ბანკი “რესპუბლიკის” ინტეგრაცია “სოსიეტე ჟენერალში”
ნინო არველაძე
5 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ბანკ “რესპუბლიკის” – ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალის” გენერალურმა დირექტორმა ჟილბერ იმ სემინარი გამართა. 2006 წელს ბანკმა “რესპუბლიკამ ” თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასთან. მისი მეორე აქციონერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელიც სხვადასხვა ქართულ ბანკებთან 10 წელია თანამშრომლობს და ბანკების, მრეწველობისა და კომერციული საქმიანობის პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს. EBRD-ი 61 ქვეყანასა და ორ სამთავრობათაშორისო უწყებას ეკუთვნის, ის საქართველოში 1991 წლიდან მოქმედებს და დღეისთვის 2 მლრდ ევროს ღირებულების 30 პროექტზე მეტი დააფინანსა. “სოსიეტე ჟენერალმა” და EBRD-მა რამდენიმე ერთობლივი პროექტი განახორციელეს.
სემინარზე ჟილბერ ი საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართველებს დეპოზიტზე მაღალი, სესხებზე კი დაბალი საპროცენტო განაკვეთები სურთ, ხოლო მათ შორის დიდ სხვობას არც ერთი ბანკი არ დაუშვებს. ინვესტიციებზე საუბრისას მან საქართველოში არსებული სამშენებლო ბუმის მიუხედავად, ამ სფეროში ინვესტიციის განხორციელება სამშენებლო ფირმების საშუალო დონის გამო გამორიცხა და დასძინა, რომ ამ საკითხზე მხოლოდ საქართველოში მსხვილი სამშენებლო კომპანიის შემოსვლის შემთხვევაში დაფიქრდებიან. მან ასევე გამორიცხა აქციების ბირჟაზე გატანა საქართველოში, რადგან “სოსიეტე ჟენერალის” აქციები პარიზის ბირჟაზეა გატანილი.
ბანკ “რესპუბლიკის” წარსული საქმიანობა, საქართველოს ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი ბანკის მსგავსად, ბაზრისა და ეკონომიკის მცირე მასშტაბის, ადგილობრივი ფინანსური ბაზრის შეზღუდული რესურსების, ასევე ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების გამო გართულებული იყო. ამჟამად ბანკისთვის საერთაშორისო ფინანსები ხელმისაწვდომია, ამიტომ მისი მუშაობა გაცილებით გაადვილდა.
ბანკ “რესპუბლიკის” სტრატეგია აქტიურ მუშაობას ითვალისწინებს როგორც კორპორაციულ, ისე საცალო საბანკო საქმიანობაში. მას დღეისთვის 24 ფილიალი აქვს, 2007 წელს კი 10 ფილიალის დამატებას გეგმავს. ბანკი “რესპუბლიკა” აქტიურადაა ჩაბმული იპოთეკური კრედიტის ბაზარზე, ასევე მას მაღალი მაჩვენებელი აქვს სამომხმარებლო კრედიტის სექტორში. ფიზიკური პირების მომსახურების უდიდესი წილი ამ სერვისზე მოდის. რაც შეეხება მიკროსაფინანსო სექტორს, ბანკი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მცირე მეწარმეებს საქართველოს მასშტაბით.
“სოსიეტე ჟენერალი” 1864 წელს დაფუძვნდა. ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით ჯგუფი სიდიდით მე-7 ფრანგული კომპანიაა, საფინანსო მომსახურების მხრივ კი ევროზონის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ჯგუფი გასულ 6 წელიწადში ორჯერ გაიზარდა. კომპანია მოგების მაღალი მაჩვენებლით, მუშაობის ეფექტიანობითა და რისკის მკაცრი მენეჯმენტით ხასიათდება. ჯგუფის 120 000-ზე მეტი თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესის სამი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს:
საცალო და ფინანსური მომსახურება: “სოსიეტე ჟენერალი” 22.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება მთელ მსოფლიოში;
გლობალური საინვესტიციო მენეჯმენტი და მომსახურება : “სოსიეტე ჟენერალი” ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია ევროზონის მეურვეობაში (EUR 2,262 მლრდ) და მართვაში არსებული აქტივების (EUR 422 მლრდ, 2006 წ) მიხედვით;
კორპორაციული და საინვესტიციო ბანკი: “სოსიეტე ჟენერალი” დასახელებულია მსოფლიოს წამყვან ბანკებს შორის ევროს ფინანსურ ბაზრებზე, დერივატივებში და სტრუქტურირებულ ფინანსებში.
სოციალური პასუხისმგებლობით განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით “სოსიეტე ჟენერალი” ინდექსების პირველ უმთავრეს ხუთეულში შედის.
ბანკი ერთნაირად ძლიერია როგორც კორპორაციულ, ისე ინდივიდუალურ კლიენტებთან მუშაობის სფეროში. ბანკი მუდმივად ცდილობს კორპორატიული კლიენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რათა ყველა კლიენტს გაუადვილდეს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების განხორციელება. ყველა ქართველ იმპორტიორს დაბრკოლების გარეშე შეუძლია ბანკ “რესპუბლიკაში” აკრედიტივის მიღება, ხოლო ბანკის პარტნიორები ჯგუფ “სოსიეტე ჟენერალიდან” გაამარტივებენ ანგარიშსწორებას ქართველ იმპორტიორსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უცხოელ მომწოდებლებს შორის, რამაც შესაძლოა მთელი ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი.