პრეზიდენტმა რაგბზე გული ვერ მოიბრუნა
ეკა ლომიძე
სპორტი თავის წარმოსაჩენად ყველაზე კარგი საშუალებაა. რაგბი კი თავისი მნიშვნელობით მესამე სპორტული სახეობა, რომლის თამაშიც სტადიონზე ხდება და მაყურებლის ფართო აუდიტორია ჰყავს. ცივილიზებულ ქვეყნებში მისი განვითარება სახელმწიფო ინტერესებში შედის, რადგან იგი აყალიბებს ადამიანს, როგორც პიროვნებას, რომელიც გამოსადეგია თავისი ქვეყნისათვის არა მარტო ომის დროს, არამედ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, რადგან კაცი, რომელსაც ღირსების გრძნობა გააჩნია, არ იქნება კორუმპირებული.
კორუფცია დასაგმობია, კორუმპირებული ადამიანები საზოგადოებას სჭირდება არა მარტო ექსტრემალურ სიტუაციაში, არამედ დიდ თანამდებობებზე. მოწინავე ქვეყნებში მთელი ინსტიტუტები მუშაობენ რაგბის განვითარებაზე, რადგან იქ სხვა მორალია, რაგბს სულ სხვა აღმზრდელობითი ფუნქციები აკისრია. ფეხბურთი არის ბიზნესი, სადაც კეთდება დიდი ფული და მასში უზარმაზარი კომერციული ინტერესებია ჩადებული. რაგბი არის ფასეულობა, რომლის განვითარებას ქვეყანა პირდაპირ დოტაციას უწევს და მის სახელმწიფოებრივ ინტერესებში შედის.
საბედნიეროდ, ჩვენს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში სპორტის სახეობაში გამოჩნდა ფლაგმანი, რომელმაც დიდი სიხარული მოუტანა ქართველ გულშემატკივარს. მხედველობაში გვაქვს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ორი შეხვედრა: საფრანგეთის და სამხრეთ აფრიკის “ა” ნაკრებებთან. საფრანგეთთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, რატომღაც მოველოდით, რომ თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონი ხალხით გადაჭედილი უმასპინძლებდა სამხრეთ აფრიკის “ა” ნაკრებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მომხდარა. რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ბიძინა გეგიძის აზრით, ეს სუსტი სახელმწიფო იდეოლოგიის შედეგია. თვით ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობამ საზოგადოებაზეც იმოქმედა. ბილეთი 3-დან 8 ლარამდე ღირდა, იყიდებოდა 1 ლარიანი ბილეთებიც, ანუ გვინდა ვთქვათ, რომ იქ მოხვედრა კოლოსალურ თანხებზე არ იყო დამოკიდებული. საზოგადოების გულგრილობა აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა. არსად ხდება იმის ანალიზი: რა ხდება ქართულ რაგბში, როგორ მოხდა ის, რომ ქართველ მორაგბეებს, რაღაც ექვსი წლის წინ ლუქსემბურგიც კი უგებდა, დღეს კი ის გუნდები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ ჩვენს მორაგბეებს, სარაგბო რუკაზე არც არსებობენ. ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრები უგებს რუმინეთს, საფრანგეთის “ა” და ტონგას ნაკრებებს. არსად ხდება დაფიქსირება და გაანალიზება, როგორ მოხდა ასეთი, ვთქვათ, ალოგიკური პროგრესი. ყოველივე ამას ხელისუფლების მხრიდან არანაირი შესაბამისი ადეკვატური ქმედებები არ მოჰყოლია. ეს გადაედო საზოგადოებასაც. “ლოკომოტივის” სტადიონზე 7000-8000 კაცი შეიკრიბა, ნახევარზე მეტი უბილეთოდ იყო შემოსული. არადა, ამ ორი შეხვედრის ორგანიზებას საკმაოდ სოლიდური თანხები დასჭირდა. რაგბის კავშირის სტუმრები იყვნენ საფრანგეთიც და სამხრეთ აფრიკაც. მარტო საფრანგეთიდან 33 ლეგიონერი ჩამოვიდა ამ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. დაახლოებით 