერიოდში, როცა ვალუტის კურსი ეცემა, რამდენიმე თვეში მას მოჰყვება ინფლაციური ზრდა. კი ბატონო, ჩვენ, თეორიტიკოსები, ექსპერტები, სპეციალისტები და მთავრობის წევრები ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი იფლაციის სამიზნე მაჩვენებელი არის 5% და ეს კარგია, მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს, არ მესმის – თქვენ გიხარიათ, როცა ინფლაცია ხდება 3%, რადგან მიმდინარე ანგარიშთა გეგმიდან გამომდინარე, მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ მე, მოქალაქეს არ მაინტერესებს მიმდინარე ანგარიშთა გეგმა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მე ჩემი გადმოსახედიდან გეუბნებით, რომ ვარ ინფლაციურ მოლოდინში და ეს არ მაწყობს, რადგან ბაზარი მიმცირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, აქ მთავრობის ხედვა სწორია, როცა ის ამბობს, რომ თებერვალში გაუმჯობესდა სიტუაცია და მარტში – კიდევ უფრო, განსაკუთრებით, ექსპორტთან დაკავშირებული მონაცემები და ამან საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. წარმოება გაიზარდა, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იმანენტურად არ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, არ აისახება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ის ახლა ძალიან რთულ სიტუაციაშია.
იგივე შეიძლება ითქვას ბიუჯეტის დეფიციტზე. თებერვალში გაიზარდა საბიუჯეტო თანხების საგადასახადო კუთხით მობილიზაცია და მარტში – უფრო. უმნიშვნელოდ, მაგრამ ბიუჯეტი გახდა პროფიციტული, მაგრამ ეს მოქალაქისთვის არაფერს ნიშნავს, მას უნდა დასაქმება, დასაქმება და დასაქმება. ეს ერთი და მეორე, ის არ უნდა იყოს ხვალინდელი დღის შიშის და ინფლაციური მოლოდინის წნეხის ქვეშ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია.

პროგნოზებს რაც შეეხება, რუსეთში ოდნავ გაუმჯობესდა სიტუაცია, ირანთან მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი მაინც 57-58 აშშ დოლარის ირგვლივ ტრიალებს, რუსეთთან მიმართებაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კურსი შედარებით გაუმყარდა და რუსეთის ეკონომიკის ვარდნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მაინც კრიზისულ სიტუაციაშია, ამ წუთში შეჩერებულია. ეს იმანენტურად მოქმედებს ჩვენი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელზე და ტრანსფერების ზრდაზე. მაგრამ ყველა ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებდა და მოქმედებს ზოგადად ვალუტის კურსზე, ისევ ისე რთულ სიტუაციაშია ჯამობრივად, ევროპაში, უკრაინაში, რუსეთში და რეგიონში ერთად აღებული. აქ ვითარების გამოსწორების რამე დიდი ნიშანი არ არის, გარდა იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გახდა 4.9% და ბიუჯეტი არ არის დეფიციტური. ამ ორი მაჩვენებლის გარდა, ჩვენ ჯერჯერობით ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით. ამ მაჩვენებლებმა გამოიწვია ის, რომ ვარდნა არ არის მყისიერი და ლარის გაცვლითი კურსის წონასწორობის წერტილი 2.2-ის ირგვლივ ჩამოყალიბდა.
ჩემი ვარაუდით, მარტსა და აპრილში უფრო გაუმჯობესდება სიტუაცია. მაისის ჩათვლით ლარის კურსის წონასწორობის წერტილი 2.18-2.2 იქნება, მერე უკვე ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ეკონომიკა, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა და რა ვითარება იქნება რეგიონში.

მაისის შემდეგ, ჩვენ ველოდებით უკვე პრივატიზაციის შედეგებს, უნდა დადგეს ის დრო, როცა სავალუტო ნაკადები გაიზრდება, მაისის შემდეგ ველოდებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგებს პრივატიზაციის კუთხით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ინფრასტრუქტურული პროექტების ამოქმედების კუთხით, ეს მნიშვნელოვანია, საკმაოდ სერიოზული ნაწილი დაფინანსების კუთხით – მაისიდან სექტემბრის ჩათვლით – პერიოდზე მოდის, ვფიქრობ, რომ ამ პერიოდში უკვე ეს სამივე ფაქტორი (ინვესტიციები, პრივატიზაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები) ამუშავდება და კურსი სადღაც 2.10-2.15-ის ირგვლივ ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საერთაშორისო ფაქტორები, საერთაშორისო ბაზარზე დოლარის გამყარება უფრო ნაკლები ტემპით ხდება და ასე გაგრძელდება წლის ბოლომდე, ნავთობის ფასის ვარდნა გაგრძელდება ასევე წლის ბოლომდე, ისევე როგორც სასაქონლო ბირჟებზე ფასების ვარდნა (რკინა, ფეროშენადნობი, გაზი, ხორბალი და ა.შ.). კვლავ აქტუალური იქნება სხვა გარე ფაქტორებიც, რომლებიც აქამდეც დიდ გავლენას ახდენდნენ ლარის კურსზე. ამ ზეწოლის და წნეხის ქვეშ, ჩვენ წლის ბოლომდე მივალთ 2.10 კურსით. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუ რამე რთული, ფეთქებადი და არაპროგნოზირებადი არ მოხდა.