ვინ იხდის გადასახადს – მეწარმე თუ მომხმარებელი

თამაზ აქუბარდია

ამერიკა დამოუკიდებლობის თითქმის ორნახევარისაუკუნის ისტორიას ითვლის და, პრაქტიკულად, ერთი საუკუნეა, რაც მას მსოფლიო ფლაგმანის მისია აკისრია. ეს მისია მისთვის არავის დაუკისრებია. მან იგი თავისი განვითარების, მართლაც რომ თვალსაჩინო სიმაღლეების გამო დაისაკუთრა. ამერიკის განვითარების დღევანდელი დონე, თითქმის ყველა ასპექტში, მხოლოდ აღტაცებას იწვევს, და მით უფრო გასაოცარია, რომ ასეთი ქვეყნის კონგრესი 1990 წელს იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ფუფუნების საგნები დამატებით იბეგრება.

ანუ ამერიკის კონგრესმა, რომელსაც აპარატის უამრავი თანამშრომელი, ექსპერტი ეკონომიკაში (ნობელის პრემიის ლაურეატების ჩათვლით), სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და ა.შ. ჰყავს, მიიღო კანონი გადასახადებით ფუფუნების საგნების დაბეგვრის შესახებ.

ფუფუნების საგნების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და მოიცავდა: კერძო თვით მფრინავებს, იახტებს, ქურთუკებს, ძვირფას სამკაულებს, პრესტიჟულ ავტომობილებს და კიდევ სხვა მრავალი საქონლის ჩამონათვალს. ამ გადასახადის შემოღების მიზანი, ცხადია, ძალზე მარტივი და ერთი შეხედვით ძალზე კეთილშობილური იყო – ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე შეძლებული ნაწილის დამატებითი დაბეგვრა, შემოსავლების შედარებით დაბალი ანაზღაურების მქონე მოსახლეობაზე გადანაწილების მიზნით, ანუ ჩვენში საკმაოდ მოდური ტერმინით თუ ვისარგებლებთ, გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი. ის, რომ ასეთი საქონლის დაბეგვრის მთელი სიმძიმე მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილს დააწვებოდა, ეჭვს არავისში არ იწვევდა. აბა, რომელი ღარიბ-ღატაკი იყიდის თვითმფრინავს, იახტას და ა.შ.

მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ რაღაც 10-11 წლის წინათ. ქვეყანაში, რომლის პოტენციალი, პირველ რიგში, ეკონომიკური პოტენციალი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის სამეცნიერო-ტექნიკურ პოტენციალზე, მხოლოდ აღტაცებას იწვევს. ამის შემდეგ რა უნდა ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე – საქართველოზე, რომლის საბაზრო სისტემაზე გადასვლის მცდელობას მხოლოდ 10 წლიანი ისტორია აქვს? დღეს ხომ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ფაკულტეტის მეორე კურსის ოდნავ მაინც გათვითცნობიერებულმა სტუდენტმა იცის, (ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდეს), რომ ეს ასე არ არის? მაშ, რაშია საქმე?

მოდით, საკითხი დეტალურად განვიხილოთ. დაბეჯითებით ვიტყვი, რომ ასეთი დეტალიზაცია საჭიროა, რადგან ჩვენთვის ეს ახალი ხილია.

ჯერ განვიხილოთ გადასახადი, რომლის გადამხდელი მყიდველია. ასეთი გადასახადის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია დამატებული ღირებულების გადასახადი (აქ შესაძლებლად მიმაჩნია ასეთი შენიშვნა გავაკეთო, “დღგ”-ის აბრევიატურა გარკვეული ტესტია იმის გასარკვევად, ესა თუ ის პიროვნება, რომელსაც ხელისუფლების ეკონომიკურ ბლოკში მოსვლის პრეტენზია გააჩნია, აზროვნებს თუ არა ეკონომიკური კატეგორიებით. საკმარისია, მან თქვას “დამატებითი ღირებულების გადასახადი” და არა “დამატებული ღირებულების გადასახადი”, ე.ი. “დამატებულის” ნაცვლად გამოიყენოს სიტყვა, “დამატებითი”, რომ თამამად შეიძლება ითქვას, იგი ან ვერ აზროვნებს ეკონომიკური კატეგორიებით და, მაშასადამე ცუდი ეკონომისტია, ან ეს მისთვის ერთი და იგივეა და, ე.ი. იგი ფიზიკოსი მაინც არის).

განვიხილოთ ასეთი ჰიპოთეტიური მაგალითი. ვთქვათ, “ბორჯომზე”, ჩვენთვის ყველასათვის ცნობილ მინერალურ წყალზე, დაწესდა გადასახადი, რომელიც მყიდველს აკისრებს თითოეულ შეძენილ ბოთლზე სახელმწიფოსთვის 20 თეთრის გადახდას. როგორ მოქმედებს ეს გადასახადი “ბორჯომის” მყიდველზე ან “ბორჯომის” გამყიდველზე? (იხ. ნახ.1)

გადასახადი, პირველ რიგში, “ბორჯომის” მოთხოვნაზე იმოქმედებს, ხოლო მიწოდების მრუდი უცვლელი დარჩება, რადგან “ბორჯომის” გამყიდველს არა აქვს თითქოსდა არავითარი სტიმული, ან მიზეზი იმისა, რომ რაოდენობა შეცვალოს. მყიდველს მის მიერ ნაყიდ თითოეულ ბოთლ “ბორჯომზე” გამყიდველისთვის გადასახდელი თანხის გარდა, დამატებით უწევს სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდა. ამგვარად თუ განვიხილავთ მიწოდება-მოთხოვნის მრუდებს, მიწოდების მრუდი არ შეიცვლება (არ გადაადგილდება), ხოლო მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება.

ამ გადაადგილების მიმართულების განსაზღვრა საკმაოდ ადვილია. მართლაც არსებული საფასურის ზევით დამატებით გადასახადის დაკისრება “ბორჯომის” ადრინდელი ოდენობით ყიდვის სურვილს ამცირებს. შედეგად, მოთხოვნის მრუდი მარცხნივ გადაადგილდება.

კონკრეტულ შემთხვევაში ყოველთვის არის შესაძლებელი მეტ-ნაკლები სიზუსტით დავადგინოთ, თუ რა მანძილზე გადაადგილდება მოთხოვნის მრუდი.

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში შეიძლება ამგვარად ვიმსჯელოთ, რადგანაც “ბორჯომის” ფასს, რომელიც თავდაპირველად ერთი ლარის ტოლი იყო, დაემატა ოცი თეთრის ტოლი გადასახადი, რომელიც მყიდველმა უნდა გადაიხადოს. მყიდველისთვის რეალური ფასი ახლა უკვე 1 ლარი და 20 თეთრია, ანუ 20 თეთრით მეტია მის საბაზრო ფასზე. მყიდველისთვის სულ ერთია ვის უხდის, მეწარმეს თუ სახელმწიფოს. მისთვის მთავარია, რომ ერთ ბოთლ “ბორჯომში” 1 ლარის ნაცვლად მან ახლა 1 ლარი და 20 თეთრი უნდა გადაიხადოს. მყიდველს რომ იგივე რაოდენობის მოთხოვნისკენ ვუბიძგოთ, საბაზრო ფასი 20 თეთრით უნდა შევამციროთ, რათა მოხდეს გადასახადის ეფექტის გაწონასწორება. ამგვარად, გადასახადის მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება ქვემოთ, გადასახადის დაწესებული სიდიდით – 20 თეთრით.