120 კაცის მიღებას 50000 ლარი დასჭირდა. რაგბის კავშირს იმედი ჰქონდა, რომ ამ თანხის ნახევარს მაინც დაფარავდა, ხალხი რომ სტადიონზე მოსულიყო. გულშემატკივრები თამაშზე, შეიძლება ითქვას, არ მივიდა. ასეთი რანგის შეხვედრების გარეშე, ბუნებრივია, არ იქნება პროგრესი. იყო პერიოდი, როდესაც ქართველ მორაგბეებზე წინ იყვნენ: რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთი, მაგრამ ქართველებმა რაღაც უზარმაზარი ნახტომით გაიარეს ეტაპები, რომელიც დიდ გაკვირვებას იწვევს საერთაშორისო სარაგბო წრეებში. ახლა კი, სულ რაღაც ერთი ნაბიჯია დარჩენილი რაგბის მსოფლიო თასზე გასასვლელად. პირველი წრის მატჩებიდან ქართველ მორაგბეებს ხუთიდან, ხუთი მოგება აქვთ. 2002 წლის თებერვლიდან იწყება მეორე წრის შეხვედრები, რომლებიც “შინ” გაიმართება. ჩვენ ყველანაირად კარგ პოზიციაზე ვდგავართ, მაგრამ კვლავ წინ მოდის ფინანსური პრობლემები. წარმატებულად რომ ჩატარდეს მეორე წრის თამაშები და ჩვენი ნაკრები კვლავ პირველ ადგილზე დარჩეს, დაახლოებით 200 000 დოლარი სჭირდება, რაც მსოფლიო თასზე გასვლის უფლების მოპოვების გარანტია. რამდენად მოახერხებს სახელმწიფო, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას, მომავალი გვიჩვენებს. ჩვენს მორაგბეებს კი მაგალითად მწარედ გასახსენებელი 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უდევთ. მაშინაც ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი მიზნის მისაღწევად. ბოლო ეტაპამდე გასულ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გზად მარადმწვანე პრობლემადქცეული “ბიუჯეტი” წამოეწია.
ბატონო ბიძინა რაში ხედავთ გამოსავალს?
ჩვენ ვერ ვხედავთ იდეოლოგიას, რომლის იმპულსი ხელისუფლება უნდა იყოს. ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი წარმატებული გუნდი ჰყავს. თუ შენში ეს ფაქტი რაღაც დოზით არ იწვევს ემოციებს, ძალიან ცუდია. ჩვენთან კონგოს ნაკრები იყო ჩამოსული, ისინი მეფისგან დღეში სამჯერ ფაქსს იღებდნენ, გასაგებია, რომ ხელისუფლებას ბიუჯეტში არ აქვს თანხა და საზოგადოებასაც უჭირს. როდესაც ბილეთები უფასოდ დავარიგეთ 30000 კაცი მოვიდა ახლა კი 7000 ძლივს შეგროვდა. ესპანეთის ნაკრებს ვერ შევადარებ სამხრეთ აფრიკის ან საფრანგეთის “ა” ნაკრებებს.
სად ვარჯიშობს ეროვნული ნაკრები?
ასფალტზე. ჩვენ სტადიონი არ გვაქვს. ნაგავსაყრელზე გამოგვიყვეს ადგილი. გავწმინდეთ, ახლა ბევრი პრობლემები გვაქვს. არსებობს უამრავი მიტოვებული ბაზები, რომელებიც მიჩუმათებულია, რათა შემდეგ მისი გაყიდვა სარფიანად მოხდეს. ხომ შეიძლება გადმოგვცენ საჩუქრად მოედანი. ჩვენ სტადიონის შეძენა არ შეგვიძლია. დანიაში რაგბის სტადიონები ერთმანეთის მიყოლებით არის ჩამწკრივებული. ჩვენ კი დანიას 100:0 ვუგებთ.
თქვენ მიერ ორგანიზებული შეხვედრებიდან დაახლოებით, რა თანხები შემოუვა რაგბის კავშირს?
მინიმალური. ლოკომოტივის სტადიონის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. შეგიძლიათ მათაც ჰკითხოთ ვისთან ურჩევნიათ ურთიერთობა. არ გვინდოდა რომელიმე მხარე დაჩაგრულიყო. ჩვენ არც ელექტროენერგია დაგვჭირვებია მათი და არც არაფერი. მადლობას ვუხდით რკინიგზის ხელმძღვანელობას, ასეთი დონის სტადიონის გაკეთებისთვის. თვითონ ჩამოსული სტუმრებიც კი აღფრთოვანებულები იყვნენ. მაგრამ იცით ეს სტადიონიც განადგურდება თუ ხალხმა არ იარა.
