ელექტრონული მთავრობის ეკოსისტემა, როგორც ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი
რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი
გლობალური კრიზისის თანმდევი შედეგების პრევენციასა და პასუხს წარმოადგენს ელექტრონულ მთავრობაზე (ე-მთავრობა) ფოკუსირება. ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისთვის განვითარებული ქვეყნების მთავრობა აფართოებს ე-მთავრობის მომსახურების სპექტრს, აუმჯობესებს ფართოზოლოვანი ქსელის ინფრასტრუქტურას, ზრდის კაპიტალდაბანდებებს, ე-მთავრობის დანახარჯებს, ICT-ის სფეროში სტიმულირებს ინვესტიციებს, კერძო სექტორში ახდენს სხვადასხვაგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერვენციას.
ელექტრონულ ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკის ფორმირებასა და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ადგილის დამკვიდრებაზე გავლენას ახდენს ე-მთავრობა, მისი მრავალფეროვანი ელექტრონული პროდუქტი და მომსახურება, ე-კომერცია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბაზა, ICT-ის ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური ინოვაცია, მყარი საგანმანათლებლო სისტემა, ინფორმაციული საზოგადოება და ცოდნიერი ადამიანური კაპიტალი.
ექსპერტების შეფასებით, ე-მთავრობის პროგრამები განიხილება, როგორც ეკონომიკის აღდგენის პროგრამა, რომლის დანერგვა წარმოაჩენს ახალ ეკონომიკურ განზომილებებს, ინიცირებს სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას, განახლებას, ადვილად მართვას, მართვაში მეტ მონაწილეობას, ეკონომიკური პოლიტიკის მიზნების რეალიზებას, ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას. მისი დანერგვით ქვეყანა იღებს პირდაპირ და არაპირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს, ახდენს ციფრული უთანასწორობის აღდგენას, ნდობითი ურთიერთობების განმტკიცებას.
ე-მთავრობა დინამიურად ფუნქციონირებადი და სოციალურად პასუხისმგებელი მიმართულებაა, რომელიც გვევლინება პროდუქტიულობის ამაღლების, სოციალური უსაფრთხოების ზრდის, სიღარიბის დაძლევის, სტრუქტურული გარდაქმნის, პოლიტიკური ნდობისა და რწმენის აღდგენის, ინდუსტრიალიზაციის მამოძრავებლის როლში.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ე-მთავრობის მნიშვნელოვან სარგებელს წარმოადგენს რაციონალიზაცია, ღირებულების ზრდა, ცხოვრების ხარისხის ამაღლება, ლოკალურობა, მისი სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური ეფექტიანობა მონეტარული მნიშვნელობით (difu.ge).
კვლევები ადასტურებს, რომ ე-მთავრობა, ტექნოლოგიური პროგრესით, ინოვაციით, მუდმივად განვითარებადი მომსახურების სექტორის პროდუქტიულობით, კერძო და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთქმედებით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული ხედვით დინამიურად მოძრაობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. იგი ურთიერთქმედებს გამჭვირვალობის, ბალანსის, თანამშრომლობის, ჩართულობის, ურთიერთდამოკიდებულების, ანგარიშვალდებულებისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის. მის კონცეფციას სისრულეში მოჰყავს, როგორც ”მთავრობის კეთილდღეობა”, ისე საზოგადოების სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობა.
OECD-ს ანგარიშით, გლობალური კრიზისის შემდგომ ქვეყნების უმრავლესობამ ოფიციალურად აირჩია ე-მთავრობაში ჩართვა და მის პროგრამებზე ორიენტირება, როგორც ეკონომიკური სტიმულირებისა და აღდგენის პაკეტის ნაწილი (ავსტრია, ირლანდია, იტალია, გერმანია, იაპონია, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ი და სხვა). ე-მთავრობის პროგრამების პრიორიტეტულობა, ხარისხიანი სახელმწიფო მომსახურება, მოქალაქეებზე ფოკუსირება, ნდობის განმტკიცება გახდა მთავრობის პოლიტიკური მიზანი, როგორც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა. იგი გამჭვირვალე ინსტრუმენტია, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს მომავალი ზრდისთვის მხარი დაუჭიროს და განამტკიცოს სოციალურ-ეკონომიკურ მიზნები.
