გარემოს დაცვის სამინისტრო მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიას ამუშავებს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტის აშენებით დაინტერესებულია. გარემოს დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის თქმით, საქართველოში ნარჩენების მართვის მოწესრიგებაზე 20 წელია საუბრობენ, მაგრამ ქვეყანას კანონი აქამდე არ ეღირსა. დღეის მდგომარეობით შესაბამისი ნორმები ან სხვადასხვა კანონშია გაფანტული ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით რეგულირდება ან საერთოდ არ რეგულირდება.

მინისტრის ინფორმაციით, ნარჩენების გადამუშავების დაწყებაზე სამინისტროს ნება არსებობს. ამჟამად ნარჩენების მართვის სტრატეგია მუშავდება, რის შემდეგაც ექსპერტების თანამონაწილეობით სამოქმედო გეგმა მომზადდება. სწორედ მასში გაიწერება, თუ რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ნარჩენების მართვის პრობლემის მოსაგვარებლად. ”ამ საკითხის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენთან მოდის ძალიან ბევრი ინვესტორი და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არკვევს. ამ პრობლემის გადაჭრით ჩვენც დაინტერესებულნი ვართ”, – აღნიშნა ხათუნა გოგალაძემ.
საქართველოში რამდენიმე წლის წინათ მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტის მშენებლობაზე იყო საუბარი, თუმცა შესაბამისი პროექტის არ განხორციელდა, ამის მიზეზად ობიექტის
მშენებლობისათვის საჭირო დიდი თანხა
დასახელდა.