ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების მართვის პროცესში ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობა ჩართო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების მართვის პროცესში კიდევ ერთი ინსტრუმენტი _ ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობა ჩართო. პროცესი მარტის თვიდან დაიწყო და მსოფლიო ბანკის მისია საქართველოს ეროვნულ ბანკს სპეციალურად ამ პროექტზე დაკვირვების მიზნით ეწვია.
როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ”ფიუჩერსი” ფინანსური შეთანხმებაა, რომელიც საერთაშორისო რეზერვების პორტფელის მართვის ეფექტურობისა და შემოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, ამავდროულად, უზრუნველყოფს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის საპროცენტო განაკვეთების რისკების დაზღვევას.
ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობისას, მხარეები კონტრაქტის დადების დღეს თანხმდებიან სტანდარტული აქტივის ყიდვაზე ან გაყიდვაზე წინასწარ განსაზღვრული დროისა და ფასის მითითებით. ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფიუჩერსული კონტრაქტები არის საპროცენტო განაკვეთისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფიუჩერსები. ორივე მათგანი ივაჭრება ჩიკაგოს ბირჟაზე, რომელიც აშშ-ის დოლარში დენომინირებული ფინანსური კონტრაქტების ყველაზე დიდი ბაზარია.