ე-მთავრობის პროგრამების მრავალმიზნიანი ეკონომიკური როლი აღიარებულია, როგორც ეკონომიკური რეცესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკის აღდგენის პროგრამა, რომელიც:
– ეკონომიკური და სასარგებლო ეფექტისთვის ფუნდამენტურად ცვლის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საქმიანობას, ზრდის ეკონომიკურ აქტივობას, არაპირდაპირ ზრდის ეკონომიკურ ბრუნვას, კერძო სექტორს აუტსორსინგით გადასცემს არაპროფილურ ფუნქციებს, ახდენს სახელმწიფო შესყიდვების მომსახურების ცენტრალიზაციას. მისი ერთიანი სტრუქტურა ხელს უწყობს ეფექტიანობის ზრდას, ამცირებს შესყიდვის პროცესებთან დაკავშირებულ დანახარჯებს;
– ამცირებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ინდივიდუალურ დანახარჯებს (დროის, ენერგიისა და ფულის თვალსაზრისით);
– ფასეულობის ოპტიმიზაციით, მოქნილობით, დინამიურობით, მწარმოებლურობის ამაღლებით, დამატებითი ”ტვირთისა” და დანაკარგების შემცირებით ქმნის ეკონომიის გენერირების შესაძლებლობას;
– თანამედროვე გზებით უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან და დინამიურ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის შექმნას, ეკონომიკის ზრდას, მეტი სამუშაო ადგილსა და მაღალ სოციალურ ერთობას;
– ე-მთავრობის დანერგვა უზრუნველყოფს ჯანსაღ საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებული ვალდებულებების შესრულებას, პატიოსან კონკურენციას, სამართლიან ფასწარმოქმნას, გამჭვირვალე პარტნიორულ ურთიერთებებს, ყველა სექტორის პროდუქტიულობის სტიმულირებას, მომავალი თაობის ტექნოლოგიებში ინვესტიციებსა და კაპიტალის ზრდას;
– კანონებითა და წესებით ხელს უწყობს ონლაინ ბიზნეს ინიციატივებს, ე-კომერციაში თანამონაწილეობით ქმნის სასარგებლო ეფექტებს, სახელმწიფო როლის გარდაქმნით მთავრობას ქმნის ე-კომერციის აქტიურ თანამონაწილესა და მოთამაშეს. იგი ფართო ტრანსაქციულ გარემოში ფუნქციონირებს, როგორც მომხმარებელი, ე-კომერციის მიმწოდებელი და მომსახურებასთან დაკავშირებული (AllianceLawGroup.com).
– პროგრამებითა და ინიციატივებით წარმოდგენილია, როგორც ე-კომერციის ბიზნეს საქმიანობის სტიმულირების ინსტრუმენტი, ბიზნეს კლასტერის შექმნის პლატფორმა, მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს ფორმირების მამოძრავებელი;
– ე-კომერციაში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით, რითაც ზრდის ინტერნეტ-კომპანიების რენტაბელობას.
ე-მთავრობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა განიხილება, როგორც ეინსტრუმენტი ციფრული ეკონომიკის ხელშემწყობისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების შესაძლებლობებით.