ამ გადასახადის ეფექტის დასადგენად, შევადაროთ თავდაპირველი და ახალი წონასწორობა. “ბორჯომის” წონასწორული ფასი შემცირდა 1 ლარიდან 95 თეთრამდე, ხოლო წონასწორული რაოდენობა წელიწადში 100 ბოთლიდან 90 ბოთლამდე შემცირდა, ვინაიდან ახალ წონასწორობაში გამყიდველი ნაკლებს ყიდის, ხოლო მყიდველი ნაკლებს ყიდულობს. ამგვარად, “ბორჯომის” დაბეგვრა იწვევს როგორც წონასწორული ფასის, ასევე რეალიზებული პროდუქციის მოცულობის შემცირებასაც.

ახლა დავსვათ, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვა. რეალურად ვის დაეკისრა გადასახადი? ვინ იხდის ამ გადასახადს?

მიუხედავად იმისა, რომ მყიდველი გადასახადის სრულ რაოდენობას უხდის სახელმწიფოს, გადასახადის სიმძიმეს ინაწილებს როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი. მართლაც, იმის გამო, რომ გადასახადის დაწესების შედეგად “ბორჯომის” საბაზრო ფასი (ანუ წონასწორული ღირებულება) მცირდება 1 ლარიდან 95 თეთრამდე, გამყიდველი თითოეულ ბოთლ “ბორჯომში” 5 თეთრით ნაკლებს მიიღებს, ვიდრე გადასახადის დაწესებამდე იღებდა, ხოლო მყიდველი 1 ლარის ნაცვლად, ახალ წონასწორულ მდგომარეობაში გადასვლის გამო, იხდის 1 ლარსა და 15 თეთრს, თითქოსდა 5 თეთრით ნაკლებს იმასთან შედარებით, რაც მას სინამდვილეში უნდა გადაეხადა, ანუ 1 ლარსა და 20 თეთრს, მაგრამ 100 ბოთლის ნაცვლად, იგი ახლა, წელიწადში მხოლოდ 90 ბოთლს იყიდის.

ასე რომ, გადასახადი აუარესებს როგორც გამყიდველის, ასევე მყიდველის მდგომარეობას. მყიდველი სინამდვილეში გამყიდველს ნაკლებს უხდის გადასახადის დაწესების შემდეგ (95 თეთრი), ვიდრე უხდიდა გადასახადის დაწესებამდე (1 ლარი), ხოლო გამყიდველი სინამდვილეში მეტს იხდის (15 თეთრით), და 10 ბოთლით ნაკლებს ყიდულობს. ამასთან, 1 ბოთლი “ბორჯომის” რეალური ფასი გაიზარდა 20 თეთრით (95 თეთრი + 20 თეთრი = 1,15).

განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც კანონი აკისრებს “ბორჯომის” გამყიდველს 20 თეთრი გადაუხადოს სახელმწიფოს თითოეული გაყიდული “ბორჯომის” ბოთლზე. როგორი იქნება ამ ღონისძიების შედეგი?

ამ შემთხვევაში, გადასახადის დაწევა, პირველ რიგში, იმოქმედებს “ბორჯომის” მიწოდებაზე, ვინაიდან გადასახადი არ ეხება მყიდველს, რადგან ნებისმიერ მოცემულ ფასად მოთხოვნილი “ბორჯომის” რაოდენობა უცვლელი რჩება. შედეგად, მოთხოვნის მრუდი არ შეიცვლება.

მეორე მხრივ, გამყიდველზე დაკისრებული გადასახადი დანახარჯის ზრდას იწვევს, რაც აიძულებს მას, შეამციროს მიწოდებული “ბორჯომის” რაოდენობა (ცხადია, ეს ეხება კონკურენტული ბაზრის შემთხვევას). შედეგად, მიწოდების მრუდი გადაადგილდება მარცხნივ და ზემოთ.

