თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია ჩატარდა
26-27 მარტს თბილისში მეთორმეტე საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია ”ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა – GIOGIE-2013” გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების და ენერგოუსაფრთხოების საკითხები. ასევე, იმსჯელეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივების, ენერგოსექტორში დაგეგმილი და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ.
ღონისძიება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახი კალაძემ გახსნა. მისი განცხადებით, ეს შეხვედრა შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ რეგიონში ენერგოუსაფრთხოების გამოწვევებზე ერთობლივი მიდგომა ჩამოყალიბდეს. კალაძის თქმით, საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრები მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ენერგორესურსების შეზღუდულობის გამო ენერგეტიკული ბაზრები ხშირად პოლიტიკურ გავლენის ქვეშ ექცევა. აქედან გამომდინარე, გამოწვევებზე საპასუხოდ ერთობლივი მიდგომის ჩამოყალიბება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
”საქართველო რეგიონში მიმდინარე პროცესების განუყოფელი თანამონაწილეა. ამის ნათელი დადასტურება მიმდინარე საერთაშორისო პროექტებია. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ საიმედო ენერგეტიკული პარტნიორია. იგი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ახალი ხელისუფლება მის ასათვისებლად ყველაფერს გააკეთებს. დღეისათვის ენერგობაზრების დივერსიფიკაცია აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორს, ამ თვალსაზრისით, სერიოზული როლის შესრულება შეუძლია. კონფერენციაზე ბევრი პროექტი განვიხილეთ, მაგალითად ”შაჰდენიზი”, რომელიც სამომავლოდ ითვალისწინებს გაფართოებას და ეს ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგეგმება გაზის მოცულობის 16 მილიარდამდე გაზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ამ მილში გატარებული გაზის 5% რჩება საქართველოში”, – აღნიშნა კახი კალაძემ.
როგორც კონფერენციაზე მყოფმა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ედუარ სტავიცკიმ აღნიშნა, მისი ქვეყნის კარი გახსნილია ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობისათვის. სტავიცკის მოსაზრებით, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონს ევროპისა და მსოფლიოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია.
”უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში განახლებადი ენერგიის ათვისებაზე. ვიმედოვნებ, რომ ეს კონფერენცია ერთობლივი პროექტების შესასრულებლად და შემდგომი კონტაქტების დასამყარებლად დიდი სტიმული გახდება. კონფერენციაზე განხილული პროექტები ჩვენი ქვეყნისთვის მიმზიდველია, რადგან უკრაინა გზაის სატრანზიტო ქვეყანაა. ჩვენი დელეგაცია აქ იმიტომ ჩამოვიდა, რომ საქართველო-უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხი განვიხილოთ, ეს განსაკუთრებით ნახშირწყალბადის უკრაინა-საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირების საკითხს ეხება. ეს ძალიან პერსპექტიული პროექტია, იმ ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რომელიც შავ ზღვაზე დერეფნის აღდგენის საშუალებას იძლევა”, – აღნიშნა ედუარდ სტავიცკიმ.
უკრაინის დელეგაციის გარდა, თბილისში ჩატარებულ კონფერენციას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ყაზახეთის საელჩოების, ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრები, ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე კომპანიები და ექსპერტები.