ციფრულ ეპოქაში ე-მთავრობის დინამიზმსა და პროდუქტიულობას უზრუნველყოფს განვითარებული ICT-ის ინდუსტრია, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი კავშირი, ინფორმაციული სისტემა, ინტერნეტ-მომხმარებელთა მზარდი სეგმენტი. ICT-ი არის ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი, რომლის განვითარებით ე-მთავრობა პოზიტიურ კორელაციაშია ინტერნეტ-ეკონომიკის ზრდასთან. მაგალითად:
– ე-მთავრობა ქმნის საიმედო და პროგნოზირებად საინვესტიციო კლიმატს. მისი ხელშეწყობით ICT-ში ინვესტირების ზრდა პროპორციულია ღირებულების გამომუშავების წილისა;
– ICT-ის სფეროში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის გამო ბიზნეს-სექტორი მუდმივად განიცდის კაპიტალის აკუმულირების მზარდ ტემპებს (კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) (RIEAS);
– ე-მთავრობის აუცილებელ ინფრასტრუქტურაში (ფართოზოლოვანი კავშირში) ინვესტირების პრიორიტეტულობა, განიხილება როგორც ეკონომიკის აღდგენის ნაბიჯი, ახალი სამუშაო ადგილებისა და გრძელვადიანი სოციალური სარგებლის შექმნის სტიმული;
– ინვესტიციების ეკონომიკის ეფექტით, ფართოზოლოვანი კავშირის დანერგვა დამატებით 8.3-10.6 მლრდ დოლარის შემოსავლის გენერირების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ამერიკის Iთ ქსელის ინფრასტრუქტურაში 30 მლრდ $ დამატებითი ინვესტიციების სტიმულირება 949 ათას სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა (OEჩD, 2012). გერმანიაში ფართოზოლოვან კავშირის ტექნოლოგიაში ინვესტირებით შესაძლებელია 968 ათას სამუშაო ადგილის შექმნა და 230 მლრდ დოლარის პროდუქციის მიღება (10 წელიწადში);
– ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ღირებულება გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. OECD შეფასებით, ფართოზოლოვანი კავშირის ინფრასტრუქტურაში 1.2 მლნ დოლარის დაბანდება გენერირებს დაახლოებით 27-84 სამუშაო ადგილს (4 წელიწადში).
– The World Economic Forum-ის შეფასებით, ICT-ის სექტორის საინვესტიციო ღირებულება პირდაპირ გავლენას ახდენს 1.2 მლნ ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე, ხოლო არაპირდაპირი ზეგავლენით 25.3 მლნ ახალი სამუშაოს შექმნაზე (5 წელიწადში);
– OECD კვლევითი ანგარიშით, ქვეყანაში ფართოზოლოვანი კავშირის 1%-იანი ზრდა იწვევს დასაქმების დონის 0.2-დან 0.3 %-მდე ზრდას ხოლო ქვეყნის ეკონომიკის ზრდას საშუალოდ 0.025%-ით;
– ITU-ს კვლევის ანგარიშით, მსოფლიო ვაჭრობაში Iჩთ-ის პროდუქციის გლობალური ექსპორტის წილად მოდის 12%, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 20% (2010 წ). ტელეკომუნიკაციის სექტორის შემოსავლები შეადგენს 1.5 ტრლნ დოლარს (მშპ-ის 2.4%-ი, 2010წ), ხოლო ტელეკომუნიკაციის სექტორში კაპიტალდაბანდებები – 241 მლრდ დოლარს (55 ქვეყნის მიხედვით, 2012 წ);
– The World Economic Forum-ის შეფასებით ევროკავშირის ქვეყნებში, ICT-ის ინდუსტრიის ხელშეწყობით მშპ-ის ზრდა 25%-ია, პროდუქტიულობის ზრდა – 40% (2012წ);
– ე-მთავრობის ხელშეწყობით, 2012 წელს G 20 ქვეყნის ინტერნეტ-ეკონომიკამ შეადგინა დაახლოებით 2.5 ტრლნ $ (budde.com.au). ყველაზე დიდი ინტერნეტ-ეკონომიკა აქვს (მშპ-ში $),: დიდი ბრიტანეთს, სამხრეთ კორეას, ჩინეთს, აშშ-ს, იაპონიას (CNNMoney);
განვითარებული ქვეყნებში, ე-მთავრობის განვითარებაში სახელმწიფოსთან ერთად წამყვან როლს თამაშობს კერძო სექტორი (აშშ, იაპონია), ხოლო განვითარებად ქვეყნებში, სადაც კერძო სექტორი სუსტია და არ იმყოფება ლიდერის პოზიციაში, ე-მთავრობის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში მთავრობაა მოწინავე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ე-მთავრობა და კერძო სექტორი ერთად ქმნის ბუნებრივ სინერგიას.