ხელფასებს როგორ აძლევთ მოთამაშეებს.
ხელფასი არავის არა აქვს. აქედან გამომდინარე ჩემი, როგორც ხელმძღვანელის სტრატეგიული გადაწყვეტილება სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ხალხი საფრანგეთში გავიყვანე. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, ყველა სპორტსმენი თამაშს თავს დაანებებდა. თუნდაც იგივე ფრანგი მწვრთნელის დანიშვნა. აი, ამ პოლიტიკამ გადაარჩინა ქართული რაგბი. სახელმწიფო მოხელეებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვეშინია გადაწყვეტილებების მიღებისა. ქართველი მორაგბეები დაწყებული 9 აპრილიდან დამთარვებული დღემდე იღვწიან თავისი ქვეყნისათვის. ღირსების ორდენებიც გადმოგვცეს. გეკითხებით ეს ცერემონიალი იმ სასტუმროში უნდა მომხდარიყო, სადაც გუნდი ცხოვრობდა?
რა შემოსავლებით არსებობს რაგბის კავშირი?
ჩვენ რაგბის საერთაშორისო კავშირიდან გრანტის სახით ვფინანსდებით. წარმოვადგენთ განვითარების გეგმა-პროექტს. შემდეგ თუ რაგბის საერთაშორისო კავშირი ჩათვლის პროექტს მისაღებად, გვაფინანსებს. მაგრამ მარტო ჩვენ ხომ არ ვართ. ეს მიზერული თანხებია. ეროვნული ნაკრების გარდა გვყავს: “ა” ნაკრები, შვიდკაცა ნაკრები, 19 წლამდე, 21 წლამდე, 17 წლამდე ნაკრებები. ასეთი, საათის მექანიზმივით აწყობილი მომენტი არის რომელიმე სტრუქტურაში? ჩვენ არ გვეშინია თაობათა ცვლის. უფრო მაგარი ბიჭები მოდიან. ხდება მწვრთნელების მზადება. რა თქმა უნდა, ურთულეს პირობებში, მაგრამ მაინც ვაკეთებთ.
თუ გრანტების თანხები საკმარისი არ იქნება ეროვნული ნაკრების მოსამზადებლად, თან სახელმწიფოს არანაირი იმედი არ გაქვთ, რა წყაროებიდან აპირებთ თანხების მოძიებას?
არ ვიცი. მე ბიზნესმენი და ახალი მემარჯვენეების წევრი ვარ. წარდგენილი გვაქვს პროექტი, საიდანაც გამოიყოფა თანხები. მაგრამ ესეც მიზერია. ხომ შეიძლება სახელმწიფომ იგივე მეწარმეებს მისცეს სტიმული. მიიღოს არაორდინალური გადაწყვეტილება. დააინტერესოს მეწარმეები, რომ მათ ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვან. ამას მომენტალურად მოყვება ჩრდილოვანი მხარეები, რასაც ადმინისტრაციული ჩარევა ესაჭიროება.
ხელისუფლებამ ხომ შეიძლება აიღოს თავზე და იგივე ის თანხები თვითონ აიყვანოს კონტროლზე. იცით, მთავარია მათ გადაწყვეტილებების მიღების არ ეშინოდეთ. მაგრამ ამას უნდა გული ან, როგორც იტყვიან, რაგბის სული. უნდა იცოდე, რომ ეს ისევ შენი ქვეყნისთვის კეთდება. კერძო ინტერესების ზემოთ სანამ არ დადგება: საქართველოს დროშა, ჰიმნი, ეროვნული ნაკრები, წარმატებას ვერ მივაღწევთ ვერც სპორტში, ვერც ეკონომიკაში.
პრეზიდენტს ვერაფრით მოვუბრუნეთ გული ჩვენკენ. იგი არ ყოფილა არც ერთ თამაშზე. ხელისუფლებიდან ვინც დავპატიჟეთ, მოვიდნენ, მადლობის მეტი რა გვეთქმის.
რაგბის კავშირი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ეკონომიკური მხარდაჭერის შემთხვევაში როგორც სახელმწიფოდან, ასევე საზოგადოებიდან, კიდევ ერთხელ მისცემს ქართველ მორაგბეებს იმის საშუალებას, რომ ქართველ გულშემატკივარს გამარჯვების სიხარული განაცდევინოს.