ისევე, როგორც ზემოთ განხილულ შემთხვევაში, შეგვიძლია დავადგინოთ მრუდის გადაადგილების სიდიდე. “ბორჯომის” თითოეული ბოთლის საბაზრო ფასისთვის, რეალური ფასი გამყიდველისათვის, რომელიც მას რჩება რეალიზაციის შედეგად, 20 თეთრით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო გადახდის დაწყებამდე. ამასთან, როგორიც უნდა იყოს საბაზრო ფასი, გამყიდველი მომხმარებელს ისეთი რაოდენობის “ბორჯომს” მიაწოდებს, თითქოს მისი ფასი 20 თეთრით ნაკლებია მის რეალურ ფასზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამყიდველმა, იგივე შემოსავალი რომ დარჩეს, რაც გადახდის დაწესებამდე ჰქონდა, “ბორჯომი” 20 თეთრით უფრო ძვირად უნდა გაყიდოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაწონასწორდება საგადასახადო ეფექტი. თუ ბაზარი კონკურენტულია, “ბორჯომის” ფასი 1 ლარიდან გაიზრდება 1 ლარი და 15 თეთრამდე, ხოლო რეალური “ბორჯომის” წონასწორული რაოდენობა 100 დან 90-მდე შემცირდება.

ამ შემთხვევაშიც გადასახადის დაწესება ბაზრის ზომებს ამცირებს და თანაც ისე, რომ მყიდველიც და გამყიდველიც სიმძიმეს ინაწილებენ. საბაზრო ფასის გაზრდის გამო, მყიდველი “ბორჯომში” 15 თეთრით მეტს იხდის, ხოლო გამყიდველი, ფორმალურად იმაზე მეტ ფასს იღებს, ვიდრე გადასახადის დაწესებამდე იღებდა, მაგრამ რეალური ფასი (გადასახადის გადახდის შემდეგ) 1 ლარიდან 95 თეთრამდე მცირდება.

სინამდვილეში არა აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად ვის ეკისრება გადასახადის გადახდა – მყიდველს, თუ გამყიდველს. შედეგის თვალსაზრისით, ორივე შემთხვევა ეკვივალენტურია. ანუ როგორც ეკონომიკის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ სახელმძღვანელოებშია განხილული, გადასახადის დაწესება იწვევს განსხვავებას მყიდველის მიერ გადახდილ ფასსა და გამყიდველის მიერ მიღებულ ფასს შორის. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვის ეკისრება გადასახადის გადახდა – მყიდველს თუ გამყიდველს. თითოეულ შემთხვევაში ეს განსხვავება იწვევს მიწოდების და მოთხოვნის მრუდების ფარდობითი პოზიციების გადაადგილებას. ახალი წონასწარობის მდგომარეობის დამყარებისას მყიდველი და გამყიდველი გადასახადის სიმძიმეს მეტ-ნაკლები ზომით ინაწილებენ.

ერთ-ერთი განსხვავება მყიდველზე დაკისრებულ გადასახადსა და გამყიდველზე დაკისრებულ გადასახადს შორის ისაა, უშუალოდ ვინ უხდის სახელმწიფოს გადასახადს.

მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფო გადასახადს აგროვებს “ბორჯომის” მაღაზიებში დადგმული ყულაბების მეშვეობით – როდესაც სახელმწიფო მყიდველს აკისრებს გადასახადს, ყულაბაში 20 თეთრი ჩააგდოს. ხოლო, როცა სახელმწიფო გადასახადს გამყიდველს აკისრებს, ყველა გამყიდველი ვალდებულია, თითოეული ბოთლი “ბორჯომის” გაყიდვისას ყულაბისთვის 20 თეთრი გაიმეტოს. ცხადია, სახელმწიფოსათვის სულერთია 20 თეთრი ყულაბაში პირდაპირ მყიდველის ჯიბიდან ხვდება თუ არაპირდაპირ, ანუ ჯერ მყიდველის ჯიბიდან, გამყიდველის ხელშია და მერე – ყულაბაში. მთავარი აქ ის არის, რომ საბაზრო წონასწორობის დამყარებისთანავე ორივე მხარე – მყიდველიც და გამყიდველიც გადასახადის სიმძიმეს ინაწილებენ, იმისდა მიუხედავად, თუ ვის ევალება უშუალოდ ამ გადასახადის გადახდა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ნაწილდება გადასახადის სიმძიმე მყიდველსა და გამყიდველს შორის, ამაზე პასუხის გაცემა საკმაოდ მარტივია, თუ ვიცით რა არის ელასტიურობის ცნება.