ბიზნეს სივრცეში, ე-მთავრობის პროგრამები მწარმოებლურობის ამაღლების კატალიზატორია, რომელიც სტიმულირებს ე-კომერციის განვითარების ძირითად მოთხოვნებს, როგორიცაა უსაფრთხო ონლაინ ანგარიშსწორება, უსაფრთხო ICT ინფრასტრუქტურა, პროგრამული უზრუნველყოფა, ტელეკომუნიკაციის ქსელებსა და მოწყობილობებზე მოთხოვნის შექმნა, სერვერებისა და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის დაცვა და ა.შ
ე-მთავრობის ეკოსისტემის შემადგენელი კომპონენტებია სოციალური ქსელის პლატფორმა, მობილური ტექნოლოგიები, პორტატული მოწყობილობები. ეს ტექნოლოგიები აქტიურად ეხმარება ე-მთავრობას ეკონომიკური მიზნების რეალიზებაში და წარმოადგენს ე-კომერციის ზრდისა და კერძო სექტორის სტიმულატორს.
ამ ტექნოლოგიებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფიჭურ ტექნოლოგიებს, რომელთა წვდომა აღიარებულია ეკონომიკური ძირითადი რესურსის სახით. კერძოდ, მობილური ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელების ხელშეწყობას ქვეყნის ეკონომიკაში ისეთივე წვლილი შეაქვს, როგორც 1 %-იან ეკონომიკურ ზრდას (United Nations, 2012).
მსოფლიო ეკონომიკის სურათის გაანალიზებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ლანდშაფტს ცვლის ე-მთავრობის ინდუსტრია და განვითარებული ფართოზოლოვანი კავშირი. 2012 წლის International Telecommunication Union-ის ანგარიშით 144 ქვეყნიდან მხოლოდ 127 ქვეყანას ჰქონდა ფართოზოლოვანი კავშირის ნაციონალური სტრატეგია (უნივერსალური კავშირის/მომსახურების ჩათვლით), რომელთა სიაში საქართველო არ არის.
საქართველოს ე-მთავრობა ჩანასახოვან მდგომარეობაშია. მისი კონცეფცია არ არის დანახული ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური და სოციალური სისტემის თვალთახედვით. ე-მთავრობის არსებული პლატფორმა არ ახდენს ეკონომიკური და ბიზნეს რეალიების შესახებ ინფორმირებას, არ იცავს ბალანს კლიენტების საჭიროებას, ე-მთავრობის აპლიკაციების, მომსახურების სიდიდის, სტრუქტურის, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, ადმინისტრაციული სარგებლისა და დანახარჯების, ინფორმაციის წარმოდგენის არხების, პოლიტიკური და სტრატეგიული პრიორიტეტებს შორის.
ე-მთავრობის განვითარების ცენტრალურ ასპექტია დანახარჯები და შემოსავლები, მცირე კაპიტალდაბანდებები და საბიუჯეტო დაფინანსება, რაც საქართველოში კლების ტენდენციითაა წარმოდგენილი (ბიუჯეტის დაფინანსება 3 მლნ ლარამდე). მიზნობრივი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტს არ წარმოადგენს ICT-ის სფერო, შესაბამისად ცხადი მაკროეკონომიკური ეფექტის წარმოქმნის ალბათობა დაბალია.
საქართველოში ფრაგმენტალურია ე-მთავრობის სფეროს კვლევები, ონლაინ ბიზნეს ტენდენციების მიუხედავად არ ხდება ე-კომერციის ტემპებისა და ინტერნეტ-ეკონომიკის რაოდენობრივ მაჩვენებლებში გაზომვა, არ წარმოებს ე-მთავრობისა და ე-კომერციის სტიმულირების ინტერვენციონისტული მიდგომა, ამიტომ რთულია ქართული ე-მთავრობის ეკონომიკური შედეგების შეფასება.
ვინაიდან და რადგანაც ე-მთავრობას აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეკონომიკურ ზრდასთან, ხოლო ე-მთავრობის ეკონომიკური განზომილება ფართოა და რესურსებით მდიდარი, ამიტომ საქართველოს მთავრობისთვის მიზანშეწონილი იქნება ე-მთავრობაზე ფოკუსირება, რაც ქვეყანაში შექმნის ეკონომიკის განვითარების ბაზისს, ხოლო კერძო და სამოქალაქო სექტორს უზრუნველყოფს სოციალ-ეკონომიკური სარგებლით. მისი განვითარებით ფუნდამენტურად შეიცვლება ეკონომიკური ლანდშაფტი, მოხდება ადმინისტრაციული რეფორმირება, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესებით კი ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სამუშაო ძალის პროგრესული განვითარება და დასაქმების ზრდა.