ელასტიურობა ასახავს მყიდველისა და გამყიდველის მზადყოფნას, დატოვოს ბაზარი, როდესაც პირობები არახელსაყრელია.

მოთხოვნის მცირე ელასტიურობა ნიშნავს, რომ გამყიდველს არა აქვს მოცემული კონკრეტული საქონლის მოხმარების ალტერნატივა (იხ. ნახაზი 3).

მიწოდების მცირე ელასტიურობა ნიშნავს, რომ გამყიდველს არა აქვს ამ კონკრეტული საქონლის წარმოების ალტერნატივა (იხ. ნახაზი 4).

როდესაც საქონელი იბეგრება, ბაზრის ნაკლები ალტერნატივების მქონე მხარე ვერ ახერხებს ბაზრიდან ადვილად გასვლას. შედეგად, მას გადასახადის სიმძიმის უფრო დიდი ნაწილი აწვება.

მაშასადამე, გადასახადის სიმძიმეს უფრო მეტად ბაზრის ის მხარე გრძნობს, რომლის ელასტიურობა ნაკლებია.

ახლა კი მოდით გავერკვიოთ ამერიკის კონგრესის მიერ 1990 წელს მიღებული ფუფუნების საგნების დაბეგვრის შესახებ კანონის ეფექტურობაში.

ზემოთ ხსენებული მოსაზრებები, რომელიც ეხება გადასახადის სიმძიმის განაწილებას როგორც მყიდველ, ასევე გამყიდველ მხარეებზე, სრულიად ეწინააღმდეგება, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, კონგრესის მიერ მიღებულ პოპულისტურ გადაწყვეტილებას. მართლაც თუ განვიხილავთ იახტების ბაზარს, მასზე მოთხოვნა, ცხადია, ძალზე ელასტიური უნდა იყოს. მილიონერს თავისუფლად შეუძლია, უბრალოდ არ იყიდოს იახტა ზემოთგატარებული ღონისძიებების მიმართ, თუნდაც პროტესტის გამოხატვის გამო. ხოლო რაც შეეხება იახტების დამზადებას ანუ მის მიწოდებას, იგი პირიქით საკმაოდ არაელასტიურია. იახტის მწარმოებელი ქარხნები ადვილად ვერ გადავლენ აღნიშნული საქონლის წარმოებაზე. ამგვარად, ელასტიური მოთხოვნისა და არაელასტიური მოწოდების გამო, გადასახადის მთელი სიმძიმე გადავა არა მილიონრის კისერზე, არამედ იმათზე, ვინც იახტას აწარმოებს ანუ მომწოდებლის კისერზე.

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – იახტების გადასახადის მთელი სიმძიმე აწვება იმ ფირმებსა და მშრომელებს, რომლებიც იახტებს აგებენ და არა იმ მილიონრებს, რომლებიც ამ ფუფუნების საგანს იძენენ.

ამგვარად, ფუფუნების საგნებზე დაწესებული გადასახადის უდიდესი ნაწილი აწვება საშუალო ფენას და არა მილიონრებს. 1990 წელს კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებელი ეკონომიკური პოლიტიკის სიბეცე აშკარა გახდა გადასახადის ამოქმედებიდან უმოკლეს პერიოდში, როდესაც მწარმოებლებს უზარმაზარი სიძნელეები შეექმნათ პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით.

1993 წელს ამერიკის კონგრესმა თავისი გადაწყვეტილება გააუქმა.